საჯარო-კერძო დიალოგი და ეკონომიკური აღმავლობა

ქვეყნის კონკურენტუნარიანობა, ინკლუზიური ზრდა, სიღარიბის შემცირება, ინოვაციები – მცირე ჩამონათვალია იმ გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც განვითარების სწრაფი ტემპის აუცილებლობის მქონე ქვეყნები დგანან. რეფორმების პროცესში საჯარო-კერძო დიალოგი წარმოადგენს სტრუქტურირებულ და ინკლუზიურ პროცესს, რომელიც ეფექტიანი შედეგების წინაპირობაა.

მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, საჯარო-კერძო დიალოგი, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი, ისე გამოიყენება. ის, როგორც წესი, სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო სექტორის წარმომადგენელ ასოციაციებს შორის გრძელვადიან, პარტნიორულ ურთიერთობებს ეფუძნება. ასეთი პარტნიორობა ხელს უწყობს ინტერესთა ბალანსის დაცვას და შედეგად მიიღება მეტად გაწონასწორებული რეგულაციები და დახვეწილი სახელმწიფო სერვისები. საბოლოოდ კი ყოველივე ეს ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობად გვევლინება.

საქართველოში საჯარო-კერძო დიალოგს ჯერჯერობით მცირე და არასტრუქტურირებული ხასიათი აქვს, თუმცა აღსანიშნავია ხელისუფლების მზაობა და სურვილი – რაც შეიძლება მეტად ჩართოს კერძო სექტორი სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ამ პროცესებს უფრო სისტემური ხასიათი მიეცეს.

მსგავსი დიალოგის მრავალი კარგი მაგალითია ქართულ საჯარო-კერძო სივრცეში. ინვესტორთა საბჭო, კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭო, სოფლის მეურნეობის საგრანტო კომიტეტი, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფი – ეს მცირე ჩამონათვალია საჯარო-კერძო დიალოგის იმ პლატფორმებისა, სადაც სხვადასხვა ბიზნესასოციაციაა წარმოდგენილი. კერძო სექტორის ძალისხმევისა და საკანონდებლო პროცესებში აქტიური მონაწილეობის შედეგად თანდათან უფრო დაბალანსებული რეგულაციები მიიღება. ბოლო წლებში, კერძო სექტორის მონაწილეობით, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისათვის სასარგებლო ცვლილებები განხორციელდა მრავალ რეგულაციაში: საგადასახადო კოდექსი, კანონი მეწარმეთა შესახებ, შრომის კანონმდებლობა და სხვა. თუმცა იმის გამო, რომ დიალოგის პროცესი არ არის სისტემატიზებული, მნიშვნელოვანი ცვლილებები ბიზნესთან კონსულტაციების გარეშეც ხშირია.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პარალელურად, დასავლეთთან დაახლოების პროცესში, საჭირო გახდა მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება და მათი ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. ამასვე ითვალისწინებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაც. ზოგჯერ, ამ არგუმენტით, ნაჩქარევად და ანალიზის გარეშე მიიღება ახალი რეგულაციები, ან იცვლება არსებული კანონმდებლობა. შედეგად შესაძლოა ბიზნესგარემო დაზარალდეს. ასეთი გადაწყვეტილების ერთ-ერთი კარგი მაგალითია იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის ე.წ. სპეციალური წესის გაუქმება. არსებული წესი ითვალისწინებდა შემდეგს: ნებისმიერი კომპანია, რომლის მიერ გასული 12 თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დეკლარირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა გადააჭარბებდა 200 000 ლარს, პროდუქციის იმპორტისას სარგებლობდა დღგ-ის გადახდის გადავადების შესაძლებლობით. გადასახადის გადახდა ხდებოდა არა უშუალოდ იმპორტის განხორციელების მომენტში, არამედ პროდუქციის რეალიზაციის შემდეგ, საშუალოდ ერთიდან სამ თვემდე ვადაში. 2014 წელს პარლამენტში შევიდა ინიციატივა აღნიშნული წესის გაუქმების შესახებ. ბიზნესწრეების დიდი წინააღმდეგობისა და წარმოდგენილი არგუმენტების მიუხედავად, აღნიშნული ცვლილება 2014 წლის 1 ივნისიდან ძალაში მაინც შევიდა. შედეგად, კომპანიებს დაუდგათ საბრუნავი საშუალებების მობილიზების პრობლემა, დანაკლისის შევსება დაიწყო საკრედიტო რესურსით, რაც საბოლოოდ იმპორტირებული პროდუქციის ფასზე აისახა.

არსებული წესების მოულოდნელი და რადიკალური, გამკაცრებისკენ მიმართული ცვლილებები არასტაბილურობის განცდას ქმნის და უარყოფით ეკონომიკურ ეფექტს იძლევა. ამ ცვლილებების შედეგების გამოსწორებას დიდი ძალისხმევა და დრო სჭირდება. მსგავსი ნაჩქარევი გადაწყვეტილებების შედეგად ვიღებთ ბიზნესგარემოს გამაუარესებელ საკანონმდებლო სივრცეს. მიმზიდველი და თავისუფალი ბიზნესგარემო კი ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ინვესტიციების მოსაზიდად და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისთვის.

ნებისმიერი ცვლილების შედეგს, როგორც წესი, კერძო სექტორი პირველი გრძნობს. უარყოფითი ზეგავლენის შემთხვევებში იწყება გაანალიზება, დასკვნებისა და არგუმენტების წარდგენა და პირუკუ ცვლილებების ინიციირება. შედეგად იხარჯება დამატებითი დრო, ენერგია და ფინანსური რესურსი. ამას ემატება ზემოთ უკვე აღწერილი უარყოფითი ეფექტი, როდესაც უკვე გაუარესებული გარემოს გაუმჯობესებას გაცილებით მეტი ძალისხმევა სჭირდება. მთავარია, ყოველი ასეთი ინიციატივა წინასწარ გახდეს ცნობილი, რათა შესაძლებელი იყოს მასთან დაკავშირებით მსჯელობა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების განხორციელება. კერძო სექტორის ჩართულობა რეფორმების პროცესში მნიშვნელოვანია ბიზნესის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებისთვის. სწორედ საწყის ეტაპზევეა მნიშვნელოვანი საჯარო-კერძო დიალოგის ინსტრუმენტების ჩართვა და კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობა, რათა საბოლოოდ დაბალანსებული შედეგი მივიღოთ.

დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით ხაზგასასმელია საჯარო-კერძო დიალოგის მნიშვნელობა. საგადასახადო რეფორმა, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, განათლების პროფესიული სისტემის რეფორმა, საპენსიო სისტემაზე მუშაობა, კაპიტალის ბაზრების განვითარება და მმართველობითი რეფორმა – ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ძირეული და უმნიშვნელოვანესი რეფორმებია. მათი წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა, კონსტრუქციული დიალოგი და ერთიან, საუკეთესო გადაწყვეტილებებზე შეჯერება. დიალოგის რეჟიმში შესაძლებელი გახდება საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის დაგროვილი ცოდნის გაზიარება.

ღია და დემოკრატიული მმართველობის თვალსაზრისით, ინტერესთა ჯგუფების აქტიური მონაწილეობა პოლიტიკის ფორმირების პროცესში, აძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. საჯარო-კერძო დიალოგი ზრდის გამჭვირვალობას და აუმჯობესებს ანგარიშვალდებულების ხარისხს. მუდმივი დიალოგის რეჟიმი ზრდის ურთიერთგაგებასა და ნდობას. ქვეყნის განვითარებისთვის კი ყოველივე ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ავტორი: ნანა ცერცვაძე, საქართველოს ბიზნესასოციაცია.

წინა სტატია

ბოლო ერთ კვირაში ლარი 6 თეთრით გაუფასურდა
28 მარტი, 2016

შემდეგი სტატია

ავტომობილის დასაქოქად გასაღებს მალე სმარტფონი ჩაანაცვლებს
29 მარტი, 2016
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | მაი, 21, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა