DJ – ჩვენი დროის როკ-ვარსკვლავი

DJ – ჩვენი დროის როკ-ვარსკვლავი

ოსტინში (ტეხასი) სკრილექსის ბოლო კონცერტზე დი-ჯეის მძლავრი ბგერები ყველა კუთხე-კუნჭულს აზანზარებს, მქუხარე ხმა პირდაპირ ტვინში გირტყამს, ბასის ყოველი დარტყმა ყურში ვულკანივით ფეთქდება, და მაინც, ამ ყველაფრისაგან უდიდეს სიამოვნებას იღებს თითქმის რელიგიურ ექსტაზში მყოფი ათასობით ადამიანი, რომლებიც ზუსტად აღიქვამენ და უნისონში აყოლებენ სხეულს სკრილექსის სუპერთანამედროვე რეზონატორზე მარეგულირებელი ღილაკის თითოეულ შემობრუნებას. არც ერთი მათგანი არ ტოვებს შოუს მის დამთავრებამდე – ღამის 2 საათამდე.

EDM – ელექტრონული საცეკვაო მუსიკა სწრაფად განვითარებადი და სუპერპოპულარული ჟანრია, სკრილექსი კი ამ ახალი რელიგიის უმაღლეს ქურუმად გვევლინება. მის ანგარიშზეა დაბსტეპის პოპულარიზაცია, განსაკუთრებით thumpy-ის ვარიაციები და სამი „გრემი” – მისი წლევანდელი აქტიურობის შედეგი. უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში 24 წლის სკრილექსმა $15 მილიონი იშოვა და რიგით მეორე ყველაზე წარმატებულ დი-ჯეიდ იქცა, რომლის პოპულარობას არა მხოლოდ ტინეიჯერები აღვივებენ.

„ჩემი მეგობრის მეგობარი [ჩემს კონცერტზე] თავის ადვოკატთან ერთად მოვიდა, – ამბობს სკრილექსი შოუს შემდეგ. – ეს ყმაწვილი დიდ ფულს შოულობს, მაგრამ არასოდეს გაუკეთებია მსგავსი რამ… ათი წუთის შემდეგ დავინახე, როგორ მოიგლიჯა ჰალსტუხი და ტანზე პერანგი შემოიხია”.

და ამ ადვოკატივით სკრილექსის უამრავი სხვა მსმენელი იქცევა. შარშან სკრილექსი, სულ მცირე, 150 კონცერტით წარდგა 19 ქვეყნის 250 000 მაყურებლის წინაშე – ეს ნიშნავს მილიონებს მისთვის და მისი კოლეგა დი-ჯეებისათვის, რომლებიც ანალოგიური გრაფიკით მუშაობენ.

როკ და პოპვარსკვლავებს გაუჭირდათ. მუსიკალურ სფეროში გაყიდვები შემცირებულია, ალბომის შექმნა დიდ დროს მოითხოვს, ურთულეს ცოცხალ კონცერტებზე გაყიდული ბილეთების შემოსავლიდან არტისტს მხოლოდ ერთი მესამედი რჩება, თან ასეთი კონცერტების რაოდენობა შეზღუდულია. დი-ჯეებს არ სჭირდებათ საკუთარი მუსიკის შექმნა – მათი ხელოვნება არის კურირება და მიქსი. თუმცა სკრილექსმა და მისმა კოლეგებმა პოპულარობა საკუთარი მუსიკით მოიპოვეს, რომელსაც უფასოდ უშვებდნენ, რაც ასე მიუღებელია ტრადიციული შემსრულებლებისათვის.

სამაგიეროდ, ფულს ისინი გზებზე აკეთებენ: ვინაიდან საუკეთესო დი-ჯეებიც კი პრაქტიკულად დიდი დანახარჯების გარეშე მოგზაურობენ – ხშირად მხოლოდ ფლეშ-დისკის ამარა – გამომუშავებული ფულის უმეტესი ნაწილი მათ რჩებათ და ზოგჯერ რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად სახლში $100 000-ზე მეტი მიაქვთ. ეს მასობრივი და დიდი ბიზნესია. შარშან ათმა ყველაზე მაღალშემოსავლიანმა დი-ჯეიმ ერთად $125 მილიონი გამოიმუშავა.

„დღეს ეს ყველაზე ცხელი სეგმენტია მუსიკალურ ინდუსტრიაში – პოპულარული და ძალიან შემოსავლიანი”, – ამბობს ჯონათან შეკტერი, რომელიც ლას-ვეგასის Wynn Resorts-ისათვის დი-ჯეებს ქირაობს.

როგორც კი ოსტინის Driskill Hotel-ის მეორე სართულზე ლიფტიდან გამოვდივარ, მაშინვე მესმის ბასის გრუხუნა ხმა სკრილექსის საპრეზიდენტო ნომრიდან. მას სახელდახელოდ მოწყობილ დი-ჯეის კაბინაში ვპოულობ – შავ ყელამოჭრილ მაისურში, მუქ ჯინსსა და adidas-ის სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილი დი-ჯეი გამნათებელს უფრო წააგავს, ვიდრე როკვარსკვლავს. მის გარშემო უხვადაა მიმოფანტული კოფეინიანი და სპირტიანი სასმელების ქილები.

ოთახის სხვა ბინადარნი – პუბლიცისტები, მენეჯერი და დი-ჯეის რამდენიმე მეგობარი ჩემდამი მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ იჩენენ. მუსიკის კეთება, როგორც ჩანს, სკრილექსის ბუნებრივი მდგომარეობაა, თუმცა ახალი სახის დანახვაზე იგი საქმეს თავს ანებებს, ჩემკენ მოემართება და ლუდს მთავაზობს, თავისთვის კი იმზადებს ჯინს Red Bull-ით – მას წინ გრძელი ღამე აქვს.

„მე მაქვს USB ფლეშ-დრაივი, მბრუნავი პლატფორმა [turn­tables] და არავითარი საწარმოო ხარჯები, – ამბობს იგი, – მაგრამ ვაწყობ საუცხოო საღამოებს, სადაც ხალხი შესანიშნავ დროს ატარებს”.

სკრილექსი ლოს-ანჯელესში დაიბადა. მისი ნამდვილი სახელი სონი მურია (ახლანდელი მეტსახელი ტინეიჯერობისას დაირქვა, როდესაც ის და მისი მეგობრები AOL ინტერნეტპეიჯერების „ნიკებს” იგონებდნენ). მას კარგად ესმის სხვაობა დი-ჯეის ცხოვრებასა და როკერის ცხოვრებას შორის. 16 წლის ასაკში იგი ჯგუფ From First to Last-ის ვოკალისტი იყო. ეს ჯგუფი ასრულებდა პანკ- და ემომუსიკის ჰიბრიდს, რომელიც screamo-ს სახელითაა ცნობილი. დამოუკიდებელი ხმის ჩამწერი სტუდიის, Epitaph-ის საშუალებით ჯგუფის პირველი ორი ალბომის 500 000 ეგზემპლარი გაიყიდა და ახალგაზრდა როკერებმა $3,5-მილიონიანი კონტრაქტი მოიპოვეს EMI’s Capitol Records-თან, მაგრამ ორწლიანი მოგზაურობის შემდეგ ჯგუფის წევრებს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა.

სკრილექსმა, რომელიც ჯგუფის წევრად აღარ აღიქვამდა თავს, 2007 წელს უარი თქვა სტაბილურ ხელფასზე და საკუთარი ელექტრონული მუსიკის შექმნა დაიწყო. იგი ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ სოლოკონცერტები გაემართა, მაგრამ საბოლოოდ მის საკრედიტო ბარათზე რიცხული $1 500-ის ამარა დარჩა. ამ თანხით მან და მისმა ათმა მეგობარმა დაიქირავეს 10 000 კვ. ფუტი ფართობი ლოს-ანჯელესის საქმიან ნაწილში მდებარე დანგრეულ საწყობში. „მე არ მანაღვლებს ფული, – ამბობს იგი და მეორე სიგარეტს უკიდებს, – მთავარია ადამიანი ბედნიერად გრძნობდეს თავს”.

თუმცა ბიზნესმენების უმეტესობის მსგავსად, ბოლოს სკრილექსმაც აღმოაჩინა, რომ ეს ბედნიერება ფულს მოაქვს. 2008 წელს მან ლოს-ანჯელესის კლუბებში გამოსვლა დაიწყო. ორი წლის შემდეგ თავის ლეპტოპზე ჩაწერა მინიალბომი სახელწოდებით „მე მქვია სკრილექსი” და გაუშვა MySpace-ზე უფასო გადმოწერით. მუსიკალური კრიტიკოსები მაინცდამაინც არ მოხიბლულან სკრილექსის ამ ნამუშევრით და ათასგვარი არასასიამოვნო ეპითეტითაც კი შეამკეს, მაგრამ ახალგაზრდებს მოსწონდათ იგი და ხალისით ცეკვავდნენ მის მუსიკაზე.

მას შემდეგ, რაც მისი პოპულარობა გაიზარდა, სკრილექსმა გაუგზავნა ტრეკი (ჩანაწერი კომპაქტ-დისკზე) Deadmau5-ს (რომელმაც, Forbes-ის შეფასებით, შარშან $11,5 მილიონი გააკეთა). თავის მხრივ, Deadmau5-ის ხმის ჩამწერმა სტუდია Mau5trap-მა სწრაფად გააფორმა კონტრაქტი სკრილექსთან.

2010 წლის ოქტომბერში სკრილექსმა გამოუშვა ალბომი სახელად „საზარელი ურჩხულები და მშვენიერი ელფები” (Scary Monsters and Nice Sprites) – იშვიათი ჰიტი ელექტრონულ მუსიკაში, რომელმაც Billboard-ის სიის 49-ე ადგილი მოიპოვა და 1 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა. სკრილექსის ანაზღაურება გაიზარდა, 2010 წელს იგი თითო შოუში დაახლოებით $5000-ს იღებდა – სრულიად საკმარისს უზრუნველი ცხოვრებისათვის. ერთი წლის შემდეგ მისი შემოსავალი 10-ჯერ გაიზარდა, ხოლო 2012 წელს მიღებული სამი „გრემის” (საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერი (Best Dance Recording); საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომი და საუკეთესო არაკლასიკური არანჟირება) შემდეგ მისი შემოსავალი გაორმაგდა. ბოლო პერიოდში სკრილექსი გამოდიოდა 5 000-იანი აუდიტორიის წინაშე ბუდაპეშტის საუკეთესო კლუბში, რომლის დი-ჯეის კაბინა პიროტექნიკით იყო აღჭურვილი; ოსლოში ერთ დღეს ორი შოუ ჩაატარა – 6 000 კაციან კლუბში და კონცერტის შემდეგ მოწყობილ წვეულებაზე. ერთ გამოსვლაში მიღებული ყველაზე დიდი ანაზღაურება? – „ორასი ათასი”, – ამბობს იგი მშვიდად სიგარეტის ღრმა ნაფაზის დარტყმის შემდეგ.

არ დააყოვნა ბრალდებებმაც, რომ ეს ახალი როკვარსკვლავები დიდ ფულს ძირითადად წინასწარ ჩაწერილი მუსიკის დატრიალებით აკეთებენ. როგორც მოსალოდნელი იყო, გასროლამ მიზანს მიაღწია. Deadmau5-მა, შემოსავლების მიხედვით რიგით მეექვსე დი-ჯეიმ დაცინვით მოიხსენია დევიდ გუეტა – მეოთხე ნომერი – განუცხადა რა Rolling Stone-ს: „ის, უბრალოდ, ფონოგრამებს უშვებს” და ზოგადად დასცინა „ღილაკზე დამჭერებს”. დი-ჯეების ტრიოს Swedish House Mafia-ს ერთ-ერთმა წევრმა, შემოსავლების მიხედვით რიგით მესამემ – განაცხადა: „ეს ზუსტად ის არის, რასაც თვითონ [Deadmau5] აკეთებს”.

ამის პასუხად Deadmau5-მა თავის ბლოგზე ბრალდება მთელ ჟანრზე განავრცო: „ჩვენ, ყველა, ჰიტებს ვუკრავთ. ეს არ არის საიდუმლო. ეს არ არის საშემსრულებლო ხელოვნება, ეს არც ნიჭია”. მან თავისი პროტეჟეც წაკბინა: „თვით სკრილექსიც კი არაფერს განსაკუთრებით ტექნიკურს არ აკეთებს”.

სკრილექსს არ შეეძლო არ გამოეთქვა თავისი აზრი: „მთავარი ნიჭის ან უნიჭობის დამტკიცება არ არის, – ჩაილაპარაკა მან. – მთავარია ადამიანებზე ეფექტის მოხდენა. და თუ ამის კეთება გსიამოვნებს, ეს საკმარისია”.

სკრილექსი ეფექტს იმდენ ადამიანზე ახდენს, რომ დგება იმ პრობლემის წინაშე, რომელიც რვანიშნა შემოსავლის მქონე ნებისმიერი მუსიკოსისთვისაა ნაცნობი – წამოძახილები ფანებისაგან, რომ მან ანდერგრაუნდი მეინსტრიმზე გაცვალა. ახლა ბევრი მის მუსიკას დაცინვით უწოდებს bro-step-ს – სტუდენტური ტერმინის ასოციაციით. არც სკრილექსის მეგობრები არიან წინააღმდეგი ცოტა წაითამაშონ: ისინი შუა ინტერვიუს დროს სმირნოვის არაყის ბოთლით ხელში ასრულებენ Bros Icing Bros-ის სახელით ცნობილ სტუდენტურ რიტუალს.

სკრილექსი მხრებს იჩეჩს: „სრულიად განსხვავებული შეგრძნებაა, როდესაც შენს მუსიკას სხვისი თვალით უყურებ, – ამბობს იგი და მორჩილად წრუპავს თავის არაყს. – მიმაჩნია, რომ სწორ გზაზე ვდგავარ, გული ყოველთვის გვკარნახობს, რა მუშაობს კარგად”.

დიდი წარმატება გულისხმობს დროდადრო ხარჯის გაღებას იმისათვის, რომ მოაწყო ექსტრავაგანტური და უნიკალური წარმოდგენა, რათა შეესაბამებოდე გაზრდილ მოთხოვნას და მოიპოვო მათი პატივისცემა, ვინც „ღილაკზე თითის დამჭერად” მოგიხსენიებს. წლის დასაწყისში მას $10 000 დაუჯდა ნიუ-იორკში გამართული ეფექტური შოუ, როდესაც ასობით მაყურებელი თვალახვეული წაიყვანა კონცერტის გასაიდუმლოებული ადგილისაკენ. სხვა კონცერტისთვის მან ლოს-ანჯელესის ერთ-ერთი სახლის სახურავზე მბრუნავი სცენა და ჯაკუზი დაამონტაჟებინა.

ამავე დროს ის ეძებს ფულის კეთების სხვა ისეთ მეთოდებსაც, რომლებიც ზიანს არ მიაყენებს მის ბრენდს. მიუხედავად იმისა, რომ მისი მუსიკა Atlantic Records-ის საშუალებით ვრცელდება, მან 2011 წლის სექტემბერში დააარსა დამოუკიდებელი ხმის ჩამწერი სტუდია OWSLA, რომელსაც უკვე 12 კონტრაქტი აქვს გაფორმებული. შარშან მან შექმნა მუსიკა ვიდეოთამაშ Mortal Kombat-ისთვის, წელს კი – ფილმ Wreck-It Ralph-ისთვის. სკრილექსი ამბობს, რომ სათანადო პირობების შემთხვევაში, ვიდეოთამაშებმა და ფილმებმა შესაძლოა მის კარიერაში უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს.

„ყველაზე მთავარი, რაზეც უნდა ვიზრუნოთ, ეს მუსიკისა და ალღოს შენარჩუნებაა, – ამბობს იგი. – მუდმივად დადებითი გამოცდილების შეძენა – აი რისთვის ვცხოვრობთ ჩვენ”.

ერთი რამ, რაც მას ჯერ არ გაუკეთებია, არის რომელიმე პროდუქტის მხარდაჭერა. ეს არ ხდება უსახსრობის გამო (ერთ-ერთი ცნობილი დი-ჯეი, დიპლო, ხშირად ჩნდება ტელეეკრანებზე, როგორც BlackBerry-ის მხარდამჭერი). „ამგვარ შემოთავაზებებს ჩვენ ყოველდღიურად უარით ვისტუმრებთ”, – ამბობს ტიმ სმიტი, რომელიც სკრილექსის მენეჯერია screamo-ს პერიოდიდან მოყოლებული.

მართლაც, იმ $15 მილიონის შენარჩუნება საბოლოო ჯამში ბრენდის დაცვას ნიშნავს . „არ მაინტერესებს ვიღაცის შემოთავაზებული ნახევარი მილიონი, მობილური ტელეფონის დარეკლამებას არ ვაპირებ”, – ამბობს სკრილექსი.

მოგებიანი ბიზნესი

43 წლის ჰოლანდიელი ტეის მაიკლ ვერვესტი, უფრო ტიესტოს (Tiësto) სახელით ცნობილი, პირველი დი-ჯეი იყო, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე დაუკრა. ეს მოხდა ათენის ოლიმპიადის გახსნაზე, 2004 წელს. 7 წლის შემდეგ მან შეავსო 26 000-ადგილიანი სტადიონი კალიფორნიაში. ეს იყო ხალხის რეკორდული რაოდენობა ელექტრონულ სოლოკონცერტზე. ახლა, Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, ტიესტო მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი დი-ჯეია.

გასული 12 თვის განმავლობაში გამართულმა 100-ზე მეტმა შოუმ ტიესტოს $22 მილიონი მოუტანა. საოცარი კონტრასტია მისი კარიერის დასაწყისთან, როდესაც ერთ ღამეში $50-ს იღებდა. „მთელ შემოსავალს საკუთარ თავში ვაბანდებდი. ვყიდულობდი მხოლოდ იმას, რაც კარიერული ზრდისათვის მჭირდებოდა, არასდროს ვხარჯავდი ფულს სხვა რამეზე, მაგალითად, ძვირად ღირებულ მანქანებზე”.

დღეს იგი თავის დათესილს იმკის. ელექტრონული საცეკვაო მუსიკა (EDM) საუკეთესო დროს განიცდის. ამის დასტურია ლას-ვეგასის წლევანდელი Electric Daisy Carnival-ი, რომელმაც სამი დღის განმავლობაში 32 0000 მაყურებელი მიიზიდა. მათმა უმრავლესობამ შოუზე დასასწრებად $215 გადაიხადა (ტიესტოს გამოსვლა პროგრამის წამყვან ნომრად იყო გამოცხადებული, თუმცა ძლიერი ქარის გამო მისი შოუ გაუქმდა). გართობის ბიზნესის მაგნატები მზად არიან ფული ჩადონ ამ მიმართულებაში. მათ შორის არიან: სტივ ვინი, რომელმაც ხელშეკრულება გააფორმა ტიესტოსთან, და ბევრ სხვასთანაც, ლას-ვეგასში მის გასართობ ცენტრებთან თანამშრომლობაზე; Forbes 400-ის წევრი რონ ბერკლი, რომელიც ზვერავს საფესტივალო ბიზნესს; რობერტ სილერმანი, რომელმაც სიმდიდრე როკ- და პოპმუსიკით, SFX-ის საშუალებით (Live Nation-ის წინამორბედი) დააგროვა და ახლა EDM-თან იმავეს გამეორებას ცდილობს.

სილერმანი ამბობს, რომ მომავალი წლისათვის გეგმავს დაახლოებით $1 მილიარდის დახარჯვას საცეკვაო მუსიკის 30 – 40 პრომოუტერის შესაძენად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ივნისში სილერმანმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ ამ მიმართულებით პირველი კონტრაქტი გააფორმა: ნიუორლეანური Disco Donnie Presents-ი შეიძინა. „თუ ყველაფერს სწორად შერჩეულ ადამიანებთან გავაკეთებთ, – ამბობს იგი, – SFX-ზე ბევრად დიდ მასშტაბებს მივაღწევთ”.

 

 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *