ინვესტირება განათლებაში

ბარაკ ობამა თავის გამოსვლებში თითქმის ყოველთვის ახსენებს „განათლებაში მეტი ინვესტირების" საჭიროებას. ბევრი ე.წ. „კონსერვატორი" ამ იდეას ეთანხმება. ორივე პარტიის არაფორმულირებული მოსაზრებაა, რომ „განათლებაში ინვესტირება" დიდ უკუგებას იძლევა.

ეს არ არის მართალი. რიცხვები გვიჩვენებს, რომ ბოლო 60 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაზრდილმა საგანმანათლებლო „ინვესტიციებმა" ეკონომიკური თვალსაზრისით ამერიკას არაფერი მისცა.

სანამ ამ საკითხს უფრო ჩავუღრმავდებით, უნდა განვმარტოთ, რომ „განათლებაში ინვესტირებაზე" საუბრისას ობამა (და კონსერვატორების უმრავლესობაც) გულისხმობს „სახელმწიფო ხარჯებს განათლებისათვის". რეალური სწავლება, რომელსაც გავლენა აქვს ეკონომიკის ფუნქციონირებაზე, ძირითადად სამუშაო ადგილებზე ხდება. ეს „განათლება" არ არის გამოხატული ციფრებში, რომლებსაც პოლიტიკოსები აქცევენ ყურადღებას.

შესაბამისად, „განათლებაში ინვესტირება", რომელიც, ობამას აზრით, სულ უფრო (და უფრო და უფრო) მეტი უნდა იყოს, რეალურად განათლებაში ფედერალური ხელისუფლების ინვესტიციას წარმოადგენს. როდესაც ვფიქრობთ, ნამდვილად გვინდა თუ არა უფრო მეტი, საჭიროა გვახსოვდეს, რომ „ენერგიაში ფედერალური ხელისუფლების ინვესტიციებმა" მოგვიტანა Solyndra, Ener1, Beacon Power და რომ სწორედ „ფედერალური ხელისუფლების ინვესტიციებმა საცხოვრებელ სახლებში" გადასახადების გადამხდელები $150 მილიარდით აზარალა Fannie Mae-სა და Freddie Mac-ში.

როგორ გავიგოთ, მოაქვს თუ არა განათლებაში სახელმწიფოს გაძლიერებულ „ინვესტირებას" უკუგება? ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი წარმოებულია ფიზიკური კაპიტალისა და ადამიანური კაპიტალის კომბინაციით. შესაბამისად, თუ ჩვენი ადამიანური კაპიტალის ეკონომიკური ღირებულება გაიზრდება, შედეგი ფიზიკური კაპიტალის გაზრდილ პროდუქტიულობაში აისახება.

ახლა კი ცუდი ამბები: როდესაც განათლებაზე სახელმწიფოს მთლიანი დანახარჯი 1951-დან 2009 წლამდე თითქმის 13 ჯერ გაიზარდა, ფიზიკური კაპიტალის წილზე მოსული მშპ 47,7 %-დან 44,1 %-მდე შემცირდა. ეს არ მოხდებოდა, განათლებაში განხორციელებული დიდი „ინვესტიციებიდან" საგრძნობ ეკონომიკურ უკუგებას რომ ვიღებდეთ.

ქვემოთ გთავაზობთ „პირველად ანალიზს". რიცხვების უფრო დაზუსტებაც შესაძლებელია, თუმცა ესეც საკმარისია იმისათვის, რომ წარმოდგენა შევიქმნათ, რას იღებდა (უფრო სწორად _ არ იღებდა) ქვეყანა განათლებაში განხორციელებული მასიური „ინვესტიციების" სანაცვლოდ.

იმ დათქმით, რომ ჩვენი მოსახლეობის 25% ერთდროულად სწავლობს, სახელმწიფოს საშუალო ხარჯი (2010 წლის დოლარის კურსით) ერთ მოსწავლეზე 1951 წლის $1 763-დან 2009 წლისათვის $12 209-მდე, ანუ დაახლოებით 7-ჯერ, გაიზარდა. თუ მოსწავლეზე საშუალოდ 13 წლის განათლებას ვივარაუდებთ (ზოგიერთი კოლეჯში მიდის, ზოგი კი სკოლას თავს ანებებს), ამ 58 წლის განმავლობაში თითოეული მოსწავლის სახით წარმოდგენილ ადამიანურ კაპიტალში ჩვენი რეალური „ინვესტიცია" $22 913-დან $158 717-მდე გავზარდეთ.

ამასთან, დიდ სახსრებს ვდებდით ფიზიკურ კაპიტალშიც. რეალური არარეზიდენტული წარმოებული აქტივები ერთ დაქირავებულზე $79 278-დან (1951 წ.) $206 717-მდე (2009 წ.) გაიზარდა. აქედან გამომდინარე, 2009 წელს თითოეულ მუშაკს სამუშაოდ ფიზიკურ კაპიტალში $127 439-ით, საგანმანათლებლო „კაპიტალში" კი $135 804-ით მეტი ჰქონდა, ვიდრე 1951 წელს.

სამწუხაროდ, რიცხვები ცხადყოფს, რომ მშპ მხოლოდ ფიზიკურ აქტივებს აღრიცხავს და არა ფიზიკური აქტივებისა და განათლების „აქტივების" ჯამს. თუკი მშპ-ს საცხოვრებელი ფონდის წილს გამოვაკლებთ, დავინახავთ, რომ მშპ-ს თანაფარდობა არარეზიდენტულ წარმოებულ აქტივებთან გასული 59 წლის განმავლობაში (1951 - 2009) ძირითადად არ შეცვლილა (ბიზნესციკლის შესაბამისად, ის საშუალოდ 48,2%-ის -ფარგლებში მერყეობდა).

აქედან გამომდინარე, განათლებაში განხორციელებულ მასიურ „ინვესტიციებს" გაზომვადი ეკონომიკური უკუგება არ მოუტანია.
უნდა გაგვიკვირდეს? _ არა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს რეალურად 7-ჯერ მეტს ვხარჯავთ განათლებაზე, ვიდრე 60 წლის წინ, სტანდარტულ ტესტებში მიღებული საშუალო ქულები არ გაზრდილა. ასე რომ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოყენებული საზომი ერთეულიც ნათლად გვიჩვენებს, რომ დამატებით ხარჯს დამატებითი ადამიანური კაპიტალი არ შეუქმნია.

ბოლო ექვსი ათწლეულის განმავლობაში განათლებაში განხორციელებული დამატებითი „ინვესტიციების" დიდი ნაწილი დამატებითი არარეზიდენტული წარმოებული აქტივების შექმნას რომ მოხმარებოდა, სახელმწიფო და მისი მოსახლეობა დღეს ბევრად მოგებული იქნებოდა _ მშპ, რეალური ხელფასები და ჩვენი ცხოვრების სტანდარტი საგრძნობლად გაიზრდებოდა.

ასევე წარმოიდგინეთ, რომ მოსწავლეს 2009 წლის შესაბამისი $158 717-იანი განათლების ნაცვლად1967 წლის შესაბამისი $58 000-იანი განათლება და მომავალი საქმიანი ცხოვრების დასაწყებად $100 000-ის მოცულობის კაპიტალი ეძლეოდეს. ეს საკმარისი იქნებოდა არაერთი მცირე ბიზნესის წამოსაწყებად. მეორე მხრივ, ამ თანხის 6%-იან საპენსიო ანგარიშზე დადების შემთხვევაში, 50 წლის შემდეგ $100 000 დაახლოებით $1,8 მილიონად იქცეოდა.

ბოლო 50 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ განათლებაში განხორციელებულმა უხვმა „ინვესტიციებმა" მოგვიტანა მხოლოდ და მხოლოდ Solyndra საკლასო ოთახებში. ამ ინვესტიციებმა მასწავლებელთა კავშირები და სხვები გაამდიდრა, თუმცა მოსწავლის ეკონომიკური პერსპექტივის თვალსაზრისით თითქმის არაფერი შეუცვლია. ამერიკას ასეთი „ინვესტიციები" აღარ სჭირდება.

 

წინა სტატია

დიდი კაცი ბრაზილიაში
10 დეკემბერი, 2012

შემდეგი სტატია

არტ პროექტი
14 იანვარი, 2013
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა