ხელფასების ტურბულენტი

დასაქმება საქართველოსთვის კვლავაც აქტუალურ საკითხად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უმუშევრობის დონე 2014 წლის მონაცემებით 12.4%-მდე შემცირდა, რეგიონში საქართველო კვლავაც მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა.

EY საქართველოს მიერ ჩატარებული სახელფასო და საკომპენსაციო კვლევის მიხედვით, საქართველოს შრომის ბაზარზე 2015 წელს არაერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა. კვლევაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივ ბაზარზე მოქმედმა 36-მა წამყვანმა დამსაქმებელმა. მათ შორის 30% წარმოადგენს საბანკო და საფინანსო სექტორს, 20% – ფარმაცევტულ სექტორს, 13% – ფართო მოხმარების საგნების სექტორს, 7% – წარმოებას, 7% – ვაჭრობას, 7% – ჰორეკას სექტორს, 7% – ტრანსპორტსა და ლოგისტიკას, 3% – ტელეკომუნიკაციებს, ხოლო კომპანიების 6% სხვა სექტორების წარმომადგენლები არიან.

კვლევა მოიცავს 2014 წლის ივლისიდან 2015 წლის ივნისის ჩათვლით შუალედს. ამ პერიოდში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 4.5% შეადგინა (2015 წლის ივნისის მონაცემის თანაფარდობა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან), ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა 27%-ით გაუფასურდა აშშ დოლარის მიმართ (2015 წლის ივნისის მონაცემის თანაფარდობა წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან). მოცემული მაკროეკონომიკური გარემოს გათვალისწინებით, გარკვეული ცვლილებების განხორციელება გახდა საჭირო შრომითი რესურსების მართვის პოლიტიკის კუთხით. ერთი მხრივ, დამსაქმებლებმა სავალუტო რეგულაციები შეცვალეს: 2014 წელთან შედარებით, 5 პროცენტული პუნქტით შემცირდა უცხოურ ვალუტაში გამოხატული ხელფასების წილი, რაც ყველაზე მეტად საშუალო და ქვედა რგოლის თანამშრომლებზე აისახა. დამსაქმებლები გეგმავენ კიდევ უფრო გაზარდონ ეროვნულ ვალუტაში გამოხატული ხელფასების წილი საერთო სახელფასო ბიუჯეტში.

მეორე მხრივ, დამსაქმებლების 83%-მა თანამშრომლებს ნომინალური ხელფასების ოდენობა საშუალოდ 12%-ით გაუზარდა. ცვლილება ძირითადად ყველა თანამშრომელს ერთდროულად შეეხო. მონაცემები შარშანდელი მაჩვენებლებისგან საკმაოდ განსხვავდება. გასულ წელს დამსაქმებლების მხოლოდ 68%-მა გადახედა ხელფასებს თანამშრომელთა 60%-თვის. მსგავსი ქმედება შეიძლება ავხსნათ იმით, რომ კომპანიებმა გარკვეულწილად დააკომპენსირეს თანამშრომლების განწყობა შემცირებულ მსყიდველუნარიანობასთან დაკავშირებით. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ 2016 წლისთვის დამსაქმებლები ხელფასების საშუალოდ 8%-იან ზრდას გეგმავენ.

თუ გადავავლებთ თვალს ფულადი ანაზღაურების წლიურ მონაცემებს, მართლაც შეინიშნება ხელფასების ზრდის ტენდენცია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თითოეული კომპანიის შიგნით ხელფასებს შორის დიაპაზონი მცირდება და გათანაბრების დადებითი ტენდენცია შეინიშნება. საშუალო რგოლის ხელმძღვანელობისა და სპეციალისტების ხელფასების შეფარდება 4-დან 2,8-მდე (მედიანა), ხოლო ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასების შეფარდება ორჯერ, 32-დან 16-მდე (მედიანა), შემცირდა.

ხელფასების გაზრდა დამსაქმებლებმა ნაწილობრივ არაფულადი სარგებლის შემცირების ხარჯზე შეძლეს. თუმცა სარგებლის ისეთი საკვანძო კომპონენტები, როგორიცაა სამედიცინო დაზღვევა, ტრენინგები, ტრანსპორტირება სამუშაო ადგილამდე, მობილური კომუნიკაციის ხარჯებითა და მანქანით უზრუნველყოფა – თითქმის უცვლელია. ხარჯების ოპტიმიზაცია მოხდა შემდეგი სარგებლის შემცირების მეშვეობით: სპორტული აქტივობების ხარჯების ანაზღაურება, ჩაით/ყავით უზრუნველყოფა, კორპორაციული და გუნდური ღონისძიებების მოწყობა.

აღსანიშნავია, რომ თანამშრომლებს სულ უფრო მეტად აქვთ მოქნილი გრაფიკის გამოყენების და სახლიდან მუშაობის შესაძლებლობა. ამასთან, მნიშვნელოვნად იკლო არარეგულარული სამუშაო დღის პრაქტიკამ. ერთი მხრივ, ეს ტენდენცია შესაძლოა გამოხატავდეს დამსაქმებლის კეთილ ნებას, რომ გააუმჯობესოს სამუშაო დღის განრიგის პირობები დასაქმებულთათვის, ხოლო მეორე მხრივ, იმ კომპანიების მიერ, რომლებიც ზეგანაკვეთურ შრომას ანაზღაურებენ, მსგავსი ცვლილების გატარების საბაბი შესაძლოა ეკონომიკური ეფექტის მიღებით იყოს განპირობებული.

გასული წლის მონაცემთან შედარებით, შრომის ბაზარზე დენადობის კოეფიციენტი ორჯერ გაიზარდა და 16%-ს მიაღწია. აქედან 10% შეადგენს ნებაყოფლობითი დენადობის კოეფიციენტს. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტსაც, რომ კომპანიების 40%-ს დაგეგმილი აქვს თანამშრომელთა რაოდენობის ზრდა, დამსაქმებლებს უფრო მეტად უწევთ კადრების მოძიება, რომ არსებულ პოზიციებზეც იპოვონ შემცვლელები და კომპანიის გაზრდილ საჭიროებებსაც უპასუხონ. შესაბამისად, გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობაც თვის ჭრილში საშუალოდ 8-დან 19-მდეა გაზრდილი.

გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული კვლევა ეფუძნება ბაზრის წამყვანი კომპანიების მონაცემებს და შესაძლოა მოცემული ტენდენციები ნაწილობრივ ან/და გარკვეული პერიოდის შემდეგ შრომის მთლიან ბაზარზეც ვრცელდებოდეს.

EY საქართველო Forbes-ის მკითხველებს მომავალშიც შემოგთავაზებთ ინფორმაციას შრომის ბაზრის უახლესი ტენდენციებისა და აქტუალური საკითხების შესახებ.

 

წინა სტატია

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე დაგეგმილზე მეტი ფული იხარჯება
01 ივნისი, 2016

შემდეგი სტატია

Forbes Georgia. 2016 წლის ივნისის ნომერი
02 ივნისი, 2016
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა