მოგების გადასახადის რეფორმა. მითები და სინამდვილე

წლის დასაწყისში დაანონსებული მოგების გადასახადის "ესტონური მოდელის" მიხედვით რეფორმის შესახებ რამდენიმეთვიანმა დისკუსიამ ფინანსთა სამინისტროდან, პროფესიული და ბიზნესწრეებიდან საკანონმდებლო ორგანოს კედლებში გადაინაცვლა. ახლა მოგების გადასახადის გადამხდელთა ყურადღება საქართველოს პარლამენტისკენ არის მიმართული, სადაც დაწყებულია მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის განხილვა.

ინიციატივა განსაკუთრებულია, რასაც ადასტურებს კანონპროექტის ინიციირებამდე განხორციელებული ღონისძიებების მასშტაბურობა და დაინტერესებულ პირთა ჩართულობა. ფინანსთა სამინისტროს მონაწილეობით ოცზე მეტი შეხვედრა მოეწყო სხვადასხვა მხარესთან. დეტალურად განიხილეს რეფორმის პრინციპები და კანონპროექტის პირველადი ვერსიები, მოისმინეს ბიზნესსექტორისა და სპეციალისტთა შენიშვნები. კანონპროექტის განხილვებში მონაწილეობას იღებდა შესაბამისი გამოცდილების მქონე ესტონელი ექსპერტიც.

ბიზნესის წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობის მიუხედავად, რეფორმასთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი საჭიროებს დამატებით განმარტებას, რათა თავიდან იქნას აცილებული რეფორმის მიზნისა და ზოგიერთი არასასურველი შედეგის არაკორექტული ინტერპრეტაცია.

მაგალითად, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია რეფორმის ამოქმედების თარიღის 2016 წლის პირველი ივლისიდან 2017 წლის დასაწყისამდე გადავადებამ. აღნიშნულთან დაკავშირებით, საფუძველს არ არის მოკლებული იმ კომპანიებისა და სპეციალისტთა პოზიცია, რომლებიც რეფორმის ამოქმედებას საგადასახადო წლის დასრულების შემდეგ მიიჩნევენ მიზანშეწონილად. რეფორმის შუა წლიდან ამოქმედება გამოიწვევდა მოგების წლიური გადასახადის ექვსთვიან გადასახადად გადაქცევას 2016 წლის პერიოდისათვის, რაც არაერთ სირთულეს, ბუნდოვანებასა და დამატებით დანახარჯებს წარმოშობდა ადმინისტრირების კუთხით. იმავდროულად, პროცესის ამგვარი ფორმით დაჩქარება ნაკლებ დროს დაუტოვებდა ბიზნესის წარმომადგენლებს რეფორმის არსში გარკვევისთვის და სახელმწიფო აუდიტორებს – დაბეგვრის მეთოდოლოგიის შემუშავებისთვის, რაც აუცილებლად გამოიწვევდა საგადასახადო რისკების გაზრდას და ორივე მხარის დაზარალებას. მეტიც, კანონპროექტი ამ დრომდე საჭიროებს ტექნიკურად გამართვას და არაერთი მნიშვნელოვანი შესწორება არის ამ კუთხით მოსალოდნელი მის დამტკიცებამდე და საბოლოო ამოქმედებამდე.

გავრცელებულია აზრი, რომ ადრე დაბეგრილი მოგება რეფორმის შემდგომ პერიოდში განაწილების შემთხვევაში ხელახალ დაბეგვრას დაექვემდებარება. ამ შეშფოთებას ჯერჯერობით აქვს საფუძველი, მიუხედავად იმისა, რომ ორმაგი დაბეგვრის თავიდან ასაცილებლად კანონპროექტი ითვალისწინებს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის მექანიზმს. კანონპროექტში წარმოდგენილი სპეციალური ფორმულის მიხედვით, ჩასათვლელი გადასახადი ანგარიშდება უკვე დაბეგრილი მოგებიდან განაწილებული დივიდენდის სპეციალურ კოეფიციენტზე ნამრავლით. აღნიშნული კოეფიციენტი კი წარმოადგენს გასული წლების მიხედვით უკვე გადახდილი მოგების გადასახადის საშუალო ეფექტიან განაკვეთს. აქედან გამომდინარე, შემოთავაზებული პრინციპი სამართლიანია რეფორმამდელ წლებში წარმოშობილი მოგებიდან უკვე გადახდილი გადასახადის კალკულაციის მიზნებისათვის. თუმცა პრობლემას წარმოშობს ის ფაქტი, რომ ხსენებული კოეფიციენტი ანგარიშდება 2012-2016 წლების მონაცემების მიხედვით, რაც რიგ შემთხვევებში გამოიწვევს რეალური სურათის დამახინჯებას და 2012 წლამდე წარმოშობილი მოგების განმეორებით დაბეგვრას ან მოგების დაუბეგრავად გატანას. ამ პრობლემას ამძიმებს ის ფაქტი, რომ დასაბეგრ განაწილებად ითვლება არა მარტო დივიდენდის გატანა, არამედ მოგების გატანა დაგროვილი კაპიტალის შემცირების გზითაც. აქედან გამომდინარე, მრავალ საწარმოს უსამართლოდ შეეზღუდება და დაებეგრება კაპიტალის გატანის ოპერაციები. პრობლემის გადასაჭრელად ფინანსთა სამინისტრო გეგმავს ზემოხსენებული პერიოდის მაქსიმალურად გაზრდას, რაც წარმოადგენს ხსენებული კოეფიციენტის დაბალანსებისა და განმეორებით დაბეგვრის თავიდან აცილების ეფექტიან გზას.

ზოგიერთი კომპანია მიიჩნევს, რომ დაბეგვრის ახალ რეჟიმზე გადასვლით მათი მდგომარეობა დამძიმდება. ამ კომპანიათა ერთი ნაწილი მიმდინარე პერიოდში სარგებლობს მოგების გადასახადის შეღავათიანი რეჟიმებით, როგორიცაა: ძირითადი საშუალების ღირებულების სრულად გამოქვითვის უფლება, დაჩქარებული ამორტიზაციის უფლება, კაპიტალური რემონტის ნაწილის სრულად გამოქვითვის უფლება და სხვა. ამგვარ კომპანიათა მეორე ნაწილი კი სარგებლობს საგადასახადო ზარალის გადატანის უფლებით და საერთოდ არ იხდის მოგების გადასახადს, მიუხედავად იმისა, ანაწილებს თუ არა დივიდენდს. მოქმედი შეღავათები იმავე მიზანს ემსახურება, რასაც ისახავს რეფორმა – დროებით ავადებს მოგების გადასახადის გადახდის დროს და აბალანსებს მოგების გადასახადს საშუალოვადიან პერიოდში. ამგვარი შეღავათების შენარჩუნება შეუძლებელი იქნება დაბეგვრის ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ და დაექვემდებარება გაუქმებას. იმავე მიზნების მიღწევას ემსახურება მოგების გადასახადის რეფორმა, რომელიც უფრო მოქნილ რეჟიმს და მასშტაბურ შეღავათებს ადგენს. მოქმედი შეღავათების ჩანაცვლებით საგადასახადო ტვირთის გაზრდა მოსალოდნელია მხოლოდ ფინანსურად მოგებიანი და რეინვესტირებაზე ნაკლებად ორიენტირებული კომპანიებისთვის, რომელთა შეღავათიან რეჟიმში მოქცევაც, წესით, არც წინა კანონმდებლის მიზანი არ უნდა ყოფილიყო. გრძელვადიან პერიოდში ჯამური საგადასახადო ტვირთი არ გაიზრდება არც ამგვარი კომპანიებისთვის, ხოლო მოგების გადასახადის დროებითი გაზრდის თავიდან აცილება მარტივად იქნება შესაძლებელი მიღებული მოგების ინვესტირებისკენ მიმართვის გზით.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შეშფოთებას არა აქვს მყარი საფუძველი, გადაუწყვეტელი რჩება ზოგიერთი ისეთი საკითხი, რაც გამოიწვევს კომპანიათა ნაწილის უარყოფით დამოკიდებულებას. კერძოდ, მოგების გადასახადის ახალი სისტემა ითვალისწინებს კომპანიის მიერ ოფშორში რეგისტრირებული პირებისათვის და ფიზიკური პირებისთვის სესხებისა და სხვა თანხების გადაცემის ოპერაციების „დროებით“ დაბეგვრას გადასახადით, რომელიც კომპანიას ბიუჯეტიდან დაუბრუნდება გადაცემული სესხების/თანხების დაბრუნებისთანავე. აღნიშნული რეგულაცია მნიშვნელოვან პრობლემებს და დანახარჯებს წარმოშობს ამგვარი ოპერაციების განმახორციელებელი კომპანიებისათვის. თუმცა აღსანიშნავია, რომ დროებითი დაბეგვრის ამგვარი მექანიზმის დაწესება არ უნდა იქნას განხილული რაიმე ტიპის საქმიანობის ან ოპერაციების შეზღუდვის მცდელობად. მსგავსი მექანიზმების დანერგვა დაბეგვრის ახალი სისტემის ფარგლებში გარდაუვალია და გააჩნია ლეგიტიმური მიზანი – შეიზღუდოს მოგების შენიღბული განაწილება და გადასახადის გადახდისგან თავის არიდება. სახელმწიფოს ამგვარი ინტერესი გათვალისწინებულ უნდა იქნას მათ მიერ, რომლებიც ზემოაღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის ალტერნატიულ გზებს სთავაზობენ კანონპროექტის ავტორებს.

ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს საკითხთა იმ მცირე ჩამონათვალს, რაც წამოიჭრა და აქტიურად განიხილება მოგების გადასახადის რეფორმის განხილვების პროცესში. ერთი რამ ცხადია - რეფორმის ინიციირების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები, პროცესის გამჭვირვალობა და მრავალი მხარის აქტიური ჩართულობა აღნიშვნის ღირსია. თვითონ რეფორმა კი ქვეყნის ეკონომიკისთვის განსაკუთრებულ მიზნებს ისახავს და უპრეცედენტოა თავისი მნიშვნელობით.

რეფორმის არსი და მოლოდინი

საქართველოში დღეს მოქმედებს მოგების გადასახადის კლასიკური – ორეტაპიანი დაბეგვრის სისტემა. პირველ ეტაპზე, გადასახადი (15%) გადაიხდება საწარმოს მოგების წარმოშობისას. შემდგომ, თუ დამფუძნებელი რეზიდენტი საწარმოა, მისთვის დივიდენდის გადაცემა არ იბეგრება. მეორე ეტაპზე დაბეგვრა (5%) ხდება მხოლოდ დივიდენდის საბოლოო განაწილებისას ფიზიკური პირისთვის ან არარეზიდენტისთვის. რეფორმის შედეგად, გადასახადის განაკვეთები იგივე დარჩება, პრაქტიკულად არ შეიცვლება დაბეგვრის ობიექტიც, თუმცა მაქსიმალურად გადავადდება მოგების პირველ ეტაპზე დაბეგვრის დრო – ფიზიკური პირის ან არარეზიდენტის მიერ დივიდენდის გატანის მომენტამდე.

უდავოა, რეფორმა მნიშვნელოვან პირდაპირ ეფექტს მოახდენს იმ საწარმოთა საქმიანობაზე, რომლებიც იურიდიული პირის ფორმით არიან რეგისტრირებული. ის თანხები, რომლებიც მოგების გადასახადის სახით მოგების წარმოშობისთანვე გადაიხდებოდა ბიუჯეტში, საწარმოს განკარგულებაში დარჩება მოგების საბოლოო განაწილებამდე ან ქვეყნიდან გატანის მომენტამდე. ამგვარი რეგულაციის შემოღება გაზრდის კომპანიების წვდომას ფულად სახსრებზე და წაახალისებს მიღებული მოგების რეინვესტირებას იმავე ან ახალ საქმიანობაში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმავე ოდენობის შემოსავლების მიღება გადაუვადდება ქვეყნის ბიუჯეტსაც. USAID-ის მხარდაჭერით მომზადებული კვლევის მიხედვით, საბიუჯეტო შემოსავლები 3%-ით შემცირდება, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით კი 2017 წლის საბიუჯეტო შემოსავლები 500-900 მლნ ლარით შემცირდება.

წინა სტატია

Porsche Cayenne-ის ახალი თაობის ავტომობილი მსოფლიოში ყველაზე სწრაფი კროსოვერი იქნება
24 მაისი, 2016

შემდეგი სტატია

აპრილში ლარში განთავსებული დეპოზიტები 242 მილიონით გაიზარდა
25 მაისი, 2016
ივლისში საქართველოში რეკორდული რაოდენობის ტურისტი შემოვიდა
საქართველო | აგვ, 05, 2019
"ფინკა ბანკის" ახალი ბიზნესმოდელი
ინტერვიუ | ივლ, 31, 2019
მსოფლიოს უმსხვილესი ბანკების ათეული
რეიტინგი | აგვ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა