ქართველი ლიდერების მენეჯერული გამოწვევები. ნაწილი პირველი

საქართველოში ლიდერის ცნება სპონტანურად შემოვიდა და თავდაპირველად მხოლოდ პოლიტიკოსებთან ასოცირდებოდა. მას შემდეგ, რაც კერძო სექტორი განვითარდა, ლიდერი წარმატებული ბიზნესმენის სინონიმადაც იქცა. იმ პერიოდში წარმატება კარგად დაგეგმილი და გათვლილი ნაბიჯების ერთობლიობის შედეგი არ იყო და ბევრად მარტივად მიიღწეოდა. თუმცა განვითარებულ და დემოკრატიულ სამყაროსთან ინტეგრირებით, გახდე ლიდერი ნებისმიერ სექტორში, საკმაოდ დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამ გამოწვევების დაძლევის გზაზე არსებული პრაქტიკის შეფასება გახდა ჩემი კვლევის მიზანი. კვლევა ინტერვიუებზე, კითხვარებსა და ლიდერობის დარგში მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკასთან დაკავშირებულ ლიტერატურაზეა აგებული.

ქართველი ლიდერების ხუთი მენეჯერული გამოწვევიდან ამჯერად ყურადღებას უმთავრესზე გავამახვილებ: გამოკითხულთა 64.2% მიიჩნევს, რომ ქართველი ლიდერის N1 გამოწვევა – დროის მართვა, დაგეგმვა და ორგანიზებაა.

წარმოიდგინეთ, რომ ხართ უცხოელი ბიზნესმენი, რომელსაც 10 საათზე დაგეგმილი აქვს შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული კომპანიის ხელმძღვანელთან. შეხვედრა ქართველი ლიდერის ინიციატივით იმართება და დროც თავად შეარჩია. თქვენ არ აგვიანებთ, თუმცა 40 წუთი გიწევთ ლოდინი. “უკვე მობრძანდით? ცოტაც და დავიწყოთ”, – ამბობს და კიდევ რამდენიმე წუთს ითხოვს. მაჯაზე $15 000-იანი საათი უკეთია, თუმცა ზედ არც იხედება. უმალ გაგიელვებთ აზრი, რომ მას დროის აღქმა და დაფასება უჭირს. როდესაც ადამიანი დროს ვერ საზღვრავს, თანდათანობით მიმდინარე მოვლენებზე კონტროლის უნარიც ეკარგება და რეალურის ნაცვლად, მისთვის ყველაფერი წარმოსახვითი ხდება.

თუ დროის მართვის გურუებს დავუჯერებთ, მიმდინარე მოვლენების, ანუ აწმყოს ობიექტური აღქმის გარეშე, მომავლის დაგეგმვა შეუძლებელია. ქართველი ლიდერების მიერ დროის არასწორ განაწილებაში დიდ როლს ასრულებს ქართული კულტურის “სინქრონული” ბუნება. ჩვენს საზოგადოებაში მიღებულია რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება (მულტიტასკინგი), გეგმების შეცვლა კონკრეტული ადამიანების გამო, პირადი ურთიერთობების დაყენება წესებზე მაღლა... ქართველ ლიდერთან ზემოაღნიშნული შეხვედრის მიზეზი თქვენთან “15-წუთიანი საქმეა”, მაგრამ საათზე მეტ ხანს გესაუბრებათ. შეხვედრისას განსახილველ საკითხებსა და მასალას შორის არ არის ლოგიკური ბმა. იგი პერიოდულად ადევნებს თვალს ტელევიზორს, პასუხობს სატელეფონო ზარებსა და ელექტრონული ფოსტის გზავნილებს, თან გიბოდიშებთ იმისათვის, რომ “არ ასვენებენ” და წუწუნებს, რომ “აღარ შეუძლია”. ამ მომენტისთვის ძალიან კარგად ხვდებით, რომ ამ ლიდერს არა მარტო აწმყოს სწორად განსაზღვრა არ შეუძლია, არამედ მიმდინარე მოვლენების მართვაც უჭირს. ამ პირობებში იწყებს მოქმედებას გარე ფაქტორებზე გადაბრალების მექანიზმი და საკუთარ წარმატებას თუ წარუმატებლობას მიაწერს მისგან დამოუკიდებელ მოვლენებსა თუ მდგომარეობას. აქედან გამომდინარე, ქართველი ლიდერი ორიენტირებულია არა ქმედებაზე, არამედ რეაქციაზე, რომელსაც იძულებით განაპირობებს მასზე რეალურ დროში ზემწოლი გარე ფაქტორები. როგორც კი ასეთი ფაქტორი ჩნდება (მაგ. ტელეფონის ზარი), ის უმალვე წყვეტს საქმის წარმოებას და ავლენს რეაქციას. ამას ემატება საბჭოთა მენტალიტეტის ნალექი, რომლის გამოც ქართველ ლიდერებს უჭირთ წარმატებულ დასავლურ პრაქტიკაზე მორგება და პროდუქტიულობის აღქმის ახალ ეტაპზე გადასვლა. შედეგად, დრო იხარჯება მიკრომენეჯმენტზე – ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე.

კვლევის თანახმად, დროის მართვის გასაუმჯობესებლად დროის აღქმისა და განსაზღვრის უფრო ობიექტურ – “თანმიმდევრულ” კულტურულ მოდელზე გადასვლა ერთ- ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულებაა. ანუ აუცილებელია, ერთ- დროულად რამდენიმე საქმის კეთების ჩვევის მინიმუმამდე დაყვანა და დროის ერთ მონაკვეთში ერთი საქმის კეთება, მიუღებელია კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებული გამონაკლისის დაშვება და პირადი ურთიერთობის წესებზე მაღლა დაყენება. თვითშემეცნების, თვითკონტროლისა და თვითდისციპლინის მექანიზმების გაძლიერება შემდეგი ლოგიკური ეტაპია. თუკი საკუთარი ქცევის ტენდენციები შეუსწავლელია, მსგავს გამოწვევასთან გამკლავება რთულდება და იმავე შეცდომების გამეორების ალბათობა იზრდება. შემდეგი ნაბიჯი იმის გათვითცნობიერებაა, რომ ნებისმიერი შედეგი მხოლოდ შენს შესაძლებლობებსა და სწორი დაგეგმვის პოლიტიკაზეა დამოკიდებული და წარმატებაც თუ წარუმატებლობა შენივე დამსახურებაა. თუ ლიდერს ამ პრობლემის საბოლოოდ დაძლევა სურს, მენტალიტეტის შეცვლა უნდა შეძლოს, შესაბამისად, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის შეფასების დასავლური მოდელების ათვისება; ასევე იმის გააზრება, რომ გრაფიკის დატვირთვა საქმისადმი ჯანსაღი მიდგომაა, მაგრამ გადატვირთვა მას არაპროდუქტიულობამდე და მიკრომენეჯმენტამდე მიიყვანს.

ისევ შეხვედრას დავუბრუნდეთ: ქართველმა ლიდერმა აუდიენციის წინადადებით რამდენიმე დღით ადრე მოგმართათ. სატელეფონო საუბრისას ხშირად იყენებს სიტყვებს: “ვნახოთ”, “რა ვიცი”, “შეიძლება” და “გააჩნია.” ამბობს, რომ არ იცის, როდის და რამდენი ხნით მოიცლის, არც ის იცის, როდის ეცოდინება... არაფერი აქვს დაგეგმილი შემდეგი კვირისთვის, თუმცა მაინც არ ჩქარობს იკისროს შეხვედრის ვალდებულება. თუკი მან შეხვედრის თარიღი დაასახელა, შემდეგი პრობლემა იჩენს თავს – მონაწილე ადამიანების დროისა და გასათვალისწინებელი ფაქტორების უგულებელყოფა ან არასათანადოდ შეფასება. თქვენთან ერთად დროის იმავე მონაკვეთში მან კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიბარა... ყოველივე ეს იმის მანიშნებელია, რომ ტიპურ ქართველ ლიდერს უჭირს პრიორიტეტების სწორად დალაგება. კვლევის თანახმად, ამას ემატება დაგეგმვისა და გეგმების შეუსრულებლობის შიში. ეს ნიშნავს საკუთარი სპონტანური ბუნების ან ცხოვრების სტილის სამუშაო სივრცეში გადატანას. შედეგად ვიღებთ იმას, რომ ტიპური ქართველი ლიდერის მიერ მართული საქმე “მივყვეთ დინებას. . . რამე იქნებას” პრინციპით მიმდინარეობს.

დაგეგმვის პრობლემასთან გასამკლავებლად, უპირველესად, საჭიროა, ლიდერს ჰქონდეს იმის მოტივაცია, რომ საკუთარი დრო ეფექტიანად გამოიყენოს. პროცესი იწყება დაგეგმვის მონაწილე ადამიანებისა და ანგარიშგასაწევი ფაქტორების ობიექტურად შეფასებით და გათვალისწინებით. იგი აღმოაჩენს, რომ შეუძლებელია მიკრომენეჯმენტის გზით რამე მოასწროს, თუნდაც გრაფიკი გადატვირთოს. დგება პრიორიტეტების დალაგების აუცილებლობა. ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია სტივენ ქოუვის დროის მენეჯმენტის მატრიცა. პრიორიტეტები ლაგდება შემდეგი თანმიმდევრობით: მნიშვნელოვანი და სასწრაფო, მნიშვნელოვანი და არასასწრაფო, არამნიშვნელოვანი და სასწრაფო, არამნიშვნელოვანი და არასასწრაფო; საუკეთესო პრაქტიკის შესწავლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ცხოვრების სტილის შეცვლაზე დაფიქრება. საქმის წარმოებაში სპონტანურობის ელემენტის მინიმუმამდე დაყვანა პირველი სწორი ნაბიჯია, თუმცა იმპროვიზაციისთვის მუდმივი მზადყოფნაა საჭირო.

ლიდერის ჩვევა – მომხდარი გარე ფაქტორებს გადააბრალოს – წესრიგის უკუპროპორციულია. ის ლიდერს უქმნის ილუზიას, რომ ორგანიზების შემთხვევაში გარე მოვლენები მის მოწესრიგებულ გარემოს მაინც თავდაყირა დააყენებს. ამას გარდა, კვლევის თანახმად, ზედმეტი და არასაჭირო კადრები, ნივთები და მოვლენები ქართველი ლიდერის სამუშაო სივრცესა თუ ზოგადად ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს; ასევე, ორგანიზების ერთიანი და სინქრონული სისტემებისა და მათთან დაკავშირებული კატალოგების უქონლობა (კალენდრების, განრიგებისა და ა.შ). კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ქართველი ლიდერისთვისაა დამახასიათებელი: საკუთარი რესურსის სრულად გამოსაყენებლად, სწორად ვერ ანაწილებს სამუშაო დღეს – შემოქმედებით და მექანიკურ ნაწილად, დროის ადმინისტრაციულ და კრეატიულ ბლოკებად.

კვლევის თანახმად, იმისთვის, რომ მოუწესრიგებელმა ადამიანმა საკუთარი საქმისა და ცხოვრების ეფექტიანად ორგანიზება შეძლოს, უპირველესად, საჭიროა, უარი თქვას ყველაფერ ზედმეტზე, იქნება ეს ფიზიკური თუ ვირტუალური ნივთი და მოვლენა, ეს შეეხება ადამიანურ რესურსსაც. ასევე აუცილებელია მისთვის საჭირო ფიზიკური და ვირტუალური ნივთებისა და ფაქტორების ორგანიზების ერთიანი სისტემების შემუშავება, ამ სისტემების მუდმივად კონტროლი და, შესაბამისად, პროცესების ავტომატიზება ადვილად რედაქტირებადი და სინქრონირებადი კატალოგებისა და წესრიგის ფორმების მეშვეობით (კალენდრების, საათების განრიგების, To Do List-ების და ა.შ); პროდუქტიულობის უმაღლეს ზღვრამდე მიღწევისთვის საჭიროა დროის დაყოფა ადმინისტრაციულ და კრეატიულ ბლოკებად. ასევე, პროდუქტიულობის ასამაღლებლად, საჭიროა ორგანიზების სისტემების მუდმივი კონტროლი და გადაფასება.

რაც შეეხება ზოგად საკითხებს, აუცილებელია ქვეყანაში განათლების პროცესის პრაქტიკული ელემენტებით გამდიდრება, ასევე საბჭოთა, მეხსიერებაზე დაფუძნებული განათლების მოდელის ჩანაცვლება კრიტიკული აზროვნებით და, რაღა თქმა უნდა, უფრო ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც ქართული ლიდერობის პრაქტიკის შემდგომი განვითარების მოთხოვნასაც წარმოქმნის.

ნაწილი მეორე

ნაწილი მესამე

ნაწილი მეოთხე

ნაწილი მეხუთე

წინა სტატია

ევროპული ქვეყნები სირიას ეხმარებიან
05 თებერვალი, 2016

შემდეგი სტატია

როდის ვიწყებთ?! რა თქმა უნდა, დღესვე...
08 თებერვალი, 2016
ისტორიული ალიანსი
კომპანიები | მაი, 21, 2018
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა