რატომ მყარდება ლარი?

საქართველოს თავისუფალი გაცვლითი კურსის რეჟიმი აქვს. ლარის კურსს სავალუტო ბაზარზე ლარსა და დოლარზე მოთხოვნა-მიწოდება აყალიბებს. მოთხოვნა- მიწოდებას კი სხვადასხვა ეკონომიკური და არაეკონომიკური ფაქტორი განსაზღვრავს. კერძოდ, ამ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რამდენი ლარი და დოლარი მიეწოდება ბაზარს, რამდენი იქნება მოთხოვნა ლარსა და დოლარზე. ასეთი ფაქტორები კი მრავლადაა, ესენია: უცხოური ვალუტის შემოდინება-გადინება (საგარეო ვაჭრობა, ტურიზმი, ფულადი გზავნილები, უცხოური ინვესტიციები, უცხოური კრედიტები), ლარის მოცულობა, ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯებისა და დეფიციტის სიდიდე, ინვესტორების განწყობა ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებისადმი, მოსახლეობის ნდობა ეროვნული ვალუტის მიმართ, ეკონომიკური ზრდის ტემპი და სხვა. მათემატიკური სიზუსტით იმის შეფასება, თუ კონკრეტულმა ფაქტორმა რა წვლილი შეიტანა ლარის გამყარება/ გაუფასურებაში, ფაქტობრივად, შეუძლებელია გამომწვევი მიზეზების სიმრავლისა და დროული სრული სტატისტიკური ინფორმაციის არარსებობის გამო. ზოგადად კი შეგვიძლია, გამოვყოთ ის ფაქტორები, რომლებსაც ბოლო თვეებში აშკარად პოზიტიური წვლილი შეაქვთ ლარის კურსის გამყარებაში.

Forbes Georgia-ს წინა ნომრებში ვწერდით, რომ ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი უცხოური ვალუტის შემოდინების (ექსპორტი, ფულადი გზავნილების) კლება იყო. ქვეყნიდან მეტი დოლარი გადიოდა, ვიდრე შემოდიოდა, ლარის მოცულობა კი იზრდებოდა. მოსახლეობის ნდობა ლარის მიმართ ეცემოდა. ყოველივე ეს ლარის გაუფასურებას იწვევდა.

ლარის კურსი (დოლარის მიმართ) იმავე დოლარის ფასია ლარში გამოსახული. როდესაც დოლარი ძვირდება, მოსახლეობას სულ უფრო ნაკლები დოლარის შესყიდვა შეუძლია. შედეგად, დოლარზე მოთხოვნა თანდათანობით კლებულობს და ლარი გაუფასურებას წყვეტს. საქართველოში დოლარზე მოთხოვნას ძირითადად იმპორტირებული პროდუქციის შესყიდვა და ვალებზე მომსახურება განსაზღვრავს. ვალის მომსახურებაზე უარის თქმა ადამიანს უკიდურეს შემთხვევაში შეუძლია, ამიტომ დოლარის გაძვირება, პირველ რიგში, იმპორტირებული პროდუქციის შესყიდვის შემცირებაში გამოიხატება. ეს არის თავისუფალი გაცვლითი კურსის ის მექანიზმი, რომელსაც დოლარზე მოთხოვნა და მიწოდება შესაბამისობაში მოჰყავს და კურსი სტაბილურდება. ბუნებრივია, ეს მექანიზმი ეფექტიანად მუშაობს იმ შემთხვევაში, თუ გაძვირებული დოლარის შესაძენად მოსახლეობას დამატებითი ლარი არ მიეწოდება.

ლარის კურსის გარკვეულ დონეზე შენარჩუნება არც ერთი სახელმწიფო ინსტიტუტის ვალდებულება არ არის. თუმცა ეროვნული ბანკის ვალდებულებაა, რომ ქვეყანაში ფასების დონის (საერთო ჯამში, არ დაუშვას 5%-ზე მეტი წლიური ინფლაცია) და ფინანსური სისტემის სტაბილურობა უზრუნველყოს. როდესაც ლარის კურსი მნიშვნელოვნად უფასურდება, ეს საფრთხეს უქმნის როგორც ფასების, ასევე ფინანსურ სტაბილურობას. სწორედ ამიტომ, 2015 წლის თებერვლიდან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა თანდათან გაამკაცრა. პოლიტიკის გამკაცრება პირველ რიგში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (იმავე რეფინანსირების განაკვეთის) ზრდაში გამოიხატა. რეფინანსირების განაკვეთი არის ის მინიმალური სარგებლის განაკვეთი, რომლითაც ეროვნული ბანკისგან ფულის სესხება შეიძლება. ბოლო ერთ წელიწადში აღნიშნული განაკვეთი 4%-დან 8%-მდე გაიზარდა. რაც უფრო მაღალია რეფინანსირების განაკვეთი, კომერციულ ბანკებს მით უფრო უძვირდებათ ლარის რესურსი და ლარში გასაცემ სესხებზე პროცენტს ზრდიან. ეს კი ამცირებს ეკონომიკისთვის ლარის მიწოდებას და ფასებისა და ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობას უწყობს ხელს. 2015 წლის თებერვალში ლარში გაცემულ სესხებზე სარგებლის საშუალო წლიური განაკვეთი 18.5% იყო, 2016 წლის თე ბერვლისთვის კი 23.3%-მდე გაიზარდა.

საპროცენტო განაკვეთის ზრდის მიუხედავად, 2015 წელს ლარში გაცემული სესხები 605 მლნ ლარით გაიზარდა. ეს რამდენიმე მიზეზმა განაპირობა: 1. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა თანდათანობით ხდებოდა და ამასთან, მისი ზრდა მოგვიანებით აისახება კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე; 2. აღნიშნული 605 მლნ ლარიდან 289 მლნ მთავრობამ ისესხა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად და 3. ლარის კიდევ უფრო გაუფასურების მოლოდინის გამო, მსესხებელთა ნაწილმა (ვისაც შემოსავალი ლარში აქვს) დოლარში არსებული სესხები ლარში გადაიტანა.

2016 წლიდან ლარში გაცემულმა სესხებმა კლება დაიწყო და პირველ კვარტალში 91 მლნ ლარით შემცირდა. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ პერიოდში მთავრობის საშინაო ვალი არ გაზრდილა, პირიქით, შემცირდა 27 მლნ ლარით.

ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად 2014 წლის ნოემბრიდან 2016 წლის იანვრის ჩათვლით ეროვნულმა ბანკმა $427 მლნ გაყიდა და, შესაბამისად, ამ თანხის ეკვივალენტი ლარი შეისყიდა. რომ შევაჯამოთ, თუ რა გავლენა ჰქონდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას ლარის მასაზე, შესაბამისი მაჩვენებლები უნდა ვნახოთ, ესენია: სარეზერვო ფული (ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ფული) და M2 (სარეზერვო ფულიდან წარმოებული ფული. მოიცავს ნაღდ ფულსა და დეპოზიტებს). ბოლო თვეებში ორივე მაჩვენებელს კლების ტენდენცია აქვს.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 3%-ით იზრდება, ლარის მასის კლება ნიშნავს, რომ ეკონომიკას იმაზე ნაკლები თანხა მიეწოდება, ვიდრე სჭირდება. ეს კარგია ინფლაციისა და ლარის გაუფასურების შესაჩერებლად, მაგრამ აფერხებს ეკონომიკურ ზრდას. სწორედ ამით იყო განპირობებული, რომ 27 აპრილს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5% პუნქტით შეამცირა და მომავალში კვლავ შემცირება დააანონსა. გარდა ამისა, კომერციულ ბანკებს შეუმცირა ლარის რეზერვის ნორმა. შედეგად, ბანკები ვალდებული არიან, ლარში მოზიდული დეპოზიტების 7% დაარეზერვონ და არა 10%. ეს კი ლარ ში სესხის გაცემას გააიაფებს. სავალუტო აუქციონზე კი მარტ- მაისში ეროვნულმა ბანკმა $95 მლნ შეისყიდა. ყოველივე ეს ნიშნავს, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა თანდათანობით შემსუბუქდება. მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების წინაპირობა ლარის გამყარების პროცესი გახდა, რასაც გამკაცრებული

მონეტარული პოლიტიკის გარდა ხელი შეუწყო საგარეო სავალუტო ბალანსის გაუმჯობესებამ. გაუფასურებული ლარის გამო, 2015 წლის მაისიდან შემცირება დაიწყო საქონლის იმპორტმა და იმპორტის შემცირებამ თანდათანობით გადააჭარბა ექსპორტის შემცირებას. 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტი $230 მილიონი დოლარით (გრანტად მოცემული „C ჰეპატიტის“ წამლების ღირებულების გამოკლებით) ნაკლები იყო 2015 წლის იმავე პერიოდის დეფიციტთან შედარებით. სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირება ნიშნავს, რომ სხვა წყაროებიდან საქართველოს უფრო ცოტა უცხოური ვალუტის მიღება სჭირდება დეფიციტის დასაფარად.

ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა პირველი კვარტალის საგადასახდელო ბალანსი, რომ სრულად ვნახოთ, თუ რამდენი უცხოური ვალუტა შემოვიდა და გავიდა, მაგრამ გარკვეული ინფორმაცია უკვე ცნობილია. მაგალითად, ცნობილია, რომ იანვარ-მარტში 16%-ით გაიზარდა უცხოელი ტურისტების რაოდენობა. არ არის ცნობილი ამ პერიოდში რა შემოსავალი მივიღეთ ტურიზმიდან, მაგრამ თუ დავუშვებთ, რომ შემოსავალიც მინიმუმ 16%-ით გაიზრდებოდა, ეს ნიშნავს, რომ პირველ კვარტალში $49 მილიონით მეტი მივიღეთ.

2016 წელს ზრდის ტენდენცია აქვს საზღვარგარეთიდან ფულად გზავნილებსაც. მართალია, ჯერჯერობით გასული წლების მაჩვენებელს ჩამორჩება, მაგრამ წინა თვესთან შედარებით ყოველთვიურად იზრდება. აპრილში კი 2015 წლის აპრილის მაჩვენებელს $4 მილიონით გადააჭარბა, რაც ბოლო 18 თვეში პირველად დაფიქსირდა. საქონლის ექსპორტიც ჩამორჩება გასული წლების მაჩვენებელს, მაგრამ ბოლო თვეებში აქაც ზრდის ტენდენციაა. ჯერჯერობით არ ვიცით, თუ რა მოცულობით კერძო უცხოური ინვესტიცია და კრედიტი შემოვიდა მიმდინარე წელს, თუმცა ვიცით, რომ იანვარ-აპრილში სახელმწიფო საგარეო ვალი $108 მილიონით გაიზარდა. უცხოური კრედიტის მოზიდვას ლარის კურსზე დადებითი გავლენა აქვს.

ასევე აღსანიშნავია, რომ თუ ადრე ლარის გაუფასურების მოლოდინი იყო და ამას მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ლარის გაუფასურებაში (მოსახლეობას დანაზოგები დოლარში გადაჰქონდა), კურსის გამყარების ტენდენციამ ლარის კურსის მიმართ არსებული უარყოფითი მოლოდინი დადებითით შეცვალა, რამაც, თავის მხრივ, ხელი კვლავ ლარის გამყარებას შეუწყო. მოსახლეობის ეს რეაქცია ეკონომიკაში ცნობილია Bandwagon Effect-ის სახელით, რაც ნიშნავს, რომ ადამიანები გადაწყვეტილებას იღებენ იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევიან სხვები. ლარის გაუფასურების დროს ყველა ცდილობს, სწრაფად მოიშოროს ლარი და ეს კიდევ უფრო აუფასურებს ლარს, ხოლო გამყარების დროს ცდილობენ, სწრაფად იყიდონ ლარი და ეს კიდევ უფრო ამყარებს მას.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ლარის გამყარების ძირითადი ფაქტორები გარკვეულწილად „ხელოვნურია“ (ლარის მასის შეზღუდვა, იმპორტის შემცირება), ტურიზმის, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდა გარკვეულ ოპტიმიზმს აჩენს. მით უმეტეს, ზღვის ტურიზმის სეზონი იწყება, რაც უცხოური ვალუტის შემოდინებას მნიშვნელოვნად გაზრდის. ამასთან, პოზიტიურად მოქმედებს ის გარემოებაც, რომ ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტებიც მეტ-ნაკლებად გამყარდა და აქედან გამომდინარე, ლარის გამყარება ჩვენს საგარეო ვაჭრობის პირობებს ნაკლებად გააუარესებს.

ლარის კურსის სტაბილურობის მიმართ არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები კი შემდეგია: თუ საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი ამაღლდება და ეკონომიკისთვის ლარის მიწოდება გაიზრდება, მოკლევადიან პერიოდში ეს წაახალისებს იმპორტს. იმპორტის ზრდას უწყობს ხელს ლარის გამყარების პროცესიც. ექსპორტის ზრდა კი უფრო რთული იქნება, რადგან ჩვენი საექსპორტო ქვეყნები მაღალი ეკონომიკური ზრდით არ გამოირჩევიან (მაგალითად, წელს რუსეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკა შემცირდება). ასევე მაღალია არასტაბილურობის რისკი რეგიონში (ყარაბაღის კონფლიქტი, რუსეთ- უკრაინის ომი, ტერორიზმი თურქეთში). ყოველივე ამის შედეგად, შესაძლოა ჩვენი სავაჭრო ბალანსი კვლავ გაუარესდეს და ლარის კურსზე უარყოფითი ზეწოლა განახლდეს. ტრადიციულად, გამოწვევა იქნება წლის ბოლო თვეები, როდესაც ზღვის ტურიზმის სეზონი სრულდება, ენერგომატარებლების იმპორტი იზრდება და ბიუჯეტიდან უფრო მეტი თანხა იხარჯება, ვიდრე წინა თვეებში.

იმისთვის, რომ ლარის კურსმა მცირე შოკებს მაინც გაუძლოს და გრძელვადიან პერიოდში სტაბილური გახდეს, საჭიროა საქართველოს რაც შეიძლება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ჰქონდეს, გაიზარდოს პროდუქტიულობა და ინვესტირება. ამისთვის კი საჭიროა უკეთესი ბიზნესგარემო, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება და სტაბილური პოლიტიკური გარემო.

წინა სტატია

უმდიდრესი ყაზახები საინვესტიციო შესაძლებლობების ძიებაში
03 ივნისი, 2016

შემდეგი სტატია

Forbes Georgia in English - Issue #1
06 ივნისი, 2016
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა