პროგრესის ახალი სახე

კომპანიებო, აი, თქვენი ბანკი! “პროგრეს ბანკის” გენერალური დირექტორი, აკაკი კორძაძე განვითარების ფოკუსს კორპორაციულ სეგმენტზე ასწორებს და ინოვაციურ ტექნოლოგიებს ამ ნიშას არგებს. კიდევ უფრო დიდი პროგრესის პერსპექტივა მკაფიოა.

ჩვენ შევქმენით თქვენთვის – ეს არის სლოგანი, რომელიც ნიშნავს, რომ ჩვენ ვქმნით პროდუქტებს მომხმარებლის მოთხოვნებიდან გამომდინარე და ჩვენი მომავალი განვითარება სწორედ ამ მიდგომაზე იქნება დაფუძნებული”, – ასეთია “პროგრეს ბანკის” გენერალური დირექტორის განაცხადი, რომელსაც 2015 წელს ბანკთან ერთად არაერთი გამოწვევის დაძლევა მოუხდა, თუმცა არანაკლებ შორს მიმავალი გეგმები აქვს 2016 წლისთვისაც.

34 წლის აკაკი კორძაძე, რომელმაც კარიერა 2004 წელს “ბაზის ბანკში” დაიწყო, 2014 წლის დეკემბრიდან “პროგრეს ბანკის” გენერალური დირექტორია. თავად “პროგრეს ბანკმა” საქმიანობის ლიცენზია 2007 წელს მიიღო და მოქმედი გენერალური დირექტორი პირველივე დღეებიდან აქტიურად იყო ჩართული მის სრულფასოვან საბანკო ინსტიტუტად ფორმირების პროცესში.

ამჟამად ბანკის 78,29%-ს საერთაშორისო კომპანია Pintex Group Corp-ი ფლობს – რომელიც, ბანკის მენეჯმენტის ინფორმაციით, პერიოდულად ახორციელებს ინვესტირებას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შვეიცარია, ავსტრალია და დიდი ბრიტანეთი. დანარჩენი 21,71% კი ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. გასულ წელს ბანკის აქციონერთა სტრუქტურაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ 2015 წლის მეორე ნახევარი “პროგრეს ბანკმა” რებრენდინგს მოახმარა და დღეს განახლებული ძალებითა და მიზნებით აგრძელებს საქმიანობას ბაზარზე.

Forbes-ის კითხვაზე, რა გამოწვევების დაძლევა სურს წელს “პროგრეს ბანკთან” ერთად, აკაკი კორძაძე პასუხს ბანკის მიზნებზე საუბრით იწყებს.

წელს ბანკის უმთავრესი გამოწვევა ინოვაციური სერვისების დანერგვა და საბანკო მომსახურების ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარება იქნება, რათა ბიზნესსექტორი მაქსიმალურად დროული გადაწყვეტილებებით უზრუნველყოს.

“პირადად ჩემთვის დიდი გამოწვევაა “პროგრეს ბანკის” ერთიან გუნდად ჩამოყალიბება, რათა დასახულ მიზანს მივაღწიოთ”, – ამბობს აკაკი კორძაძე.

აქტივები, რომელთაც “პროგრეს ბანკი” მართავს, ბოლო ერთ წელიწადში 110%-ით გაიზარდა და დღეისთვის 245 მილიონ ლარს აღწევს. ბოლო მონაცემებით, “პროგრეს ბანკის” კორპორაციული კლიენტების სასესხო პორტფელი 68,6 მილიონი ლარია. ბანკმა გადაწყვიტა, სწორედ ამ მიმართულებით განვითარდეს და აქცენტი კორპორაციულ სეგმენტზე გააკეთოს, რადგან მცირე და საშუალო საწარმოებთან მუშაობის უკვე დაგროვილმა გამოცდილებამ წარმოაჩინა, რომ არსებობს ნიშა, რომლის დაკავებაც “პროგრეს ბანკს” შეუძლია და აპირებს კიდეც.

აკაკი კორძაძის თქმით, თანამედროვე ბიზნესში ძალიან მნიშვნელოვანია დრო და დაგვიანებული გადაწყვეტილებები განსაკუთრებით მძიმედ აისახება ბიზნესზე.

“ვაპირებთ, უფრო აქტიურად შევთავაზოთ სწრაფი, დროული, ხარისხიანი და ოპტიმალური გადაწყვეტილებები კლიენტებს, რისთვისაც ვგეგმავთ ტექნოლოგიური ბაზის განვითარებას, ახალი დისტანციური სერვისების დანერგვას, რათა კლიენტებმა ფეხი აუწყონ აჩქარებულ ბიზნესგარემოს, სწრაფად მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რაც ბანკირებზე და კონკრეტულად ჩვენს ბანკზეა დამოკიდებული”, – ამბობს “პროგრეს ბანკის” გენერალური დირექტორი.

მისი თქმით, პრაქტიკამ უკვე აჩვენა, რომ ასეთი მიდგომა ისევე კარგად მუშაობს საქართველოში, როგორც ევროპულ ქვეყნებში. რამდენადაც “პროგრეს ბანკის” არაერთი კლიენტი სწორედ ამ ფაქტორით გამოარჩევს ბანკთან თანამშრომლობას, ეს ფაქტი აკაკი კორძაძეს აფიქრებინებს, რომ დროთა განმავლობაში ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ, მოქნილი სერვისის ხარჯზე დროში შემცირებული საბანკო ბიუროკრატია და პროცედურები სულ უფრო დაფასდება.

“ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე, ეს იქნება ჩვენი ნიშა, რადგან ბიზნესპროცესი ვერ ელოდება ბანკის გადაწყვეტილებებს და ჩვენ გვინდა, მხარი ავუბათ ჩვენს კლიენტებს ამ გადაწყვეტილებებში, დროულად მივაწოდოთ სასურველი სერვისი. ვფიქრობ, რომ ამით ვიქნებით უნიკალურები”, – აცხადებს აკაკი კორძაძე.

ნებისმიერი მიმართულებით უნიკალურობა, ცხადია, შესაბამისი პერსონალის ფორმირებას მოითხოვს. ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილებასთან ერთად “პროგრეს ბანკში” განვითარებისა და ხარისხის მართვის დირექტორის პოზიცია შეიქმნა, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე, ხარისხის კონტროლსა და ბანკის კლიენტებისთვის სწრაფი გადაწყვეტილებების გენერირებაზე პასუხისმგებელი რიგი სტრუქტურული ერთეულები დაექვემდებარა. გაძლიერდა სხვა თანხვდენილი მიმართულებებიც და შედეგად, თანამშრომლების ზრდის მაჩვენებელმა “პროგრეს ბანკში” გასული წლის ბოლოსთვის 74%-ს მიაღწია.

აკაკი კორძაძე ამბობს, რომ “პროგრეს ბანკში” ბოლო ერთი წლის განმავლობაში არარეზიდენტი პირების დეპოზიტების მოცულობა 167%-ით გაიზარდა, ანუ თითქმის გასამმაგდა. ეს იმას მოწმობს, რომ უცხოელებისთვის ქართული საბანკო სექტორი მაღალი სანდოობით გამოირჩევა.

“ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი პირობები მისაღებია მათთვის. მნიშვნელოვანია, რომ ნდობაც იზრდება, რადგან დაიწყეს საკმაოდ დაბალი მოცულობებით, მაშინ როცა დღეს მთლიანად არასაბანკო დეპოზიტების 28% არარეზიდენტებზე მოდის”, – ამბობს აკაკი კორძაძე და დასძენს, რომ ასეთ ტენდენციას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ყველაზე მეტად კი – კონკურენტული საპროცენტო განაკვეთები. იგივე პრინციპი მუშაობს ფიდუციურ სერვისზეც, რომელიც “პროგრეს ბანკში” უკვე თითქმის ხუთი წელია, მოქმედებს. ამ სერვისის მეშვეობით ბანკმა არარეზიდენტი კლიენტებისაგან საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხების მოზიდვა შეძლო: ეს თანხა დეპოზიტების მაჩვენებლის 41%-ს უტოლდება.

“ეს არის სერვისი, როდესაც კლიენტი თავისუფალ ფულად რესურსს ბანკს გადასცემს სამართავად, რომლის ინვესტირებასაც, ფიდუციური საბანკო ოპერაციის შინაარსიდან გამომდინარე, ბანკი ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით და მიღებულ შემოსავალს, ჩვეულებრივი დეპოზიტისგან განსხვავებით, მთლიანად უხდის კლიენტს. აღნიშნული ოპერაციებიდან ბანკი მხოლოდ საკომისიოს იტოვებს”, – განმარტავს აკაკი კორძაძე.

გარდა საპროცენტო განაკვეთებისა, ცხადია, არარეზიდენტი პირებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რისკფაქტორებსაც. აკაკი კორძაძე მიიჩნევს, რომ უცხოელები საქართველოს სტაბილურ ქვეყნად აღიქვამენ, სადაც საბანკო სფერო განსაკუთრებით კარგად არის განვითარებული და არ გამოირჩევა მკვეთრი ცვალებადობით.

რამდენად მიზანშეწონილია ამ ფონზე დეპოზიტების დაზღვევის სისტემის დანერგვა, რაზეც საქართველოს მთავრობას ფიქრი უკვე დაწყებული აქვს? ამ კითხვაზე აკაკი კორძაძე პასუხობს, რომ ეს პრაქტიკა დადებითად მოქმედებს დეპოზიტარების გადაწყვეტილებაზე, რამდენადაც მათი ნდობა მატულობს.

“როგორც ყველაფერს, ამასაც აქვს მეორე მხარე – დამატებითი ხარჯი, რომლის კომპენსირებას ბანკები ყოველთვის დეპოზიტარებისთვის შეთავაზებული საპროცენტო განაკვეთების ხარჯზე ახდენენ. თუმცა აქაც არაფერია ალოგიკური: რაც უფრო მაღალია რისკი, მით მაღალ განაკვეთს სთავაზობს ბანკი თავის მომხმარებელს. შესაბამისად, როცა რისკი იწევს დაბლა, დეპოზიტარებიც თანახმა არიან, ამ რისკის კლების ხარჯზე, შედარებით დაბალი პროცენტი მიიღონ”, – განმარტავს აკაკი კორძაძე.

მიუხედავად თანმდევი ეფექტებისა, აკაკი კორძაძე დეპოზიტების დაზღვევის დანერგვას მაინც დადებითად მიიჩნევს, რადგან, მისი აზრით, ეს სისტემა გაცილებით მეტ დადებითს მოიტანს, ვიდრე ის უმნიშვნელო უარყოფითი შედეგია, რაც ბანკისათვის დამატებით ხარჯებში გამოიხატება.

გასული წლიდან “პროგრეს ბანკმა” ქსელის გაფართოება დაიწყო და ყველა ფილიალში 24-საათიანი მომსახურება დანერგა. ქუთაისისა და ბათუმის შემდეგ, წელსაც იგეგმება სერვისცენტრის დამატება მცხეთაში და რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნაც, თუმცა ქსელის გაფართოება არ იქნება ბანკის მთავარი აქცენტი. მთავარი მაინც სერვისის ტექნოლოგიურ დონეზე გარდაქმნაა იმგვარად, რომ კლიენტებმა ფილიალის გარეშეც შეუფერხებლად იურთიერთონ ბანკთან. “პროგრეს ბანკის” მენეჯმენტი ფიქრობს, რომ ქართულ საბანკო სექტორში, რომელიც კარგად განვითარებულია, მომხმარებლისთვის ნამდვილად სწრაფი საბანკო მომსახურების მიწოდების ნიშა ჯერ კიდევ ასათვისებელია.

წინა სტატია

GAUღე ცოდნას კარი
16 მარტი, 2016

შემდეგი სტატია

ბუშტის ქაფიდან დაბადებული
17 მარტი, 2016
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული ფირმები საქართველოში - TOP-10
რეიტინგი | მაი, 07, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა