როდის ვიწყებთ?! რა თქმა უნდა, დღესვე...

“ჩემი დაკვირვებით, ზოგი წინ მიიწევს მაშინ, როცა სხვები ფუჭად ხარჯავენ დროს”, - ჰენრი ფორდი.

ესა თუ ის ქმედება კონკრეტული ჩვევის შედეგია. ცხოვრების უკეთ მოწყობაში გვეხმარება რაციონალური მოქმედებები. როგორ ვმართოთ ქცევა ჩვენს სასარგებლოდ?! საკითხავი  სწორედ ეს არის...   

დროული გადაწყვეტილება, სწორი არჩევანი, პრიორიტეტები – ყველასთვის კარგად ნაცნობი მოწოდებაა, ოღონდ ვიყოთ გულახდილები და ვკითხოთ საკუთარ თავს, რამდენად ხშირად მოგვიხდენია მყისიერი რეაგირება პრიორიტეტული საჭიროების შესაბამისად? რამდენჯერ გადაგვიდვია დღეს გასაკეთებელი ხვალისთვის?!

მთავარ სათქმელზე გადასვლამდე პატარა შესავალს ვაკეთებ, რადგან ყველა ამბავს თავისი წინათქმა აქვს, თუნდაც – რამდენიმესიტყვიანი. ასე უკეთ მიხვდებით, რატომ ავარჩიე კონკრეტული თემის სათაურად შემართებით აღსავსე ფრაზა და გაიგებთ, “რას გვეკითხება ამოცანა”.

გაინტერესებთ, როგორ დაიწყო ჩემი ტანდემი “ფორბსის” წარმომადგენლობასთან?! კარგა ხანია, ვმუშაობ მეტად ღირებულ ერთ პროექტზე და დიდი სიფრთხილით ვეკიდები მის წარდგენას. ახლა საჭიროებამ მოიტანა და მიზნად დავისახე თამამი ნაბიჯის გადადგმა, მანამდე კი მიდგომის შეცვლაზე ჩემი მოსაზრებების ჟურნალში გამოქვეყნება. ამ მოცემულობით პიროვნული თვითგანვითარებისა და პოზიტიური აზროვნების ფორმირების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ვარ. რედაქტორთან პირველივე შეხვედრაზე ადვილად გავუგეთ ერთმანეთს. მიმოვიხილეთ ინტერესთა სფერო. მერე სტრუქტურული მონახაზით ავხსენი, რით შემიძლია დავაინტერესო “ფორბსის” მკითხველები. ერთად დავსახეთ, რა შედეგს უნდა მოველოდეთ და შევთანხმდით, Forbes Woman-ის ფურცლებიდან ვესაუბრო საქმიან ქალბატონებს და არა მარტო მათ... მამაკაცებსაც აინტერესებთ, რას ფიქრობენ ქალები და ზოგჯერ “სასხვათაშორისოდ”, ზოგჯერ კი საგულდაგულოდ თვალყურს ადევნებენ ჩვენს საქმიანობას. ამდენად, ფოკუსჯგუფი ბიზნესში უკვე წარმატებული ან დამწყები მეწარმეები არიან. ავწონ-დავწონე, როგორ ვთქვა ჩემი სათქმელი მათთვის. ერთხმად გადაწყდა – იყოს ამბავი პირად გამოცდილებაზე, ცნობილი ადამიანების რეკომენდაციებზე, საინტერესო ისტორიებთან პარალელებზე ე.წ. “რის დამტკიცებაც გვინდოდას” პრინციპით.

მკითხველთა უმეტესობა დამეთანხმება, ნებისმიერ ქმედებაში რაოდენ მნიშვნელოვანია დროული გადაწყვეტილებები. წინსვლის გზაზე შეფერხების მიზეზი ხშირად ჩვენივე ნებით განპირობებული ყოყმანია, მერე გამართლებას რომ ვუძებნით ხოლმე. ხან სიტუაციურად ვპოულობთ თავის გასამართლებელ საბუთს, ხან უბრალოდ თავს ვიმშვიდებთ, თითქოს ასე იყო საჭირო, ოღონდ რისთვის? აღარ ვაანალიზებთ.

მოტივაციის შესახებ ერთ-ერთ წიგნში ამოვიკითხე, რომ ყოველდღიურად ნებისმიერი ჩვენგანი პროგრამირების რეჟიმში იმყოფება. ჩვენ არ ძალგვიძს ამ პროცესის შეჩერება, თუმცა გვაქვს უნარი შევაფასოთ, დადებით ზეგავლენას მოახდენს ის თუ უარყოფითს. წარმატებული ადამიანები, სანამ მუშაობას შეუდგებიან, ადგენენ სამოქმედო გეგმას და წინასწარვე საზღვრავენ წარმატების მისაღწევ მიზანს. შესაბამისად, ასეთ გარემოცვაში დაწყებული პროექტები ყოველთვის შედეგიანია.

მცირე ლირიკული გადახვევა: დაახლოებით 20 წლის წინ, როცა ბიზნესში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლისგან საინტერესო შემოთავაზება მივიღე, თან იქვე შემეკითხა, როდიდან იწყებო. ჩემდა გასაკვირად, ჩემივე ალტერ ეგომ გამბედაობა გამოიჩინა და თქვა: თუნდაც დღეს! ვაღიარებ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მყისიერი გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია და რამაც თავისი ოპერატიულობით რადიკალურად შეცვალა ცხოვრებისადმი ჩემი დამოკიდებულება. პროფესიული ნიშნით მაშინვე ავმაღლდი დამფუძნებელთა თვალში, – ფაქტობრივად, ასეთ პასუხს მოელოდნენ და მეც არ დავაყოვნე. ახლანდელი გადასახედიდან თუ შევაფასებ ამ კონკრეტულ შემთხვევას, მართლაც, ჩემი შინაგანი მზაობის ერთგვარი გამოძახილი იყო.

როცა სტატიის დასაწერად მასალებს ვაგროვებდი, სრულიად შემთხვევით ერთ საინტერესო საიტს მივაგენი: JamesClear. com – ჯეიმს ქლეარი – მწერალი, ფსიქოლოგი, რომლის ორი ელექტრონული წიგნი ჩემთვის დამატებითი ინსპირაციის წყარო აღმოჩნდა. ერთი ჩვევების გაუმჯობესებას ეხება, მეორე – კრეატიულობის განვითარებას. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, პარალელურ რეჟიმში ვკითხულობ ორივეს, პრინციპში ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ბევრ საკვანძო საკითხს შორის გამოვარჩიე საუბარი უორენ ბაფეტსა და მის პილოტს შორის, რომელსაც კარიერულ მიზნებში გარკვევა სურდა. შესაძლოა, თქვენც გსმენიათ ბაფეტის 5-საფეხურიანი სტრატეგიის შესახებ, რომელიც საკუთარი მისიის გასაგებად გადაწყვეტილების მიღებას გვიადვილებს. სქემა ასეთია: ვწერთ იმ 25 საკითხს, რომელთაც სამომავლო გეგმების რეალიზების შემადგენელ ნაწილად ვთვლით. შემდეგ ვირჩევთ 5 ყველაზე აქტუალურს ანუ გვაქვს 2 ცხრილი, რომელთაგან ერთ-ერთში 20 ამოცანა რჩება. მივყვეთ ნამდვილ ისტორიას – უორენ ბაფეტმა კითხვა დაუსვა თანამოსაუბრეს, რას უზამს ამ მეორე ჩამონათვალს. პილოტმა მიუგო, რომ როგორღაც მოიცლის მათ გასაკეთებლადაც (ასე ფიქრობს ალბათ ჩვენ გარშემო ადამიანთა დიდი ნაწილი). ბაფეტმა კი ურჩია, რომ არავითარ შემთხვევაში მათზე დრო არ დახარჯოს, არამედ კონცენტრირება სწორედ იმ ხუთეულზე მოახდინოს, რაც საერთო ცხრილიდან პრიორიტეტულად გამოავლინა. ამ თემასთან დაკავშირებულ საკითხებს უფრო დეტალურად მომდევნო სტატიებში შევეხებით.

მე პირადად, რაც აღნიშნული მიდგომა გავითავისე, ნათლად ვხედავ უკეთესობისკენ ცვლილებას. სხვათა შორის, ამდაგვარი ტესტი ადრეც გავაკეთე ოდნავ განსხვავებულ ფორმატში. მაშინ 100 სურვილი უნდა ჩამომეწერა. სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიძნელდა კიდეც. მათგან ავარჩიე ათი და შემდეგ ერთი, რაც მიმდინარე პერიოდში კონკრეტულ მიზანს წარმოადგენდა. მსგავსი დავალება ასევე შევასრულე ერთ-ერთი ტრენინგის შემდგომ, როცა დავადგინე, რაზე უნდა მომეხდინა კონცენტრირება მოცემულ სიტუაციაში. აქვე კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა: თუ ადრე მიზნების ჩამოსათვლელად მეტი ფიქრი და დრო დამჭირდა, ახლა სულ სხაპასხუპით “ჩამოვყარე” კლავიატურაზე, არჩევანიც გამიადვილდა. ბუნებრივია, ესეც ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგია.

რაც შეეხება უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების პროცესს, რა გვაძლევს ძალას? ყველამ ვიცით, რა არის საჭირო წარმატებული ბიზნესის სამართავად: დიდებული იდეები, ტალანტის კრიტიკული მასის თავმოყრა და დიდი დოზით იღბალი. თუმცა საქმის კეთების კიდევ ერთი ფუნდამენტური ფაქტორი არსებობს – ვიცოდეთ, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებას! ჰარვარდის ბიზნესრევიუს მკითხველებზე ჩატარებული სიღრმისეული კვლევით გამოიკვეთა გადაწყვეტილების მიმღებთა ხუთეული, რომელთა შორის განსხვავებულობა ფაქტებისა და მოქმედებისადმი დამოკიდებულებით აიხსნება. გაგაცნობთ ერიკ შერმანის მიერ “მაქკენზის” კვლევაზე დაფუძნებით გამოვლენილ ლიდერების 5 ტიპაჟს:

ვიზიონერი (კრეატიული) – უყვარს ცვლილებები, შედარებით ვიწრო ნიშნით აგროვებს ინფორმაციას, გადადის მყისიერ მოქმედებაზე, თუმცა სისწრაფის გამო შესაძლოა მცდარი მიმართულებითაც “გაქროლდეს”. თუ თქვენ ამ კატეგორიას განეკუთვნებით, გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გაითვალისწინოთ უამრავი ადამიანის შეხედულება და მოსაზრება, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ფართო განხილვებია წარმატების საწინდარი.

დამკვირვებელი – შეაქვს ბალანსი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, აკეთებს ფაქტებზე დაფუძნებულ არჩევანს და გეგმავს ყურადღებით. მოსწონს პროცესის უწყვეტობა, ავლენს ზომიერ სიფრთხილეს და ფართოდ აგროვებს ინფორმაციას.

მოტივატორი – ცვლილებებზეა ორიენტირებული, ქარიზმატულია, შეუძლია დაარწმუნოს გარშემომყოფნი მოქმედების აუცილებლობაში. თუმცა ყველა კარგ ამბის მთქმელთა მსგავსად, რისკავს დაიჯეროს ამბავი ფაქტების ინტერპრეტაციის გარეშე. შედარებით ვიწრო ინფორმაციას აგროვებს, მტკიცედ სწამს, რომ პირადი ინტერესი აღემატება საერთოს. ჩემი თვითანალიზით, მე დამკვირვებელთა და მოტივატორთა შორის ვარ.

მოქნილი – სახელიდან გამომდინარე, მიდრეკილია ღია განხილვებისაკენ, გადაწყვეტილების მიღებაში სხვადასხვა ადამიანის ჩართვისაკენ. უფრო ემხრობა განსაკუთრებულ მიდგომას, ვიდრე ფორმალურ პროცესებს და დიდ სიფრთხილეს ავლენს.

კატალიზატორი – საუკეთესოა ჯგუფის მუშაობის წარსამართად, ვიდრე გადაწყვეტილების მისაღებად და მის შესასრულებლად. სიფრთხილის გამოვლენაზე მეტად ამჯობინებს მოქმედებას და უფრო მიდრეკილია მრავალმხრივი ინფორმაციის მოგროვებისკენ.

ბიზნესში გამოცდილი ადამიანების რჩევით, აუცილებელია, გამოვიყენოთ დაბალანსებული განხილვები და გადაწყვეტილების მიღების უნარი, რაც, პრაქტიკულად, ვარჯიშითაც მიიღწევა.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?!

ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეების შესწავლით მეტ დაკვირვებულობას ვიჩენთ საქმის წამოწყებასა და შესრულებაში. ეს გვეხმარება რაციონალურ გადაწყვეტილებათა შერჩევის პროცესშიც. რა საკითხსაც უნდა ეხებოდეს, რასაკვირველია, სიფრთხილის გამოვლენა, საჭირო ინფორმაციის ფართოდ განხილვა და “ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერის” კუთხით მიდგომა წარმატების უპირობო გარანტს წარმოადგენს. თუმცა, რაც უფრო მოტივირებული ვართ, მით მეტად ოპერატიულ გადაწყვეტილებას ვიღებთ. ვისურვებ, სათაურში გამოტანილი ფრაზა ჩვენი ყოველდღიური განრიგის უცილობელი კომპონენტი იყოს. ეს ნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული ქმედებისთვის მზადყოფნას ვაცხადებთ და იმ დღესვე ვიწყებთ, რა თქმა უნდა!

როგორ შევძლოთ ამის გაკეთება?!

ამბობენ, დროული გადაწყვეტილება საქმის ნახევარია. დანარჩენს ნებისყოფის სიმტკიცესთან ერთად წარმოადგენს პრიორიტეტების გამოკვეთა და სწორი არჩევანის მიმართულებით ყურადღების კონცენტრირება. დროულად გადაწყვიტეთ, რა არის თქვენთვის პრიორიტეტული და იმოქმედეთ დაუყოვნებლივ.

დაბოლოს, ერთი ციტატა, რაც უეჭველად გაგამხნევებთ და გადაწყვეტილების მიღებას გაგიადვილებთ. “ყველაზე მთავარი გაკვეთილი, რაც ავითვისე – ეს არის პრინციპი “ადექი და გააკეთე”! მნიშვნელოვანია, რომ აკეთებ და არა ის გარემოება, რამდენად რთული გეჩვენება საქმე. პლატონი გვასწავლის – “დაწყება – ნებისმიერი სამუშაოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია”. ძველი ჩინური ანდაზა კი გვეუბნება, რომ ნებისმიერი მოგზაურობა, რა მასშტაბისაც უნდა იყოს, პირველი ნაბიჯით იწყება”. რიჩარდ ბრენსონი: “ეშმაკმა დალახვროს, ადექი და გააკეთე”.

წინა სტატია

ქართველი ლიდერების მენეჯერული გამოწვევები. ნაწილი პირველი
08 თებერვალი, 2016

შემდეგი სტატია

ყველაზე მაღალი ინფლაციის მქონე 20 ქვეყანა
08 თებერვალი, 2016
საცხოვრებელი კომპლექსი, რომელმაც დროს გაუსწრო
მენეჯერები | აპრ, 16, 2018
ყველაზე რეიტინგული სასტუმროები საქართველოში
რეიტინგი | აპრ, 17, 2018
ყველაზე მოგებიანი სადაზღვევო კომპანიები საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა