ახალი პრეცედენტი იურიდიული ფირმებისთვის

ახალი პრეცედენტი იურიდიული ფირმებისთვის

მარკ ჰარისმა მიაგნო მრავალმილიარდიან ბაზარს, ააწყო ბიზნესი მის დასაპყრობად და გარკვეული წარმატებითაც სარგებლობდა, სანამ ერთ დღეს არ მიხვდა, რომ დამარცხებას უყრიდა საფუძველს.

რამდენიმეწლიანი სირთულეების გადალახვის შემდეგ ჰარისის კომპანია Axiom Law-მა იპოვა მოგებიანი ნიში, უზრუნველყოფდა რა ფინანსურ სექტორს იურისტებით, ძირითადად – დროებითი მომსახურების პირობებით. ამ ადვოკატებს მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდათ, მაგრამ არ სურდათ დაეკარგათ ის დრო, რაც მსხვილი ფირმის პარტნიორობას სჭირდება. ჰარისი ქირაობდა მათ $250 000-ად წელიწადში, პლუს სოციალური პაკეტი, დაახლოებით ისეთი ოდენობით, რასაც ისინი მსხვილ ფირმაში მთავარი იურისტის თანამდებობაზე მიიღებდნენ და საათში ითხოვდა იმ $450-ის ნახევარზე ნაკლებს, რასაც წამყვანი ფირმები ითხოვდნენ.

ტეხასის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, 41 წლის მაღალი, გამხდარი, ენერგიული ჰარისი ამას უწოდებს იურიდიული ბაზრის „რბილ შუალედურ პოზიციას”, სადაც „მთელი ეს ძვირად ღირებული ოფისები, იურიდიული ლიტერატურის ბიბლიოთეკა, წითელი ხის პანელები ან ხედები 25-ე სართულიდან აუცილებელი არ არის”.

ერთი დიდი პრობლემა: ეს იყო 2008 წელი, Bear Stearns-მა (უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი) ის-ის იყო კრახი განიცადა, Axiom-ი კი თავისი $39-მილიონიანი შემოსავლის დაახლოებით 60%-ს ფინანსური ფირმებისგან იღებდა – ათიდან ცხრა უდიდესი საინვესტიციო ბანკის ჩათვლით. ამ ბაზრის მასიურობის გათვალისწინებით, ჰარისმა იცოდა, რომ კლიენტების სიის ძირეული გადახედვა მოუწევდა.

მაგრამ, მეორე მხრივ, ჰარისი ათი წლის განმავლობაში მუდმივად ცვლილებების პროცესში იყო. კალიფორნიის პრესტიჟულ მეცხრე საოლქო სააპელაციო სასამართლოს კლერკად მუშაობის შემდეგ მან ორი წელი გაატარა მანჰეტენის კომპანია Davis, Polk & Wardwell-ში, საიდანაც წამოვიდა, რადგან მისთვის იქაურობა მოსაწყენი აღმოჩნდა (ეს გენების ბრალია: ჰარისის მამა მოტელების ქსელ Red Roof Inn-ის თანადამაარსებელი იყო). როდესაც 2000 წელს სტენფორდის ბიზნესადმინისტრირების მაგისტრთან, ალეკ გუეტელთან ერთად Axiom-ი დააფუძნა, მას საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა ხარჯების შესამცირებელი ტექნოლოგიების გამოყენებასა და კორპორაციული კლიენტებისთვის იურისტების შერჩევაზე ტრადიციული იურიდიული ფირმების გვერდის ავლით. ბიბლიოთეკის ფუნქციას ინტერნეტმომსახურება ასრულებდა; ადვოკატებს კი სახლიდან შეეძლოთ მუშობა. ამ წყვილმა $5 მილიონი მოიზიდა წამყვანი ვენჩურული ფირმების პარტნიორებისაგან, ნიუ-იორკის Greenhill & Co.-ისა და სან-ფრანცისკოს Draper Richards-ის ჩათვლით.

2001 წლის ბოლოსათვის Axiom-ის ფულის დიდი ნაწილი წავიდა ოფისის ქირაზე, ხელფასებსა და ისეთ ძვირად ღირებულ კომპეტენტურ კონსულტანტებზე, როგორებიც არიან, მაგალითად, უილიამ ჯეფერსი, ცნობილი ლუის „სკუტერ” ლიბის ადვოკატი. „ჩვენ იმ გზას ვადექით, რომელსაც ჩვენი წამოწყება კიდევ ერთ წარმატებულ ინტერნეტპროექტად უნდა ექცია”, – იხსენებს ჰარისი იმ დროს, როდესაც Reuters-თან კონტრაქტის გაფორმებას მიაღწია. აქედან ის გავიდა კიდევ უფრო მეტ ფინანსურ-საინფორმაციო კომპანიაზე და, საბოლოო ჯამში, საინვესტიციო ბანკებზე.

საკრედიტო კრიზისს Axiom-ი შეხვდა 225 იურისტისაგან შემდგარი შტატით, თანამედროვე ოფისით ქალაქის ცენტრში და კლიენტთა ძალიან მერყევი ბაზით. მუდმივი კლიენტები ფასდაკლებებს ითხოვდნენ. ჰარისმა პასუხად უფრო მეტი სამუშაო მოითხოვა და ოფისები სხვა ქალაქებში, უოლ-სტრიტიდან მოშორებით გახსნა. ამასობაში კრიზისმა ბიძგი მისცა მოთხოვნას იაფ იურიდიულ მომსახურებაზე და ჰარისმა აღმოაჩინა, რომ ბევრმა მისმა თანამშრომელმა სხვა სფეროებში გადაინაცვლა.

Axiom-ს ამჟამად 500 მოქმედი იურისტი ჰყავს და იღებს $100 მილიონზე მეტ შემოსავალს სხვადასხვა კომპანიისაგან, Cisco Systems-ისა და Unilever-ის ჩათვლით. ფინანსური სექტორიდან ამჟამად ორმოცი პროცენტი მოდის, მაგრამ ჰარისი ამას ეგუება. „იმისათვის, რომ მასშტაბებს მიაღწიოთ, ჯერ მთელი შესაძლებლობების კონცენტრირება უნდა მოახდინოთ”, – გვირჩევს იგი. მთავარია მივხვდეთ, როდის უნდა განვაგრძოთ მოძრაობა.

 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *