ძროხა ღრუბელში

პროგრამული უზრუნველყოფის სტარტაპების დამფუძნებელთა უმრავლესობა დროის უმეტეს ნაწილს კომპიუტერთან, პროგრამული კოდის ტესტირებაში ატარებს, მატია კოპიჩი კი - ძროხების სადგომში.

25 წლის მეწარმე ხორვატიის სოფელ ვილიევოში, სიმინდის, ხორბლისა და სოიოს მინდვრებისა და თხების გარემოცვაში გაიზარდა. სოფლად ცხოვრებისას კოპიჩმა ყველის დამზადების შესანიშნავი უნარი გამოიჩინა, მაგრამ ეს არ ყოფილა იმდენად დიდი გატაცება, რომ გადაეწონა მისი სურვილი შეესწავლა კომპიუტერული მეცნიერებანი ზაგრების უნივერსიტეტში. ახლა კი იგი მიწას უბრუნდება თავისი ახალი სტარტაპით - Farmeron.

Farmeron-ი მონაცემთა ვებ-სერვისია, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს მოიპოვონ და შეაჯერონ მათთვის საინტერესო შინაური ცხოველების შესახებ არსებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია: იქნება ეს კვება, ჯანმრთელობა, რეპროდუქცია, რძის წარმოება თუ წამლების დოზირება. ფერმერებს ყოველთვის ჰქონდათ დიდი ინფორმაცია, მაგრამ მოკლებულნი იყვნენ ტრენინგებისა და ანალიზის საშუალებებს. „მათ სჭირდებათ ამობეჭდილი ანგარიშები მექანიზმების მუშაობის შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია საკვების გამანაწილებელი მანქანებისაგან. ისინი იღებენ ანგარიშებს ჯანმრთელობის, რეპროდუქციის, რძის წარმოებისა და ვეტერინარიის საკითხებზე, შემდეგ კი სხდებიან და ამ მონაცემებში გარკვევას ცდილობენ" - ამბობს კოპიჩი.

მისი მიზანი იყო სასოფლო-სამეურნეო მექანიზმებიდან მიღებული მონაცემები პირდაპირ ქსელთან დაეკავშირებინა. ზოგიერთ ხელსაწყოსთან მუშაობა ადვილი აღმოჩნდა, მაგრამ უმეტესობა სირთულეებს ქმნიდა. შესაბამისად, კოპიჩს უხდებოდა თავად შეეტანა გარკვეული ცვლილებები მანქანიდან მონაცემების ამოღებაში, ზოგიერთი სახის მონაცემზე კი საერთოდ უარი ეთქვა. ფერმერები და მენეჯერები, რომლებიც ადრეულ ეტაპზე ცდილობდნენ Farmeron-ის გამოყენებას, მალე ანებებდნენ თავს ამ მცდელობას, ვინაიდან არასრული მონაცემები მათთვის უსარგებლო იყო. კოპიჩმა გაწყვიტა მიემართა უფრო მარტივი მეთოდისათვის და ფერმერებისათვის საშუალება მიეცა საკუთარი დოკუმენტები ე.წ. „ღრუბელ" სერვერზე აეტვირთათ. „მივხვდი, რომ ეს ადამიანები რეალურად ეყრდნობიან ელექტრონულ ცხრილებს - ამბობს კოპიჩი - ჩვენც თავი დავანებეთ ამის წინააღმდეგ ბრძოლას".

კოპიჩმა აქცენტი გადაიტანა მონაცემთა მართვისა და ანალიზის რაც შეიძლება სწრაფ და მიმზიდველ მეთოდზე, როგორც ამას Mint-ის მსგავსი სამომხმარებლო ვებ-გვერდები აკეთებენ. შედეგად, თუ, ვთქვათ, რძის პროდუქტების მენეჯერი კვებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემების შესაყვანად და გასაანალიზებლად დღეებს ხარჯავდა, ახლა დასკვნის მიღება დაუყოვნებლივ არის შესაძლებელი.

ვედრან ბოგდანოვიჩი, ვეტერინარი და კაპელნაში (ხორვატია) მდებარე 400 ძროხისაგან შემდგარი ფერმის მენეჯერი, აცხადებს, რომ Farmeron-ი მას დაეხმარა ცხოველთა კონტროლსა და რეალიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების საფუძვლიანად გაცნობაში, აგრეთვე ცხოველთა სიკვდილიანობის ანგარიშის სადაზღვევო კომპანიებისათვის მიწოდებაში. გარდა ამისა, ბოგდანოვიჩი Farmeron-ს იყენებს დღიური კვების რაციონისა და საკვების შესყიდვების სამართავად და მათში ცვლილებების შესატანად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მისი ფერმის ხარჯების დაახლოებით 70% სწორედ საკვების შესყიდვაზე მოდის.

„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ დავზოგოთ თანხები იქ, სადაც ამის გაკეთება შესაძლებელია, - ამბობს ბოგდანოვიჩი, - ბევრჯერ მომეცა საშუალება დამენახა, რომ ზოგიერთი საკვები კომპნენტი საერთო გეგმაში არ ჯდებოდა და მეც სწრაფად ვრეაგირებდი".
ამჟამად Farmeron-ი მხოლოდ რძისა და საქონლის ხორცის პროდუქტების მწარმოებელ ფერმებს ემსახურება. ფერმერებისაგან, რომელთაც 75-მდე ძროხა ჰყავთ, იგი ერთ სულ საქონელზე თვეში 25 ცენტს იღებს, შედარებით მსხვილი ფერმერებისაგან (600 ძროხამდე) - 45 ცენტს. კიდევ უფრო მსხვილი ფერმები კი ანგარიშსწორებას ინდივიდუალური სქემით ახორციელებენ. კოპიჩი გეგმავს გააფართოოს კომპანიის ოპერაციები და წლის ბოლოსათვის მარცვლეული კულტურის მენეჯმენტიც მოიცვას, იგი ასევე დაინტერესებულია მეფრინველეობისა და მეღორეობის მონაცემების ანალიზითაც. მან პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის თხოვნა ბაყაყების ფერმისგანაც კი მიიღო.

გამომდინარე იქიდან, რომ Farmeron-ი მონაცემებს ბევრი ფერმისაგან იღებს, კომპანიას შეუძლია ზოგადი დასკვნების გაკეთება იმის შესახებ, თუ რა მუშაობს ყველაზე უკეთესად და თავის კლიენტებს შესთავაზოს რეკომენდაციები წარმოების გასაუმჯობესებლად. კოპიჩს სჯერა, რომ Farmeron-ი განსაკუთრებულად სასარგებლო იქნება განვითარებადი ბაზრებისათვის, სადაც ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ცოდნა მოწინავე პრაქტიკის შესახებ. „ეს ყველაზე ღირებული აქტივია მსგავსი სახის პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამებში" - ამბობს ის.

კოპიჩმა ზაგრების უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლის დაწყებისთანავე გააცნობიერა, რამდენად დიდი დახმარების გაწევა შეეძლო ფერმერებისათვის ტექნოლოგიებს. 2010 წლის სექტემბერში, უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხით დასრულებიდან ორი კვირის შემდეგ, მან, მარკო დუკმენიჩთან ერთად, ოსიეკში კომპანია დააფუძნა. თავდაპირველად მომხმარებელს პროდუქცია ორი სახით - ქსელური და „დესკტოპ" ვერსიებით მიეწოდებოდა, მაგრამ 2011 წლის აპრილში კოპიჩმა უარი თქვა „დესკტოპ" ვერსიაზე, რათა სწრაფად მოეცვა სხვადასხვა ქვეყანა.

2011 წლის ზაფხულში კოპიჩი Seedcamp-ში, ლონდონის პრესტიჟულ ტექნოლოგიურ ინკუბატორში მოხვდა. დიდ ბრიტანეთში გატარებული ექვსი თვის განმავლობაში მან მოინახულა ინგლისური ფერმები და მათგან პროგრამული უზურნველყოფის შესაქმნელად საჭირო ინფორმაცია მიიღო. ხანდახან iPad-ები არცთუ სასურველ ადგილას ვარდებოდა. „ისინი ბინძურდებოდა - ამბობს კოპიჩი - ეს, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანია, როდესაც ყველა საჭირო ინფორმაცია თვალწინ გაქვს და უამრავი საბუთისა და ცხრილის სანახავად მაგიდასთან სირბილი არ გიხდება".

Seedcamp-ის შემდეგ Farmeron-ი მიიღეს 500 Startups-ში, სილიკონის ველის ბიზნეს-ინკუბატორში, რომელსაც საკვების სფეროში მოღვაწე სტარტაპებით დაინტერესებული დეივ მაკლური უდგას სათავეში. 2011 წლის ნოემბერიდან მოყოლებული, Farmeron-მა ძალიან მოკლე დროში გააფორმა კონტრაქტები რამდენიმე მსხვილ ევროპელ მომხმარებელთან. დღეისათვის ამ პროდუქტს 600-ზე მეტი კორპორაციული ფერმა იყენებს, მათი 45% განლაგებულია ჩრდილოეთ ამერიკაში, მათ შორის უმსხვილესს 4 000 სული საქონელი ჰყავს. მაისში Farmeron-მა გარიგება დადო Neelsen Agrar-თან, აღჭურვილობის მწარმოებელ მსხვილ გერმანულ კომპანიათან, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს და თავის კლიენტებს Farmeron-ის მომსახურებას სთავაზობს.

მას შემდეგ, რაც Farmeron-მა სასტარტო კაპიტალის სახით $1,4 მილიონი მოიზიდა NextView Ventures-ის, ¬SoftTech VC-ის, Seedcamp-ის, 500 Startups-ის, Accelerator Group-ისა და Naval Ravikant-ისაგან, კომპანია აფუძნებს სათაო ოფისს აშშ-ში და მის ბაზარზე შესვლას ცდილობს. მას ჰყავს ათკაციანი ტექნიკური ჯგუფი ოსიეკში და ორი ადამიანისაგან შემდგარი გაყიდვების ჯგუფი აშშ-ში, თუმცა შემოდგომისათვის კომპანია კიდევ ორი თანამშრომლის დაქირავებას გეგმავს.

კომპანიის კონკურენტებად მოიაზრება შედარებით პატარა ფირმები, როგორებიცაა: მარცვლეული კულტურის მონაცემებზე ორიენტირებული ქსელური სტარტაპი as Farmlogs-ი და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Farm Works-ი, ასევე John Deere, რომელსაც აქვს პროგრამული უზრუნველყოფა და მარცვლელულის წარმოების მართვისა და შესაბამისი აღჭურვილობის ქსელური მხარდაჭერა. სავარაუდოა, რომ ბაზარის წილის მოსაპოვებლად ნამდვილი ბრძოლა გაიმართება. „მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის, იქნება ეს მესაქონლეობის თუ მარცვლეული კულტურების სეგმენტი" - ამბობს Deere-ის სპიკერი კენ გოლდენი. კოპიჩი კი კვლავაც აგრძელებს ფერმერებთან შეხვედრებს.

 

წინა სტატია

როგორ ქმნიდა სტივ ჯობსი სამუშაო ადგილებს
09 ოქტომბერი, 2012

შემდეგი სტატია

მილიარდერი პროფესორი
09 ოქტომბერი, 2012
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა