ომი ნაღდი ფულის წინააღმდეგ

ბოლო დროს ყურადღებას იპყრობს ერთი იდეა, რომელიც დოლარისა და ევროს დიდი კუპიურების მოსპობაში მდგომარეობს. ეს მოსაზრება გრაფიკულად ასახავს დღევანდელი ლიბერალური ეკონომიკის პოლიტიკის შემქმნელებისა და ეკონომისტების გამაოგნებელ სიბრიყვეს... და ინტელექტუალურ გაკოტრებასაც. ყოფილი სახელმწიფო ხაზინადარი და ჰარვარდის პრეზიდენტი, ლარი სამერსი აშშ-ს აქეზებს, რომ $50- და $100-იანი კუპიურები გავაუქმოთ. ბევრი მითქმა-მოთქმაა €500-იანი კუპიურის აკრძალვის შესახებაც.

გაცხადებული მიზეზი ისაა, რომ ეს, ვითომდა, დაგვეხმარება ტერორისტებთან, მექრთამეებთან, ნარკოდილერებსა და გადასახადებისგან თავის ამრიდებლებთან ბრძოლაში. ასე, თითქოს, ცუდ ბიჭებს გადაადგილებასა და ბოროტი გზებით მოპოვებული ფულის შენახვაში პრობლემებს შევუქმნით.

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სავალუტო კუპიურა ბენჯამინ ფრანკლინის გამოსახულებითაა და ის ბრუნვაში 10 მილიარდზე მეტია. მოსაზრება, რომ ისეთ ბოროტმოქმედებს, როგორიცაა მექსიკური ნარკოკარტელები და ISIS-ი, სერიოზული დაბრკოლებები შეექმნებათ "ბენჯამინის" არარსებობის შემთხვევაში („ოჰ, ფულის ტომრები ახლა ზედმეტად მძიმეა. მოდი, დავნებდეთ!“), იმდენად კომიკურია, რომ კაცი იფიქრებს, სამერსი და კომპანია Saturday Night Live-ის სკეტჩებისთვის კასტინგს გადიანო.

სავალუტო ექსპერტი სეთ ლიპსკი ლაკონიურად აღნიშნავს New York Post-ში: "როცა კრიმინალები იარაღს იყენებენ, დემოკრატებს უნდათ, იარაღი კანონმორჩილ ხალხს ჩამოართვან. როცა ტერორისტები ასდოლარიანებს იყენებენ, ლიბერალებს უნდათ, დანარჩენ სამყაროს "ბენჯამინები" აგვიკრძალონ".

თუ ობამას ადმინისტრაციას მართლაც სურს, ტერორისტებს რესურსები შეუზღუდოს, მაშინ რატომ აბრუნებს ათობით მილიარდ დოლარს პლანეტის ტერორიზმის ცენტრში, ირანში?

ნამდვილი მიზეზი ნაღდი ფულის წინააღმდეგ გამოცხადებული ომისა, რომელიც დიდი კუპიურებით იწყება და მერე თანდათან ქვემოთაც ჩამოვა, „დიდი მთავრობის“ მხრიდან ძალაუფლების ჩაბღაუჭების მახინჯ მცდელობაში მდგომარეობს. ადამიანების კონფიდენციალურობა შეიზღუდება: ელექტრონული ვაჭრობა „დიდ ძმას“ უადვილებს, გაიგოს, რას ვაკეთებთ, და შესაბამისად, უადვილებს, ხელი შეუშალოს იმ აქტივობებს, რომლებიც არ მოსწონს, როგორიცაა, მაგალითად, მარილის, შაქრის, გაზიანი სასმელების დიდი ბოთლებისა და ბიგ-მაკების ყიდვა.

ნაღდი ფულის განადგურებისკენ გადადგმული ნაბიჯი ეკონომიკური კომისრების ფანტაზიას კვებავს, რომ ისინი თითქოს შეძლებენ, უკეთ აკონტროლონ ეკონომიკა. ვაშინგტონში, ტოკიოსა და ევროკავშირში, პოლიტიკის შემქმნელებს მიაჩნიათ, რომ მათი სტაგნაციაში შესული ეკონომიკების მიზეზი ისაა, რომ ხალხი ისე არ ხარჯავს ფულს და ისეთ კაპიტალდაბანდებებს არ აკეთებს, როგორც საჭიროა. როგორ ვაიძულოთ ეს ბნელი, ურჩი არსებები გააკეთონ ის, რაც უნდა გააკეთონ? ჩვენი ფეოდალების უახლესი ყოვლისშემძლე წამალი უარყოფითი საპროცენტო განაკვეთებია. თუ ადამიანები თავიანთი ფულის შესანახად საკომისიოებს იხდიან, როგორც ამას თავიანთი ნივთების შემნახველ საშუალებებში მოთავსებისას აკეთებენ, მაშინ, ღმერთმანი, ხომ უფრო მოწადინებულნი იქნებიან, რომ დახარჯონ! ნაღდი ფულის დაგროვების შესაკავებლად (როცა იაპონიამ გამოაცხადა, რომ უარყოფითი საპროცენტო სარგებლების დაწესებას აპირებდა, სეიფების გაყიდვები საოცრად გაიზარდა), ხელისუფლების წარმომადგენლებს დიდი კუპიურების თავიდან მოშორება მოუნდებათ.

არ ვხუმრობთ. მეტად ავტორიტეტულმა ავტორმა, რომელიც ერთ ნაშრომში დიდი კუპიურების აკრძალვის ქომაგად მოგვევლინა, განაცხადა: "უარყოფითი საპროცენტო სარგებლის შემოღება ძლიერი სტიმული იქნება, ანაბრების შენახვა ნაღდ ფულში მოხდეს. დიდი კუპიურების გაუქმება, რომელიც ნაღდი ფულის შენახვას მოუხერხებელს გახდის, ამ პრობლემას შეამსუბუქებს".

ფულის ღირებულებით მანიპულაცია და საპროცენტო სარგებლის, ანუ ფულის ფასის, კონტროლი არასდროს მუშაობს. ღირებულებას თავად ფული ზომავს. ეს არის უფლება სერვისებზე და ვაჭრობისა და ინვესტიციის გამარტივების იარაღი.

მიზეზი, რატომაც მსოფლიო ეკონომიკები შავ დღეში არიან, – რაც ცეცხლს უნთებს სიბრაზეს, უკმაყოფილებასა და მახინჯ პოლიტიკას – გახლავთ სტრუქტურული, მთავრობების მიერ შექმნილი ბარიერები: არასტაბილური ფული, სულის შემხუთველი რეგულაციები და გადასახადების ზედმეტად მაღალი საპროცენტო განაკვეთები.

 

 

წინა სტატია

Forbes Georgia. 2016 წლის აპრილის ნომერი
08 აპრილი, 2016

შემდეგი სტატია

Apple-ი ჩინეთის ბაზარზე ლიდერის პოზიციას კარგავს
08 აპრილი, 2016
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები - Forbes-ის 2019 წლის სია
რეიტინგი | მარ, 06, 2019
ბიზნესის პირადი ასისტენტი
ინტერვიუ | მარ, 14, 2019
ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლომ SALFORD-ის წინააღმდეგ რუხაძის სარჩელი განხილვაში არ მიიღო
ახალი ამბები ქართულად | მარ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა