უფსკრულის პირას

რაღაცა გაგებით, ბარაკ ობამას მეორე ვადით არჩევა ისტორიული კანონზომიერებაა. ის სუსტი ლიდერია და, ანგარიშებით თუ ვიმსჯელებთ, ბევრი არაფერი გაუკეთებია. ზუსტად ასეთი ადამიანია საჭირო ამერიკის დაღმასვლის პერიოდის დროს სახელმძღვანელოდ.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე აშშ მსოფლიოს უძლიერესი ეკონომიკის ქვეყნად იქცა და საუკუნეზე მეტია, ამ პოზიციას ინარჩუნებს. მაგრამ ევროპელი ანალიტიკოსების უახლესი მონაცემების მიხედვით, ოთხ წელიწადში პროდუქტის წარმოების თვალსაზრისით ჩინეთი აშშ-ს გაუსწრებს. ობამა იქნება ის პრეზიდენტი, რომელიც მსოფლიო ისტორიის წიგნში აშშ-ის ერთ-ერთ სახელოვან თავს დახურავს, მაგრამ არა ხმაურით, არამედ სლუკუნით.

ის, ვინც იმედს იძლეოდა, რომ მალე ახალ ეკონომიკურ ლიდერად მოგვევლინებოდა, ისეთი თავდაჯერებული აღარ ჩანს. ჩინეთმაც სულ ცოტა ხნის წინ ახალი ლიდერები აირჩია, თუმცა ტოტალიტარული სახელმწიფოებისთვის დამახასიათებელი კონტროლებადი არჩევნებით. ყოფილმა მმართველმა წასვლის წინ გამორჩეულად პირქუში სიტყვა წარმოთქვა და ჩინეთის მმართველი რეჟიმის შესაძლო მარცხი იწინასწარმეტყველა, თუ ქვეყანა კორუფციის პრობლემას არ გაუმკლავდება.

ეს პირქუში განწყობა ასახავს New York Times-ის მიერ ჩინეთის კომუნისტური მმართველი ოჯახის კუთვნილი სიმდიდრის თაობაზე ახლახან ჩატარებული გამოძიების საოცარ წარმატებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ამ გაზეთის ვებგვერდი დაუყოვნებლივ დაიხურა, ზიანი უკვე მიყენებული იყო. დაახლოებით 100 მილიონამდე განათლებულმა ჩინელმა, რომლებიც ერის ელიტური აზრის ჩამომყალიბებელ ბირთვს წარმოადგენენ, უკვე იცის, რომ ამ ოჯახის საერთო სიმდიდრე ბევრად აღემატება $1 მილიარდს.

სტატია ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ დამღუპველ უთანასწორობაზე, რომელიც მდიდარ და ღარიბ ჩინელებს შორის არსებობს. სოფლებში მცხოვრები 150 მილიონზე მეტი ჩინელი დღეში $1,50-ზე ნაკლები შემოსავლით ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ნამდვილად მიმდინარეობს ყველაზე დაბალი შემოსავლების სწრაფი ტემპით ზრდა, უფსკრული მდიდრებსა და ღატაკებს შორის მაინც იზრდება.

კორუფციის შედეგად წარმოქმნილმა ამ უფსკრულმა შესაძლოა კომუნისტური პარტია და მასთან ერთად სახელმწიფოც დაანგრიოს. ჩინეთის ისტორიული მეხსიერების კუნჭულში არსებობს შიში, რომ ქვეყანა დაუბრუნდება სამხედრო დიქტატურის ეპოქას, და დაიშლება ნახევრად დამოუკიდებელც, მუდმივად ერთმანეთთან მეომარ სახელმწიფოებად.

ამის თავიდან ასაცილებლად ჩინეთმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღმოფხვრას კორუფცია და მიიღოს რადიკალური ზომები, რათა მშრომელებს ერგოთ უფრო სამართლიანი წილი იმ სიმდიდრიდან, რომლის საწარმოებლადაც ასეთ მძიმე შრომას ეწევიან. ორივე მიზანი საკმაოდ ნათელია, მაგრამ არსებობს სერიოზული ეჭვები, რომ ჩინეთის სისტემას, თავისი საშინელი კორუფციითა და დიდი უთანასწორობით, ფიზიკურად და ინტელექტუალურად არ შესწევს უნარი ასეთი ფუნდამენტური რეფორმების გასატარებლად.

სიმართლე ის გახლავთ, რომ კომუნისტური ჩინეთი ისტორიულად შობდა სიმახინჯეებს. მაო ძედუნის მთავრობა ერთ-ერთი ცენტრალიზებული ტირანია იყო. მაოს მმართველობის ბოლო 30 წლის განმავლობაში მოკლული იყო 70 მილიონი ჩინელი - ეს დაღუპულთა ყველაზე დიდი რაოდენობაა, რომელიც შეიძლება უშუალოდ ერთ რეჟიმს მიეწეროს.

მაოს მემკვიდრეთა ხელში მკვლელობებმა მნიშვნელოვნად იკლო, მაგრამ ხალხის ტანჯვა არ დასრულებულა. ჩინეთის კომუნისტურმა კაპიტალიზმმა კოლოსალურ ეკონომიკურ ზრდას მიაღწია, მაგრამ ამას მოჰყვა შესაბამისი მასშტაბის კორუფცია და უზარმაზარი უთანასწორობა სიმდიდრის თვალსაზრისით, რამაც, საბოლოო ჯამში, შესაძლოა მძვინვარებისა და ძალადობის აფეთქების დეტონატორის როლი ითამაშოს.

აშშ-ს ასეთი პერსპექტივების არ უნდა ეშინოდეს. მაგრამ ობამას მეორე ვადით არჩევით ქვეყანამ იგივე პოზიცია დაიკავა, რაც ბრიტანეთმა სტენლი ბოლდუინის დროს, 30-იან წლებში: უსაფრთხოება პირველ რიგში; ყველა დიდი პრობლემისათვის თავის არიდება; დროებითი ზომები ნაცვლად ფუნდამენტური გადაწყვეტილებებისა; დაუბალანსებელი ბიუჯეტი და უბრალოდ ვალდებულებების ახალ დონეზე შეთანხმებები; ისეთი დიდი პრობლემის მოუგვარებლად დატოვება, როგორიცაა ირანის სწრაფვა ბირთვული იარაღის მოპოვებისაკენ, ქვეყნის თავდაცვის უგულებელყოფა, რის შედეგადაც ის ვეღარ შეძლებს გადამწყვეტ სამხედრო მონაწილეობას მსოფლიოს ცხელ წერტილებში.

ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად - და გარკვეულ ასპექტში უკიდურესად - დასუსტებამ, შესაძლოა ძირი ვერ გამოუთხაროს Pax Americana-ს (ომისშემდგომი კონცეფცია, რომლის თანახმადაც აშშ უნდა გამხდარიყო მსოფლიო მბრძანებელი), რომელმაც მსოფლიოში მშვიდობა შეინარჩუნა უპრეცედენტო რვა ათწლეულის განმავლობაში, მაგრამ სერიოზულად დააზიანებს უსაფრთხოების ყველა დონეს.

წარსულში აშშ-მ აჩვენა, რომ შესწევდა თავის წიაღში ახალი ლიდერების აღმოჩენის უნარი. 70-იან წლებში, ნიქსონის გადადგომის შემდეგ, ფორდისა და კარტერის პრეზიდენტობის პერიოდებში, მთელი ერი უფსკრულის წინ იდგა, ის შეძრწუნებული იყო იმით, რასაც ხედავდა და საბოლოოდ პრეზიდენტად აირჩია რონალდ რეიგანი, რომელმაც დასაბამი მისცა ეროვნული აღორძინების პროცესს.

უნდა ვილოცოთ, რომ ეს კვლავ განმეორდეს. ალტერნატივა მეტისმეტად საშინელი სანახავი იქნება.


პოლ ჯონსონი, გამოჩენილი ბრიტანელი ისტორიკოსი და ავტორი; დეივიდ მელპასი, Global Economist, Encima Global LLC-ს პრეზიდენტი; ემიტი შლაეს, George W. Bush Institute-ის The 4% Growth Project-ს დირექტორი, და ლი კუან იუ, სინგაპურის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მონაცვლეობით წერენ ამ სვეტს.

 

წინა სტატია

Google-ის მაგისტრალი
14 იანვარი, 2013

შემდეგი სტატია

წიგნში ნაპოვნი ბიზნესი
12 მარტი, 2013
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა