სად მოვნახოთ საქმის "ათვლის წერტილი"

სად მოვნახოთ საქმის "ათვლის წერტილი"

“მეწარმეობა პროფესია კი არ არის, არამედ სულიერი მდგომარეობა ადამიანისა, ვისაც სამყაროს შეცვლა სწყურია”, – გაი კავასაკი, “გზა იდეიდან პირველ მილიონამდე”.

ცხოვრების სხვადასხვა ფაზაში ალბათ არაერთ ჩვენგანს უჩნდება შეკითხვა: რა საქმეს მოჰკიდოს ხელი? ზოგჯერ ახლის შექმნა ან/და საწადელი საქმის დაწყების სურვილი მოსვენებას გვიკარგავს. ისეც ხდება ხოლმე, რომ თითქოს ნორმალური სამუშაო პირობები გაქვს, სათანადო ხელფასიც, მაგრამ გრძნობ, რომ შენი ადგილი იქ არაა.

ჩემი პრაქტიკული გამოცდილებით სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან მიწევს შეხვედრა. მათი უმეტესობა ამა თუ იმ პროფესიას დაუფლებული ადამიანია, გარკვეული ნაწილი თავის საქმეში გამოცდილი პრაქტიკოსია, არიან ისეთებიც, ვისაც ბიზნესთან უფრო ფუნდამენტური შეხება აქვს და განუხრელად სიახლის ძიებაშია. ნებისმიერ მათგანთან ურთიერთობამ დამანახა, რაოდენ აქტუალურია პირადი პასუხისმგებლობის ცოდნა. ხშირად ბევრ ჩვენგანს ბოლომდე გაცნობიერებული არ გვაქვს ჩვენი მისია, მკაფიოდ ჩამოყალიბებული პიროვნული მიზნებიც ნაკლებად გაგვაჩნია. ბუნდოვანი მდგომარეობიდან თავის დასაღწევად ერთი შესანიშნავი მიდგომა არსებობს: ვკითხოთ საკუთარ თავს, რის გაკეთება გვსურს, რა გამოგვდის ყველაზე კარგად და რა მოგვანიჭებს უმაღლეს კმაყოფილებას ჩვენ მიერ დახარჯული ენერგიისა თუ დროის საკომპენსაციოდ. მოკლედ, მთავარია, ვიპოვოთ ძალა საკუთარ თავში და გადავდგათ პირველი ნაბიჯი!

ეს ყოველივე სათქმელად ადვილი, გასაკეთებლად კი რთული გვეჩვენება, ვიდრე არ მოვიკრებთ გამბედაობას, ჩავუღრმავდებით საკუთარ პიროვნებას, დავუთმობთ დროს ჩვენივე ძლიერი მხარეების შესწავლას. თუმცა ესეც როდია მარტივი პროცესი, რადგან უცბად ბევრი ფიქრი გვეძალება, ცოტა დაბნეულობაც შემოიჭრება ხოლმე – ნეტავ რით ვართ გამორჩეული ან/და რა გვაინტერესებს ყველაზე მეტად? ეჭვის მაჯლაჯუნებმაც იცის შემოტევა, – გვეყოფა კი რესურსი?! მოვერგებით ბაზრის მოთხოვნებს? რამე რომ შეგვეშალოს და ა.შ. ასეთი ფორიაქი თან სდევს თვითგამორკვევას. მაგრამ ძალას სწორედ ის გარემოება გვმატებს, რასაც პიროვნული განვითარების გზაზე შემართებით სიარული ჰქვია სახელად.

მეც გავიარე ეს ეტაპები, სანამ ზუსტად მივხვდი, ვინ ვარ და რა მინდა. ჩემი გონებრივი იერიში საკმაოდ “ბობოქარი” იყო, ცხოვრების ტალღები აქეთ-იქით “მახეთქებდა”, იყო მარცხი, ტურბულენტობა, წინსვლის ჟინი და, ბოლოს, გონების გამონათება. ორიოდე წლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში “აღიარებითი ჩვენებისას” განვაცხადე, რომ საუკეთესოდ მეხერხება ე.წ. “საგოლე პასების” ჩაწოდება ანუ გენერალური სტრატეგიის შესაბამისი საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვა-ორგანიზებით კომპანიისა თუ მისი კონკრეტული პროდუქტის წინწაწევა. მას შემდეგ საქმიანობის მთავარ მიმართულებად ამ კუთხით საკონსულტაციო მომსახურება ავირჩიე და ნაბიჯ-ნაბიჯ მივუყვები დასახულ მიზანს. ძირეული მისია კი თვითგანვითარებისა და მიდგომის შეცვლის დამკვიდრებაა. პროფესიული განათლების ხელშემწყობ პროგრამაში ჩართულობაც ერთ-ერთ პრიორიტეტად დავსახე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ათვლის წერტილს მივაგენი.

საკუთარი ძლიერი მხარეების გამოვლენისა და საკუთარ თავში ინვესტირების შესახებ უორენ ბაფეტის რჩევით, სულაც არ მოგვეთხოვება ვიყოთ ექსპერტი ყველაფერში, მაგრამ იმ წრის პერიმეტრის ცოდნა, რაც გადის “რა ვიცით და რა არ ვიცით”-ს შორის, გვეხმარება, დავრჩეთ წრის შიგნით და ეს უაღრესად მნიშვნელოვანია! მისი მეშვეობით შეგვიძლია მოვძებნოთ, რისკენ მიგვიწევს გული, მოვახდინოთ მასზე ფოკუსირება გამოცდილების, ცოდნისა და უწყვეტი სწავლის მეშვეობით. ამ დარიგების შემოქმედებითად შესრულება გულისხმობს, რომ როცა დავადგენთ ჩვენთვის სასურველი საქმისადმი მისწრაფებას, პირველ რიგში, უნდა აღვწეროთ, როგორი წარმოგვიდგენია იდეალური სამუშაო და განვსაზღვროთ, რას მოგვცემს ასეთი ტიპის მუშაობა. მერე დავაზუსტოთ, მილიონი დოლარი რომ მოვიგოთ ლატარიაში და უბრალოდ, დროის მოკვლის მიზნით მოგვინდეს მუშაობა, რაზე დავხარჯავთ ამ დროს. თვითანალიზი გვეხმარება, გავიგოთ ჩვენი უნიკალური შესაძლებლობები, რას ვაკეთებდით წარსულში საუკეთესოდ და ადვილად, რაც ჩვენ გარშემო მყოფებს შედარებით ეძნელებოდათ. როგორც კი დავადგენთ, რა გვანიჭებს სიამოვნებას, სწორედ მასში უნდა “დავაბანდოთ” ენერგია და შემდგომში კაპიტალიც.

აქვე ერთ ციტატას მოვიშველიებ ბრაიან ტრეისის წიგნიდან “საკუთარი ტალანტის აღმოჩენა” – “მხოლოდ თქვენი თანდაყოლილი ძლიერი მხარეების აღმოჩენის, მათი შემდგომი განვითარებისა და მაღალი ხარისხით გამოყენების შედეგად მიაღწევთ უდიდეს კმაყოფილებასა და სიამოვნებას ნებისმიერ საქმეში”. ამის დასტურად წიგნში ასეთი მაგალითია მოყვანილი: ერთ-ერთ სემინარზე ბრაიან ტრეისის ერთმა მსმენელმა, რომელიც იმხანად წყალგაყვანილობის დამპროექტებელ ფირმაში სანტექნიკოსად მუშაობდა და არცთუ მცირე ხელფასი ჰქონდა, უთხრა, რომ მისთვის გაცილებით უფრო საინტერესოა გაყიდვების დეპარტამენტში დასაქმდეს და პირობა დადო, რომ ამისთვის ყველაფერს გააკეთებდა. მართლაც, იმ უნარებს დაეუფლა, რომლებიც მაღალანაზღაურებადი პოზიციისთვის იყო საჭირო, მენეჯმენტის მხრიდან თავდაპირველი უარის მიუხედავად, განაგრძო სხვა გზების ძებნა და მალე მათგან თანხმობაც მიიღო. შეიძინა წიგნები, უსმენდა აუდიოლექციებს, ეკითხებოდა გამოცდილ სეილსმენებს და ზუსტად ერთი წლის შემდეგ, იმავე ქალაქში, უკვე სხვა ტიპის სემინარზე, როცა კვლავ შეხვდა ტრეისის, წარდგა როგორც გაყიდვების კონსულტანტი, რომელიც ორჯერ მეტ თანხას გამოიმუშავებდა, ვიდრე ადრე ჰქონდა ფიქსირებული ხელფასის სახით. თუმცა ამ ისტორიაში გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ის იყო საოცრად ბედნიერი აღნიშნული სამუშაოს შესრულებით, მეტი ენთუზიაზმით აღსავსე და რაც მთავარია, კმაყოფილი საკუთარი თავით და მიღწეული შედეგით.

საქმის დასაწყებად მარტოოდენ იდეა და ძლიერი მხარეების დადგენა საკმარისი როდია. მუშაობის პროცესში შეცდომებისგან არ ვართ დაზღვეული, ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ ბიზნესში წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია საკუთარი ან სხვების შეცდომების გაანალიზების გარეშე. ეს არის ცხოვრებისეული გაკვეთილები. არაერთ ცნობილ მეწარმესა თუ ბიზნესმენს მიაჩნია, რომ ყოველი ასეთი დაბრკოლების გადალახვისა და ე.წ. “გამოცდის” ჩაბარების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდნენ პროფესიული თვალსაზრისით.

სხვათა შორის, კომპანია “ვირჯინის” წარმატების ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია, რომ ხელმძღვანელობა ნებას რთავს თანამშრომლებს თუნდაც დაუშვან შეცდომები, მთავარია, შემდგომ მათ საფუძველზე ისწავლონ. მმართველობითი სტრუქტურა აბსოლუტურად დეცენტრალიზებულია და ცალკეულ გუნდებს ეძლევათ შესაძლებლობა, კომპანიები მფლობელის პოზიციიდან მართონ. ასეთი დამოკიდებულებით საერთო მოტივაცია ავტომატურად იზრდება. როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამაარსებელი რიჩარდ ბრენსონი აღნიშნავს, სწორედ ეს უზრუნველყოფს ლოიალურობის მაღალ დონეს, საქმისადმი ერთგულებასა და ნოვატორობას. ასეთ შემთხვევაში პირადი პასუხისმგებლობის გრძნობაც გაცილებით მეტია. გუნდის ყოველი წევრი “ხელებდაკაპიწებული” შრომობს, რათა საქმე კარგად წავიდეს და თუ ისე მოხდა, რომ სადღაც რაიმე ხარვეზი გაიპარა, თავს არ ზოგავს მის გამოსასწორებლად. ამიტომაც კომპანიის ყველაზე დიდ ღირსებად ითვლება კრახის შემდეგ ფეხზე წამოდგომის უნარი. წარმატებას კი განაპირობებს პრობლემათა მოგვარებისა და კრიტიკული სიტუაციების მართვის ხელოვნება.

ახლა რამდენიმე რეკომენდაცია, თუ თქვენ მეწარმეობრივი სულისკვეთებით აენთეთ, ე.ი. მზად ხართ თვითრეალიზებისთვის და გსურთ, საკუთარი საქმის დაწყება იტვირთოთ. პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ, ვინ ხართ ბუნებით. ინგლისურენოვანი ჟურნალ “ფორბსის” ერთ ადრინდელ ნომერში აი, როგორ აღწერს ბანკის ერთ-ერთი ტოპმენეჯერი სხვაობას მეწარმესა (ანტრეპრენიორსა) და მენეჯერს შორის: პირველი ქმნის, ხოლო მეორე ასრულებს საქმეს. თითქოს განსხვავება არც არის, სინამდვილეში კი არსით სხვადასხვა მდგომარეობაა, რადგან მეწარმე გრძნობს პროექტს და რისკავს. მენეჯერი აკეთებს გათვლებს და ისწრაფვის რისკების შემცირებისკენ. რეკომენდებულია შეამოწმოთ მოტივაციის ხარისხი. თუ შთაგონებული ხართ იდეით, ღამღამობით გესიზმრებათ, როგორ მართავთ საკუთარ ბიზნესს, ჩათვალეთ, რომ წარმატების 30% უკვე გარანტირებულია. ოღონდ, თუ თქვენ მხოლოდ გამოუვალი სიტუაციის გამო იწყებთ საქმეს იმისთვის, რომ როგორმე თავი გაიტანოთ, მაშინ ბიზნესის კეთება არ ყოფილა თქვენი მოწოდება და ნუ აიღებთ ამხელა ტვირთს საკუთარ თავზე.

მათთვის კი, ვინც გადაწყვიტა, რომ საკმარისად მოტივირებულია, ვაგრძელებთ: თქვენ უნდა გახდეთ საუკეთესო მარკეტოლოგი და ეიჩარ-სპეციალისტი. არ გაგიკვირდეთ, ამას რომ გეუბნებით, რადგან სტარტაპების შემთხვევაში, ერთი მხრივ, უნდა დაზოგოთ თანხები და მეორე მხრივ, თავად აიღოთ პასუხისმგებლობა ბიზნესრისკებზე. ამიტომ იყავით მზად ასეთი ცოდნაუნარების შესაძენად. მომდევნო ეტაპი უკვე უშუალოდ პრაქტიკული ქმედებაა, რაც თავისთავად მოიცავს სათანადო გუნდის შექმნას და ერთად მუშაობას. შესაძლოა თანამშრომლები სრულ შტატში არც გყავდეთ, ნაწილობრივ ისარგებლოთ გარე კონსულტანტების მომსახურებით. გააჩნია ბიზნესს და საჭირო ადამიანურ რესურსებს.

ერთ მნიშვნელოვან თვისებას კვლავ შევეხოთ, რომლის გარეშე “არა საქმე არ იქნების”. თუმცა აქ მარტოოდენ განგების ძალას არ ვგულისხმობ, არამედ საკუთარ თავზე აღებულ პასუხისმგებლობას. ეს გარკვეულწილად მოიცავს ლიდერობის უნარის გაღვივებას.

ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო შედარება აქვს ირინა ხაკამადას. ცხოვრების “კლავიატურაზე” მელოდიის ასაწყობად თქვენ უნდა შეგეძლოთ ყველა კლავიშზე დაკვრა. ეს ნიშნავს, რომ თქვენში “გაიღვიძა” ლიდერმა, რომელიც კარგად ასრულებს ცხოვრებისეულ პარტიას, მასში არსებული თეთრი და შავი ზოლების გათვალისწინებით. ლიდერობის გასაღები რომ მოვძებნოთ, ამისთვის საჭიროა, ვფლობდეთ საკუთარ თავს, ვქმნიდეთ შინაგან სამყაროს და ვმართავდეთ მას. ამ მხრივ, გარემო ფაქტორებს დიდი როლი ენიჭება. არასტაბილური ეკონომიკის პირობებში ბიზნესის მართვის ხუთი არსებითი პიროვნული მახასიათებელი გამოიყოფა: ინტუიცია, პასუხისმგებლობა, სტრესგამძლეობა, კომუნიკაცია და პროფესიონალიზმი. სწორედ აქედან იწყება ათვლაც, დათვლაც და სასურველ შედეგზე გასვლაც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *