რამდენად ვენდობით საკუთარ ინტუიციას?

“ინტუიცია?! ეს არის ფიქრისგან, ლოგიკისა და ანალიზისგან სრულიად განსხვავებული რამ. ეს არის ცოდნა ცოდნის გარეშე” –  სოფი ბერნამი, ავტორი ბესტსელერისა “ინტუიციის ხელოვნება”.

როცა გზის გასაყარზე ვართ და გვინდა გავიგოთ, საით წავიდეთ, რა გავაკეთოთ, ჩვენი მეექვსე გრძნობა ჩვენ გვერდითაა, “აკვირდება” სიტუაციას და “გვკარნახობს” სწორ მიმართულებას. მაგრამ ყოველთვის ვუგდებთ ყურს ჩვენს შინაგან ხმას?! ვაქცევთ ყურადღებას, რას მიგვანიშნებს?! მივყვებით კი ცხოვრებას იმ ბილიკებით, რაც ინტუიციურად ვიგრძენით?! ინტუიციის ჯეროვანი დაფასება, ცხოვრების გზამკვლევად მისი აღიარება, კარიერასა და ყოველდღიურობაში წინსვლისა და განვითარების ერთ-ერთი არსებითი საშუალებაა.

დღესდღეობით მართვის პროცესებში წინა პლანზე წამოიწია ინტუიციური შეგრძნებებისა და ანალიზის მნიშვნელობამ. უფრო მეტიც: მენეჯმენტის ზოგ სკოლებში ინტუიციის გამახვილებისა და პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის უნარებს ცალკე სასწავლო კურსი ეთმობა. პიროვნული ზრდით დაინტერესებული ადამიანები ფაქტობრივად არც მიჯნავენ ინტუიციას სათანადო გათვლების აუცილებლობისგან. შესაბამისად, მათთვის ჩვეული ამბავია გადაწყვეტილების მიღება ინტუიციაზე დაყრდნობით.

მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები, ვინც გადამწყვეტ პროცესებში ინტუიციას არსებით როლს ანიჭებს. მახვილი ინტუიცია ფასდაუდებელი რესურსია პიროვნულ თუ პროფესიულ განვითარებაში. აქვე ტრადიციულად ლირიკული გადახვევა: დღემდე მამხნევებს თანაგანცდა, საქმიანობის საწყის ეტაპებზე როგორ მეხმარებოდა შინაგანი ხმა გარკვეული გეზის შერჩევაში. ოღონდ მაშინ ვერც ვბედავდი მასზე აღმატებით ხარისხში საუბარს. არადა, ყოველთვის ზუსტად მიმანიშნებდა, რა როგორ გამეკეთებინა. ერთ ასეთ ისტორიას გავიხსენებ: ახალი ობიექტის გახსნის სამზადისში ვართ, არის ფაცაფუცი და აზრთა ჭიდილი. მე ჩემმა ინტუიციამ მიკარნახა, რისი გაკეთება იყო უმჯობესი. გამოვთქვი კიდევაც ჩემი შეხედულება. დამაჯერებლობის შესამატებლად მარტივ ხერხს მივმართე – კომპეტენტურმა ადამიანმა მირჩია-მეთქი. ვინ არისო, მკითხეს. ვერ გეტყვით, რადგან კონფიდენციალურად გაგანდეთ ეს მოსაზრება. თუმცა “მიენდე, მაგრამ გადაამოწმეს” პრინციპით, დავტესტოთ და გავიგოთ, რამდენად გამოსადეგია – მივუგე მშვიდად. გამოვიკითხეთ გარშემო მყოფთა აზრი. კვლევა საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა, ბევრ სხვა მიგნებებთან ერთად ზუსტად დაემთხვა ჩემი შინაგანი ხმის კარნახს. ორმაგად ბედნიერი ვიყავი – ერთი, რომ გამიმართლა არჩევანმა და მეორეც, ვისწავლე ბალანსის დაცვა გულსა და გონებას შორის. სხვათა შორის, ასეთი ტანდემი უმაღლესი მიღწევაა სულიერი ჰარმონიისათვის. რაც შეეხება ჩემი ისტორიის გაგრძელებას, გავიმყარე ნდობა და კომპეტენტურობა. ყველაფერმა კარგად რომ ჩაიარა, კიდევ ერთხელ დაინტერესდნენ “ინკოგნიტო” გამჭრიახი მრჩევლის ვინაობით. ღიმილით გავაცანი – მეექვსე გრძნობა, რომელიც ნებისმიერ ჩვენგანს თან დაგვყვება. მგონი, მაშინ ხუმრობად მიიღეს ჩემი ნათქვამი, თუმცა შემდგომშიც, სხვა აქტუალური საკითხების განხილვის დროს, არაერთხელ ჩამირთავს გულის ნაკარნახევი და “გამოცდა” წარმატებით ჩაგვიბარებია.

ჩემს პირად გამოცდილებას წონა რომ შევმატო, გაგაცნობთ, რას წერს ფსიქოლოგი გარი კლეინი თავის წიგნში “ინტუიციის ძალა”. ავტორის შეფასებით, ბიზნესარჩევანის გაკეთებისას კრიტიკულ გადაწყვეტილებათა 90% მიღებულია ინტუიციაზე დაყრდნობით. სრულ ჭეშმარიტებადაც რომ არ ჩავთვალოთ ასეთი დასკვნა, ნებისმიერი მიდგომა ნაწილობრივ მაინც იზიარებს არჩევანის გადასაწყვეტად გულიდან წამოსულ შეგრძნებებს.

პიროვნულ ურთიერთობათა დონეზე თუ შევხედავთ, ინტუიცია არასდროს გვღალატობს. დავფიქრდეთ, რამდენჯერ ყოფილა, რომ გავიცნობთ ადამიანს, თითქოს ყველაფერი რიგზეა, გარეგნობა, საუბარი, “მიხრა-მოხრა”, თუმცა ვგრძნობთ, “რაღაც ზედმეტად კარგია, რომ იყოს ნამდვილი”. მერე აღმოჩნდება, რომ მართლაც “სიზედმეტეა” სწორედ ის შენიღბული სიყალბე, რაც გულმა ამოიცნო და შინაგანმა ხმამ უტყუარი სიგნალი მოგვცა. მთავარია, ყურადღებით ვიყოთ და ეს ნიშანი არ გამოგვეპაროს ან ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს. როგორც დაკვირვებამ აჩვენა, ინტუიცია გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ ვის უნდა ვენდოთ და ვის გავერიდოთ, მისი მეშვეობით შეგვიძლია განვასხვაოთ რეალური საფრთხე წარმოსახვითი შიშისგან, ის მიგვანიშნებს დაავადებათა სიმპტომებზე და იცავს ჩვენს სიცოცხლეს, რაც მთავარია, გვაძლევს საშუალებას, მივიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილება, ეხება ეს რაიმე შენაძენს, განათლებისა და კარიერული წინსვლის საკითხებს თუ ყოფაცხოვრებისეულ არჩევანს. სწორედ ამიტომ, ფსიქოლოგების გარდა, არაერთი წარმატებული პიროვნება გვირჩევს, გამოვნახოთ დრო და ყური დავუგდოთ ჩვენს ინტუიციას.

თანამედროვე ცხოვრება გაცილებით უფრო დინამიკურია და ნაკლებად არის სტრუქტურულად მოწესრიგებული. მართალია, სპონტანურობა არ გვეპატიება, მაგრამ აჩქარებულ რეჟიმში მუშაობამ მიგვაჩვია მყისიერი გადაწყვეტილებების მიღებას გრძელჯაჭვიანი ლოგიკური მსჯელობისა და ხანგრძლივი განსჯა-მიმოხილვის სანაცვლოდ. “ეკონომიკის ზრდის პირობებში ინტუიცია ბონუსად გვაქვს, რასაც დამატებით ვიყენებთ, ხოლო ტურბულენტობის შემთხვევაში ისეთივე აუცილებელი იარაღია, როგორც მზარეულისთვის – გაზქურა”, – ასე მხატვრულად გვიხსნის ირინა ხაკამადა.

ცხადია, ინტუიცია უდიდესი რესურსია, თუმცა მისი გადაფასება არ უნდა მოხდეს და მარტოოდენ შინაგან შეგრძნებათა გათვალისწინებით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ერთ-ერთი ცნობილი ქოუჩი, “ფორბსის” პუბლიკაციათა ავტორი, ბონი მარკუსი აღნიშნავს, რომ ლიდერშიპის უმნიშვნელოვანესი იარაღია ინტუიციასთან შეჯერებული ობიექტური მონაცემები.

მოდი, ცოტა სიღრმისეულად განვმარტოთ, რას ნიშნავს ინტუიციისა და რაციონალიზმის ტანდემი. ინტუიციის ქვეშ იგულისხმება ყველაფერი, რაც ვიცით, გვესმის, გვჯერა ინსტინქტების დონეზე ანუ შეგრძნებებითა და შინაგანი ბუნებით ფაქტობრივი არგუმენტების გარეშე. როდესაც ასეთ ირაციონალურ პროცესებს ფიქრისა და განსჯის ელემენტებით შევავსებთ, საბოლოოდ ვიღებთ ყველაზე უფრო შემოქმედებით ლოგიკურ დასკვნებს.

ჟურნალ “ფორბსის” კიდევ ერთი ავტორის, თომას ჩემორო-პრემიუზიქის სტატიაში ამოვიკითხე, რომ მენეჯმენტის უახლესი გამოწვევაა ისეთი ლიდერები, რომლებიც გამოირჩევიან ლოგიკური, ემპირიული და ინტუიციური აზროვნების სტილით. მოვლენათა შეფასებისას ისინი აბალანსებენ სტატისტიკურ ინფორმაციას, ალგორითმებსა და ინტუიციის გამოძახილს.

დაბოლოს, ალბერტ აინშტაინის მრავალი წლის წინანდელი ლოგიკური ჭეშმარიტება: “რაციონალური გონება ერთგული მსახურია, ხოლო ინტუიციური აზროვნება – ღმერთისგან ბოძებული ნიჭი. ჩვენ შევქმენით საზოგადოება, სადაც მსახურნი უფრო ფასობენ, ვიდრე საჩუქარი. ჩვენ ვერ გადავწყვეტთ პრობლემებს აზროვნების იმავე საფეხურიდან, რომელზეც სამყაროს შექმნის საწყის ეტაპზე ვიმყოფებოდით. ყველაზე მეტად უახლესი საუკუნე მოითხოვს აზროვნების ახლებურ მიდგომას: ჩვენ უნდა შევცვალოთ ანალიზზე დაფუძნებული გარემომცველი მატერიალური სამყარო გაცილებით ფართო მრავალგანზომილებიანი პერსპექტივებით”.

წინა სტატია

პანამის დოკუმენტები: მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე
13 მაისი, 2016

შემდეგი სტატია

აპრილში ექსპორტი შემცირდა, ხოლო იმპორტი გაიზარდა
13 მაისი, 2016
ნინო ზამბახიძის სიტყვა თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრისას
ახალი ამბები ქართულად | თებ, 08, 2019
საქართველოს ბანკმა ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა
საქართველო | იან, 28, 2019
ბაია აბულაძე Forbes 30 Under 30 სიაშია
ახალი ამბები ქართულად | თებ, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა