ნავთობის მსოფლიო ფასის კლების მიზეზები

ნავთობის მსოფლიო ფასის კლების მიზეზები

ბოლო ორი წლის განმავლობაში ნავთობის მსოფლიო ფასის მკვეთრი შემცირება მსოფლიო ეკონომიკისა და პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. 2013 წელს 1 ბარელი (159 ლიტრი) ნედლი ნავთობის მსოფლიო ფასი $100 დოლარს აჭარბებდა. 2014 წლიდან ნავთობის ფასმა შემცირება დაიწყო, დაახლოებით 70%-ით გაიაფდა და 2016 წლის თებერვალში 27 დოლარი შეადგინა. ნავთობის მნიშვნელოვნად გაიაფებამ პრობლემები შეუქმნა არა მხოლოდ ნავთობის ექსპორტზე მაღალი დამოკიდებულების მქონე ქვეყნებს, არამედ ზოგადად მსოფლიო ეკონომიკას. ნავთობის წარმოებიდან შემოსავლების შემცირებამ მსოფლიოში ინვესტიციების კლება გამოიწვია, რაც საფონდო ბირჟებზე უარყოფითად აისახა. საფონდო ინდექსებმა კლება 2014 წლის მეორე ნახევარში დაიწყო და, ჯამში, გლობალური დოუ-ჯონსის (Global Dow) ინდექსი 23%-ით შემცირდა და 2013 წლის ივნისის მაჩვენებელს დაუბრუნდა.

სანამ ნავთობის ფასის შემცირების ძირითად მიზეზებსა და პერსპექტივებს განვიხილავთ, საინტერესოა, თუ როგორია დღეს ნავთობის მსოფლიო ბაზრის სტრუქტურა. 2015 წლის მე-4 კვარტალში ნავთობზე დღიური მოთხოვნა მსოფლიოში 95 მილიონი ბარელი იყო, ხოლო მიწოდება – 97 მილიონი ბარელი. მსოფლიო ბაზარზე ჭარბი ნავთობის მიწოდება 2014 წლის მე-2 კვარტალიდან დაიწყო, რაც ნავთობის ფასის შემცირების მთავარ მიზეზად იქცა.

2014 წლის მდგომარეობით მსოფლიოში ნედლი ნავთობის დადასტურებული მარაგი 1700 მილიარდი ბარელი იყო. მსოფლიო მარაგის 71% ნავთობექსპორტიორი ქვეყნების გაერთიანებაზე (ოპეკი) მოდის. ოპეკი ნავთობით მდიდარ 13 ქვეყანას მოიცავს. მასში შემავალი ქვეყნების მიზანია, კონკურენცია არ გაუწიონ ერთმანეთს ფასწარმოქმნაში. შესაბამისად, ქვეყნები ნავთობის მოპოვების მოცულობებს ერთმანეთს უთანხმებენ. მსოფლიო ფასზე გავლენას ნავთობის მიწოდების მოცულობის ცვლილებით ახდნენ. როგორც ოპეკის ქვეყნებში, ასევე მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი მარაგი ვენესუელას გააჩნია – 300 მილიარდ ბარელამდე. მეორე ადგილზეა საუდის არაბეთი 267 მილიარდი ბარელით. ოპეკის არაწევრი ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ნავთობი კანადას აქვს – 173 მილიარდი ბარელი, შემდეგ მოდის რუსეთი 103 მილიარდი ბარელით.

თუ ვნახავთ ნავთობის წარმოების მიხედვით მსოფლიოში ლიდერ ქვეყნებს, წარმოების მოცულობები მარაგების დონეს სრულად არ შეესაბამება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ნავთობის მოპოვების მოცულობა დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, თუ რამდენი მარაგი აქვს ქვეყანას, არამედ ასევე მნიშვნელოვანია წარმოების ტექნოლოგიები, მოპოვების ღირებულება, ტრანსპორტირება და გაყიდვების ბაზრის დივერსიფიკაცია. 2015 წელს ნავთობის წარმოებაში ლიდერი ქვეყანა აშშ გახდა. მისმა წარმოებამ დღეში 14 მილიონ ბარელს მიაღწია და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის სიჭარბე გამოიწვია. მეორე ადგილზე საუდის არაბეთია დღეში 11.6 მილიონი ბარელით, ხოლო მესამეზე რუსეთია დღეში 10.8 მილიონი ბარელით. ნავთობით ყველაზე მდიდარი ქვეყანა – ვენესუელა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა დღეში 2.7 მილიონი ბარელით.

ნავთობის ექსპორტის მიხედვით პირველ ადგილზე საუდის არაბეთია, რომელმაც 2014 წელს ნავთობის ექსპორტიდან 268 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. მეორეზეა რუსეთი, რომელმაც 153 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. მესამეზე არაბთა გაერთიანებული საამიროებია 98 მილიარდი დოლარით.

ნავთობის მსოფლიო ბაზრის მიმოხილვა დაახლოებით წარმოდგენას გვიქმნის, თუ როგორ არის გადანაწილებული როლები ბაზარზე. ახლა კი განვიხილოთ, ბოლო ორ წელიწადში რა გახდა ნავთობის მსოფლიო ფასის 70%-ით შემცირების მიზეზი და რას უნდა ველოდოთ მომავალში.

ნავთობის მსოფლიო ფასის შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია დოლარის გლობალური გამყარება. დოლარის კურსი ევროს მიმართ ბოლო 12 წლის მაქსიმუმზეა. გამყარებულია მსოფლიოს სხვა ძირითადი ვალუტების მიმართაც, მათ შორის ნავთობექსპორტიორი ქვეყნების ვალუტების მიმართაც (გამონაკლისია ის ქვეყნები, რომლებსაც ფიქსირებული ვალუტის კურსი აქვთ). ნავთობი მნიშვნელოვნად გაიაფდა დოლარებში, მაგრამ ფასს თუ ვნახავთ სხვა ქვეყნების ეროვნულ ვალუტებში, იგი ნაკლებად შემცირებულია. გაუფასურებული ეროვნული ვალუტა საშუალებას იძლევა, ნავთობი თუ სხვა ეროვნული პროდუქცია დოლარებში ნაკლებ თანხად გაყიდო.

ფასის შემცირების მნიშვნელოვანი მიზეზია ასევე ჭარბი მიწოდება. ჭარბი წარმოება ძირითადად ბოლო წლებში აშშ-ის ნავთობწარმოების გაორმაგებამ გამოიწვია. წარმოება ფიქლის ნავთობის და გაზის მოპოვების გაუმჯობესებამ დააჩქარა. ახალმა ტექნოლოგიებმა საშუალება მისცა აშშ-ს, ფიქლის ნავთობი კონკურენტულ დაბალ ფასად მოეპოვებინა. აშშ თანდათან უფრო ნაკლებდამოკიდებული ხდება იმპორტირებულ ნავთობზე. აშშ ფიქლის გაზისა და ნავთობის მოპოვებას 2010 წლის დეკემბრიდან ზრდის და პიკს 2015 წელს მიაღწია. აშშ ბუნებრივი გაზის სიდიდით მეორე მწარმოებელი გახდა მსოფლიოში და მხოლოდ რუსეთს ჩამორჩება. ნავთობის მხრივ კი საუდის არაბეთსაც გადაასწრო და პირველია. აღსანიშნავია, რომ 2015 წლამდე აშშ-ში ნავთობის ექსპორტი აკრძალული იყო. ეს აკრძალვა 1973 წლიდან მოქმედებდა, როდესაც მსოფლიოში სანავთობო შოკი დაფიქსირდა (ნავთობის ფასი 3-ჯერ გაიზარდა). 2015 წლის ბოლოს აშშ-ში მოპოვებული ნავთობის ექსპორტის აკრძალვა გაუქმდა. ეს კი მსოფლიო საექსპორტო ბაზარზე დიდი და გავლენიანი კონკურენტის შემოსვლას ნიშნავს.

ოპეკმა წარმოების შემცირებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ნავთობის ფასზე ზეწოლა. ბოლო შეხვედრა ოპეკმა 2015 წლის დეკემბერში გამართა და შეიძლება ითქვას, ეს შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ამჟამინდელი ფასით ოპეკის ბევრი ქვეყანა ვეღარ აუდის ხარჯებს და საუდის არაბეთიც კი დეფიციტურ სახელმწიფო ბიუჯეტზე გადავიდა. მიმდინარე ტენდენციებიდან (აშშ-ის როლის ზრდიდან) გამომდინარე, ოპეკი არ არის დარწმუნებული, რომ მოპოვების შემცირება ფასის მნიშვნელოვან მატებას გამოიწვევს. ეშინიათ, უბრალოდ, ბაზარი არ დაკარგონ. მოცულობების შემცირების შემთხვევაში, არსებობს ოპეკის დაშლის საფრთხეც. ამჟამად ოპეკის ქვეყნები დღეში 32 მილიონ ბარელამდე ნავთობს მოიპოვებენ, რაც მსოფლიოს მთლიანი მოხმარების 34%-ია.

მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა აღარ იზრდება ან ნელი ტემპით იზრდება, რაც ასევე ფასების შემცირების მიზეზია. ნავთობზე მოთხოვნის ზრდის შეჩერების მთავარი მიზეზია მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის შენელება და ენერგოეფექტიანობის ზრდა. აქ აღსანიშნავია ავტომობილებში ბენზინის მოხმარების შემცირების ტენდენცია. მსოფლიო ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირებას კი ძირითადად განაპირობებს რუსეთის რეცესია, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირება და ტერორისტებთან ომი სირიასა დ ერაყში. მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემებია ბრაზილიაში, ვენესუელაში, საბერძნეთსა და უკრაინაში.

ფასის შემცირების ფაქტორებიდან ასევე აღსანიშნავია ირანისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა. გარდაუვალია ირანული ნავთობის ექსპორტის ზრდა, თუმცა ბაზარზე უკვე აისახა ეს ინფორმაცია და ნავთობის ფასმა წინმსწრებად მოიკლო. გარკვეულ იმედებს აჩენს მთავრობის ცვლილება ვენესუელაში. ვენესუელა თუ სოციალისტურ წყობასა და დასავლეთთან ჩაკეტილ ურთერთობაზე უარს იტყვის, ნავთობის წარმოების სწრაფად ზრდის საშუალება მიეცემა.

ნავთობის მსოფლიო ფასის მიმოხილვიდან კარგად ჩანს, რომ ნავთობის ფასის ფორმირება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, შესაბამისად, რთულია მომავალი ფასის პროგნოზირება. თუმცა, ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებით, მსოფლიოს წამყვანი ანალიტიკური ცენტრები 2016 წელს ბარელი ნავთობის მაქსიმუმ $40-დოლარიან ფასს განიხილავენ, მინიმალურს კი – $20-დოლარიანს. 2017 წელს ფასის $48 დოლარამდე ზრდას მოელიან. $100-დოლარიან ფასს კი ნავთობი 2025 წლისთვისაც ვერ უბრუნდება. 10-წლიანი პროგნოზით ბარელი ნავთობის ფასი $80 დოლარს აღწევს.

ეკონომიკურ ფაქტორებს ემატება პოლიტიკურიც. გაიაფებული ნავთობი ასუსტებს რუსეთს და არაბულ ქვეყნებს, რომლებიც საერთაშორისო ტერორიზმის დაფინანსების მთავარი წყაროა. აქედან გამომდინარე, დასავლეთი, ერთ მხრივ, დაინტერესებულია ნავთობის დაბალ ფასებში, მაგრამ უხდება იმ უარყოფითი შედეგების გაზიარება, რასაც ნავთობის ფასის კლების გამო ინვესტირების შემცირება იწვევს. თუმცა, წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, აქაც არსებობენ მოგებულები და წაგებულები. იმპორტირებულ ნავთობსა და გაზზე მაღალი დამოკიდებულების მქონე ქვეყნები საბოლოოდ მოგებულნი დარჩებიან, ხოლო ექსპორტზე დამოკიდებულები წააგებენ.

დაბოლოს, შეიძლება ითქვას, რომ ნავთობექსპორტიორი ქვეყნებისთვის ყველაზე ოპტიმისტური გათვლებითაც კი ძვირი ნავთობის ეპოქა დასრულდა.

დატოვე კომენტარი

67 კომენტარი

  1. ბარელის ფასი 213-214წლებში 100$იყო ახლა 22$ დოლარი გახდა ფასები ერთ ლიტრ ბენზინზე იგივეა რატომ არ ხდება ბენზინის ადგილობრივი მარაგის გადამუშავება ადგილზე რომელიც როგორც ნედლეული იყიდება რომელიც წმინდა მოგებას მოგვცემს 2700 000 დოლარს.და დაასაქმებს 22000 ადამიანს და ათვისება 30% ადგილობრივი ბაზრის, ფასები 140$ რომ ღირდა 1ლიტრი ბენზინი იგივე როდესაც 22$ დოლარია ეს არის მისახლეობის წინააღმდეგ მიმართული.

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *