შესაძლებლობების მიწა

შესაძლებლობების მიწა

7 წელიწადში, 7 გარიგების წყალობით, ტრევორ რის-ჯონსმა $7 მილიარდი გააკეთა, ახლა კი ეს პრესისთვის რთულად მისაწვდომი ნავთობის მაძიებელი ყველაზე უკეთაა აღჭურვილი, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის ნანგრევებში წარმატებით რომ გაართვას ნავიგაციას თავი.

ტრევორ რის-ჯონსი საკუთარი თვითმფრინავიდან გადმოდის, მას ფეხდაფეხ ორი შავი ლაბრადორი მოჰყვება, ხოლო ამ უკანასკნელთ – მისი ცოლი, თავის ტერიერთან ერთად. ეს პატარა ფრენა იყო – დალასიდან Cook Canyon Ranch-ის დასაფრენ ბილიკამდე. ეს რანჩო ფორტ-უერტსა და აბილინს შორის 26,000 აკრზეა გადაჭიმული. ცოტა უფრო ჩრდილოეთით კიდევ უფრო დიდი რანჩო აქვთ, 58,000-აკრიანი, მაგრამ ეს პატარა უფრო კარგია. იგივე შეიძლება, ითქვას მათ ტურბო-პროპელერზე, რომლითაც ახლა ჩამოფრინდნენ.

“როგორა ხართ? – ხმაურინად კითხულობს 64 წლის რის-ჯონსი. – მოგწონთ ჩემი თვითმფრინავი? რომ მცოდნოდა, უკვე აქ იყავით, Gulfstream 550-ით ჩამოვიდოდი”. ხმითა და მანერებით, რის-ჯონსი ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ უოლკერ ბუშის უფრო მჭევრმეტყველ ვერსიას მოგაგონებთ. ამ უკანასკნელთან მეგობრობს კიდეც – დალასში ერთად ატარებენ ხოლმე დროს.

რის-ჯონსის Ford F-150-ში მოვთავსდით, ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები რომ დაგვეთვალიერებინა. ლონგჰორნული საქონელი. დიდებული მუხის ხეები. თვალწარმტაცი ხეობები. ლამაზი საჯინიბო, რომელშიც ცხენს არასდროს უცხოვრია (ზედმეტად უსუფთაოა). რის-ჯონსი მთის მწვერვალზე სასახლის ზომის “სანადირო სახლს” აშენებს. 5,200 აკრის ნაკვეთში აფრიკული ცხოველები დაასახლა, მათ შორის ანტილოპის მსგავსი ადაქსით, ბერბერული ცხვრითა და ზებრებით. ისინი 10 ფუტის სიმაღლის ღობით არიან შემოსაზღვრულები. რის-ჯონსის ლეგენდარულ Party Barn-თან (“წვეულებათა ბეღელი”) ვჩერდებით. ეს გადამუშავებული ხისგან აშენებული ნაგებობა სცენასა და პირდაპირ “მარტოსული მტრედიდან” გადმომხტარ გრძელ, გაკრიალებულ ბარს აერთიანებს. რის-ჯონსი ავტობუსებს ქირაობს ხოლმე და ბეღელში გამართულ კონცერტებზე დასასწრებად, დალასიდან ასობით მეგობარი ჩამოჰყავს, კონცერტებზე კი ისეთი ვარსკვლავები გამოდიან, როგორებიც გახლავთ Faith Hill-ი და Bon Jovi. რის-ჯონსის 60 წლის იუბილეზე Eagles-მა დაუკრა, მისმა ცოლმა კი სიურპრიზად მსახიობი ჰეთერ ლოკლირი ჩამოაფრინა – “ჩემი დიდი ხნის სატრფო, – ამბობს რის-ჯონსი. – ჯანმა ათწლეულის ცოლის ჯილდო მოიპოვა. სამწუხაროდ, ჰეთერს ორივე გზის ბილეთი ჰქონდა”.

ბეღელი, რომელიც 2008 წელს აშენდა, მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. “Party Barn-ი მქონდა უკვე და ახლა წვეულებათა ტერასა მომინდა. მერე ვიფიქრე, რომ შეიძლება, უფრო დიდი საკონცერტო ნომრები მომნდომებოდა, ჰოდა, იძულებული გავხდი, აქ წვეულებათა მდელო გამეკეთებინა”. ხანდახან სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება ხოლმე, აი, მაგალითად, როგორც მაშინ, ჯონ ბელუში და დენ აკროიდი “ძმებ ბლუზებს” რომ ასრულებდნენ. “რანჩო ისე მოეწონათ, რომ მეორე დღეს მათი გაგდება მომიხდა”.

რის-ჯონსის გიზგიზა წვეულებები ბევრ რამეზე მეტყველებს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ენერგოსექტორის ხალხი, როგორც წესი, სადღესასწაულო განწყობაზე არ არის. 2009-დან 2014 წლამდე მბურღავებმა ათობით მილიარდი ბარელი ამერიკული ნავთობი მოიპოვეს, რითაც ადგილობრივი საწვავის წარმოება დღეში 5.5 მილიონი ბარელიდან 9.6 მილიონამდე გაზარდეს, და ეს იმ დროს მოხდა, როცა ერთი ბარელი ნავთობი, ჩვეულებრივ, $100-ზე მეტად იყიდებოდა. მაგრამ იმის ფონზე, რომ ბარელი ახლა $35-ზე ნაკლები ღირს, უკიდურესი დაღმასვლა იკვეთება და ჩვენც, შესაბამისად, აგონიაში ვართ. ამის შედეგია სამუშაოდან დათხოვნილი 250,000 ადამიანი, გაკოტრების ოცდახუთიოდე შემთხვევა და კიდევ ოცდახუთიოდე ზომბი-კომპანია, რომლებიც იმ უზარმაზარ ვალებში იხრჩობიან, ათასობით ჭაბურღილის დასამუშავებლად რომ აიღეს. მოცემული ფასების ფონზე, ამერიკაში ძალიან ცოტა ნავთობსაბადოა, სადაც ახალი ჭაბურღილის გაბურღვა ეკონომიკურად გამართლებული ნაბიჯი იქნებოდა. “კომპანიები ხელებს იჭრიან, თავები რომ გადაირჩინონ, მაგრამ ეს მხოლოდ თუ აჭიანურებს სამსაჯავრო დღის დადგომას, – ამბობს საინვესტიციო ბანკირი მარკ დევერკა, რომელიც ახლა მსხვილ ენერგოგარიგებებში სპეციალიზებულ JPMorgan-თან მუშაობს. – ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ გველის”.

ჰოდა, აბა, რატომ ზეიმობს რის-ჯონსი, რომლის $5.3-მილიარდიანი ქონება მთლიანად ნავთობის ბიზნესზეა დამოკიდებული? ან საერთოდ რატომ ლაპარაკობს (მას მერე, რაც 2006 წელს The Forbes 400-ში მოხვდა, FORBES-თან აღარ უსაუბრია)? იმიტომ რომ, ნავთობის ბუმისას, უმეტესი დრო გაყიდვაში გაატარა, ხოლო მისი კერძო კომპანია, Chief Oil & Gas-ი კვლავ განაგრძნობს ჩრდილო-დასავლეთ პენსილვანიაში 200,000 აკრის ბურღვასა და მტვრევას, საიდანაც ის დღეში 830 მილიონ კუბურ ფუტ გაზს აწარმოებს – უფრო მეტს, ვიდრე ნებისმიერი სხვა კერძო კომპანია. შვიდმა გარიგებამ, რომლებიც მოიცავდა ნავთობისა და გაზის ჭაბურღილებს, მილსადენებსა და ასობით ათასი აკრის გასაბურღ მიწას ჯერ ფორტ-უერტთან ახლომდებარე ბარნეტის თიხაფიქლოვან საბადოზე, მერე კი პენსილვანიაში, მარსელუსის თიხაფიქლოვან მიწაზე, მას $7 მილიარდის ტოლფასი წმინდა მოგება მოუტანა. ეს მაჩვენებელი მას იმ ბუმის უდიდეს გამარჯვებულად აქცევს, რომელიც თიხაფიქლოვანი ქანების ჰიდრავლიკურ მტვრევას უკავშირდება. “გენერალი ჯორჯ პატონივით არის. მიმწოლი და თავდაჯერებულია. ის დაქვემდებარებულებს მაგალითს აძლევს, თუმცა დიდი გული აქვს”, – ამბობს დევერკა.

გარდა ამისა, დღესდღეობით, ეს მაჩვენებელი ამ ბანკროტების ყოფილ ადვოკატს ყველაზე ძლიერ (და ყველაზე საშიშ) ამერიკელ ენერგოანტრეპრენიორადაც აქცევს – ისეთ ადამიანად, რომლის ისტორიის მოყოლა უდავოდ ღირს. რის-ჯონსი ასპარეზს დაკვირვებით ათვალიერებს და ამ ყველაფერს შემდეგნაირად აღიქვამს: “კბილებს ვილესავ”.

 

დალასის ოლქის ქალაქ იუნივერსიტი-პარკში გაზრდილმა, რის-ჯონსმა (ეს უელსური გვარ-სახელი მას პრინცესა დაიანის იმ მცველის სეხნიად აქცევს, რომელიც პრინცესას ფატალური ავარიის დროს ახლდა თან), ყველაფერი თავკომბალებისა და ჩიტების დაჭერით და მათი მეზობლის ბავშვებისთვის მიყიდვით დაიწყო. “თუ თავკომბალას მხოლოდ კუდი ჰქონდა, ერთ ცენტად ვყიდდი. მაგრამ თუ უკანა კიდურებიც გამოზრდოდა, ფასი სამი ცენტი იყო. ხოლო ოთხივე კიდურის შემთხვევაში, ხუთ ცენტს ვიღებდი”. რის-ჯონსის დედამ შვილის ბიზნესს ბოლო მას მერე მოუღო, რაც ვაჟმა ერთ-ერთი სახეობის ჩიტი – კარდინალი – მეზობლის ბავშვს 15 ცენტად მიჰყიდა, ამ უკანასკნელს კი ეს ახალი შინაური ცხოველი გაუფრინდა და თანხის ანაზღაურება მოინდომა. რის-ჯონსმა დართმუთის უნივერსიტეტი 1973 წელს დაამთავრა, მერე კი Southern Methodist University-ს სამართლის სკოლაში ისწავლა და ადვოკატიც გახდა: ბანკროტობასთან დაკავშირებულ საქმეებში სპეციალიზდებოდა. “იურისტობა ვერ ავიტანე, – ამბობს ის. – სამართლებრივი ასპექტები საშინლად მოსაწყენი იყო ჩემთვის. მაგრამ ნავთობისა და გაზის ბიზნესით ვიყავი გატაცებული… გარიგებებისა და პერსპექტივების ორგანიზებით”.

1984 წელს Republic National Bank-ში $4,000 $48,000-იან საკრედიტო ლიმიტად აქცია. ამას, მომდევნო ათი წლის მანძილზე, საკმაოდ არასტაბილური და ინტენსიური საქმიანობა მოჰყვა: რის-ჯონსს თავი გარიგებიდან გარიგებამდე გაჰქონდა და მთელ ტეხასში ასობით ჭაბურღილს ბურღავდა. საქმიანობის ყველაზე წარუმატებელ ეტაპზე, ერთიმეორის მიყოლებით, 17 ცარიელი ჭაბურღილი გაბურღა. “მოხდა ერთხელ ისე, რომ ცარიელი ალაგი გავბურღეთ… ოფისში დამირეკეს. როგორც წესი, ჩემს ინვესტორებს თავად ვურეკავდი ცუდი ამბების სათქმელად, მაგრამ მაშინ უბრალოდ არ შემეძლო. ისეთ სასოწარკვეთილებასა და დეპრესიაში გადავეშვი, რომ ქუჩაში სიარულისას, უცხოპლანეტელი დავინახე… ინვესტორებს მეორე დღეს დავურეკე”. რის-ჯონსი ახლა სიცილით იხსენებს ამ ამბებს, მაგრამ თავის დროზე სრულებით არ ეცინებოდა. “ჯანს ფანქრები მოჰქონდა და იმ რუკების გაფერადებაში მეხმარებოდა, რომლებსაც მერე ინვესტორებს ვაჩვენებდი. მწვანე ნავთობს აღნიშნავდა, წითელი – ბუნებრივ აირს”. რის-ჯონსი იხსენებს, რომ ერთხელ ისე ცუდად წაუვიდათ საქმე, რომ იძულებულნი გახდნენ, გაეუქმებინათ საკაბელო ტელევიზია და ტელეფონზე მოლოდინის რეჟიმი: “ტრევორი გამალებით ათვალიერებდა უძრავი ქონების რეკლამებს და მეოცნებე მზერით გასაყიდად გამოტანილ რანჩოს მიწებს უცქერდა”. 

ორი ვაჟი რომ შეეძინა, რის-ჯონსმა რისკების შემცირება სცადა და 1994 წელს, ოთხ პარტნიორთან ერთად, Chief Oil & Gas-ი დააფუძნა – იმ განზრახვით რომ “ძვლებისათვის ხორცი შემოეცალათ” ისეთ ტრადიციულ ნავთობსაბადოებში, როგორიც გახლავთ ფორტ-უერტის ჩრდილოეთით მდებარე საბადოები, რომლებიც პიონერი ნავთობმაძიებლისა და მილიარდერის, ჯორჯ მიტჩელის მიერ იყო ათვისებული. რის-ჯონსი დიდხანს აკვირდებოდა მიტჩელს. ამ უკანასკნელის Mitchell Energy & Development-ი, რომელსაც ნაწილობრივ ენერგოდეპარტამენტის დაფინანსება უმაგრებდა ზურგს, ბურღვის ტექნიკაზე ექსპერიმენტებს ატარებდა. მიტჩელის უმთავრესი აღმოჩენა იმაში მდგომარეობდა, რომ მან მოახდინა ჰორიზონტალური ბურღვის ახალთახალი მეთოდის უფრო ძველ პრაქტიკასთან – ჰიდრავლიკურ მტვრევასთან – კომბინირება (ჰიდრავლიკური მტვრევის დროს ჭაბურღილებზე მაღალი წნევით აფეთქებენ წყლის, ქვიშისა და ქიმიკალიების ნაზავს, რათა დაამტვრიონ ქანები და გამოათავისუფლონ ნავთობი და გაზი). ჰიდრავლიკური მტვრევა გაცილებით ძველი მეთოდია, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია: 1950-იანებიდან იღებს სათავეს. ეს კომბინაცია აქამდე არავის გამოეყენებინა. პირველად ის მიტჩელმა გამოიყენა ბარნეტის საბადოში – მილ-ნახევრის სიღრმის “დანალექ ქანებზე”, რომელთაგან მილიონებით წლის მანძილზე ნავთობი და გაზი იღვრებოდა და ფორტ-უერტის გარშემო მდებარე უფრო მეჩხერ რეზერვუარებს ავსებდა.

რის-ჯონსმა მალე გამოიყენა მიტჩელის ტექნიკა და 2000-ში ბარნეტის გულმოდგინე ბურღვას შეუდგა. მოულოდნელად, მის მიერ გაბურღული ყოველი ჭაბურღილი წარმატებული გამოდგა. “გასაოცარი იყო წლობით ჭიდილის შემდეგ, როგორ ძალდაუტანებლად აღწევდა წარმატებას, – ამობს კრის კოუენი, მისი ბანკირი Texas Capital Bank-იდან. – ხანდახან ღმერთი წყვეტს, რომ აი, შენ ხარ სწორედ ეს ადამიანი”.

იმ დროს რის-ჯონსი ფიქრობდა, რომ ალბათ უბრალოდ ბედმა გაუღიმა. “ნეტავ იმის თქმა შემძლებოდა, რომ ჯადოსნური სარკე მქონდა და მომავლის განჭვრეტა შემეძლო. მაგრამ არ მქონია, – ამბობს ის. – სულ გვეგონა, რომ საბადო, აი, ახლა ამოწურავს თავსო, მაგრამ არა. უდავოდ, ძალიან ნელა გავაცნობიერეთ მისი მნიშვნელობა”, – ამბობს რის-ჯონსის სტაჟიანი უფროსი გეოლოგი, ტონი კარვალო. დღეს ეს “მნიშვნელობა” ნათელია: ამერიკაში აღმოჩენილი ნავთობისა და გაზის რეზერვების რიცხვი გაორმაგებულია, ფასები კი ისე ეცემა, რომ ამერიკელებს წელიწადში $150 მილიარდზე მეტი ეზოგებათ.

2002 წელს მიტჩელის კომპანია Devon Energy-მ $3.5 მილიარდად იყიდა. 2004 წლისთვის Chief-ი ბარნეტში მეორე უმსხვილეს მწარმოებლად იქცა. ბიზნესი ისე კარგად მისდიოდათ, რომ რის-ჯონსს საშუალება მიეცა, კომპანიის საკონტროლო წილი თავისი ოთხი პარტნიორიდან სამისაგან $20 მილიონად ეყიდა. 1994 წელს ამ ჯგუფს კომპანიის დაახლოებით მესამედში $170,000 გადაეხადა. მალე რის-ჯონსმა შეთანხმებას მიაღწია როს პერო უმცროსთან და უფლება მიიღო, პეროს კუთვნილი მიწა გაებურღა. 2006 წლისთვის ფასებმა ისეთი პრეინფლაციური ბუყბუყი იწყო, რომ რის-ჯონსმა გადაწყვიტა, იჯარით აღებული Chief-ის პირველი ჰოლდინგი ბარნეტში $2.2 მილიარდად Devon Energy-სთვის მიეყიდა, მისი მილსადენის აქტივები კი Crosstex Energy-სთვის – $480 მილიონად. 2006 წელს ის ბარნეტში ალბათ ყველაფერს უკანმოუხედავად გაყიდდა, მაგრამ პეროს უნდოდა, რომ მათ ჯერ კიდევ გაებურღათ მიწები. და ეს კარგი აზრიც იყო.

ის, რამაც რეალურად შეუნთო ცეცხლი “ნავთობისა და გაზის დიდ ამერიკულ ბუმს”, 2008 წლის რეკორდული ფასები გახლდათ: $140 – ერთი ბარელი ნავთობისა და $14 – მილიონი კუბური ფუტი ბუნებრივი აირისათვის. პანიკიორები შეშფოთდნენ – სამყარო “ნავთობის პიკს” მიაღწევს და მალე ბენზინგასამართებზე გალონში $20-ს გადავიხდითო, ხოლო თხევად ბუნებრივ აირს ტანკერებით ისეთი ქვეყნებიდან შემოვიტანთ, როგორიც ყატარიაო. ამ ფასებმა არაერთ სარისკო ნაბიჯს მისცა სტიმული. მიწა, რომლის იჯარაც რის-ჯონსს აკრზე $50 უჯდებოდა, ახლა $10,000-ზე ავიდა. “უკონტროლო სიტუაციის სუნი დატრიალდა ჰაერში, – ამბობს ის. – ყველაფერი ისე ხტოდა ზემოთ და ისეთი აჟიტირებული ვითარება იყო, რომ შთაბეჭდილება გრჩებოდა, თითქოს ბუმი უკვე საკუთარ თავს გასცდაო”. 2008 წელს მან და პერომ დარჩენილი საწარმოო ოპერაციები $1.3 მილიარდად Quicksilver Resources-ს მიჰყიდეს, ამ თანხიდან დაახლოებით $330 მილიონი კი Chief-ს ერგო.

ამ ამბის აღსანიშნავად, რის-ჯონსმა თანამშრომლებს ბონუსები დაურიგა, ზოგიერთ მათგანს – მილიონობით დოლარიც კი. ხოლო $400 მილიონი Rees-Jones Foundation-ს შესწირა. აი, ყოფილი პარტნიორებისათვის ჩეკების გამოწერა კი ნაკლებ ენთუზიაზმს გვრიდა. ერთ-ერთმა მათგანმა, დ. ბობიტ ნოელ უმცროსმა, რის-ჯონსს ტეხასის საოლქო სასამართლოში უჩივლა. ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ დაადგინა, რომ რის-ჯონსს ეთაღლითა და დაერღვია ფიდუციური ვალდებულება ნოელის (ჯერ კიდევ სკოლისდროინდელი ახლო მეგობრის) მიმართ: მას ნოელის წილი Chief-ში ისე გამოესყიდა, რომ მისგან დაემალა, ბურღვისა და ჰიდრავლიკური მტვრევის პროგრესს Chief-ის იჯარით აღებული ქონება გაცილებით ღირებული რომ გაეხადა. მოსამართლის გადაწვეტილებით, რის-ჯონსს ნოელისთვის $196 მილიონი უნდა გადაეხადა. მოგვიანებით რის-ჯონსმა ნოელთან საქმე სასამართლოს მიღმა მოაგვარა, თუმცა, რა თანხის სანაცვლოდ, უცნობია.

მაგრამ ფულის კეთება ამით ნამდვილად არ ამოუწურავს. რის-ჯონსი მალევე ბარნეტის სასწაულის გამეორებას შეუდგა. 2007 წელს Chief-მა და მისი 20%-ის მფლობელმა, დალასელი მაიკლ რადლერის კუთვნილმა Tug Hill Inc.-მა მიწა პენსილვანიაში აიღეს იჯარით, რათა მარსელუსის თიხაფიქლოვანი საბადო გაებურღათ. რის-ჯონსმა იცოდა, რომ სანამ ასობით ჭაბურღილს არ გაბურღავდნენ, მანამდე საბადოზე “სანუკვარი ალაგების” იდენტიფიცირება შეუძლებელი იქნებოდა. ამდენად, მან ისეთ მსხვილ საჯარო კომპანიებთან დაიწყო კონკურენცია, როგორიცაა Range Resources-ი, Cabot Oil & Gas-ი და Chesapeake Energy, და მიწა მთლიანად იქირავა – ისე, რომ მთელ პენსილვანიაში, 60,000 აკრი მის განკარგულებაში გახლდათ.

მალე გაირკვა, რომ მარსელუსი ქვეყნის უდიდესი გაზის საბადო იყო. დაინტერესებამ იფეთქა და რის-ჯონსს კვლავ უბიძგა, გონივრულად, “კიდევ აეღო სათამაშო მაგიდიდან რამდენიმე ჩიპი”. 2009-ში, Chief-მა და Tug Hill-მა შეთანხმებას მიაღწიეს ახალ პარტნიორთან, Enerplus Resources-თან, რომელმაც მიწის დაახლოებით 30%-ში $400 მილიონი გადაიხადა. 2010-ის ბოლოსკენ მათ კიდევ 100,000 აკრი – ჩრდილო-დასავლეთ ალაგის ნახევარი – $460 მილიონად Exco Resources-ს მიჰყიდეს. ხოლო 2012 წელს რის-ჯონსმა თავისი მარსელუსის მილსადენის ქსელი უკვე $1 მილიარდად Penn Virginia Resource Partners-ს მიჰყიდა.

შვიდი წელი. შვიდი გარიგება. შვიდი მილიარდი დოლარი.

როგორც ბარნეტის შემთხვევაში, მარსელუსის გაყიდვებიც საოცრად დროული გამოდგა. Chevron-ის გარიგების პერიოდში ათასი კუბური ფუტი ბუნებრივი აირი $4.30-ად იყიდებოდა. ერთი წლის შემდეგ ფასი $2-ზე ქვემოთ დაეცა. ფასების კოლაფსს რის-ჯონსი არ გაუკვირვებია: თავად იყო მოწმე, რომ მარსელუსის ქანებიდან მასიური ოდენობის აირი იღვრებოდა. გაზის მწარმოებლებისთვის კი ეს 2012 წლის ვარდნა ერთგვარი პროლოგი გახლდათ იმისა, რასთანაც ახლა უწევთ მბურღავებს გამკლავება. “ეს ჩემთვის საერთოდ არაა სიახლე, – ამბობს რის-ჯონსი. – 2012-დან მოყოლებული, ვსწავლობ, როგორ უნდა გავუმკლავდე დაბალ ფასებს”.

Chief-ი თავის საუკეთესო მიწას სათუთად უფრთხილდებოდა – 200,000 აკრს მარსელუსის ჩრდილო-დასავლეთით, ყველაზე ნაყოფიერ მხარეში. დაცემული ფასები ტვირთად დააწვათ უზარმაზარ ვალებში ჩავარდნილ მწარმოებლებს, ჰოდა, რის-ჯონსმაც გამოიყენა შანსი და გამყიდველიდან უეცრად მყიდველად მოგვევლინა. 2013 წელს, Chief-მა $500 მილიონი გადაუხადა Chesapeake Energy-ის მარსელუსის მიწისთვის, რომელიც, ნაწილობრივ, Chief-ისვე მიწებს ემთხვეოდა. რის-ჯონსის თქმით, გაზის წარმოება და იქ ტრანსპორტირება ათას კუბურ ფუტზე, დაახლოებით, $1.50 უჯდება, რაც იქაურობას ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე იაფ ადგილად აქცევს. გრძელვადიანი კონტრაქტების წყალობით, რომლებიც მას ნიუ-იორკსა და ბოსტონში მილსადენების მწარმოებლურობის გარანტიებს აძლევენ, მას დღესაც კი კარგი მოგებები აქვს – იმ პირობებში, როცა ბუნებრივი აირის ფასი $2-მდე არის დაცემული. ამ მილსადენების კონტრაქტების გარეშე (ანუ, ნამატი გაზის გაყიდვას ე.წ. ნაღდ ბაზარზე რომ ცდილობდეს), მისი მოგება დანახარჯებსაც კი ვერ გაუტოლდებოდა.

როგორც თავად ამბობს, ეს სიტუაცია რამდენიმე წელიწადში შეიცვლება, როცა ახალი მილსადენების მშენებლობა დასრულდება. უკანასკნელ თვეებში რის-ჯონსმა კიდევ შეიძინა გარკვეული აკრები Anadarko Petroleum-ისაგან, $30 მილიონად. “თუ ახლა კარგი მოგება მაქვს, ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე წელიწადში კიდევ უფრო კარგად წავა საქმე”, – ამბობს ის. მანამდე კი Chief-ი ბურღვას განაგრძნობს და ალბათ კიდევ ერთ-ორ სპეკულაციასაც მიმართავს.

 

მოკლედ, რა არის მისი შემდეგი ნაბიჯი? უამრავი ბუნებრივი აირით აღჭურვილი, რის-ჯონსი ისეთ ნავთობსაბადოებს ეძებს, რომლებიც მარსელუსის გაზის საწარმოებივით დაბალხარჯიანი იქნება. და სად არის ეს საბადოები? “არ ვიცი, მაგრამ ეჭვი მაქვს, გავარკვევთ”. იმას გულისხმობს, რომ ნავთობის დაღმასვლის პერიოდი კიდევ კარგა ხანს გასტანს, ამის კვალდაკვალ კი გავარკვევთ, რომელი ნავთობსაბადოებია საუკეთესო, ვინაიდან ეს საბადოები უკანასკნელი ადგილები იქნება, სადაც საბურღი მოწყობილობები იმუშავებს. ჰოდა, სწორედ ამ ადგილებში ან მათ გარშემო იმედოვნებს რის-ჯონსი სათანადო აქტივების ყიდვას.

იაფი აუცილებლად კარგ ღირებულებას როდი მოასწავებს. გაკვეთილი, რომელიც არაერთმა კომპანიამ დიდი ჯაფის შედეგად გაითავისა, იმაში მდგომარეობს, რომ ბევრ ადგილას, “თუნდაც მიწა უფასოდ ჩაიგდო ხელში, ჭაბურღილების მტვრევას არავითარი აზრი არა აქვს, – ამბობს ედ ჰირსი – ეკონომისტი ჰიუსტონის უნივერსიტეტიდან. – ყველაზე მნიშვნელოვანი – დაბალხარჯიანი ქანებია”. ასე, მაგალითად, რის-ჯონსს ბარნეტის საბადოს დაბრუნება საერთოდ არ აინტერესებს. კი, იქ კვლავ ბევრი გაზია, მაგრამ ბურღვა იმდენად ძვირი ჯდება, რომ არ უღირს. Quicksikver Resources-ი, რომელმაც იქ Chief-ის მიწების დიდი ნაწილი იყიდა, გასულ წელს გაკოტრდა. სხვა ნავთობსაბადოთა რიცხვში, რომლებიც წარსულში მიატოვეს, არის ტუსკალუზა მარინის თიხაფიქლოვანი ფორმაცია ლუიზიანასა და მისისიპიში (ნავთობი $90-ს ზემოთ უნდა ავიდეს, მისი ბურღვა ეკონომიკურად გამართლებული რომ იყოს) და მისისიპი-ლაიმი კანზასში, სადაც 2012 წელს, ეკონომიკურად გაუმართლებელი ჭაბურღილების მტვრევის შედეგად, რის-ჯონსმა $150 მილიონი დაკარგა. “ამ დანაკარგს გაცილებით იოლად გავართვი თავი, ვიდრე იმ $2 მილიონს, ბარნეტის პერიოდში რომ ვიზარალე”. აბა, რა გამოიყურება საინტერესოდ? ჩრდილო დაკოტაში, კოლორადოსა და ტეხასში, იგლ-ფორდის ველზე, საკმაოდ ბევრი სანუკვარი ადგილია. რის-ჯონსის გუნდს ოკლაჰომაში, მრავალშრიან თიხაფიქლოვან ფორმაციებზე აქვს თვალი დადგმული და რამდენიმე ტრადიციულ (ანუ არათიხაფიქლოვან) საბადოსაც ითვისებს, რომლებიც ბოლო წლებში უყურადღებოდ დატოვეს. ერთ-ერთი ასეთი საბადო ფლორიდაში მდებარეობს. მაგრამ, რის-ჯონსის თქმით, პირველ ყოვლისა, “ჩემი რჩეული პერმული ქვაბული იქნება. იქ უამრავი ნავთობია”.

დასავლეთ ტეხასისა და აღმოსავლეთ ნიუ-მექსიკოს ეს ვრცელი ტერიტორია – “პარასკევ ღამის შუქებისა” და “გიგანტის” მიწა – 100 წლის მანძილზე იბურღებოდა, მაგრამ მხოლოდ ახლა ხვდებიან მბურღავები, როგორ ჯობს მის მტვრევად თიხაფიქლოვან ქანებთან გამკლავება, რომელთა უამრავი ფენა ერთიმეორეზეა დაზვინებული. ნავთობის მოპოვების დაბალი ხარჯების გამო, პერმული ქვაბული ერთადერთი მსხვილი ნავთობრეგიონია, რომელიც დაღმასვლის პერიოდში წარმოების ზრდას დღეში $2 მილიონ ბარელამდე განაგრძობდა. პერმულ ქვაბულზე ორიენტირებული კომპანიების, მაგალითად, Pioneer Natural Resources-ის, აქციები სხვებზე უკეთეს მდგომარეობაშია. ინვესტორთა აზრით, Pioneer-ის პერსპექტივები იმდენად ტყვიაგაუმტარია, რომ იანვრის დასაწყისში კომპანიის მიერ ახალი აქციების $1.4-მილიარდიან შეთავაზებაზე უმალ დათანხმდნენ. პერმული ქვაბულის კიდევ ერთი მოთამაშე, Parsley Energy, 22%-იან ზრდას უჩვენებს. Parsley-ის აღმასრულებელი დირექტორის, ბრაიან შეფილდის მტკიცებით, მან ხარჯები ისე შეამცირა, რომ “ნავთობი სამუდამოდ $40-ზე რომც დარჩეს, ჩვენი შეფასებით, უოლფკემპის ჰორიზონტარული ჭაბურღილების პორტფოლიო 30%-დან 40%-მდე მოგებას მოგვიტანს”. მაგრამ ფასები $40-ზე კარგა ქვემოთაა. რის-ჯონსის გაანგარიშებით, “თუ პირველი კვარტალის ბოლოსთვის ნავთობი კვლავ $40-ის ან თუნდაც $50-ის ფარგლებში გაიყიდება, გარკვეული შესაძლებლობებიც იჩენს თავს”. ბანკროტების ადვოკატობისთვის აშკარად კარგი პერიოდი დგას.

ნუ დადებთ ფსონს იმაზე, რომ ბარელი ნავთობის ფასი ახლო მომავალში თუნდაც $75-ს დაუბრუნდება, რომ არაფერი ვთქვათ $100-ზე. “საუდის არაბეთის მკვიდრნი, ამ დრომდე ბევრ ტკივილს რომ გაუძლეს, ისე არ იზამენ, ნავთობის ფასი ასეთ დიაპაზონს რომ დაუბრუნდეს – ამბობს რის-ჯონსი. – ეს უამრავ აქტივობას მისცემდა ბიძგს”. იქაურები, უცხოური რეზერვების სახით, კვლავაც $600 მილიარდს ასხედან. Saudi Aramco-ს ნავთობწარმოების მარგინალური ხარჯი დაახლოებით $20-ს შეადგენს. და მათი საშუალო ხარჯი? $6-ზე ნაკლები. ცხადია, $100-იანი ნავთობი მოეწონებოდათ, მაგრამ არა ეფექტიანი მარგინალური დეპოზიტების გაკეთების ხარჯზე კანადის ნავთობის ქვიშებსა და ამერიკის თიხაფიქლოვან ქანებში.

რის-ჯონსს ვაჭრობა აღარ სჭირდება. შეუძლია, დრო მთის ველოსიპედით სეირნობაში, სანადირო სახლის მეთვალყურეობაში, დასავლური ხელოვნების (იგულისხმეთ რემინგტონი და რასელი) კოლექციის გამდიდრებასა და Party Barn-ის მომდევნო თავყრილობის დაგეგმვაში გაატაროს. მაგრამ ამ ჰიდრავლიკური მტვრევის მეფისათვის ეს საკმარისი როდია. “პოკერის თამაში სულ მიყვარდა, – ამბობს ის, – მაგრამ ბურღვა რომ დავიწყე, პოკერისადმი ინტერესი დავკარგე. ჩემი რისკიანი ხასიათი ჭაბურღილების ბურღვამ დამიკმაყოფილა”.

რანჩოში მზე ჩადის და ჩვენც, სიგარებისა და საუცხოო ფრანგული ბორდოს თანხლებით, მისი ჩინებული ქონებით ვტკბებით. შორიდან ნელ-ნელა კოიოტების ყმუილი ისმის. რის-ჯონსი მარწმუნებს, რომ ის კვლავაც საქმეშია: “როცა ბოლო-ბოლო გზის ბოლოში აღმოვჩნდი და უკან გავიხედე, მივხვდი, რომ წარმატების 90% შეუპოვრობაა. მთავარია, თამაშში დარჩე”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *