მელინდა გეიტსი - ქალთა უფლებების ყველაზე ძლიერი დამცველი

მელინდა გეიტსი - ქალთა უფლებების ყველაზე ძლიერი დამცველი

ამა წლის სექტემბერში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის, ინიციატივით დიდი შვიდეულის შეხვედრის ფარგლებში ფედერალური კანცელარიის პოსტმოდერნისტულ შენობაში შედგა მსოფლიოს ლიდერ ქალბატონთა თავშეყრა. შეხვედრას ესწრებოდნენ ისეთი გამორჩეული ქალი ლიდერები, როგორებიც არიან: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი (მარგარეტ ჩანი), “ჯენერალ მოტორსის” აღმასრულებელი დირექტორი (მერი ბარა), ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი (ერნა ზოლდბერგი), დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი (ჰელე თორნინგ-შმიდტი), ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის განმტკიცების დარგში (ლიბერიის პრეზიდენტი ელენ ჯონსონ-სერლიფი) და იორდანიის დედოფალი რანია.

დაახლოებით ოცდახუთი ადამიანისათვის გათვლილი მრგვალი საკონფერენციო მაგიდის წინა რიგში, ზუსტად ანგელა მერკელის პირისპირ იჯდა Microsoft-ს ყოფილი მენეჯერი და აწ ქველმოქმედი – მელინდა გეიტსი.

შეხვედრის დასაწყისში ანგელა მერკელმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის და მოისმინა მოხსენებები ქალთა ჩართულობის შესახებ პოლიტიკურ პროცესებში, ჯანდაცვისა და ეკონომიკის გაძლიერებაში. პირველი სიტყვით გამოსვლა წილად ხვდა მელინდა გეიტსს. ტანზე მორგებულ ლურჯ კოსტიუმსა და სათვალეებში გამოწყობილი მელინდა გეიტსი სტუმრების წინაშე ძალზე ზუსტი და მგზნებარე ოთხწუთიანი სიტყვით წარდგა: “როდესაც ქალები ვირგებთ ლიდერის როლს, ჩვენ ბევრ რამეს ვხდით შესაძლებელს, – თქვა გეიტსმა. – ეს ჩვენგან მოითხოვს ხმის ამაღლებას და უდიდესი ინვესტიციის განხორციელებას ქალთა და გოგონათა უფლებების განმტკიცებაში”.

და მართლაც, კანცელარიის ამ დარბაზში შეკრებილ მსოფლიო ლიდერთა შორის მხოლოდ მელინდა გეიტსს შესწევს ძალა, დამოუკიდებლად განახორციელოს ეს მისია. პრემიერ-მინისტრებს პარლამენტი უჭერს მხარს, აღმასრულებელი დირექტორების უკან დამფუძნებელთა საბჭო დგას, ხოლო მელინდა გეიტს აქვს 3-$41.3-მილიარდიანი საქველმოქმედო ფონდი, რომელსაც როგორც თვითონ და მისი ქმარი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ბილ გეიტსი ჩათვლიან საჭიროდ, ისე განაგებენ.

ეს ფონდი მელინდა და ბილ გეიტსების ერთგვარ პიროვნულ ტრანსფორმაციას წარმოაჩენს. თავისი თხუთმეტწლიანი არსებობის მანძილზე საქველმოქმედო ფონდმა (Bill & Melinda Gates Foundation) პირველად განახორციელა უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია პოლიომიელიტისა და მალარიის აღმოფხვრისა და ასევე განათლების გაუმჯობესების სფეროში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მელინდა გეიტსმა კარგად გაითავისა ის ფაქტი, რომ მისი სახელი უმსხვილესი საქველმოქმედო ფონდის სათაურში წერია და ის უდიდესი გავლენაც, რაც ამ მისიას ახლავს თან. მელინდა პლანეტის ყველაზე ძლევამოსილ ადამიანად იქცა, რომლის ინტერესის ერთადერთი სფერო ქალებისა და გოგონების უფლებათა განმტკიცებაა.

“მე გამუდმებით ვეძებდი ისეთ ადამიანს, რომელიც ამ საკითხების გულმხურვალე მხარდამჭერი იქნებოდა”, – მითხრა მელინდა გეიტსმა საკულტო სასტუმრო Adlon Kempinski-ში ლანჩის დროს, როდესაც მერკელის ფორუმზე შესვენება იყო გამოცხადებული. 51 წლის მელინდა გეიტსი ნამდვილი ტექნოკრატის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელიც ორივე ფეხით მყარად დგას მიწაზე. შეუპოვარი და მიზანდასახული მელინდა თანმხლებლების გარეშე გადაადგილდება, სამაგიეროდ, მას ყოველთვის თან დააქვს აურაცხელი მასალა. “ყოველთვის ვიცოდი, რომ ადამიანი, რომელსაც მე ვეძებდი, აუცილებლად ქალი უნდა ყოფილიყო. ჩვენ ხშირად განვიხილავდით სხვადასხვა კანდიდატს, რომელთა უმეტესობა ლიდერი ქალბატონები იყვნენ. სამწუხაროდ, მე ვერ მოვძებნე ისეთი კანდიდატი, ვინც განასახიერებდა ჩემთვის მთელი მსოფლიოს ქალთა ხმას. და ამიტომაც გავიფიქრე: ‘თუ ეს ადამიანი მე უნდა ვიყო, მაშინ ჯობს, გამბედაობა მოვიკრიბო, ნაკლებად ვიღელვო და საქმის კეთებას შევუდგე’”.

გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) მონაცემებით, მსოფლიოს უღატაკეს ადამიანთა შორის ათიდან ექვსი – ქალია და ასევე განათლების არმქონე მსოფლიო მოსახლეობის ორი მესამედიც მდედრობითი სქესისაა. “ქალთა სიკვდილიანობის უკიდურესად მაღალი მაჩვენებელი” განვითარებად ქვეყნებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ენაზე ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 3.9 მილიონი ქალი და გოგონა არის “დაკარგული” ყოველწლიურად: დაახლოებით ორი მეხუთედი საერთოდ არ იბადება, ერთი მეექვსედი იღუპება ადრეულ ბავშვობაში და ერთ მესამედზე მეტი იღუპება რეპროდუქციულ პერიოდში.

“რომელია ჩვენი დროის ყველაზე აქტუალური პრობლემა? – კითხულობს მელინდა გეიტსი. – რა თქმა უნდა, ეს არის სიღარიბის დაძლევა მთელ მსოფლიოში. და ჩვენ კარგად ვიცით, რომ ამ მისიის შესრულებისათვის ყურადღების კონცენტრირება ქალებსა და გოგონებზეა აუცილებელი. სიღარიბე არის გენდერული ცნება და მელინდა გეიტსი მზად არის, მილიარდობით დოლარი გამოვიდეს ფსონად იმის დასამტკიცებლად, რომ მის აღმოფხვრას შეძლებენ სწორედ იმ სქესის წარმომადგენლები, რომელთაც მთელი ისტორიის მანძილზე იგნორირებას უკეთებდნენ.

მელინდა ფრენჩ გეიტსი დაიბადა და გაიზარდა დალასში. მელინდას მამა აეროკოსმოსური ინჟინერიის სპეციალისტი გახლდათ, ხოლო დედა – დიასახლისი, რომელიც მეუღლეს უძრავი ქონების გაქირავების ბიზნესის წარმართვაში ეხმარებოდა. ეს გახლდათ მელინდას ოჯახის დამატებითი შემოსავლის წყარო. “ეს იყო, ფაქტობრივად, ჩვენი კოლეჯში სწავლების ერთადერთი საშუალება და ჩვენ ამას კარგად ვაცნობიერებდით”, – მელინდა გულისხმობს საკუთარ თავს და ასევე თავის დასა და ორ უმცროს ძმას. შაბათ-კვირას მელინდა და მისი და-ძმა ეხმარებოდნენ მშობლებს გაქირავებული ბინების დალაგებაში, შეკეთებასა და ბუღალტერიის წარმოებაში, ამ უკანასკნელისათვის მათ Apple III-ის კომპიუტერი ჰქონდათ.

როგორც ყველაზე წარჩინებულმა კურსდამთავრებულმა, მელინდა გეიტსმა გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოთქვა გოგონათა კათოლიკური სკოლის გამოსაშვებ ცერემონიაზე. მელინდა იყო ასევე სკოლის მხარდამჭერთა გუნდის კაპიტანი. მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი კომპიუტერული მეცნიერებისა და ეკონომიკის დარგში, და ასევე მაგისტრის ხარისხი დიუკის უნივერსიტეტში, რასაც ექვსი წლის ნაცვლად ხუთი წელიწადი მოანდომა. მელინდას ძალიან ეჩქარებოდა მუშაობის დაწყება. “მან ყოველთვის კარგად იცოდა, რა სურდა, – ჰყვება მელინდას და, სიუზან ფრენჩი. – მელინდა ყოველთვის გასაოცარი თავდაჯერებულობით გამოირჩეოდა. მას ყოველთვის ბოლომდე მიჰყავდა საქმე, იქნებოდა ეს მომდევნო პროექტი თუ დასახული მიზანი”.

1987 წელს ეს “მომდევნო პროექტი” მელინდასათვის Microsoft-ი გახდა. მელინდამ ამ კომპანიაში მუშაობა პროდუქტის მენეჯერის თანამდებობაზე დაიწყო. მუშაობა ახალი დაწყებული ჰქონდა, როდესაც კომპანიის დამფუძნებელმა იგი პაემანზე დაპატიჟა. “კოლეჯში სწავლისას ბევრ ძალიან ნიჭიერ ბიჭთან მიწევდა ურთიერთობა, რადგან ჩვენთან ცოტა გოგონა სწავლობდა, – ამბობს მელინდა და იხსენებს, თუ რით მოხიბლა იგი თავდაპირველად მისმა მომავალმა მეუღლემ. – ბილი მიეკუთვნებოდა ზუსტად იმ კატეგორიისა და ტიპის ბიჭებს, ვისთანაც მე ვმეგობრობდი და დიდ დროს ვატარებდი კოლეჯში სწავლისას. მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემდი და, რა თქმა უნდა, მოხიბლული ვიყავი მისი ნიჭითა და ცნობისმოყვარეობით. მე ასევე ძალიან მიყვარს მისი ირონიანარევი იუმორის გრძნობა”.

წყვილი ერთმანეთს შვიდი წლის განმავლობაში ხვდებოდა, ხოლო 1994 წელს ბილმა და მელინდამ ჰავაიში იქორწინეს. 1996 წელს მელინდას უკვე Microsoft-ის გენერალური მენეჯერის თანამდებობა ეკავა, როდესაც გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო. პირველი ქალიშვილი, ჯენიფერი რომ შეეძინა, მელინდამ სახლში დარჩენა არჩია. “ეს მხოლოდ მისი გადაწყვეტილება იყო, – იხსენებს ბილ გეიტსი. – მე, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული დავრჩი, მაგრამ მისთვის ეს ყველაზე მისაღები ნაბიჯი იყო”. ცოტა ხანში მათ მეორე და შემდეგ მესამე შვილიც შეეძინათ.

გავიდა ოცი წელიწადი: 19 წლის ჯენიფერი სტენფორდის უნივერსიტეტის მეორეკურსელია, რორი 16 წლის არის, ხოლო ფიბი 13-ის და ისინი უკვე ნაკლებად არიან მიჯაჭვული დედაზე. როგორც დედების უმეტესობა, რომლებიც დაცარიელებულ ბუდეს შესცქერიან, მელინდა გეიტსაც დაეწყო თვითანალიზისა და ღირებულებების გადაფასების პერიოდი. და ახლა რა უნდა ვქნა?

ასე რომ, მელინდა უფრო აქტიურად ჩაერთო გეიტსების ფონდის მუშაობაში. აღნიშნული ფონდი ძირითადად კონცენტრირებულია გლობალური ჯანდაცვისა და განვითარების საკითხებზე. ფონდმა გასაოცარ პროგრესს მიაღწია პოლიომიელიტის, მალარიისა და აივ-ინფექციის აღმოფხვრაში, ასევე ვაქცინაციისა და სანიტარული ნორმების დანერგვის სფეროში. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ “გეიტსების საქველმოქმედო ფონდი არ ყოფილა პიონერი ქალთა ჯანმრთელობის ადვოკატირების სფეროში”, – ამბობს ლინსი მაკგოი, ავტორი წიგნისა No Such Thing as a Free Gift (უფასო საჩუქარი არ არსებობს).

მელინდა გეიტსი სულ უფრო და უფრო ნაკლებ კონცენტრირებას აკეთებდა ფონდის გაფართოებაზე. ამის ნაცვლად, მან ყურადღება ახალი მიდგომების ძიებაზე გადაიტანა. კერძოდ, იმ ინიციატივების დაფინანსებაზე, რომლებიც გათვლილია მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ქალებისა და გოგონების დახმარებაზე. რა თქმა უნდა, აქ იყო თანაგრძნობის ელემენტიც, მაგრამ მელინდა გეიტსი ამ ყველაფერს ინვესტიციების ანაზღაურებადობის კოეფიციენტის თვალსაზრისით განიხილავდა. მუჰამედ იუნუსმა ნობელის პრემია მიიღო იმისათვის, რომ მან განვითარებად ქვეყნებში ქალებისათვის მიკროსესხების გაცემა დაიწყო. ბანგლადეშელი ბანკირი და ეკონომისტი კარგად აცნობიერებდა იმ ფაქტს, რომ ქალები უფრო ეფექტიანად გამოიყენებდნენ ამ სესხებს და ფულს თავიანთ ოჯახებს მოახმარდნენ. ბილ გეიტსმა კი ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა იმუნიზაციის მეშვეობით. მელინდა გეიტსმა დაიწყო ისეთი გრანტების წახალისება, რომლებიც მხედველობაში იღებდა იმ გარემოებას, რომ ქალები მამაკაცებზე მეტად იზრუნებდნენ თავიანთი შვილების აცრაზე.

“როდესაც პირველად დავიწყე მუშაობა ფონდში, მეგონა, რომ ქალებთან დაკავშირებული საკითხები “რბილი” იყო. მე კი არ მინდოდა, რომ ვინმეს ჩავეთვალე “რბილად”, – ამბობს გეიტსი. – სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით არის. ქალთა საკითხები ძალიან “რთული საკითხებია”. მაგალითად ავიღოთ ქალებზე ძალადობა ან ადრეულ ასაკში ქორწინებები. ეს ხომ ძალიან რთული საკითხებია. უორენ ბაფეტი ყოველთვის ამბობს, რომ რისკი წარმატების საწინდარია”.

მელინდა გეიტსის საჯარო გამოჩენა ბერლინს უკავშირდება. წლების განმავლობაში, მაშინაც კი, როდესაც მელინდა გეიტსების საქველმოქმედო ფონდში მუშაობდა, მისი პირადი ცხოვრება საზოგადოებისაგან დაცული იყო (“ბილი უკვე საზოგადოებისათვის კარგად ცნობილი ფიგურა გახლდათ და მე დაახლოებით ვიცოდი, ეს რა გრძნობა იყო”). თუმცა საბოლოოდ მან გადაწყვიტა, რომ საზოგადოებაში მის გამოჩენას საქმე მოითხოვდა. “მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს ქალიშვილებს, რომ თავიანთი ხმა მსოფლიოს მიაწვდინონ. აშკარა იყო, რომ მე მათთვის მაგალითი უნდა მიმეცა”. ასე რომ, სამი წლის წინ მელინდა გეიტსი გერმანიაში ჩავიდა და TedX-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მისი გამოსვლა ეძღვნებოდა ოჯახის დაგეგმარებისა და ჩასახვის საწინააღმდეგო უნივერსალური საშუალებების ხელმისაწვდომობას. აღნიშნული მიზნისათვის თავდაპირველად წელიწადში $70 მილიონი იყო გამოყოფილი, ხოლო სამ თვეში ეს თანხა გაორმაგდა. სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ფონდმა ამ მიზნისათვის დამატებით $120 მილიონი გამოყო.

კეთილი იყოს თქვენი ყურადღების ცენტრში მოქცევა, მელინდა! პაპი ბენედიქტ XVI თანხმობით, ვატიკანის ოფიციალური გაზეთის პირველ გვერდზე დაიბეჭდა სტატია შემდეგი სათაურით: “ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები და დეზინფორმაცია: ფილანთროპიის რისკი”. სტატიაში მელინდა ტყუილების გავრცელებაში დაადანაშაულეს. ეს იყო საკმაოდ მკაცრი საყვედური იმ მორწმუნე კათოლიკესთვის (მელინდა), რომელიც ამბობს, რომ ყოველდღე ლოცულობს ან მედიტაციას აკეთებს (“რაც გსურთ, ის უწოდეთ ამას”).

“ეს ძალზე უხერხული თემაა,- ამბობს გეიტსი. – სექსი, რეპროდუქცია და სხვა ამგვარი საკითხები განიხილებოდა ჩვენს ფონდში”.

მელინდა გეიტსმა ორი ძალზე ღირებული გაკვეთილი მიიღო. პირველი, როდესაც იგი საუბრობს დარწმუნებით, ხოლო მის უკან ასეთი დიდი რესურსია, მსოფლიო მას ყურს უგდებს. “როდესაც ოჯახის დაგეგმარებაზე დავიწყე საუბარი, მივხვდი, რომ შესაძლებელი იყო ჩვენი რესურსების გლობალურ დონეზე გამოყენება, ამიტომ ქალებთან დაკავშირებული სხვა პრობლემების წამოწევა და მათი დაძლევა გადავწყვიტე”. მეორე გაკვეთილი, რომელიც მელინდამ ისწავლა, იყო ის, რომ მას შეეძლო სახეში გარტყმის მიღება.

“ისინი ამბობენ, რომ ქალბატონი გეიტსი ცდებოდა და რომ იგი შეცდომაში შეიყვანა იმ ხალხმა, ვინც რეპროდუქციული ჯანმრთელობის საშუალებების გაყიდვას ცდილობდა”, – ამბობს ბილ გეიტსი. კრიტიკის საპასუხოდ, ბილ გეიტსმა თავის მეუღლეს აჩუქა ის გაზეთი, რომელიც მელინდას დღემდე ჩარჩოში ჩასმული კედელზე უკიდია სიეტლში მდებარე საქველმოქმედო ფონდის შტაბ-ბინაში. “მე მას მივეცი გაზეთის ასლი, რადგან მელინდას გადაწყვეტილი ჰქონდა, შექმნილ გაურკვევლობაში სიცხადე შეეტანა. ეს ძალზე ჩახლართული სფეროა, მაგრამ მელინდას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ამ საკითხს გამკლავებოდა”.

ვინც კარგად არის ჩახედული ფონდის მუშაობაში, იცის, რომ იქ მთავარ როლს მელინდა ასრულებს და არა ბილი, როგორც ეს ბევრს ჰგონია. “ნებისმიერს, ვინც ყურადღებით აკვირდება ფონდის მუშაობას, ესმის, რომ მელინდა წამყვან როლს თამაშობს”, – ამბობს აარონ დორფმანი, საქველმოქმედო ორგანიზაციების მაკონტროლებელი ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი.

“როდესაც მე და ბილმა ერთად მუშაობა დავიწყეთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიყავით თანასწორნი, – ამბობს მელინდა გეიტსი. – ბილი იყო Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი, მე კი მასზე რამდენიმე საფეხურით ქვემოთ ვიდექი. ჩვენ ბევრი რამის შეცვლა დაგვჭირდა, ვიდრე თანასწორი გავხდებოდით. ასეთი რამ ერთ დღეში არ ხდება, მაგრამ ჩვენ ორივე ძალიან მონდომებული ვიყავით. როდესაც ეს არ გამოგვდიოდა, ცალკე საუბარი გვიწევდა, დამსწრეების გარეშე. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს უკვე გადავლახეთ”.

“მე და ბილს ხშირად გვიწევს სხვადასხვა საკითხისა და შეხვედრის ერთმანეთისთვის გადაბარება. ჩვენ დამოუკიდებლად ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ასევე ვიცით, როდის უნდა შევუთანხმოთ ერთმანეთს ესა თუ ის საკითხი. შეთანხმებული გადაწყვეტილებები ყოველთვის ფულთან არ არის დაკავშირებული, ჩვენ ამა თუ იმ საკითხზე ერთმანეთის აზრი უფრო გვაინტერესებს”.

“ყველა საქმეში, რაც კი ოდესმე გამიკეთებია, ყოველთვის მყავდა პარტნიორი, – ამბობს ბილ გეიტსი. – Microsoft-ის დაარსების პირველ წლებში ჩემი პარტნიორი პოლ ალენი გახლდათ. იგი მაწვდიდა იდეებს და მეხმარებოდა ადრეული პროდუქციის შექმნაში. მოგვიანებით ჩემი პარტნიორი გახდა სტივ ბალმერი. მე მას კოლეჯში შევხვდი. სტივი დამეხმარა კომპანიის მართვაში, რომელიც მან სუპერწარმატებულად აქცია. ახლა ჩემი პარტნიორი ფონდში არის მელინდა”.

მელინდას ზუსტად ისეთივე თანამდებობა აქვს, როგორიც მის მეუღლეს: თანადამფუძნებელი და თანათავმჯდომარე (ბილის მამა არის კიდევ ერთი თანათავმჯდომარე და ასევე უორენ ბაფეტი, რომელმაც დიდძალი თანხები ჩარიცხა ფონდში და ნდობით აღჭურვილი პირის თანამდებობა უკავია). “საბოლოო გადაწყვეტილებას მელინდა და ბილი იღებენ, – ამბობს სიუზან დესმონდ-ჰელმანი, რომელიც გასულ წელს ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. – როდესაც საქმე ეხება წლიური ბიუჯეტის დამტკიცებასა და სტრატეგიის შემუშავებას, მელინდა და ბილი თანაბარი პარტნიორების უფლებით სარგებლობენ”.

გეიტსების ინიციატივას ოჯახის დაგეგმარებასთან დაკავშირებით მალევე მოჰყვა გაგრძელება და ახლა ფონდმა დაიწყო ზრუნვა მათზე, ვინც უკვე ფეხმძიმედ იყო, ასევე დედებისა და ჩვილთა ჯანმრთელობაზე. ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხომ ბუნებრივი გაგრძელებაა ამ საქმის. მოგვიანებით კი ფონდმა აიღო ვალდებულება, გაეფართოებინა საგანმანათლებლო შესაძლებლობები გოგონებისთვის. და რა უნდა აკეთონ ამ ახალგაზრდა ქალბატონებმა მას შემდეგ, რაც სწავლას დაამთავრებენ? მელინდა გეიტსმა კარგად იცის, რომ განვითარებად ქვეყნებში უმეტესობა ვერ მიიღებს ანაზღაურებად სამსახურს. ამიტომაც მელინდამ მწვანე შუქი აუნთო მიკრომეწარმეობის – მცირე მეურნეობისა და მობილური ბანკინგის – ხელშემწყობ უამრავ პროგრამას.

შედეგად მივიღეთ ქალებისა და გოგონებისათვის აკვნიდან დედობამდე გათვლილი ინიციატივების მთელი კომპლექტი. ფონდი არ აკონკრეტებს, თუ რა რაოდენობის თანხა არის გამოყოფილი ამ სფეროს განვითარებისათვის და ამის ძირითადი მიზეზი გახლავთ ის არაერთი ახსნა-განმარტება, რაც გასულ წელს $3.9 მილიარდის დახარჯვას მოჰყვა. ამიტომაც ფონდი მხოლოდ ზომავს ამა თუ იმ კონკრეტული პროგრამის მიერ ქალებისა და გოგონებისათვის გაწეული დახმარების მასშტაბს.

მაგალითისათვის, გეიტსების ფონდი მხარს უჭერს M-KOPA-ს, კენიაში მოქმედ ორგანიზაციას, რომელიც აწარმოებს მზის ენერგიაზე მომუშავე ნათურებს. ფორმალურად ეს არის გენდერულად ნეიტრალური პროგრამა, რომელიც ელექტროენერგიის გარეშე მცხოვრებ ოჯახებს უმსუბუქებს ნავთის ლამპებთან დაკავშირებულ ხარჯებსა და საფრთხეს. მაგრამ ეს პროგრამა ასევე გათვლილია იმ გოგონებზე, ვინც დღის განმავლობაში ოჯახის საქმეებით არის დაკავებული და მხოლოდ საღამოთი შეუძლია საშინაო დავალების შესრულება სოლარული ნათურების შუქზე.

გეიტსების ფონდის კიდევ ერთი პარტნიორი გახლავთ GSMA, რომელიც მობილურ ანგარიშებს სთავაზობს მათ, ვისაც ბანკი კრედიტის გაცემაზე უარს ეუბნება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, განვითარებად ქვეყნებში ქალების მხოლოდ 58%-ს აქვს საბანკო ანგარიში, ხოლო მამაკაცების – 65%-ს. რაც ქალებს კიდევ ერთხელ არათანასწორ პირობებში აყენებს. ასევე მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ძალიან ბევრ ქალბატონს შეგნებულად გამორიცხავენ ფორმალური საბანკო სისტემის მომსახურებიდან.

“როდესაც ხვდებით ისეთ ადგილებში, როგორიც არის, მაგალითად, ინდოეთი ან ცენტრალური ბანგლადეში, ძალიან არასასიამოვნოა იმის მოსმენა, რასაც იქაური ქალები თავიანთ რთულ ცხოვრებაზე ჰყვებიან, – ამბობს მელინდა. – ხვდები, რომ ისინი მართალი არიან. სწორედ ამ ქალებმა დამანახეს, რომ განვითარებად ქვეყნებში კიდევ ბევრი სხვა მწვავე პრობლემაა, რომლებიც ასევე აუცილებლად საჭიროებს მოგვარებას. ყველა ეს საკითხი ერთი გლობალური პრობლემის განუყოფელი ნაწილია”.

გეიტსების ფონდი ასევე მოწადინებულია, დააფინანსოს საპილოტე პროექტები ამ სფეროში: წარმატების შემთხვევაში ჯილდო არის მეტი ფული, ხოლო წარუმატებლობა ყოველთვის კარგი გაკვეთილია. მეგან უაიტ მუკურია ამის კარგი მაგალითია. მან კენიაში დააარსა ZanaAfrica Group-ი, რომლის ინიციატივითაც ხდება გოგონებისათვის ჰიგიენური საფენების დარიგება. ბევრ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანაში გოგონები აცდენენ სკოლას, ან სულაც თავს ანებებენ სწავლას, როდესაც მენსტრუაცია ეწყებათ. მაგალითად, აფრიკაში ათიდან ერთი გოგონა ამ მიზეზით ტოვებს სკოლას.

ZanaAfrica-ს საგრანტო თანმიმდევრობა ზედმიწევნით პასუხობს გეიტსების ფონდის გენდერულ აქცენტს. 2011 წელს ორგანიზაციამ მიიღო $100,000 ოდენობის გრანტი ჰიგიენური საფენების დასამზადებლად ადგილობრივად მოპოვებული ისეთი მასალისაგან, როგორიც არის ბამბუკი ან ჯუთი. ეს იყო პირველი საცდელი ფაზა. მაკურიამ უარი მიიღო მეორე ფაზის დაფინანსებაზე. ფონდი ითხოვდაჰიგიენური საფენების გავრცელების სტრატეგიის შემუშავებასა და სანიტარული განათლებისადმი სწორი მიდგომის პოვნას. ორი თვის შემდეგ მაკურიასთვის ნათქვამი “არა” გახდა “შესაძლოა, კი”, ხოლო სამი თვის თავზე მას $1 მილიონი დაუმტკიცეს. გასულ წელს ორგანიზაცია ZanaAfrica-მ მიიღო გრანტი $2.6 მილიონის ოდენობით.

“თავდაპირველად გეიტსების ფონდმა ვერ შეძლო ჰიგიენური საფენების ინიციატივის მასშტაბური დაფინანსება, რადგან ეს სცილდებოდა ფონდის მანდატს სანიტარიის სფეროში. სანიტარია ხომ თავიდან ბოლომდე ტუალეტთან არის დაკავშრებული, – ამბობს მუკურია. – მაგრამ მათ პირდაპირი მნიშვნელობით თვალი ჩაუკრეს ერთმანეთს და თქვეს ‘ჩვენ ამას გავაკეთებთ’, და მათ მართლაც შეძლეს ეს. რომ არა გეიტსების ფონდი, ეს ინიციატივა განუხორციელებელი დარჩებოდა”.

მომავალ წელს ფონდისაგან უფრო მეტ მსგავს გრანტს უნდა ველოდეთ საკმაოდ გრძელი დასახელების პროგრამის ფარგლებში: მოვაქციოთ ქალები და გოგონები განვითარების გამოწვევის ცენტრში (Putting Women and Girls at the Center of Development Challenge). დაახლოებით 20 ნომინანტი გრანტის სახით მიიღებს $20 მილიონზე მეტს გენდერული პროექტებისათვის. მართალია, გეიტსებისათვის ეს პატარა თანხაა, მაგრამ ეს არის სიგნალი იმ ჯგუფებისათვის, რომელთათვისაც ქალები და გოგონები უმთავრეს მიზანს წარმოადგენენ და არა მოგების მომტან თანმდევ პროდუქტს. მელინდა გეიტსი იმედოვნებს, რომ ეს იქნება პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი და კლირინგული ცენტრი მათთვის, ვისაც ამ სფეროში დახმარების გაწევა სურს.

“დღესდღეობით ყველა ცდილობს იმკითხაოს, თუ რომელ ინიციატივას დაუჭერს მხარს ფონდი ან, პირიქით, რომელს არ გაითვალისწინებს, – ამბობს აარონ დორფმანი (საქველმოქმედო ორგანიზაციების მაკონტროლებელი ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორი). – და ბევრი ჯგუფი ცდილობს, შესაბამისად მოარგოს თავისი სამუშაო გეგმა”. ამას კი მოჰყვება გეიტსების ფონდის მიმართ მუდმივი კრიტიკა – ფონდს ადანაშაულებენ იმაში, რომ იგი დიდი ძალაუფლებით სარგებლობს და იღებს ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას, რომლებიც ზოგადად საქველმოქმედო სფეროზე აირეკლება.

“მოსწონთ ეს გეიტსებს თუ არა, – ამბობს ლინსი მაკგოი, – უმეტესობას ისეთი განცდა აქვს, რომ ფონდის აღმასრულებელთა ძლიერი ზეგავლენა გეიტსებისათვის დადებით მოვლენად აღიქმება და არა პრობლემების პოტენციურ მიზეზად”.

“ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მელინდას უყვარს სხვისი აზრის მოსმენა, – ამბობს დესმონდ-ჰელმანი. – ჩვენს ფონდში ბევრი ისეთი ადამიანი მუშაობს, ვინც მთელი თავისი კარიერის მანძილზე რომელიმე ტექნიკურ სფეროში მოღვაწეობდა. მაგალითად, სპეციალისტი ტუბერკულოზის სფეროში”. როდესაც მელინდას ვკითხე, იღებს თუ არა იგი ოდესმე პასუხად ‘არას’, მან გაიცინა და მიპასუხა: “ადამიანები ზოგჯერ მეუბნებიან ‘დიახ, ეს არ არის შესაძლებელი’. ასეთ პასუხს უფრო ხშირად ვიღებ, ვიდრე მტკიცე ‘არას’”.

“ჩვენ ჭეშმარიტად ვართ ანგარიშვალდებული მსოფლიოს ხალხის წინაშე, – ამბობს გეიტსი. – მე ვიმედოვნებ, რომ გავა დრო და ვინმე გადახედავს ჩვენ მიერ გაწეულ სამუშაოს და იტყვის: ‘მელინდამ და ბილმა ღატაკი ხალხის სახელით მსოფლიოს შეცვლა სცადეს. გამოუვიდათ მათ ეს წამოწყება? მათ მიერ გაწეული სამუშაოს წყალობით დღეს უფრო მეტი ბავშვია ცოცხალი? ნაკლებ ადამიანს აქვს მალარია? უფრო მეტ ქალს მიუწვდება ხელი კონტრაცეპტივებზე? სწორედ მათ წინაშე ვართ ჩვენ ანგარიშვალდებული”.

დავუბრუნდეთ ბერლინს. კანცელარიაში გამართული ოფიციალური სადილის შემდეგ მელინდა გეიტსი მიემართება საკუთარი თვითმფრინავისაკენ. ქალაქის მეორე მხარეს, კანცელარიის დარბაზებიდან ძალიან შორს, რომელიც მელინდამ ახლახან დატოვა, არის მთავრობის მიერ აშენებული კომპლექსი, სადაც ათასობით სირიელი და სხვა ქვეყნის ლტოლვილი ელოდება თავშესაფარს.

შეუძლებელია, იგნორირება გაუკეთო იმ ქალებს, რომლებიც საბავშვო ეტლებში მსხდომი ბავშვებით და პოლიეთილენის პარკებში ჩალაგებული ყოფილი ცხოვრების ნარჩენებით ელოდებიან თავშესაფარს. ბავშვების კვებისა და სხვა პირადი მიზნებისათვის, ქალები სარგებლობენ მათთვის განკუთვნილი კარვებით. მამაკაცები დგანან ხალხით სავსე რიგებში და მოუთმენლად ელიან საკუთარი სახელის გაგონებას, რათა მიიღონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და დახმარება. ლტოლვილებმა ამხელა გზა გამოიარეს, რომ ბერლინამდე მიეღწიათ და ახლა ისღა დარჩენიათ, რომ დაელოდონ.

“როდესაც ხედავ სანაპიროზე გამორიყული ბავშვის ან უფროსის ცხედარს, ასეთი სურათების უმეტესობაში ქალების სახეებია, – ამბობს მელინდა. – მაშინაც კი, თუ მათ შეძლეს საზღვრის გადაკვეთა, ისინი ბანაკებში ხვდებიან. ბანაკები კი ქალებისათვის განსაკუთრებით საზარელია, ძალადობისა და გაუპატიურების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი ქალებზე არათანაზომიერად მოქმედებს. ეს კი გულს მტკენს. ძალიან მტკენს”.

გეიტსების ფონდი ძალზე სწრაფად ვითარდება – ფონდის წესდებაში მითითებულია, რომ ყველა არსებული აქტივი უნდა მოხმარდეს საქმეს და ორგანიზაციამ შეწყვიტოს არსებობა ბოლო თანადამფუძნებლის გარდაცვალებიდან 20 წლის ვადაში. გეიტსების საქველმოქმედო ფონდი $17.5 მილიონს რიცხავს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი კრიზისის გამო ლტოლვილებად ქცეულ ადამიანთა დასახმარებლად – ამ ინვესტიციას მსოფლიო უყურებს, როგორც გეიტსების მცდელობას, შეუმსუბუქონ ტანჯვა ლტოლვილებს, ხოლო მელინდა გეიტსი ამაში ხედავს ღარიბ ქალთა ცხოვრების გაუმჯობესებისაკენ მიმართულ კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *