ბლოკჩეინით გატაცებული

იურისტი არ არის, ფინანსისტია, თუმცა Legal 500-მა იურიდიული პრაქტიკის “წამყვან ინდივიდად” სამჯერ დაასახელა. კოდერი არ არის, ბიზნესმენია, თუმცა ბლოკჩეინის უდიდეს არასაჯარო კომპანიას, BitFury-ს წარმოადგენს საქართველოში. გაიცანით ეფრემ (რემი) ურუმაშვილი, რომელიც ფულის მომავალს ქმნის.

რემი ურუმაშვილმა ინტერვიუზე შეთანხმებულ დროს 10 წუთზე მეტი გადააცილა. “ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების” ოფისის ერთ-ერთ შეხვედრების ოთახში, სტანდარტულად თეთრი კედლებით, ლურჯი სკამებითა და ასევე თეთრი მაგიდით, სანახავი ბევრი არაფერი იყო, გარდა შემინული ვიტრინისა უამრავი წვრილ-წვრილი სუვენირით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, რომლის ქვედა თაროს Legal 500-ის სხვადასხვა დროს გამოცემული სქელტანიანი კრებულები იკავებდა ფერად-ფერადი ყდებით.

ჩემი რესპონდენტი 2010 წლიდან “ნოდია, ურუმაშვილები და პარტნიორების” წამყვანი პარტნიორია საგადასახადო სამართლის მიმართულებით და ამ ხნის განმავლობაში Legal 500-მა უკვე სამჯერ დაასახელა წამყვან ინდივიდად (Leading individual) იურიდიულ პრაქტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ “იურისტი არ არის, ფინანსისტია”.

ბოლო ერთი წელია, განათლებით ფინანსისტი და პროფესიით საგადასახადო სამართლის ექსპერტი სრულიად კონტრასტულმა სფერომ გაიტაცა. ბლოკჩეინს, უბრალოდ, ტექნოლოგიასაც ვერ უწოდებ, უფრო მეტია: რაღაც ყველაზე ახალი, სულ ბოლოს ნათქვამი სიტყვასავითაა ინოვაციური ტექნოლოგიების დარგში. გატაცებამ იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ რემი ურუმაშვილი დღეს მსოფლიოში ბლოკჩეინის ერთ-ერთ წამყვან კომპანიას, BitFuty-ს წარმოადგენს საქართველოში.

“ინტერნეტს აკლია დაცულობა იმისთვის, რომ აქტივები ციფრულ ინფორმაციად ვაქციოთ და ტრანზაქცია ინტერნეტით განვახორციელოთ. ბლოკჩეინ-ტექნოლოგია კი ამის საშუალებას იძლევა, რაც სამყაროს უფრო უსაფრთხოსა და მარტივს ხდის”, – ამ სიტყვების ავტორს, BitFury Group-ის თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, ვალერი ვავილოვს რემი ურუმაშვილი პირველად 2013 წლის დეკემბერში შეხვდა იდეით, შეექმნა საქართველოში ბლოკჩეინის ბაზა, რისი საბოლოო მიზანიც კრიპტოვალუტით, ბიტკოინით განხორციელებული ტრანზაქციების აღრიცხვა და შედეგად, ახალი ბიტკოინების მოპოვება, ანუ “მაინინგი” უნდა ყოფილიყო.

ბიტკოინის “მაინინგი” დეცენტრალიზებული კომპიუტერული პროცესია, რომელიც ორ მიზანს ემსახურება: პირველი – დაადასტუროს ტრანზაქციების ვალიდურობა, რისთვისაც სათანადო კომპიუტერული სიმძლავრეა აუცილებელი, და მეორე – თითოეული ბლოკიდან ახალი ბიტკოინი წარმოქმნას. უფრო კონკრეტულად, ყოველი მორიგი ბიტკოინით განხორციელებული ტრანზაქციის ამოსახსნელად შეიძლება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად რამდენიმე ბლოკჩეინი იბრძოდეს და ტრანზაქციის ამოხსნას პირველი ის შეძლებს, რომელსაც მეტი სიმძლავრე აქვს. შესაბამისად, დადასტურებული და ამოხსნილი ტრანზაქცია ახალი ბლოკის სახით ემატება ლოკალურ ბლოკჩეინს და ეშვება ქსელში.

“თემა იმდენად ახალი იყო, რომ სურვილი გამიჩნდა, როგორც ცალკე აღებული სფერო შემესწავლა, გამეგო, რა იყო მისი არსი”, – იხსენებს რემი ურუმაშვილი.

დღეს BitFury-ს საქართველოში ორი დატაცენტრი აქვს – 20 მეგავატი სიმძლავრის გორში და 40 მეგავატი სიმძლავრის – გლდანში, თუმცა კომპანიის საქმიანობას ეჭვები და კრიტიკა არ აკლია, რადგან ბევრისთვის დღემდე გაუგებარია, რა პროცესები მიმდინარეობს მის მკაცრად დაცულ დატაცენტრებში.

Bitfury ბლოკჩეინისა და ბიტკოინის ბაზარზე სიდიდით პირველი არასაჯარო კომპანიაა, რომელიც უახლოეს მომავალში წამყვან საფონდო ბირჟებზე აქციების საჯარო განთავსების შესაძლებლობასაც განიხილავს. საქართველოში განთავსებულ მის ორივე დატაცენტრში ერთმანეთთან დაკავშირებული ათასობით კომპიუტერული სიმძლავრე უწყვეტ რეჟიმში ხმაურიანად მუშაობს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ბიტკოინ- ტრანზაქციის ალგორითმი ამოხსნას და ამით მეტი “კრიპტოვალუტა იშოვოს”. იმის გამო, რომ ბლოკჩეინ- ტექნოლოგია ტრანზაქციის შესახებ მონაცემებს ყოფს სტრუქტურულ ბლოკებად ისე, რომ თითოეული მომდევნო ბლოკი შეიცავს წინა ბლოკთან დამაკავშირებელ ნიშნულსა და ინფორმაციას, ბლოკჩეინში მოხვედრილი დაშიფრული ინფორმაციის მოპარვა ან დაზიანება პრაქტიკულად შეუძლებელია, სანამ ის გამგზავნიდან ადრესატამდე მივა. სწორედ ეს მახასიათებელი აქცევს მას ყველაზე უსაფრთხო, სწრაფ და იაფ სისტემად მონაცემების მიმოცვლისთვის. ალბათ სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ამ პლატფორმით უკვე სარგებლობენ ისეთი წამყვანი საფინანსო დაწესებულებები, როგორიცაა, მაგალითად, Nasdaq, Australian stock exchange, Barkley Bank, J.P. Morgan, Citigroup, Goldman Sachs. თუმცა, როგორც ყველაფერს, ბიტკოინსაც აქვს თავისი სხვა მხარე.

არ წყდება დისკუსია იმასთან დაკავშირებით, უნდა დაექვემდებაროს თუ არა გარკვეულ რეგულაციას ბიტკოინი და, შესაბამისად, ბლოკჩეინიც იმისთვის, რომ თავიდან იქნას არიდებული მათი არაკანონიერი მიზნებისთვის გამოყენება. აქვე თავს იჩენს კიდევ ერთი კითხვაც: თუკი ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტის მთავარი მიმზიდველობა მათი დეცენტრალიზაციაა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ეს პროცესი რეგულირებად ჩარჩოებში მოექცევა?

რემი ურუმაშვილის პასუხი ამ კითხვაზე შემდეგია: “ეს უკვე მოხდა, როცა ბაზრის ყველა მსხვილმა მოთამაშემ ინფორმაციის გამჟღავნების მზაობა განაცხადა, თუკი საგამოძიებო ორგანოები ეჭვს შეიტანენ ოპერაციაში, რომელიც ბიტკოინით განხორციელდება. ამდენად, დროთა განმავლობაში ბიტკოინი ყველაზე არასასურველი ვალუტა ხდება ნარკოვაჭრობის, ტრეფიკინგისა თუ სხვა უკანონო ქმედებისთვის, რადგან ყველა არაკანონიერი ტრანზაქციის გამოძიება იმაზე სწრაფად და მარტივად ხდება, ვიდრე ცენტრალიზებული ვალუტების შემთხვევაში”.

ბიტკოინს, როგორც ფინანსურ ინსტრუმენტს, აქვს ღირებულება და ის ცვალებადია. როდესაც BitFury-მა საქართველოში საქმიანობა დაიწყო, ციფრული ვალუტის ფასი 218 დოლარი იყო. დღეს მისი ღირებულება 450 დოლარს აჭარბებს. რემი ურუმაშვილისთვის ეს ნიშნავს იმას, რომ “ვალუტას სტაბილურობის ელემენტი აქვს”.

BitFury-ს დამფუძნებლებს რამდენიმე მიზეზი აქვთ, რის გამოც საქართველოში ბიზნესის კეთება გადაწყვიტეს, მათ შორის: ენერგორესურსების სიიაფე, ქვეყანაში კორუფციის დაბალი დონე, ხელსაყრელი ბიზნესგარემო და ადგილობრივი კადრების მაღალი პროფესიონალიზმი+სიიაფე.

“საქართველოში ერთი ადამიანი სამჯერ უფრო ეფექტიანად მუშაობს, ვიდრე სამი – ისლანდიაში და აქაური დატაცენტრების მომსახურებაც ბევრად უფრო იაფი ჯდება”, – განაცხადა BitFury-ს დამფუძნებელმა, ვალერი ვავილოვმა, რომლის კომპანიას საქართველოს გარდა, ამჟამად ბიტკოინის საპროცესინგო ცენტრი აქვს ისლანდიაშიც.

მსხვილი მაღალტექნოლოგიური კომპანიის ასეთი მიდგომა რემი ურუმაშვილისთვის შთაგონების წყაროა. ამ შთაგონებას თავად “მესამე თაობის” რეფორმას უწოდებს და ამაში ძირითადად მომავლის ხედვას გულისხმობს, მომავალი კი – საინფორმაციო ტექნოლოგიებია (IT).

“ეს არის ძირითადი მიმართულება, სადაც დღეს მსოფლიოში იქმნება დოვლათი და იზრდება კაპიტალი, ამიტომ საგადასახადო კოდექსში ცალსახად უნდა გაიწეროს, რომ, თუ რომელიმე კომპანია საქართველოდან საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით გასწევს მომსახურებას ქვეყნის გარეთ, ის უნდა გათავისუფლდეს ყველანაირი გადასახადისაგან”, – მიიჩნევს რემი ურუმაშვილი.

დღეისთვის ასეთი მომსახურება ქვეყანაში გადასახადებისაგან გათავისუფლებულია ისე, როგორც ექსპორტი, ანუ არა – პირდაპირ და არა – დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან. იმ ფონზე, როცა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მოძრავი კაპიტალი დღეს ქვეყანას გარს უვლის, რემი ურუმაშვილს მიაჩნია, რომ საქართველომ უნდა შექმნას კომფორტი უცხოელი ინვესტორებისთვის, რათა ჩამოვიდნენ და საქართველოში აკეთონ IT ბიზნესი.

ეს მისი ერთადერთი ინიციატივა არ არის ბიზნესის სასარგებლოდ. რემი ურუმაშვილის აზრით, მოგების გადასახადის რეფორმა კარგია, თუმცა მხოლოდ ამ ერთი რეფორმით ბიზნესის აქტივობა არ გაიზრდება ისე, რომ ეკონომიკურმა ზრდამ 7 პროცენტს მიაღწიოს. ფინანსისტ-იურისტი უფრო თამამ ნაბიჯებს და გადაწყვეტილებებს მიიჩნევს საჭიროდ, რაც, პირველ რიგში, მასშტაბურ საგადასახადო ამნისტიას გულისხმობს და არა ისეთს, როგორიც მთავრობას უკვე გაცხადებული აქვს: 2010 წლამდე დაგროვილი ჯარიმა-საურავებისა და საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერის შესახებ იმ შემთხვევაში, თუკი შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში ბიზნესს არანაირი აქტივობა არ ჰქონია. რემი ურუმაშვილის აზრით, ეს ინიციატივა მხოლოდ არააქტიურ ბიზნესზეა გათვლილი და ეკონომიკისთვის რეალური ეფექტის მომტანი ვერ იქნება. ამის საპირისპიროდ, მას ფინანსური ამნისტიის საკუთარი მოდელი აქვს: სრულად ეპატიოს ბიზნესს 2012-13 წლის ბოლომდე დაგროვილი საგადასახადო ვალდებულებები და ჯარიმა-საურავები უკეთეს შემთხვევაში, ან უარეს შემთხვევაში – მხოლოდ ჯარიმა-საურავები ეპატიოს სრულად და მიეცეს უფლება, ძირი თანხა 1-5%-იანი დისკონტით გამოისყიდოს.

“ჩემი კლიენტების მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ 2012 წლიდან დღემდე ბევრს პრობლემა აქვს საგადასახადო ორგანოსთან, დავები გრძელდება წლობით, ხოლო მთელი ეს პერიოდი ბიზნესაქტივობა შეჩერებულია, რადგან დაყადაღებული აქვთ ქონება, ადევთ ინკასოები. ეს არის ბიზნესი, რომელიც დღეს ეკონომიკურ ზრდაში მონაწილეობას არ იღებს, ეს არის გვერდზე გაწეული ბიზნესი, რომელიც იბრძვის გადასარჩენად”, – განმარტავს რემი ურუმაშვილი და მიუხედავად იმისა, რომ დათვლილი არა აქვს, რა შეიძლება დაუჯდეს ბიუჯეტს მისი საგადასახადო ინიციატივა, ვარაუდობს, რომ ეს სამ მილიარდ ლარზე მეტი იქნება, თუმცა სამაგიეროდ, დარწმუნებულია – ეს “მსხვერპლი” ქვეყანას 7%-იან ეკონომიკურ ზრდას მოუტანს. მისი აზრით, ეკონომიკისთვის სიკეთის მომტანი იქნება კანონმდებლობაში “საგადასახადო არდადეგების” (Tax Holiday) ცნების შემოღებაც, რის შედეგადაც შეღავათები გავრცელდება იმ მსხვილ ინვესტორებზე, რომლებიც ქვეყანაში 100 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ. რემი ურუმაშვილის აზრით, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლა საქართველოსთვის გააჩენს კონკრეტულ კვოტებს, რომლებსაც

“საგადასახადო არდადეგების” ამოქმედების შემთხვევაში, სავარაუდოდ, რაციონალურად აითვისებენ აზიაში განთავსებული ტექნიკის მწარმოებელი ლიდერი კომპანიები. საგადასახადო კანონმდებლობასა და პრობიზნესურ ინიციატივებზეც ზუსტად იმდენს ფიქრობს, რამდენსაც ბლოკჩეინზე და მის მომავალზე. ფაქტია, ფინანსისტ-იურისტმა მისი სახით რაღაც ახალი აღმოაჩინა, რისი კეთებაც, როგორც თვითონ ამბობს, სიამოვნებს, “რადგან ეს იგივეა, თავის დროზე მოლაპარაკებები ჰქონოდა ინტერნეტის ფუძემდებლებთან”.

სავარაუდოდ, ბევრი ფიქრის დამსახურება უნდა იყოს ისიც, რომ BitFury-მა საქართველოში ახალი მწვერვალების დაპყრობა გადაწყვიტა. 24 აპრილს საქართველო ჰონდურასის შემდეგ პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ქონების ბლოკჩეინ-სისტემით რეგისტრაციის საპილოტე პროექტი დაიწყო და, სავარაუდოდ, ამ ორ ქვეყანას სულ მალე ისეთი წამყვანი ეკონომიკებიც შეემატებიან, როგორიცაა გერმანია, ბრიტანეთი, ავსტრალია და აშშ. რემი ურუმაშვილისთვის ბლოკჩეინთან ორწლიანი “მეგობრობის” ისტორიაში ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა.

პირველი საპილოტე პროგრამის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ BitFury-სთან გააფორმა მემორანდუმი, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს, უძრავი ქონების აღრიცხვის მიზნით პირველი საცდელი ეტაპი დაიწყოს.

“პროგრამა საკმაოდ დაცული იქნება, არაკანონიერ ოპერაციებს ვერავინ განახორციელებს, კორუფციის ელემენტები ბოლომდე მინიმალიზებულია. ბლოკჩეინ-პლატფორმაზე ყველა აღრიცხვადი ოპერაცია შეიძლება განხორციელდეს – უძრავი ქონებით დაწყებული, ფასიანი ქაღალდებით დამთავრებული. სწორედ ეს არის ბლოკჩეინის უნიკალურობა: ის ყველაფერს ერთ ბაზაში აერთიანებს”, – განმარტავს რემი ურუმაშვილი, რომელსაც სჯერა, რომ მომავალი სწორედ ამ უნიკალურ ტექნოლოგიაზე იქნება დაფუძნებული.

“მე მიხარია, რომ ჩვენი ქვეყანა ამ გარდაუვალი მომავლის საწყისებთან დგას და ამაში გარკვეულ მონაწილეობას მეც ვიღებ. მე ასე მგონია და ჩვენი დამფუძნებლებიც ასე ფიქრობენ, რომ ბლოკჩეინი არის ახალი ფორმაციის ტექნოლოგია, რომლის არსი ბოლომდე ჯერ კიდევ არ ამოგვიხსნია”, – ამბობს ბლოკჩეინით გატაცებული რემი ურუმაშვილი, რომელიც მილიონობით სხვა გატაცებულის მსგავსად ქმნის ფულის მომავალს.

რა არის ბიტკოინი?

წინა სტატია

2016 წლის პირველ კვარტალში 376 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა
09 ივნისი, 2016

შემდეგი სტატია

რა არის ბიტკოინი?
09 ივნისი, 2016
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
Forbes Georgia. 2019 წლის დეკემბრის ნომერი
Issues | დეკ, 05, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა