ევრო 2016 და კოპა ამერიკული ოცნება

ევროპაში საფეხბურთო ისტერია უკვე ატყდა, ამერიკაში საფეხბურთო ისტორია ახლა იწერება. რიცხვები შთამბეჭდავია, თამაში – ვნახოთ.

ივნისის მოსვლით ორი მარტივი ჭეშმარიტების დადგენა შეგვიძლია – ა) მართლაც დადგა ნანატრი ზაფხული. ბ) მთელი თვის განმავლობაში ტელევიზორის ეკრანი სხვადასხვა ფერის მაისურებში გამოწყობილ ფეხბურთელებს ექნებათ ოკუპირებული. წინ ორი დიდი საფეხბურთო მოვლენა – კოპა ამერიკა და ევროპის ჩემპიონატი გველოდება.

3 ივნისს მსოფლიოს 50 ქვეყანაში მცხოვრები მილიონობით ადამიანის მზერა სანტა-კლარას სტადიონისკენ იქნება მიმართული, სადაც სტარტს კოპა ამერიკა აიღებს – ყველაზე მოხუცი საფეხბურთო ტურნირი, რომელსაც სულ მალე 100 წელი შეუსრულდება. ჩემი კოლუმბიელი მეგობარი კევინი სამშობლოდან მოკითხვას მითვლის და მეუბნება, რომ კოპასთვის განკუთვნილი ნივთებისა და აქსესუარების გაყიდვა ბოგოტაში უკვე პიკს აღწევს. მისი აზრით, წლევანდელი პირველობა გამორჩეული იქნება. კევინი არ ცდება, კოპა ამერიკა მართლაც გამორჩეული იქნება, ვინაიდან ის წლევანდელი ზაფხულის შემდეგ სამუდამოდ შეიცვლება.

2015 წელს, ორგანიზატორების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, საუკუნოვანი არსებობის მანძილზე პირველად, ჩემპიონატი სამხრეთ ამერიკას დატოვებს და აშშ-ში გაიმართება. კალკულატორის ეკრანზე გამოსახული ციფრები გვეუბნება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რევოლუციურია.

წინასწარი ვარაუდით, აშშ-ის ათ სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ სტადიონებზე საშუალოდ თითო თამაშის დროს 55 ათასი გულშემატკივარი მოიყრის თავს, ჯამში კი მათი რიცხვი 1,5 – 2 მილიონს მიაღწევს, რაც შეჯიბრისთვის რეკორდული რაოდენობა იქნება და შარშანდელ მონაცემებს თითქმის სამჯერ გადაასწრებს. ბილეთის ოფიციალური ფასი 50-დან 1200 დოლარამდე მერყეობს და მათი უდიდესი ნაწილი უკვე გაყიდულია, შეძენის მსურველებს კი, სავარაუდოდ, “შავ ბაზარზე” გასვლა და ჯიბეზე ხელის გაკვრა მოუწევთ.

გასულ წელს, საფეხბურთო მმართველ წრეებში არსებული კორუფციული სკანდალის გასაჯაროების შემდეგ ბევრმა ეჭვი გამოთქვა, რომ წლევანდელ კოპაზე კერძო ბიზნესის ჩართულობა მინიმალური იქნებოდა და ჩემპიონატი ამ მხრივ ფიასკოს განიცდიდა. მოგვიანებით, ფიასკო თავად ამ ვარაუდმა და მისმა ავტორებმა განიცადეს. აშშ-ის მასპინძელ ქვეყნად დასახელების შემდეგ სპონსორების მოზიდვა დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენდა. კერძო ბიზნესის წარმომადგენლები ყველაზე კარგად ხვდებოდნენ, რამხელა შესაძლებლობა ეშლებოდათ თვალწინ და ამ შანსის ხელიდან გაშვება მათ გეგმებში სულაც არ შედიოდა. “ეს იქნება უდიდესი სპორტული მომენტი აშშ- ში და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ მოვლენის მონაწილეები ვიქნებით”, – ანდრე პერესის ამ განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ NIKE -ი პირველი კომპანია იყო, რომელიც ტურნირის ოფიციალური პარტნიორი გახდა. მოგვიანებით მას Coca-Cola, Ford-ი, Samsung-ი, Delta Air Lines-ი და სხვა გიგანტები შეუერთდნენ, ჯამში კი სპონსორების სახით 15 კომპანია გაერთიანდა, რაც შეჯიბრისთვის სარეკორდო ნიშნული გახლავთ. ოფიციალური კონტრაქტები და სპონსორობის პირობები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა ნათელია, რომ კოპა ამერიკა ამიერიდან ბიზნესისთვის მხოლოდ ლათინურ ბაზარზე გასვლის საშუალებად აღარ იქნება აღქმული – მისი მასშტაბები გაცილებით უფრო გლობალური გახდა.

თანხა სხვადასხვანაირად გადანაწილდება აშშ-ში ჩასულ თექვსმეტივე გუნდზე. საპრიზო ფონდი შემდეგნაირად გამოიყურება: მონაწილეობისთვის ყველა გუნდი 250 ათას დოლარს მიღებს; მე-4 ადგილზე გასული – 2 მილიონს; მე-3- ზე – 3 მილიონს; ფინალში დამარცხებული – 4 მილიონს და გამარჯვებული – 5 მილიონს. წლევანდელი კოპა ამერიკის საპრიზო ბიუჯეტი 8 მილიონით გაიზარდა და ჯამში 18 მილიონ დოლარს შეადგენს.

მითხარი, რამდენი follower-ი გყავს და გეტყვი, ვინ ხარ შენ. 2016 წლის იანვრის მონაცემებით, კოპა ამერიკის ათი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელის Facebook-, Instagram- და Twitter-გამომწერების რიცხვი ნახევარ მილიარდამდე აღწევს. ამ სიას აკლია ბრაზილიელი ნეიმარი, რომლის follower-ების რაოდენობა 115 მილიონს შეადგენს და ხუთი ყველაზე მოთხოვნადი სპორტსმენის სიაში საკუთარ ადგილს იკავებს. ამავე სიის სათავეში კი არგენტინელი ლეო მესია, რომელიც 132 მილიონი ინტერნეტმომხმარებლის ფავორიტია. კოპა ამერიკა ვირტუალურ სივრცეშიც ძალიან სოლიდურად გამოიყურება.

წლევანდელი წელი ყველაზე ხანდაზმული საფეხბურთო ტურნირის ამერიკული ოცნების ახდენის წელია. დიდი ფინანსური ინიექციის შედეგად, ჩემპიონატი საკუთარ მასშტაბებს იცვლის და ევრო 2016-თვის კონკურენციის გასაწევად ემზადება, რომელიც თითქმის პარალელურად, მიმდინარე წლის 10 ივნისს იწყება. მსოფლიო ჩეპიონატისა და კოპა ამერიკის მიჯრით წაგებული ფინალების შემდეგ, ყველაზე დიდი მოლოდინი ალბათ არგენტინის მიმართ გვაქვს, მაგრამ წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება უმადური საქმე იქნება. ეს სამხრეთია და მთელი სილამაზეც ხომ იმის არცოდნაშია, თუ ვინ, საიდან და როდის გაისვრის.

32-წლიანი გზის გავლა მოუწია საფრანგეთს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის, მაგრამ ეს გზა ბოლოში კინაღამ ერთიანად ჩაინგრა. მიზეზი აქაც, ევროპისთვის კარგად ნაცნობი, ტერორიზმის საფრთხე იყო, ბოლო პერიოდის ქრონოლოგია შემდეგნაირად გამოიყურება: გასული წლის ნოემბერს პარიზის “ბატაკლანის” თეატრში დატრიალებულ ტრაგედიას სულ მალე საფრანგეთისა და გერმანიის საფეხბურთო მატჩის დროს სტადიონთან მომხდარი აფეთქება მოჰყვა. ბოლო სიგნალი კი ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული ტერაქტი იყო, რის შემდეგაც უეფამ ჩემპიონატის დახურვა და მისი მაყურებლის გარეშე ჩატარების შესაძლებლობა დღის წესრიგში დააყენა. საბოლოოდ, ჩემპიონატის ორგანიზატორებმა და საფრანგეთის მთავრობამ უკან დახევა ტერორისტების გამარჯვებად შეაფასეს და ევრო 2016-ის ტრადიციული ფორმატი ხელუხლებელი დატოვეს.

უსაფრთხოების საკითხების გარდა საინტერესოა დიდი რიცხვები, რომლებიც თანამედროვე ფეხბურთში არავის უკვირს, ამიტომ დროა, კალკულატორის ეკრანს ხელახლა დავხედოთ. ორგანიზატორების ვარაუდით, წლევანდელ ჩემპიონატზე გასამართ 51 მატჩს ჯამში 2,5 მილიონზე მეტი გულშემატკივარი დაესწრება, საიდანაც 1,5 მილიონი უცხოელი იქნება და მათ მიერ დახარჯული თანხა 1 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. უეფას ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თამაშებზე დასწრების მსურველთა რაოდენობა 2012 წელთან შედარებით 1.1 მილიონით არის გაზრდილი.

შთამბეჭდავია სპონსორებისგან და ტრანსლირებიდან მიღებული მოგების მაჩვენებელი. ევრო 2016-ს 16 სპონსორი ჰყავს, რომლებიც ორ სხვადასხვა ნაწილად არიან დაყოფილები. მთავარ ჯგუფში შემდეგი კომპანიები შედიან: Adidas-ი; Carlsberg-ი; Coca-Cola; Socar-ი; McDonald’s-ი; Turkish Airlines-ი; Hyundai; Continental-ი და ჩინური ტექნიკის გიგანტი კომპანია – Hisense-ი. სასპონსორო შეთანხმებებიდან შემოსული მოგება, სავარაუდოდ, 450-500 მილიონ ევროს მიაღწევს, რაც სარეკორდო მაჩვენებელი იქნება. ტურნირის ტრანსლაცია 75-ზე მეტ ქვეყანაში განხორციელდება და წინასწარი ვარაუდით თითო თამაშს დაახლოებით 150 მილიონი ადამიანი მიადევნებს თვალს, ჯამში კი 51 მატჩი გაიმართება. ტრანსლაციიდან შემოსული თანხა მილიარდ ევროს გადააჭარბებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი ბილეთების გაყიდვიდან და “ჰოსპიტალიტიდან” შემოსული თანხაა, რომელიც წელს 0,5 მილიარდ ევროს გაუტოლდება. სპეციალისტების ვარაუდით, შემოსავლების სარეკორდო მაჩვენებელი ჩემპიონატში მონაწილე გუნდების გაზრდით და საფრანგეთის დიდი საბაზრო რესურსებით არის გამოწვეული. ამ მაჩვენებლით ქვეყანა ინგლისთან, გერმანიასთან, ესპანეთთან და იტალიასთან ერთად ევროპის “დიდი ხუთეულის” წევრია.

შემოსავლების ზრდასთან ერთად იმატა საპრიზო ფონდმაც, რომელიც წელს 301 მილიონ ევროს შეადგენს. მხოლოდ მონაწილეობისთვის გუნდები 8 მილიონს მიიღებენ, რაც ორჯერ მეტი იქნება წლევანდელ და შარშანდელ კოპა ამერიკის გამარჯვებული გუნდების საერთო შემოსავალზე. დამატებით თითო მილიონია გამოყოფილი ჯგუფურ ეტაპზე მიღწეული ყველა გამარჯვებისთვის ; 1/8-ფინალში გასვლის შემთხვევაში ექსტრა 1,5 მილიონია; 1/4-ფინალში -2,5 მილიონი; 1/2-ფინალში – 4 მილიონი; ფინალში დამარცხებულისთვის – 5 მილიონი, ხოლო გამარჯვებულისთვის 8 მილიონი ევრო არის გამოყოფილი. თუ გუნდი ჯგუფში ყველა თამაშს მოიგებს და ჩემპიონი გახდება, ჯამში 27 მილიონ ევროს მიიღებს, რაც 3.5 მილიონით აღემატება 2012 წლის მონაცემს.

ნაკრებების “ღირებულების” თვალსაზრისით კვლავინდებურად პირველ ადგილზე ესპანეთია, რომლის ფეხბურთელების საბაზრო ღირებულება ჯამში 471 მილიონი ევროა. ნახევარმილიარდიან ზღვართან ახლოს არის გერმანიის ნაკრებიც, რომელიც წელს 435 მილიონი ევრო “ეღირება”. შემდეგ მოდიან ბელგია (349), საფრანგეთი (339) და ინგლისი (264). უნგრეთი, რომლის საერთო ღირებულებაც 23 მილიონ ევროს შეადგენს, ჩემპიონატის ყველაზე “ღარიბი” გუნდი იქნება.

საფრანგეთში ჩვენ არაერთი ინოვაციური იდეის მომსწრენი გავხდებით. ცვლილება პირველ რიგში ჩემპიონატის ფორმატს შეეხო, რაც მონაწილე გუნდების 24-მდე ზრდაში გამოიხატება, აქამდე ტურნირი 18 გუნდზე იყო გათვლილი. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მოგებიანი ლატარიის ბილეთი აღმოჩნდეს ნაკლებად ძლიერი ნაკრებებისთვის, რომლებიც აქამდე ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ვერ ახერხებდნენ. გაზრდილი იქნება არბიტრის უფლებამოსილება და მათ ფეხბურთელის გაფრთხილება ან გაძევება თამაშის დაწყებამდე და შესვენების პერიოდშიც შეეძლებათ. კარგი სიახლეა მეკარეებისთვის: ამიერიდან პენალტის შესრულების დროს ცრუ მოძრაობა აიკრძალება, ახალი წესის არგათვალისწინების შემთხვევაში კი ფეხბურთელი ყვითელი ბარათით დაისჯება. ბოლო ევროპული ცვლილება მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში გუნდების მცირეხნიან დასვენებას და “water-break”- ის გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნული უკვე გამოიყენეს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

სანამ საფეხბურთო მხარეს შევეხებით, მნიშვნელოვანია, გათამაშების სტრუქტურა განვიხილოთ. ფორმატი, რომელიც ევრო 1996 -დან ევრო 2012-ის ჩათვლით გამოიყენებოდა, შეიცვალა, რათა 24-გუნდიან სისტემაზე მომხარიყო ადაპტაცია. საჭირო გახდა ორი ჯგუფისა და პლეი-ოფის ერთი ეტაპის დამატება. მივიღეთ ექვსი ჯგუფი, რომელთაგან თითოეული ოთხი საფეხბურთო ნაკრებით არის დაკომპლექტებული. ჯგუფის პირველი და მეორე ადგილის მფლობელები პლეი-ოფში თამაშს ავტომატურად გააგრძელებენ. მათ დაემატებათ ოთხი საუკეთესო მესამე ადგილის მფლობელი და საბოლოოდ ამ 16 გუნდისგან ჩამოყალიბდება 1/8 ეტაპი. მესამე ადგილი ჩემპიონატზე არ გათამაშდება.

გამოკვეთილ ფავორიტთა სიაში მასპინძელ გუნდთან ერთად ესპანეთი, გერმანია და ბელგია უნდა მივიჩნიოთ. საფრანგეთმა უკანასკნელი ხუთი ამხანაგური თამაშიდან ოთხის მოგება მოახერხა, რაც მათ სასურველ ფორმაზე მიუთითებს. მიუხედავად კარიმ ბენზემას არყოფნისა, გუნდს ორი გამორჩეული ახალგაზრდა ვარსკვლავი – პოლ პოგბა და ანტუან გრიზმანი ჰყავს. მათ საკუთარ ნაკრებში ლიდერის რანგში ყოფნა პირველად მოუწევთ, რაც გამოწვევასთან ერთად დიდი მოტივაციაც არის. ფრანგების კიდევ ერთი პლუსი საშინაო არენაზე თამაშია, 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატის თასი სწორედ პარიზში აღმართეს. საინტერესოა, მოახერხებენ თუ არა მოქმედი ჩემპიონები მეორედ ტიტულის დაცვას. ფაქტია, რომ დელ ბოსკეს გუნდი აღარ არის ის დაუმარცხებელი მანქანა, რომელიც ჩვენ თვალწინ ყველას ანადგურებდა. ესპანელები პარიზში გაფრენამდე ბოლო ამხანაგურ მატჩს საქართველოსთან ჩაატარებენ, ვნახოთ, რა ხასიათზე დაგვტოვებენ.

გერმანული ფეხბურთი საკუთარი აღმავლობის პიკშია, რაც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც დამტკიცდა. ბრაზილიაში მოპოვებული ტრიუმფის შემდეგ იოახიმ ლიოვმა რუკაზე საფრანგეთი შემოხაზა. განაცხადი მარტივი გასაგებია – გამარჯვების გარდა ნებისმიერი სხვა შედეგი წარუმატებლად მოინათლება.

ბელგიის ნაკრები მსოფლიო საფეხბურთო რეიტინგში მეორე, ხოლო ევროპულ ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებს, რაც, რა თქმა უნდა, მრავლისმეტყველია. აქამდე მათ წარმატებაზე მომავალში საუბრობდნენ, თუმცა ნელ-ნელა დრო იწურება. ნაკრები თითქმის ყველა სათამაშო რგოლში თანაბრად ძლიერად გამოიყურება და შესაძლებელია, სწორედ მეზობელი საფრანგეთი აღმოჩნდეს ის ადგილი, სადაც პირველობას მწვანე ბალახზეც დაამტკიცებენ. ფავორიტების გარდა ყურადღების ღირსია ინგლისის ნაკრები, რომელიც ერთადერთი იყო საკვალიფიკაციო ეტაპზე მოგებული თამაშების 100%-იანი მაჩვენებლით. გატანილი გოლების (31) რაოდენობით კი მეორე ადგილზე გავიდა. გუნდში თაობათა ცვლაც ენერგიულად მიმდინარეობს, რაც წარმატების მიღწევის შანსებს ზრდის.

განსხვავებული დროის სარტყლის დამსახურებით გულშემატკივრებს დატვირთული ზაფხული გველის. ევროპულ ფეხბურთს გვიან ღამით სამხრეთამერიკული ჩაანაცვლებს და ასე გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში. მერე კი ცოტა ხნით ყველა დავისვენებთ. 

წინა სტატია

მაისში სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასები 0.4 პროცენტით შემცირდა
03 ივნისი, 2016

შემდეგი სტატია

უმდიდრესი ყაზახები საინვესტიციო შესაძლებლობების ძიებაში
03 ივნისი, 2016
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა