ამ ჩემს მუზარადს

“რკინის მუზარადის უკან გაბრაზებული, ახალი იდეებისთვის მებრძოლი ადამიანი უნდა დაინახო, რომელიც საკუთარი თავისუფლების მოსაპოვებლად უკან არ დაიხევს”, – ამბობს დევიზი. BASSIANI არის სტარტაპი, რომელმაც უმოკლეს დროში გლობალური კლასის ქლაბინგ-პროდუქტი შექმნა. დამფუძნებლები დარწმუნებულნი არიან, რომ ამ კულტურას უცხოელი ტურისტების მოზიდვის უნარი შესწევს.

– შენ ყიფიანს მოესწარი?

– ვერა. 88-იანი ვარ.

– მაშინ შენ არაფერი გინახავს, ჩათვალე.

ტაქსისტმა ქურდიანზე აუხვია და მერე წერეთელზე გამოვიდა. ტაბლო ავტობუსის გაჩერებაზე ღამის სამ საათს და რაღაც წუთებს უჩვენებდა. დინამოს მოვუახლოვდით. მე-9 სექტორის შესასვლელთან ტროტუარზე ძალიან ბევრი ლამაზი და შავტანსაცმლიანი ახალგაზრდა იდგა. ზუსტად ისე, როგორც ნამდვილად ევროპული ქვეყნების დიდ ქალაქებში, კლუბების შესასვლელთან დგანან ხოლმე და თავის ჯერს ელიან.

– აქ რაღა ხდება? თამაშია რამე?

– შენ ბენ ქლოქს რიყეზე მოესწარი?

– არა.

პასუხად ტაქსისტს როუენ ატკინსონისეული ჟესტით ვანიშნე, რომ არაფერი უნახავს და ტკიცინა ხუთლარიანი მივეცი.

– ის ბიძაკაცი რაღამ გადარია.

ტაქსისტმა ჩემი მეგობრისა და ქალაქის უდავო კოლორიტის, ბექა “შპინგელ-შპონგელ” მოლაშვილისკენ გამახედა, რომელსაც შეთეთრებული წვერი მკერდზე დაჰფენოდა და სამ ცალ ბილეთს მარჯვენა ხელში ჩემთვის გამოუცნობი მელოდიის რიტმზე ათამაშებდა.

BASSIANI-ს რიგი ცოტა არეულია. მომსვლელებს სცივათ და შეფუთულები არიან. ერთი რიგი ონლაინ ნაყიდი ბილეთების მფლობელებისთვისაა, მეორე იქვე, ადგილზე ვინც იყიდა, მათთვის. ცივა, მაგრამ ზეიმი იგრძნობა. პუბლიკა საკმაოდ ჭრელია. თბილისი საკმაოდ პატარაა იმისთვის, რომ სადმე ვინმე არ იყოს. ყველა – ყველგან. დიდი ხანია, ამას ყველა მიეჩვია და პრეტენზიასაც არ გამოთქვამენ, შეიძლება ითქვას, რომ ერთად ყოფნითაც კი ტკბებიან: “ფართი ენიმალი” (სვეტი ცხოველი), საქმიანი ტიპი თეთრი პერანგით, ლამაზი გოგოები უქუსლებოდ და ყველაზე ფართო ახალგაზრდა მასკულინური მიმდინარეობის, “ბაბულიკების” ენერგიული წარმომადგენლები.

ყველას უნდა BASSIANI-ში.

– როგორ ფილტრავთ? – ვეკითხები ნიკოს, BASSIANI-ს გუნდის ერთ-ერთ წევრს.

– ბილეთს ყიდულობს მხოლოდ ის, ვინც ონლაინ დარეგისტრირდება და ვერიფიკაციას გაივლის. ამ შემთხვევაში ის ფასდაკლებითაც სარგებლობს და სხვა შესასვლელით შედის. ვერიფიკაციას გადის იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე მთავარ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ძირითადად, უნდა ვიცოდეთ, ვინ არის, ან ჩვენი ნაცნობები უნდა იცნობდნენ. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც არავინ იცნობს, თუმცა მაინც გადიან ვერიფიკაციას. ამ შემთხვევაში ჩვენ მათ მონაცემებს ვინიშნავთ და თუ შიგნით მათი მიზეზით რაიმე კონფლიქტი მოხდა, შავ სიაში შეგვყავს. შედეგად ისინი ვეღარასოდეს ვეღარ ხვდებიან კლუბ BASSIANI-ში. ადგილზე ბილეთის ყიდვის მსურველებს კი ფეისკონტროლი ფილტრავს.

BASSIANI-ში ვერასდროს მოხვედრა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სასჯელი, რომელიც თბილისში მცხოვრებ, ელექტრონული მუსიკის მოყვარულ ადამიანს შეიძლება დააკისრო. ძველებმა რომ გაიგონ, ეს დაახლოებით ისეთი სასჯელია, 70-იანების ბოლოსთვის რომ გეთქვათ დიდუბელი ბიჭისთვის, რომ დინამოზე ვეღარასოდეს წავიდოდა და ყიფიანის თამაშს ვერასოდეს ნახავდა. ენერგია უკვალოდ არასოდეს არ იკარგება. ადრე თუ ტრიბუნაზე ბუდობდა, ახლა მან ტრიბუნის ქვეშ გადაინაცვლა და ოდნავ სახე იცვალა.

რამდენიმე ბარიერის გავლის შემდეგ დინამოს აუზის შესასვლელს მივადექი. შესასვლელთან ახალგაზრდობა დგას და გრილდება. ნაჯას ყვითელი პიჯაკი ადვილად იკვეთება შავტანსაცმლიანებს შორის. არ ჩერდება. რიგს აკონტროლებს, ნაცნობს ესალმება, ერთ ურჩ ახალგაზრდას, რომელიც რაღაცაზე უკმაყოფილებას გამოთქვამდა, მკლავზე ხელი მოჰკიდა, გამოიყვანა და უთხრა, რომ ის ან ემორჩილებოდა კლუბის წესებს, ან ივიწყებდა BASSIANI-ს არსებობას. ახალგაზრდას სახეზე შეეტყო, რომ კლუბისგან ასეთი პირობა ცხოვრებაში პირველად გაიგო და დაფრთხა. ნაჯა ორაშვილი BASSIANI-ს გუნდში ერთადერთი გოგოა. შეიძლება მან ტაქტიანად იუაროს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის BASSIANI-ს მთავარი მიზეზია. ასევე იდეის ავტორი და გუნდის შემკრები.

რამდენიმე სავალდებულო გადაკოცნის შემდეგ აუზზე შევდივარ. ტემპერატურის მკვეთრი მატება მეხმარება, რომ შენობის შიგნით ენერგიის ჭარბი კონცენტრაცია უკეთესად შევიგრძნო. გავდივარ ერთ დერეფანს, გვერდს ვუვლი პირველ ბარს, რამდენიმე ნასვამ ადამიანს და აუზის კიდეს ვუახლოვდები. მისაწოლებიდან 5-6 წყვილი ფეხია გამოშვერილი და ბოლი გამოდის. ადამიანების დინებებს შორის გავძვერი, აუზის მართკუთხედში შევედი და შავ მღელვარე მასას მივუერთდი, რომელსაც მეჩხერი წითელი განათება კიდევ უფრო ძლიერ ტონს აძლევდა. დღეს მაქს ემის ტრიბიუტ-საღამოა, ნაადრევად გარდაცვლილი დიდებული არტისტის, რომელიც BASSIANI-ს პუბლიკამ სიცოცხლეში შეიყვარა. სამწუხაროდ, მაქსმა მეორედ ჩამოსვლა ვეღარ მოასწრო და ამჯერად მისი მეგობრები BASSIANI-ს მანათობელი სამკუთხედის ქვეშ მის გარეშე დგანან.

პირველივე ბასმა ფხიზელზე საოცარი ემოცია წამოიღო: ეს ის ემოცია იყო, რომელიც აქამდე საქართველოში არსებულ კლუბში არასოდეს მქონია. ეს იყო წამი, როცა ერთიანად შევიგრძენი რამდენიმე ფუნდამენტური დეტალი, ისე, რომ ამაზე ფიქრიც კი არ მომიწია:

1) ესაა ყველაზე კარგი ხმა ქართული ქლაბინგის ისტორიაში;

2) ესაა ყველაზე სწორი ვენიუ მათ შორის, რაც აქამდე მინახავს;

3) ქართულიქრაუდისხვანაირია, მაგრამ საერთოდ არაა ცუდი;

4) ეს არის ყველაზე ხარისხიანი კლუბი, რაც ოდესმე საქართველოში ყოფილა

5) BASSIANI არის სტარტაპი, რომელმაც უმოკლეს დროში გლობალური კლასის ქლაბინგ-პროდუქტი დაახეთქა – ერთ პატარა და უცნაურ ქვეყანაში, სადაც საკლუბო ნარკოტიკის მომხმარებლებს უფრო მკაცრ სასჯელს აკისრებენ, ვიდრე მცირეწლოვან ბავშვზე სექსუალურ მოძალადეებს.

მიუხედავად მის უმთავრეს ინგრედიენტებზე სასტიკი აკრძალვისა, საქართველოში ანომალიურად მაგრად განვითარდა ელექტრონული სცენა, ფართის კულტურა და კლუბები. საქართველოში არსებობს რამდენიმე კარგი და ბევრი ცუდი ფესტივალი, სადაც ელექტრონულ მუსიკას უკრავენ. საქართველოში ელექტრონული სცენა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე კარგადაა განვითარებული. ამ ბიზნესში უკვე ტრიალებს მილიონობით ლარი და მოვლენების სწორი განვითარების შემთხვევაში ბაზარი გაიზრდება.

BASSIANI-ს გუნდს ქართულ ელექტრონულ ინდუსტრიაზე სასაუბროდ დინამოს სტადიონის ქვეშ, არასამუშაო დღეს შევხვდი. სასიამოვნოდ გაკვირვებს ის, რომ ცარიელ დერეფანში მხოლოდ ერთი სარეკლამო ლაითბოქსი გხვდება, ენერგეტიკული სასმელის მობილური გაჯეტების დასატენი სტენდი. სტენდი მთავარი დენსფლორიდან მოშორებითაა და გაღიზიანებას არ იწვევს.

“ჩვენ გავრისკეთ და უარი ვთქვით საქართველოში დამკვიდრებულ სპონსორინგის მახინჯ ფორმაზე, მათ მიერ დაბრენდილ დენსფლორზე, ბარზე, დი-ჯეის მაგიდაზე, პრომოგოგოებზე, ლოგოებზე, – მეუბნება ნაჯა ორაშვილი, BASSIANI-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი. – ამან დიდი ფინანსური დარტყმა მოგვაყენა, მაგრამ გავძელით. სამაგიეროდ, ახლა არავის ფულზე არ ვართ დამოკიდებულები. ვფიქრობთ, როცა ადამიანი კლუბში მოდის, მისი მხედველობა და სმენა არ უნდა იფანტებოდეს სიგარეტის ან სასმელის რეკლამით”. BASSIANI-სთვის მნიშვნელოვანია არტისტი, მუსიკა, გარემო და მსმენელის კომფორტი. “მსმენელმა უნდა უსმინოს მუსიკას, შეიგრძნოს ის. მისი თვალი და ყური არ უნდა გაიქცეს სპონსორების ბანერებისკენ”, – ამბობს ნაჯა.

BASSIANI-მდე ამის შესაძლებლობას არ დავიჯერებდი. იქ, სადაც კლუბში შესასვლელად ბილეთის ყიდვა ჯერ ისევ დისკომფორტს იწვევს და ყველა ცდილობს, რომ სიაში მოხვდეს, სპონსორი საკმაოდ დიდ როლს თამაშობს. მისი ფული საშუალებას გაძლევს, ჩამოიყვანო ცნობილი არტისტი, რომლის შოუზე დასასწრებ ბილეთში რამდენიმე ასეული ადამიანი 20 ან 30 ლარს გადაიხდის. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული ფული და ბარიდან მიღებული მოგება გაისტუმრებს ვენიუსა და ხმის ქირას, პერსონალის ხელფასს და პრომოუტერს მცირე მოგებაც დარჩება. სპონსორებად ძირითადად სიგარეტის, ლუდისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების, ასევე ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელი კომპანიები მოდიან, რომელთა მოთხოვნაც ყოველთვის მარტივია: ადგილის მაქსიმალური დაბრენდვა. სპონსორი კომპანიების მარკეტინგის სამსახურები აქ ყოველთვის დისონანსში მოდიან პრომოუტერთან, რომელიც ცდილობს, ვენიუ არ ააჭრელოს. ამ ორთაბრძოლაში ხშირად გამარჯვებული მარკეტინგის სამსახური გამოდის და ფართი პატარა ბაზრობას ემსგავსება: უამრავი ლაითბოქსით, ლოგოებისა და სლოგანების პროექციით, ბანერებით, შტენდერებით და გამოკაზმული ლამაზი გოგოებით, რომლებიც iPad-ით დაბორიალებენ, მომსვლელებს სულელურ თამაშებს ათამაშებენ და “ფლეშკებს” ჩუქნიან. ამ ყველაფერს კი აგვირგვინებს ფოტოგრაფი (ხშირ შემთხვევაში თქვენი მონა- მორჩილი), რომელიც პრომოს და მსმენელის კონტაქტის უნიკალურ მომენტს დამაბრმავებელი ბლიცით აღბეჭდავს. საინტერესოა, რამდენ სპონსორს უფიქრია ინგლისური წარმოშობის სიტყვა “ოვერბრენდინგის” მნიშვნელობაზე.

BASSIANI-მ ამ ყველაფერზე უარი თქვა! თუმცა, როგორც ყველა, ისინიც საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ: ერთ-ერთ ფართიზე, რომელზეც კლუბ Berghain-ის რეზიდენტი ბენ ქლოქი უკრავდა, სპონსორმა ერთი ადგილობრივი დი-ჯეი შესასვლელთან დააყენა, რომელიც მსურველებს გამიქსვას “ასწავლიდა”. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შეუსაბამო სასპონსორო აქტივობა, რაც ცხოვრებაში მინახავს. შეიძლება ამბავში გაურკვეველი მკითხველი ვერ მიხვდეს, რატომ ჩანდა ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად, ამიტომ პატარა ექსპერიმენტს ვთავაზობ: Youtube-ზე მოძებნოს არტისტი ბენ ქლოქი, შემდეგ კი უახლოესი ივენთი, სადაც დაუკრავს DJ Qasra, წავიდეს და მოისმინოს. როგორც ნაჯა ამბობს, მანდ მიხვდა, რომ ასეთი რამე აღარასოდეს არ უნდა ექნათ.

BASSIANI-ს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს. როგორც ამბობენ, გაცნობიერებულად შეიკრიბნენ. ჩემი აზრით, ისინი პროტესტმა გააერთიანა, პროტესტმა ქართულ კლუბებში გამეფებული მსუბუქი საცეკვაო მუსიკის მიმართ, რომელიც არც ერთს არ მოსწონს.

“ყველას ჩამოყალიბებული და გააზრებული წარმოდგენა გვქონდა იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო საქართველოში ელექტრონული მუსიკის სცენა და ქლაბინგი. ჩვენი ხედვები ერთმანეთს დაემთხვა, ეს იყო ჩვენი თანამშრომლობის მთავარი მიზეზი”, – ამბობს ტატო.

ყველაფერი მაინც ოცნებით დაიწყო – ნაჯას ოცნებით, რომელსაც უნდოდა, ჰქონოდა კლუბი – ისეთი, როგორიც თავად სურდა. ნაჯას იდეას მხარი დაუჭირეს ნიკომ და გურამმა, მისმა პარტნიორებმა სტუდია Milky Way-დან და ყველამ ერთად გადაწყვიტა, დანაზოგით ივენთების სერია გაეკეთებინათ. მათ დაემატათ ეროლ გელბახიანი და ტატო გეთია (INPUT) – პრომოუტერები ძალიან საინტერესო იდეებითა და ბექგრაუნდით.

“გვინდოდა, საკუთარი პროექტი გვქონოდა, რომელიც იქნებოდა ჩვენი შეხედულებებისა და სურვილების შესაბამისი. აქ საერთოდ არ იყო ფულზე ლაპარაკი. პირველ რიგში ვფიქრობდით იდეის განხორციელებაზე. არ გვყოლია უცხო ადამიანი, რომელიც, მაგალითად, დაგვიწერდა ბიზნესგეგმას, ან დაიანგარიშებდა პროექტის ხარჯებს. ყველაფერი ჩვენით გავაკეთეთ”, – ამბობს ტატო. გურამის აზრით, ფართი-ბიზნესი არაა დიდ ხარჯებთან დაკავშირებული და თითქმის ყველას შეუძლია 30-40 ათასი ლარის შოვნა, არტისტის ჩამოყვანა და რამდენიმე ასეული ადამიანის შეყრა, თუმცა, მისი თქმით, აქ მთავარი შინაარსია, რომლის ნაკლებობას ქართული ფართიმეიქერები აგრერიგად განიცდიან.

ბილეთი 20 ან 30 ლარი ღირს. შეღავათს ის იღებს, ვინც ბილეთს წინასწარ შეიძენს. კლუბს შეღავათები აქვს დაწესებული ტურისტებისთვისაც, რადგან უცხოელი ტექნოს მოყვარულების მოზიდვა მათი ერთ-ერთი პრიორიტეტია.

მათი ძალა არის მათ ორგანიზებულობასა და ისეთ მეტაფიზიკურ რამეში, როგორიც საკუთარი იდეისა და ძალების რწმენაა. BASSIANI-ს გუნდი დარწმუნებულია თავის ძალებში, ერთმანეთთან იდეალურადაა შეთანხმებული და გააზრებული აქვს ის გზა, რომლის გავლაც მომავალში მოუწევს. მათთან საუბარიც სასიამოვნოა.

პირველი ჩანაფიქრით BASSIANI უნდა ყოფილიყო ივენთების სერია, რომელსაც არ ექნებოდა ერთი კონკრეტული ლოკაცია და მუდმივად იმოგზაურებდა. BASSIANI როგორც პროექტი რიყის ვეარჰაუსში დაიწყო, ცივ და ეფექტურ ვენიუზე, სადაც პირველი წელი იყო დაბანაკებული. მეხსიერებაში ის პირველად შემოვიდა სადა, შავი პოსტერებით, თეთრი მუზარადით, რომელიც თბილისის ცენტრში გამოჩნდა და 2014 წლის 4 ოქტომბერს KASSEM MOSSE-ს, VRIL-ის, ALIEN RAIN- ისა და KOBOSIL-ის სტუმრობა დააანონსა. “

ბრენდის მშენებლობას საკმაო ფული მოვახმარეთ. გვინდოდა, ჩვენი ლოგო ყოფილიყო ეფექტური და დასამახსოვრებელი – სტილი, ფონტი, საიტი რომ გამართული ყოფილიყო, რომ ყველაფერი ერთი ვიზუალური ხაზის ქვეშ მოგვექცია და ვფიქრობ, ეს მოვახერხეთ. როცა ადამიანი ჩვენს საიტზე შემოვა, ან პოსტერს შეხედავს, მიხვდება, რომ ჩვენთვის ყველა დეტალი მნიშვნელოვანია”, – ამბობს ნაჯა.

რვათვიანი არსებობის პერიოდში BASSIANI სამამულო ელექტრონული ინდუსტრიის ლიდერი გახდა. მათ მიერ ჩამოყვანილი არტისტების სახელები სტაბილურად შთამბეჭდავია. ამ პერიოდში მათ ანგარიშზე უკვე ისეთი ბუმბერაზები დაგროვდნენ, როგორებიცაა Ben Clock, Legowelt, Konstantin, Recondite, Nihad Tule, Ben Ufo და აშ. ისინი სტაბილურად უარს ამბობენ ქართულ ლაინ-აფზე და მსმენელს სიურპრიზს სიურპრიზზე სთავაზობენ. BASSIANI-მდე საქართველოში ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ დონორის გარეშე მყოფი კლუბის ფინანსური რესურსი ასეთ მასშტაბს გასწვდებოდა.

“ძალიან მძიმე ფინანსური დასაწყისი გვქონდა. რთული იყო ჩვენი ფასეულობების ქართული სცენისთვის მორგება, თუმცა ხუთივეს გვჯეროდა, რომ ამას გავაკეთებდით. აღმოჩნდა, რომ არ ვტყუოდით”.

რვა თვეში გამოჩნდა, რომ უკეთესი იქნება, თუ პროექტი კლუბად გარდაიქმნება და ნაკლებ ფულს დახარჯავს ადგილის, განათების, ხმისა და პერსონალის ერთჯერად დაქირავებაზე. BASSIANI იღებს ძალიან დროულ ტაიმ-აუტს თავისი პოპულარობის ზენიტში და რეორგანიზაციას იწყებს. ისინი პოულობენ ნებისმიერი ტექნო-კლუბისთვის საოცნებო ლოკაციას – ძველ საცურაო აუზს დინამოს სტადიონის ქვეშ და იწყებენ მის გასუფთავებას. გუნდმა მოახდინა ფინანსური რესურსის მობილიზება და მორიგი გაუგონარი რამ ჩაიდინა: მათ შეიძინეს Function One-ის უახლესი სისტემა DS4 (Function One გამახმოვანებელი ტექნიკის ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებელია მსოფლიოში) და განათება, რომელიც საერთო ჯამში 100 000 გირვანქა სტერლინგზე მეტი დაჯდა.

“ფული რომ დაგვეზოგა ხმაზე, ჩვენ ვერ ვიქნებოდით პრემიალურები. შეიძლება ვინმემ არ იცის, რა საუნდსისტემით ასმენინებ მუსიკას, თუმცა, ამის მიუხედავად, შენ მომხმარებელზე უნდა იზრუნო და საუკეთესო შესთვაზო. შენი ბიზნესი აგებულია მსმენელზე, მის ყურებზე, თვალებზე, შენ თუ ფულს ზოგავ და უხარისხოდ ასმენინებ თუნდაც კარგი არტისტის მუსიკას, ამ შემთხვევაში სულ ერთია, რა დონის არტისტს ჩამოიყვან. თუ მას არა აქვს საშუალება, რომ სწორად გადასცეს მსმენელს თავისი შემოქმედება, შეგიძლია ჩათვალო, რომ ფული წყალში გაქვს გადაყრილი”. როგორც სპორტული კომენტატორები იტყოდნენ, რეორგანიზაციის შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

BASSIANI ტრენდსეტერია. მათ შემოიტანეს მუსიკა, რომელსაც მანამდე საქართველოში არავინ უსმენდა. ჩვენ, სამხრეთის წარმომადგენლებს, ბევრად გვირჩევნია რიკარდო ვილალობოსის გუაკამოლივით მსუბუქი სეტი მარსელ დეტმანის ძალაყინს. თუმცა BASSIANI-მა ეს ტრენდი დაანგრია და ახალი დაამკვიდრა.

ტატო გეთია: “ხშირად მოგვისმენია მოსაზრება, რომ კლუბი BASSIANI ადგილობრივ არტისტებს ხელს არ უწყობს, რაც უბრალოდ გაუცნობიერებლობის ბრალია. ახლო წარსულში რამდენიმე კლუბის და პრომოუტერის მიერ წარმოებულმა არასწორმა პოლიტიკამ დიდი ზიანი მიაყენა როგორც ლოკალურ საკლუბო სცენას, ასევე არტისტებს. კლუბის მხრიდან გვერდში დგომა არ ნიშნავს, დააკვრევინო ყველას, ვისაც სურვილი გაუჩნდება. ადგილობრივი არტისტების ხელშეწყობა რომ საჭიროა, ეს ყველამ ვიცით, უბრალოდ ხედვებია განსხვავებული. ჩვენ გვჯერა კონცეპტუალური მიდგომების, ასევე კლუბის რეზიდენტი დი-ჯეების პრაქტიკის, და შედეგებიდან გამომდინარე, ამ არჩევანის სისწორეში სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებით. არტისტის ჰონორარი 150-დან 9,000 ევრომდე მერყეობს, ამას ემატება სააგენტოების მომსახურება, სასტუმრო, ფრენა... სწორედ ეს განსაზღვრავს კლუბის ფასების პოლიტიკას. ჩვენი სფეროსთვის ყველაზე დიდ პრობლემას ავიაბილეთების სიძვირე წარმოადგენს, იმის გარდა, რომ არ არსებობს იაფი ავიახაზები, ფრენის განრიგი და ფრენებს შორის ერთი და მეტი გადაჯდომა დიდ უხერხულობას იწვევს”.

მათი კომუნიკაცია მსმენელთან ცივია, მაგრამ გულმოდგინე. BASSIANI მსმენელს ყოველთვის დაწვრილებით აცნობს არტისტს, უზიარებს მის მუსიკას და მომავალი ღამისთვის ამზადებს. BASSIANI მსმენელზე ზრუნავს და არ შედის მასთან დისკუსიაში. აბსოლუტურ უარს უცხადებს ტელევიზიას და არტისტთან გადაღებულ სელფის. “არ იარო”, – აწერია BASSIANI-ის ბეჭედს ლამაზი მუზარადის ქვევით. BASSIANI არის ოფლაინ მედიის მოყვარული და ყოველთვის ხარჯავს ფულს აფიშებისა და ბილეთების დაბეჭდვაზე. გუნდი უარს აცხადებს დაცვის სამსახურის დაქირავებაზე და სათითაოდ არჩევს იმ ადამიანებს, რომლებიც მსმენელს უსიამოვნებისგან დაიცავენ და მის კომფორტზე იზრუნებენ.

“ელექტრონული მუსიკა ის სფეროა, სადაც სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს. ეს არაა ღვინის ბიზნესი, რომელსაც სუბსიდირება სჭირდება, – ამბობს ზვიად გელბახიანი. – სახელმწიფომ უნდა შეწყვიტოს კონკრეტული პრივილეგირებული ჯგუფებისა და ფესტივალების დაფინანსება, რადგან არაჯანსაღი კონკურენცია საქმეს ძალიან აფუჭებს”. მისი აზრით, ელექტრონული მუსიკის ინდუსტრია რენტაბელურია და უკვე შეუძლია საკუთარი თავის შენახვა. “სახელმწიფოს კი, თუ რაიმეს გაკეთება უნდა, შეუძლია, გადასახადები შეამციროს, ქვეყნის კარგი რეკლამა გააკეთოს და შემოიყვანოს იაფი ავიახაზები, რათა უფრო მეტი ტურისტი შემოვიდეს. მხოლოდ ადგილობრივი მსმენელი მილიონიან ქალაქში საკმარისი არაა”, – ამატებს იგი.

კლუბი BASSIANI აქტიურად არის ჩართული ადამიანის უფლებადაცვით საქმიანობაში და მთავრობის პოლიტიკას აქაც მძაფრად აკრიტიკებს: “ყოველ უიკენდზე გვიწევს პოლიციასთან ჭიდაობა, რომელიც ძალადობს, რომ შემოვიდეს კლუბში და ხალხი “დაათვალიეროს”. გვიწევს ნაცნობებთან რეკვა, რომლებიც შემდეგ პოლიციელებს დაურეკავენ და გააჩერებენ, – მეუბნება ტატო. – საქართველოში ტურიზმი მანამდე არ განვითარდება, ვიდრე პოლიციური ტერორი არ მოისპობა”. მისი თქმით, BASSIANI-ს ერთ-ერთი მთავარი ღირებულება თავისუფლებაა. “ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანი თავის არჩევანში არის თავისუფალი. თუ ის იღებს ნარკოტიკს, ეს არის მისი ნება და ის არ უნდა დაისაჯოს, თუნდაც საკუთარ თავს ვნებდეს. BASSIANI მხარს უჭერს ადამიანის თავისუფლებას”, – ამბობს ტატო.

გუნდის სამომავლო გეგმა საქართველოს მსოფლიო მუსიკალურ რუკაზე გაჩენა და საერთაშორისო აღიარებაა. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ თბილისურ კლუბებს საკმარისი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ ტურიზმის განვითარების წინაპირობად იქცნენ. საუბრის ბოლოს ზვიადს ვკითხე, ფიქრობდა თუ არა, რომ BASSIANI თავისი არსებობის ზენიტშია. “თითქმის სულ კულმინაციაში ვართ, მაგრამ არასოდეს ვიქნებით კულმინაციაში. BASSIANI კვირიდან კვირამდე ვითარდება. არსებობს ხალხისთვის, თბილისისთვის და საქართველოსთვის”.

სტატია ინგლისურ ენაზე.

წინა სტატია

ბარელი ნავთობის ფასი 27 დოლარს დაუბრუნდა
11 თებერვალი, 2016

შემდეგი სტატია

ახალი ვირუსი Skype-ის მომხმარებლების საუბარს იწერს და პირად მონაცემებს იპარავს
11 თებერვალი, 2016
ევროკავშირში 65%-ით მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | სექ, 19, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა