რენესანსის ქალი

როცა ნატალი შაჰინმა ვერ შეძლო თავისი სამეფო გემოვნების სადარი ავეჯის პოვნა, მან Josephine Homes-ი დააარსა, რათა სხვებისთვის მიეცა მეფე-დედოფლებივით ცხოვრების შანსი. 

მართალია, Josephine Homes-ის 13 წლის წინ გახსნილი შოურუმი სან-ფრანცისკოში, SoMa-სთან ახლო მდებარე დიზაინერულ შენობაშია განთავსებული, მაგრამ აღმოჩნდებიან თუ არა მნახველები შიგნით, თავი ბრჭყვიალა იტალიურ პალაცოში ჰგონიათ. შესასვლელი ჩუქურთმებიან, თეთრად შეღებილ ხის არშიაშია მოქცეული, იქვეა კარარის მარმარილოს რომანული სტილის სკულპტურა და დიდებული ფაიფურის შანდლები. მთელი ეს მორთულ-მოკაზმული დეკორაცია გაკეთებულია ზუსტად იმ მეთოდით, რომლითაც ეს სახლის მდიდრული დიზაინის ფირმა ყველა თავის დეტალს ქმნის: ხელით, იტალიაში.

 ყოფილი ინჟინრისა და ტექნოლოგიური აღმასრულებლის, ნატალი შაჰინის მიერ 2003 წელს დაფუძნებულ Josephine Homes-ს იტალიაში ხელოვანებისა და ხელოსნების ქსელი აქვს, რათა მთელ მსოფლიოში სახლებისა და მამულების ინტერიერები მოაწყოს. მის კოლექციაში ყველაფერს ნახავთ – ხელნაკეთი ავეჯითა და კერამიკით დაწყებული, ფრესკებითა და ხელით გამოყვანილი მინის ჭაღებით დამთავრებული. ბევრ ნამუშევარზე, რომელთა ფასი $2,000-დან $150,000-მდე მერყეობს, Swarovski-ს ბროლი ციმციმებს, ზოგს კი ოქროს ფოთლის დეტალი აქვს და ისე გამოიყურება, თითქოს პირდაპირ ვერსალიდან მოიტანესო. მოხატულ ჭერებსაც კი ნახავთ – მათთვის, ვისაც სურს, რომ საძინებელს სიქსტეს კაპელის ელფერი მისცეს.

Josephine Homes-ის ესთეტიკას შაჰინი რენესანსის, ამპირისა და ნეოკლასიკის კომბინაციად აღწერს, ოღონდ – ამერიკული ელემენტებით. მისი სტილი ამ ფორმების ზუსტ იმიტაციას არ წარმოადგენს, არამედ თანამედროვე მასალებსა და სტილთანაა გაზავებული. კოლექციის მიზანი, საბოლოოდ, ისაა, რომ პრაქტიკული და გამძლე იყოს.

რაც შეეხება შაჰინის კომპანიის გაყიდვებს, მისმა დიზაინერებმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, $1-მილიონიანი პროექტი 2013 წელს განახორციელეს, როცა შანხაიში ხუთსაძინებლიანი კერძო სახლის დიზაინზე იმუშავეს და აპარტამენტები ავეჯით გააწყვეს. როცა შაჰინს არა აქვს რაიმე კონკრეტული დეტალი, რაც მის კლიენტს სურს, და როცა ეს დეტალი ჯდება ზოგად ესთეტიკაში, ის მას აუცილებლად შექმნის. ნაპოლეონის პირველი ცოლის მსგავსად, რომლის სახელსაც ატარებს კომპანია, Josephine Homes-საც სჯერა ზღვარგადასული ფუფუნების. „მან პრაქტიკულად, გააკოტრა [ნაპოლეონი], – ღიმილით ამბობს შაჰინი. – ლამაზ ნივთებზე უარის თქმა არ შეეძლო“.

55 წლის შაჰინი ირანში, თეირანში გაიზარდა და 18-ის იყო, როცა ოჯახთან ერთად, სან-ფრანცისკოს ყურეში გადასახლდა. სანამ სან-ფრანცისკოს სახელმწიფო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების დიპლომს აიღებდა, მანამდე კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში, ლიტერატურას სწავლობდა. რამდენიმე წელი კომპიუტერულ მეცნიერებას ასწავლიდა და თითქმის ოცი წელი ინჟინრად და მენეჯერად გაატარა რიგ ტექნოლოგიურ კომპანიებში, მათ შორის, სამი წელი Oracle-ის მარკეტინგის დირექტორადაც იმუშავა.

მაგრამ 2002 წელს ის უკვე მზად იყო, თავისი კორპორაციული ცხოვრება წარსულისთვის ჩაებარებინა. ქმართან, რაფატთან ერთად, რომელიც Josephine Homes-ის აღმასრულებელი დირექტორია, შაჰინმა ლამის ორი წელი სახლის მოწყობას დაუთმო. წყვილი სან-ფრანცისკოს ყურეში არსებული ხელოსნების დონითა და დიზაინერთა მომსახურებით უკმაყოფილო იყო. ჰოდა, იტალიაში წავიდნენ, რომ თავიანთი სახლისათვის ხელნაკეთი ავეჯი ეპოვათ. შაჰინმა ამ პროცესით ძალიან ისიამოვნა და როცა თავის სახლზე მუშაობა დაასრულა, იმდენმა მეგობარმა და ოჯახის წევრმა სთხოვა, მათ სახლების მოწყობაში დახმარებოდა, რომ მომდევნო წელს დიზაინისა და ავეჯის საკუთარი კომპანია დააარსა.

მისმა გატაცებამ ნაყოფი გამოიღო. გასულ წელს Josephine Homes-ის შემოსავალმა $5 მილიონს გადააჭარბა, რაც 2014 წელთან შედარებით, 27%-ზე მაღალი ზრდაა. 2007 წელს კომპანია უკვე მოგებაზე მუშაობდა და, შაჰინის თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მისი რენტაბელურობა, წელიწადში, საშუალოდ 4%-ით იზრდებოდა. გატაცება და საქმის ერთგულება გვერდზე რომ გადავდოთ, შაჰინი წარმატებას, დიდწილად, იმას მიაწერს, რომ მცირე რესურსებით ის მაღალი დონის ღირებულებას ქმნის. ერთადერთი ადამიანი, ვინც Josephine Homes-ში სრულ განაკვეთზე მუშაობს, თავადაა, და ეს მუდამ ასე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ნახევარ განაკვეთზე მომუშავე ან კონკრეტულად ამა თუ იმ პროექტისთვის მოწვეული 15 თანამშრომელი ჰყავს. გარდა ამისა, იტალიაში აქვს ფართო ქსელი, რომელიც 150-ზე მეტი ოსტატის, სახელოსნოს, ქარხნისა და დიზაინერისგან შედგება. შაჰინი ამბობს, რომ მისი ბიზნესის განვითარებაში წვლილი შეაქვს მის მჭიდრო კავშირსაც ტექნოლოგიასთან. კომპანიის ვებგვერდი მან 2003 წელს ჩაუშვა და ქმართან ერთად შექმნა ბიზნესმოდელები, რომლებიც ფინანსური საკითხებისა და ინვენტარისთვის თვალის მიდევნების საშუალებას იძლევა. ცოლ-ქმარი თავიანთ საინჟინრო უნარებს იმისთვისაც იყენებს, რომ თავიანთი ავეჯისა და ლოგისტიკის სტრუქტურულ გამძლეობაში დარწმუნდნენ, რაც ამ ავეჯის – მაგალითად, გუმბათოვანი ჭერის საკიდების – დასამონტაჟებლადაა საჭირო.

მაგრამ მდიდრული დიზაინის ბიზნესის შექმნა მთლად უხარვეზოდ როდი მიმდინარეობდა. როცა Josephine Homes-ი პირველად გამოვიდა ასპარეზზე, მისი ესთეტიკა ზედმეტად მრავალფეროვანი იყო, რამაც გაყიდვები გაართულა. ამიტომ, 2005 წელს შაჰინმა ფოკუსი იტალიაში დამზადებულ დეტალებზე გადაიტანა. 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, როცა ავეჯის სხვა მწარმოებლებმა უფრო იაფი დეტალების დამზადება დაიწყეს, შაჰინმა კომპანიაში კიდევ უფრო მეტი ფული ჩადო, საშუალო დონის ბაზრისთვის განკუთვნილ პროდუქტებზე, ფაქტობრივად, უარი თქვა და უფრო ძვირად ღირებულ დეტალებზე მოახდინა კონცენტრაცია. 2008 წელს მან გაყიდვების მოდელსაც უცვალა სახე და სან-ფრანცისკოში, როგორც დიზაინერებისთვის, ისე უკვე მომხმარებლებისთვის, Josephine Homes-ის შოურუმი გახსნა.

2013 წელს ერთმა კლიენტმა, ემი რიზ ანდერსონმა – ე.წ. ასაინვესტიციო ფირმის, REES Capital-ის დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა – სოლტ-ლეიკ-სიტისთან ახლომდებარე სახლისთვის შაჰინისგან ავეჯი შეიძინა. გარდა იმისა, რომ ანდერსონი აფასებს იმ დეტალების ხარისხს, რაც მან შაჰინთან ერთად შექმნა, ის მოხიბლულია კომპანიის შემოსავლით და მიაჩნია, რომ კომპანიის თანამშრომელთა უმნიშვნელო რაოდენობის გათვალისწინებით, Josephine Homes-ის ზრდა „დაუჯერებელია“.

„იქ გაუთავებლად განვახორციელებდი ინვესტიციას, – ამბობს ანდერსონი და აღნიშნავს, რომ შაჰინმა მას იმ დონის სერვისი შესთავაზა, სხვაგან რომ ვერსად იპოვა. – ინვესტორი რომ ვიყო, იმის შემეშინდებოდა, რომ მთავარი როლი ამ ყველაფერში მის პირად ხელწერას უკავშირდება. უნდა მიხვდე, როგორ აღიქვა ამისგან დამოუკიდებლად“.

ბიზნესის კიდევ უფრო გასაფართოებლად და ისეთ უფრო მსხვილ კომპანიებთან კონკურენციის მიზნით, როგორიცაა Francesco Malon-ი, შაჰინი გეგმავს, აშშ-ს გასცდეს. მიზნად აქვს დასახული, თავისი პირველი მაღაზია სან-ფრანცისკოში გახსნას და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შოურუმები ლოს-ანჯელესში, ნიუ-იორკსა და დალასში დაამატოს. გაფართოებისთვის ვენჩურულ დაფინანსებასაც განიხილავს.

მაგრამ არის ბიზნესში ერთი ასპექტი, რასაც შაჰინი ნამდვილად არ შეცვლის. „ჩვენ მასობრივად არ ვაწარმოებთ და არც გვინდა, ვაწარმოოთ, – პირდაპირ ამბობს ის. – ეს დეტალები ჩვენი შექმნილია და გვინდა, რომ ყოველ მათგანს პიროვნულობა შევუნარჩუნოთ. ამათთან ერთად ცხოვრება, ხელოვნებასთან ცხოვრებაა“. 

წინა სტატია

ელექტრონული გადახდების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე
03 მაისი, 2016

შემდეგი სტატია

სტუმარი ინვესტორი
04 მაისი, 2016
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა