მილიარდერი პროფესორი

იანვრის სუსხიანი საღამოა. სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ჩერიტონი ყოველკვირეული სამეცნიერო თათბირის მოლოდინში თავის სამუშაო ოთახში ზის და ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივებით განათებულ Superyacht Living & Style-ის პრიალა გვერდებს უინტერესოდ ფურცლავს.

„სადღაც წამიკითხავს, რომ გემი ერთგვარი მორევია, რომელიც უამრავ ფულს შთანთქავს", - ამბობს ჩერიტონი და გაღიზიანებული ისვრის ჟურნალს იატაკზე - კლავიატურების, კაბელებისა და მავთულების გროვას შორის. „ვერ გამიგია, რატომ მიგზავნიან მსგავს ჟურნალებს".

სამაგიეროდ ბერჯესმა, იახტების ჟურნალის გამომცემელმა, ზუსტად იცის, რატომ: ჩერიტონი მდიდარია. საკმარისად მდიდარი იმისათვის, რომ თავს უფლება მისცეს შეიძინოს 200 ფუტის სიგრძის $60 მილიონად ღირებული April Fool-ი ან ახალზელანდიელი მილიარდერის, გრემ ჰარტის $49-მილიონიანი Ulysses-ი; თუნდაც, ორივე ერთად.

მაგრამ მას იახტები არ აინტერესებს. ჩერიტონი, რომლის აქტივების წმინდა ღირებულება $1,3 მილიარდს შეადგენს, ალბათ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი პროფესორია, რომელიც სრულ განაკვეთზე მუშაობს. მისი სამეცნიერო ინტერესების მთავარი სფერო კომპიუტერული ტექნოლოგიებია. როდესაც მას ბოლოდროინდელი მსხვილი დანახარჯების შესახებ ვეკითხებით, იხსენებს 2012 წლის Honda Odyssey-ს („ჩემი ბავშვებისათვის") და სპონტანურ მოგზაურობას მაუიში ვინდსერფინგისათვის, რისიც დღემდე „რცხვენია". ჩვენს საუბარს ფონად მისი სამფერიანი ავტოკალმის წკაპუნი გასდევს .

მისი ყველაზე ძვირად ღირებული გატაცება? - „სტარტაპები", - ამბობს იგი და თან ავტოკალამს ათამაშებს. ლურჯი. დაწკაპუნება. წითელი. დაწკაპუნება. შავი. დაწკაპუნება.

როდესაც ჩერიტონი მორიგ სტარტაპს უწერს ჩეკს, კალამი, როგორც წესი, შავ ფერზე ჩერდება. მის მიერ დაფუძნებული პირველი ორი კომპანია Cisco Systems-მა და Sun Microsystems-მა რამდენიმე ასეულ მილიონად შეიძინეს. ჯამში მან საკუთარი ჯიბიდან $50 მილიონი გაიღო 17 სხვადასხვა კომპანიის დასაფინანსებლად, VMware-ით დაწყებული, Arista Networks-ით დამთავრებული. მაგრამ მისი ყველაზე წარმატებული ნაბიჯი იყო $100 000-იანი ჩეკი, რომელიც 1998 წელს სტენფორდის დოქტურანტურის ორ სტუდენტს, ლარისა და სერგეის, გამოუწერა. დღეს ამ ჩეკის ღირებულება, Google-ის აქციების სახით, $1 მილიარდზე მეტია. „ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან წარმატებული ინვესტორი აღმოვჩდი, ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე ფულის ხელგაშლილად ხარჯვა", - ამბობს იგი.

61 წლის ჩერიტონი ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს. Google-ის საძიებო სისტემაში მისი სახელის ჩაწერისას ვიღებთ პრიმიტიულ ვებგვერდებს Times New Roman-ის ფონტებით, მას ვერ იპოვით LinkedIn-სა და Facebook-ზე, რომლებიც უკვე სილიკონის ველის სტანდარტად იქცა. (მას Twitter-იც კი არა აქვს). როდესაც მის შესახებ სტენფორდის შემთხვევით შერჩეულ სტუდენტებს ვკითხე, რამდენიმე დაფიქრდა, შემდეგ კი დაინტერესდა, იწერებოდა თუ არა მისი სახელი ისევე, როგორც სასტუმროთა ქსელ Sheraton-ისა.

ცხოვრების სწორედ ასეთი წესი მოსწონს ჩერიტონს. იგი კვლავაც იმ 1986 წლის Volkswagen Vanagon-ით დადის, რომელიც დიდი ფულის შოვნამდე შეიძინა; პალო-ალტოში მდებარე იმავე სახლში ცხოვრობს, რომელიც 30 წლის წინ იყიდა და თმებსაც იმავე დალაქთან იჭრის - საკუთარ თავთან. „ეს არ ნიშნავს იმას, რომ კარგი დალაქი ვერ მოვძებნე, - ამბობს იგი. - უბრალოდ, მე ამას უფრო მარტივად და სწრაფად ვაკეთებ".

ჩერიტონს, როგორც ადამიანს, რომელიც დღეში 10-12 საათს მუშაობს, კარგად ესმის, რომ დრო ყველაფერია. Google-ში ინვესტირებით მან კოლეჯის ახალბედებს, რომლებიც გამოცდებისათვის ემზადებოდნენ, ¬AltaVista-ის მსგავსი საძიებო სისტემების მიერ შეთავაზებული უამრავი სრულიად უსარგებლო ინფორმაციის გაცხრილვის შესაძლებლობა მისცა. მისი ახალი კომპანია, Arista Networks-ი, მუშაობს მონაცემთა კომუტატორებზე, რომლებიც რამდენჯერმე ამცირებს დაყოვნებას სერვერის მუშაობაში და გადასცემს ინფორმაციას 500 ნანოწამზე ნაკლებ დროში - თითქმის ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე Cisco-სა და Juniper Network-ის საუკეთესო კომუტატორები. ეს ახალი ტექნოლოგია საშუალებას აძლევს უოლ-სტრიტის დილერებს დაადასტურონ ტრანსაქციები კონკურენტებზე რამდენიმე ნანოწამით ადრე, ხოლო ექიმებს - რეალურ დროში გაშიფრონ პაციენტის გენომი. ჩერიტონი თავისი ოპერაციული სისტემის სრულყოფაზე 2004 წლიდან მუშაობს, ანუ მას შემდეგ, რაც სანტა-კლარაში (კალიფორნია) Arista დააფუძნა - კომპანია, რომელიც დღეში, სულ მცირე, ერთ მომხმარებელს იმატებს, აცხადებს, რომ მისი წლიური შემოსავალი $200 მილიონს შეადგენს და ეს მაჩვენებელი მუდმივად იზრდება. „წარმოიდგინეთ, რომ ავტომობილებმა, რომლებიც საათში 50 მილის სიჩქარით მოძრაობენ, ათჯერ სწრაფად იარონ, - ამბობს ჩერიტონი. - ეს ხარისხობრივად ცვლის გარემოსა და შესაძლებლობებს". სწორედ ამას აკეთებს Arista.

ჩერიტონი კანადელი ინჟინრების ექვსშვილიანი ოჯახის მესამე შვილი იყო. მისი მშობლები, რომლებმაც დიდი დეპრესიის პერიოდი გამოიარეს, ჩერიტონს ყოველნაირად უწყობდნენ ხელს, რომ საკუთარი გზა ეპოვა და მას მიჰყოლოდა. მამა, როს ჩერიტონი, ჰყვება დამოუკიდებელ, „თვითკმარ" ბიჭზე, რომელსაც არ უყვარდა სპორტული გუნდური თამაშები და ნაკლებად აინტერესებდა თანატოლებთან ურთიერთობა. უფროსი ჩერიტონი ასევე იხსენებს, თუ როგორ გადაწყვიტა მისმა შვილმა გამოსულიყო ედმონტონის Eastglen-ის სკოლის მე-11 კლასიდან, რადგან სასწავლო გეგმა ძალიან „ჩამორჩენილად" მიიჩნია. „იგი საკუთარი გზით წავიდა, - ამბობს როს ჩერიტონი, - ჩვენ კი ამაში ხელს არ ვუშლიდით".

ჩერიტონმა, რომელსაც ინტერესების ფართო წრე ჰქონდა, გადაწყვიტა მიეღო ხარისხი კლასიკური გიტარისა და სასცენო ხელოვნების - მისი კოლეჯისდროინდელი გატაცების - სფეროში.

თუმცა როდესაც ალბერტის უნივერსიტეტის მუსიკალური ფაკულტეტიდან უარი მიიღო, ბევრი არ უნაღვლია, უბრალოდ, გადაერთო სხვა დისციპლინებზე - მათემატიკაზე, მოგვიანებით კი კომპიუტერულ მეცნიერებებზე. მან ჯერ ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის ბაკალავრიატი დაასრულა, შემდეგ კი მიიღო მაგისტრისა და დოქტორის ხარისხები ვატერლოოს უნივერსიტეტში.
1981 წელს, დაფინანსების ძიებისას, ჩერიტონი აღმოჩნდა სტენფორდში, რომელიც მალე სილიკონის ველის მამოძრავებელ ძალად იქცა. სწორედ სტენფორდში შეხვდა ჩერიტონი ენდი ბეხტოლშაიმს, ბრწყინვალე გერმანელ ასპირანტს, რომელსაც კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან იცნობდა.

ბეხტოლშაიმი მუშაობდა მძლავრ კომპიუტერზე სახელწოდებით SUN-ი (Stanford University Network), რომლის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაც სწორედ ჩერიტონს შესთავაზა. კანადელმა ასოციირებულმა პროფესორმა კომპიუტერთან „წაიმუშავა", შემდეგ კი სააპარატო უზრუნველყოფის მოდიფიკაციები მოითხოვა. ბეხტოლშაიმმა მისი მოთხოვნა შეასრულა.

1982 წელს ბეხტოლშაიმმა სტენფორდი დატოვა, რათა კომპანია Sun Microsystems-ი დაეფუძნებინა, ჩერიტონმა კი გადაწყვიტა აკადემიური კარიერა გაეგრძელებინა. მან მოახერხა თავიდან აეცილებინა სტარტაპების „ვირუსი", რომლითაც ბევრი მისი სტუდენტი და კოლეგა დაავადდა, მათ შორის, Netscape-ის თანადამფუძნებელი მილიარდერი ჯიმ კლარკი, სტენფორდის ყოფილი პროფესორი.

1995 წელს ბეხტოლშაიმმა კომპანია Sun-ი დატოვა და ისეთი სპეციალისტის ძებნა დაიწყო, რომელიც Ethernet-კავშირების პროგრამული უზრუნველყოფის ფუნდამენტურ პრობლემებში ერკვეოდა. მან ძველი უბის წიგნაკი მოძებნა და ჩერიტონს დაუკავშირდა. მათ დააარსეს Ethernet-ის ქსელის კომუტატორი კომპანია Granite Systems-ი, რომელიც 14 თვის შემდეგ Cisco-მ $220 მილიონად იყიდა. 2001 წელს მათ ისევ სცადეს ბედი და შექმნეს Kealia - კიდევ ერთი ქსელური კომპანია, რომელიც Sun-მა $120 მილიონად შეიძინა. Granite Systems-სა და Cisco-ს შორის ჩერიტონმა და ბეხტოლშაიმმა განახორციელეს მათი საუკეთესო ინვესტიცია - თითოეულმა მათგანმა Google-ის დამფუძნებლებს $100 000 გამოუყო.

ჩერიტონის ოფისში შეხვედრიდან რამდენიმე კვირაში მას სახლში ვესტუმრე, რათა საკუთარი თვალით მენახა ის ვერანდა, სადაც ჩერიტონმა 14 წლის წინ Google-ის ბიჭებს ჩეკი გამოუწერა. ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი ჩერიტონის სტუდენტები არ ყოფილან, მაგრამ მას შემდეგ, რაც Granite-თან დაკავშირებული წარმატების შესახებ შეიტყვეს, მასთან იმ იმედით მივიდნენ, რომ ღირებულ რჩევას მიიღებდნენ მათი PageRank-ის ალგორითმის კომერციალიზაციის კუთხით. ჩერიტონმა, რომელსაც უკვე საკმაო ფული ჰქონდა - Granite-ში 10%-იანმა წილმა მას $20 მილიონი მოუტანა - დახმარება აღუთქვა.

„მაშინ თანხების მოძიება საკმაოდ ჭირდა და მე ვიფიქრე, რომ ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელი იყო", - იხსენებს ჩერიტონი Google-ის ადრეულ დღეებს (Yahoo-მ და Excite-მა უარი თქვეს ალგორითმის ლიცენზიის შეძენაზე).

ამ შეხვედრაზე ბეხტოლშაიმიც იმყოფებოდა. მას მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდა იმისათვის, რომ სათანადოდ შეეფასებინა საძიებო სისტემის ელეგანტურობა და მისი შემქმნელების სარეკლამო ბმულების გაყიდვის გეგმა. „მახსოვს, ჩემთვის გავიფიქრე: თუ ისინი დღეში მილიონ ვიზიტორს მიიღებენ და ერთი დაწკაპუნება 5 ცენტი ეღირება, ეს უკვე დღეში $50 000-ს ნიშნავს - სულ მცირე, არ გაკოტრდებიან, - იხსენებს ბეხტოლშაიმი.

მართალია, ბეხტოლშაიმი საკუთარ თავს და ჩერიტონს „შემთხვევით ინვესტორებს" უწოდებს, მაგრამ ბევრი არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ეს წარმატება უბრალო გამართლება იყო. „ეს სულაც არ ყოფილა შემთხვევითი, - ამბობს რონ კონვეი, სილიკონის ველის ცნობილი ენჯელ-ინვესტორი, რომელსაც Google-ი ჩერიტონმა გააცნო მომდევნო ინვესტიციისათვის. - ეს მათ მიერ შექმნილი გარემოს დამსახურება იყო. ისინი იმდენად ჭკვიანი და გამჭრიახი ადამიანები არიან, რომ იზიდავენ სხვა ინჟინრებს, რომლებიც მათ საკუთარი იდეებს უზიარებენ".

ვბრუნდებით ჩერიტონის ოფისში, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ნიღბებითაა მორთული. აქ ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს სტენფორდის კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მთავარ გრავიტაციულ ცენტრში იმყოფები. წლების განმავლობაში აქ უამრავი სტუდენტი მოსულა რჩევისა და, შეძლებისდაგვარად, ფულისთვისაც. ჩერიტონის ყოფილი დოქტორანტი სემ ლიანგიც ერთ-ერთი მათგანი იყო. Google-იდან წამოსვლის შემდეგ, 2010 წელს, მან თავის ყოფილ პროფესორს გაუზიარა მობილური პლატფორმის იდეა, რომელიც შეძლებდა მისი მომხმარებლების ადგილმდებარეობისა და მოქმედებისათვის თვალის მიდევნებას რეალური დროის რეჟიმში. მას შემდეგ ლიანგს ჩერიტონისაგან მიღებული აქვს $100 000-ზე მეტი კომპანია Alohar Mobile-ის დასაფუძნებლად.

„მისი სტანდარტები ძალიან მაღალია", - ამბობს ლიანგი, რომლისთვისაც ჩერიტონთან ერთად ჩატარებული სამეცნიერო განხილვების კვირეული ყველაზე დაძაბული და მომქანცველი აღმოჩნდა. „იგი გეუბნება: მასშტაბურად უნდა იაზროვნო, მსოფლიოზე გავლენა უნდა მოახდინო". ჩერიტონის სამუშაო მაგიდაზე, ძველი ქაღალდებისა და წიგნების დასტის ქვეშ, აღმოაჩენთ პატარა დაფას, რომელზეც ვკითხულობთ: „დოქტორი დევიდ რ. ჩერიტონი, მნიშვნელოვანი გამონათქვამების უფროსი სუპერინტენდანტი".

სიდჰარტ ბატრა, სტენფორდის უნივერსიტეტის ყოფილი მაგისტრანტი, რომლის კომპანიაც 2009 წელს ჩერიტონმა დააფინანსა, განსაკუთრებით აფასებს ყოფილი პედაგოგის ყურადღებას დეტალებისადმი. „ტექნოლოგებისათვის ბევრად ადვილი უნდა იყოს დევიდისათვის სხვადასხვა იდეის გაზიარება, რადგან იგი გაცილებით მეტს გაიგებს, ვიდრე რომელიმე ვენჩურული კაპიტალისტი, რომელიც უაზრო თვალებით გიყურებს და რეალურად არც ესმის, რას აკეთებ", - ამბობს ბატრა.

ჩერიტონი აცხადებს, რომ არ აპირებს აჰყვეს ბაზრის კაპრიზებს - სწორედ ასეთად მიიჩნევს ის სოციალურ ქსელებს - და მთელი ყურადღება გადატანილი აქვს იმ „გარღვევებზე", რომელთა მეშვეობითაც ადამიანის ცხოვრება მნიშვნელოვნად და ხელშესახებად უმჯობესდება. ასეთია, მაგალითად, Google-ი, რომელიც ძალიან ეხმარება კოლეჯის მოსწავლეს სამეცნიერო ნაშრომის მომზადებაში. „მჯერა, რომ თუ მსოფლიოსათვის რეალურად ღირებულ პროდუქტს ქმნი და ამას გონივრულად აკეთებ, მაშინ ბაზარი აუცილებლად დაგაჯილდოებს", - ამბობს იგი.

ჩერიტონმა და ბეხტოლშაიმმა Arista-ში უკვე ჩადეს $100 მილიონი - კომპანიის სრული დაფინანსების 95%. მისი აღმასრულებელი დირექტორი ჯაიშრი ულალი ფინანსურ დეტალებს არ ამხელს, თუმცა აცხადებს, რომ კომპანია, დაარსებიდან შვიდი წლის შემდეგ, უკვე „მოგებიანია". Arista-ს გაუმართლა, რომ მდიდარი დამფუძნებლები ჰყავს. ქსელური სფერო მსგავსი ტიპის სტარტაპების უმრავლესობისათვის დამღუპველი აღმოჩნდა.

„უამრავმა კომუტატორმა კომპანიამ ვერ ამოიღო ჩადებული ფული", - ამბობს ალან უეკელი, Dell'Oro Group-ის მთავარი ქსელური ანალიტიკოსი. მას მაგალითად მოჰყავს ისეთი ფირმები, როგორიცაა Woven-ი, რომელმაც ვერ მიიღო მეორე რაუნდის დაფინანსება და საქმიანობა შეაჩერა, და Force10 Networks-ი, რომელიც კომპანია Dell-მა აგვისტოში იყიდა, - მას შემდეგ, რაც კომპანიამ საკუთარი პროდუქტის ბაზარზე გატანისათვის სწორი დროის შერჩევა ვერ შეძლო.

„ხანდახან, როდესაც რაიმე ნოვაციურსა და კრეატიულს აკეთებ, მიზნის მიღწევას შედარებით დიდი დრო სჭირდება", - ამბობს ჩერიტონი. შარშან Arista-მ გააორმაგა თანამშრომელთა რიცხვი, აგრეთვე დადის ხმები აქციათა პირველადი საჯარო განთავსების შესახებ. Arista-ს სამოქმედო სფერო - სწრაფი კომუტაციის ინდუსტრია - უეკელის ვარაუდით, 2016 წლისათვის ათჯერ გაიზრდება და $2,4 მილიარდს გაუტოლდება.

მთელი მისი გონიერების მიუხედავად, ჩერიტონი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი ცხოვრება ასე წარიმართებოდა. იგი დაუღალავად შრომობს, რომ მიღწეული შეინარჩუნოს. „ცხოვრებაში ზოგიერთი რამ, მაგალითად, აქტივების წმინდა ღირებულება, დაგეგმვას არ ემორჩილება, - ამბობს იგი, - ზოგიერთი ინვესტიცია წარმატებულია, ზოგი - არა".

 

წინა სტატია

ძროხა ღრუბელში
09 ოქტომბერი, 2012

შემდეგი სტატია

DJ – ჩვენი დროის როკ-ვარსკვლავი
09 ოქტომბერი, 2012
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა