სიმართლე პანამის შესახებ

საკმარისია, დღესპანამაახსენო, რომ ყველას “პეიპერსი” მოსდის თავში. ჰოდა, ძალიანაც ცუდი. ცენტრალური ამერიკის ეს პატარა ქვეყანა ამასწინათ მოვინახულე და ჩემი თვალით ვნახე ის, რის შესახებაც ცოტა რამაა ცნობილი: პანამა სერიოზული ეკონომიკური წარმატების ნიმუშია, რომლის საშუალო წლიური ზრდის ტემპი 21-ე საუკუნეში ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებლად შეგვიძლია, მივიჩნიოთ. პანამელები ბოლო დროს “შენელების” მომსწრენი შეიქნენ: გასულ წელს ზრდა 6%-ს ოდნავ ჩამორჩებოდა, თუმცა ნავარაუდევია, რომ წელს 6%-ს ოდნავ გადააჭარბებს. ჩინეთიდან მიღებული ციფრებისგან განსხვავებით, რომლებიც გარეგნულად ცოტათი უფრო მაღალია, პანამის შემთხვევაში, ჭეშმარიტად სანიმუშო ციფრებთან გვაქვს საქმე. მისი ზრდის სიჩქარე კვლავაც რამდენიმე სინათლის წელიწადით უსწრებს წინ მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების ზრდის სიჩქარეს.

საერთაშორისო ჰედლაინების წინააღმდეგ უნდა ითქვას, რომ პანამა სულაც არ არის უზნეო, იზოლირებული ადგილი, სადაც ფულს არხეინად ათეთრებენ. მისი დედაქალაქი, პანამა, ლათინური ამერიკის ფინანსური ცენტრი ხდება, სადაც საერთაშორისო და ლათინურამერიკული ფინანსური ინსტიტუციები მრავლადაა წარმოდგენილი. ქვეყანამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულმა მთავრობათაშორისმა Financial Action Task Force-მა პანამა წელს შავი სიიდან ამოიღო. 2012 წელს ის OECD-ის ოფშორული ზონების შავი სიიდანაც გაქრა. პანამა სხვა რეფორმებსაც ატარებს, მაგალითად, ისეთს, რომლებიც ბოლოს უღებს ანონიმ აქციონერთა სერტიფიკატებს. ნავარაუდევია, რომ ქვეყანას 2018 წლისთვის OECD-ის გამჭვირვალობის სტანდარტები სრულად ექნება დაკმაყოფილებული.

ინვესტორთა აზრით, პანამაში ნათელი პერსპექტივებია. ამასწინათ მთავრობამ $1.2 მილიარდის ობლიგაციები გასცა თავისუფალი ბრუნვისათვის: ობლიგაციათა მსურველების რაოდენობამ ობლიგაციების რაოდენობას გადააჭარბა. სამთავრობო ვალი მშპ-სთან მიმართებით მხოლოდ 40%-ია, მაშინ როცა აშშ-ში 100%-ს სცდება.

ტვირთბრუნვის კუთხით, პანამამ ამერიკათა გზაჯვარედინად იქცია თავი. 1999 წლიდან, რაც არხის სადავეები ხელთ უპყრია, მასზე კონტროლს მშვენივრად ართმევს თავს. 1933 წელს ამ ისტორიულ შარაგზაზე მოძრავი კონტეინერების რიცხვი 267,000 იყო, დღეს კი 6 მილიონს აჭარბებს. როცა ივნისში შლუზების მესამე წყება გაიხსნება, რომელიც არხს თანამედროვე მეგაგემებთან გამკლავების საშუალებას მისცემს, ეს მაჩვენებელი 12 მილიონს გასცდება. მოძრაობის ამგვარი ზრდის თანამდევი მასიური ინფრასტრუქტურა უთუოდ უპირატესობაა ქვეყნისთვის. მთავრობა ჭკვიანურად მოიქცა და არხი მოკლევადიან პოლიტიკურ ყულაბად არ გაუხდია, როგორც უმეტესი ქვეყნები ექცევიან, მაგალითად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ნავთობკომპანიებს. არხში სერიოზული თანხების ხელახალი დაბანდება მოხდა. ამას შედეგად ვაჭრობის ზრდა მოჰყვა, რაც იმას ნიშნავს, რომ არხის საშუალებით მთავრობის შემოსავლებიც კარგად იზრდება.

თითქმის 41 წლის წინ პანამამ მიიღო კანონი, რომელიც Law 41-ის სახელითაა ცნობილი და რომელიც მნიშვნელოვან წამახალისებლებს სთავაზობდა ნებისმიერ მსხვილ კომპანიას, ვინც კი ლათინურ ამერიკაში პანამას თავის სათავო ოფისად აქცევდა. ამ კანონით 100-ზე მეტმა ისეთმა მულტიეროვნულმა კომპანიამ ისარგებლა, როგორიცაა, მაგალითად, Procter & Gamble-ი. ერთ-ერთ წამახალისებლად ის გვევლინება, რომ კომპანიათა თანამშრომლები პანამურ საშემოსავლო გადასახადებს არ იხდიან. როგორც არხის შემთხვევაში, ამ სათავო ოფისებმაც დამატებით ინფრანსტრუქტურას, მათ შორის, სკოლებს, დაუდო დასაბამი.

წამყვან რეგიონალურ ცენტრად პანამის მზარდი აეროპორტიც იქცა. მგზავრთა 68%, ვინც კი ამ აეროპორტში ეშვება, გავლითაა და სხვა ადგილებში მიდის.

ნიუ-იორკსა და ჩიკაგოს თუ არ ჩავთვლით, პანამაში (დედაქალაქში) დღეს უფრო მეტი ცათამბჯენია, ვიდრე დასავლეთ ჰემისფეროს ნებისმიერ სხვა ქალაქში. ლათინური ამერიკის ყველაზე მაღალი 25 შენობიდან 16 სწორედ ქალაქ პანამაში მდებარეობს. ეს საოცრებაა, თუ გავიხსენებთ, რომ ამ რეგიონში ისეთი მეგამეტროპოლისები მდებარეობს, როგორიცაა სან-პაულუ, მეხიკო და ბუენოს-აირესი.

პანამა ყურადღებით ეკიდება იმგვარი ინფრასტრუქტურის აშენებას, რომელიც მთელი ამ ექსპანსიისთვისაა საჭირო. ახლა მთავარი მონორკინიგზა იგება, ხოლო ახალი საკონფერენციო ცენტრის მშენებლობა, რომელიც ისეთ “ბიზნესტურიზმს” უნდა აუვიდეს, როგორიც კონფერენციები და გამოფენებია, უკვე მალე დასრულდება.

ზრდის კიდევ ერთი, უზარმაზარი პოტენციალის მქონე წყარო სამედიცინო ტურიზმს უკავშირდება. Johns Hopkins-ს, მაგალითად, აქ დიდი ცენტრი აქვს. იმის ფონზე, რომ მრავალი დასავლური ქვეყნის, პრაქტიკულად, კორუმპირებულ სისტემებში ჯანდაცვა სულ უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომია, მოთხოვნა იმაზე, რასაც პანამა გვთავაზობს – არაჩვეულებრივი მკურნალობა და ხელმისაწვდომი ფასები – ლამის უსაზღვროა.

ამასწინათ, FORBES-ის მთავარი სტატია საოცარ ახალ “ქალაქს”, Panama Pacifico-ს მიეძღვნა, რომელიც აშშ- ის საჰაერო ძალების ყოფილ ბაზაზე, 4,450 აკრზე შენდება. არაერთი კომპანიისა და ათასობით მცხოვრებლისთვის მილიარდობით დოლარის კონსტრუქციები უკვე აგებულია. 2007 წელს კოლუმბიელი მილიარდერისა და ლონდონში დაფუძნებული უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიისგან შემდგარმა სინდიკატმა გავლენიანი ადგილობრივი ოჯახებით დაკომპლექტებულ კომპანიას აჯობა და ამ ადგილის განვითარების უფლება მოიპოვა. მოზეიმე დეველოპერები უზარმაზარ თანხებს ხვეტენ, მაგრამ მთავრობას ეს არ აწუხებს, ვინაიდან აცნობიერებს, რომ დეველოპერთა წარმატება პანამური ეკონომიკის მორიგი წარმატება იქნება.

ბიზნესაღმასრულებლებმა მითხრეს, რომ პანამის ერთ-ერთი საკვანძო უპირატესობა მისი ვალუტაა, – აშშ დოლარი, – რომელსაც ქვეყანა მას მერე იყენებს, რაც კოლუმბიას გამოეყო და საუკუნის წინ არხი აშენდა. ქრონიკულად არასტაბილური ადგილობრივი ვალუტები ლათინური ამერიკის წყევლა-კრულვაა. ბოლო პერიოდში მეზობელ კოლუმბიაში ვალუტა 35-ით გაუფასურდა, რამაც უსიამოვნო ჟრუანტელი მოჰგვარა პანამის ბიზნესის წარმომადგენლებს და მათ დოლარის უპირატესობები შეახსენა. რაც უნდა პრობლემები ჰქონდეს ამ მწვანე ფულს, დანარჩენი რეგიონის ვალუტებთან შედარებით, მაინც ნამდვილი გიბრალტარის კლდეა.

პანამა ღიაა უცხოელებისათვის და მზადაა, ისინი მიიღოს, თუ, რა თქმა უნდა, მუშაობისთვის არიან მოწადინებულები. ქალაქი პანამა სულ უფრო კოსმოპოლიტური ხდება - აქ ურიცხვი ეროვნების ხალხი თანაცხოვრობს.

პანამაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსაც მიესალმებიან. მართალია, ნებართვის მიღება ხანდახან მოთმინებას ითხოვს (პანამასაც ჰყავს თავისი წილი გარემოსდამცველები), ანტრეპრენიორებს მაინც სჯერათ, რომ პროცესი ღირს ძალისხმევად და რომ ნაკლებად გაჭიანურებული თუ გართულებული იქნება, ვიდრე აშშ- ის დიდ ნაწილში. კაპიტალი პანამაში მეგობრადაა აღქმული და არა რაღაც ისეთად, რისაც უნდა გეშინოდეს ან რასაც უნდა ახშობდე.

საგადასახადო სისტემაც კეთილგანწყობილია. დამატებული ღირებულების ზოგადი გადასახადი მხოლოდ 7%-ს შეადგენს, მემკვიდრეობის გადასახადი კი საერთოდ არ არსებობს. მაგრამ მთავრობამ საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს და ჰონკონგის მსგავსი პროპორციული საგადასახადო ტარიფი შემოიღოს. გარდა ამისა, მთავრობამ ფულის ხარჯვას უნდა უკლოს, რაც ბოლო ოთხი წლის მანძილზე ხდება.

ასევე, პანამას შეუძლია, უფრო მეტი და უფრო თანმიმდევრულად იშრომოს, რათა მძლავრ ტურისტულ დანიშნულების ადგილად წარმოაჩინოს თავი. პანამას აქვს სურვილი, ახალ სინგაპურად იქცეს, მაგრამ ამის განსახორციელებლად რეფორმებია საჭირო. სასკოლო სისტემას განახლება სჭირდება და უფრო ბევრი უნდა გაკეთდეს, ადამიანებმა კვალიფიკაცია რომ მიიღონ არა-შავი სამუშაოების შესასრულებლად.

კიდევ ერთი გამოწვევა, შესაძლოა, კორუფცია იყოს. წინა მთავრობა ავადგანთქმული სწორედ ქურდული მიდრეკილებების გამო იყო. პანამის სასიქადულოდ უნდა ითქვას, რომ არაერთი ამ ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ სამართლებრივი დევნა განხორციელდა და წარმატებითაც. პანამელების ღრმა რწმენით, საშუალო ფენის ზრდის კვალდაკვალ, ტოლერანტობა თაღლითობებისადმი შემცირდება. ლამის უკვე საუკუნის მეოთხედია, დემოკრატია სულ უფრო მყარად იკიდებს ფეხს, ანუ მას მერე, რაც დიქტატორი მანუელ ნორიეგა (ავადგანთქმული ნარკომოვაჭრე), აშშ-ის ორგანიზებული სამხედრო ინტერვენციის შედეგად, თანამდებობიდანგააძევეს.

საბედნიეროდ, პანამა მეზობელი კოსტა-რიკის მაგალითს მიჰყვა და 1990-იანებში თავისი ჯარი დაშალა.

ცხადია, არის რაღაცები, რაც ამ პატარა სახელმწიფოს კონტროლს მიღმაა; მაგალითად, გლობალური ეკონომიკის შესუსტება და ვაჭრობაზე მისი ავბედითი გავლენა; გლობალური მონეტარული პოლიტიკის მზარდი ქაოსი; და აშშ- სა და სხვა ქვეყნებში მომძლავრებული პროტექციონიზმი. მაგრამ პანამას გაცილებით ნაყოფიერი სამუშაო აქვს ჩასატარებელი: მან სამყაროს უნდა გააგებინოს თავისი საოცარი წარმატების შესახებ – სამყაროს, რომელსაც ბოლო დროს მსგავსი მარგალიტების შესახებ ცოტა რამ სმენია.

წინა სტატია

Economic Freedom in Georgia: CHALLENGES AHEAD
10 ივნისი, 2016

შემდეგი სტატია

Forbes Woman Georgia. 2016 წლის ივნისის ნომერი
10 ივნისი, 2016
“რედბერიმ” “საქართველოს კაპიტალისგან” 3.2 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველო | მაი, 08, 2019
სახელმწიფო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | მაი, 21, 2019
თეგეტა მოტორსმა თიბისი კაპიტალის დახმარებით ₾30 მილიონის ობლიგაციების ემისია განახორციელა
საქართველო | მაი, 08, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა