რეფინანსირების განაკვეთი

რეფინანსირების განაკვეთი

ეკონომიკა ცოცხალი ორგანიზმია, რომელსაც გარკვეულ პერიოდებში სტიმულირება სჭირდება. ეს შესაძლოა განხორციელდეს ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის გაზრდით. იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორის მხრიდან ინვესტიციები მცირდება ან არ არის საკმარისი, შესაძლოა მთავრობამ შეამციროს „ხარკი“, რომელიც ბიზნესს ტვირთად აწევს გადასახადების სახით და უმცირებს მოქმედების თავისუფლებას. რესურსები შეზღუდულია და სახელმწიფო ბიუჯეტის შემცირება არ არის ეკონომიკურად გამართლებული საინვესტიციო დანახარჯებით. ადმინისტრაციული და სოციალური ხარჯების შემცირება მთავრობისთვის მტკივნეული და არაპოპულარულია. ფისკალური პოლიტიკა არის ხისტი და ნაკლებად ცვალებადია მოკლევადიან პერიოდში (არ ვგულისხმობთ წინასაარჩევნო პერიოდს, რომელიც როგორც ჩვენთან ასევე დანარჩენ მსოფლიოშიც აქტუალურია და სავსეა უხვი დაპირებებით ბიზნესის და მოსახლეობის მიმართ).

მთავრობის საგადასახადო სიხისტეს აბალანსებს მონეტარული პოლიტიკის გამტარებელი ცენტრალური ბანკი, რომელიც ცდილობს, საპროცენტო განაკვეთების შემცირებით/გაზრდით შექმნას ან გააქროს ფული ეკონომიკაში და ხელი შეუწყოს ფასების სტაბილურობას გრძელვადიან პერიოდში. ფასების სტაბილურობა ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან სიახლოვისას მიიღწევა, რომელიც ჩვენთან წელს 5%-ია.

სტაბილურ პერიოდში მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების ცვლილებით ქვეყანაში იცვლება მომხმარებლის მიერ შეძენილი საქონლის რაოდენობა, ბიზნესის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა და, შესაბამისად, უმუშევრობის დონე. მაღალი ეკონომიკური ზრდის დროს მოსახლეობისა და ბიზნესის შემოსავლები ხარჯებზე უფრო მეტად იზრდება.

ევროპის ცენტრალური ბანკი (ECB) რეფინანსირების განაკვეთს იყენებს, როგორც მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს. აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (FED) კი ცდილობს, ფულის მიწოდების ცვლილებით საპროცენტო განაკვეთები დააახლოოს მიზნობრივ მაჩვენებელთან. მონეტარული პოლიტიკის გამტარებელი ორივე ინსტიტუტი საპროცენტო განაკვეთებს ეკონომიკის მდგომარეობის შესაბამისად ცვლის.

2008 წელს აშშ-ში მომხდარი ფინანსური კრიზისის დროს წარმოჩნდა, თუ რა შეიძლება მოხდეს ფინანსური სისტემის „არასაკმარისი ზედამხედველობისა“ და დაბალი ლიკვიდობის შედეგად. ღია ეკონომიკის გამო კრიზისი გავრცელდა დანარჩენ მსოფლიოში და ცენტრალური ბანკები იძულებული იყვნენ, ემოქმედათ ბოლო დონის მსესხებლებად, რათა ეკონომიკის კოლაფსი არ დაეშვათ.

პოსტკრიზისული ეფექტების აღმოსაფხვრელად ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთების შემცირება დაიწყო, რაც დადებითად აისახა ფინანსური სისტემის ლიკვიდობაზე და რამაც ეკონომიკური რეცესია შეამსუბუქა.

2008-დან 2010 წლამდე, ევროზონაში რეფინანსირების განაკვეთი მოკლევადიან ოპერაციებზე 4%-დან 1%-მდე შემცირდა. შედეგად, 2012 წლის ბოლოს ინფლაციამ ევროზონის მიზნობრივ მაჩვენებელს 1%-ით გადააჭარბა და 3% შეადგინა. შემდგომ პერიოდში ევროპის ცენტრალური ბანკი ასევე აგრძელებდა შერბილებულ მონეტარულ პოლიტიკას და რეფინანსირების განაკვეთი 0%-მდე შეამცირა, თუმცა ამან ვერ უზრუნველყო ინფლაციის გაზრდა და დღევანდელი მდგომარეობით ინფლაციის მაჩვენებელი -0.2%-ია. დაბალი ინფლაცია ევროზონის პრობლემად მიიჩნევა, რადგან დაბალი ინფლაციის პირობებში ბიზნესს წარმოების ხალისი ეკარგება, შესაბამისად, იზრდება უმუშევრობა და მცირდება წარმოებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობა. დეპოზიტებზე უარყოფითი საპროცენტო განაკვეთების დაწესებამ, რომლებიც ხარჯვას ასტიმულირებს, ჯერჯერობით არ მოახდინა ინფლაციის გაზრდა. აშშ-ის შემთხვევაში FED-ის საპროცენტო განაკვეთები 2008 წლიდან 5.25%-დან 0.5%-მდე შემცირდა. საპროცენტო განაკვეთების ცვლილებასთან ერთად ინფლაციის მაჩვენებელი მერყეობდა 0.1%-დან 3%-მდე შუალედში და დღევანდელი მდგომარეობით 1.1%-ს შეადგენს.

2008 წლიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაიწყო რეფინანსირების განაკვეთისა და მასზე მიბმული ლიკვიდობის მხარდამჭერი რეფინანსირების სესხების გამოყენება. ევროზონისა და აშშ-სგან განსხვავებით, საქართველოს მასშტაბიდან და დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლიდან გამომდინარე, ცენტრალური ბანკი „იძულებულია“, საპროცენტო განაკვეთები უფრო მკვეთრად და ხშირად ცვალოს, რომ შედეგები ეკონომიკას გადასცეს.

ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირება დადებითად აისახა სესხების ლარიზაციის მაჩვენებელზე, რომელიც 2009-დან 2014 წლამდე 24%-დან 39.3%-მდე გაიზარდა. ამ ფაქტს ასევე შეუწყო ხელი გაცვლითი კურსის სტაბილურობამ, რომლის წლიური საშუალო გადახრა 5%-ს არ აღემატებოდა. 2014 წლამდე გაცვლითი კურსის სტაბილურობიდან გამომდინარე, სავალუტო რისკი ძირითადად იგნორირებული იყო მსესხებლების მხრიდან, სხვა შემთხვევაში მოსალოდნელი იყო სესხების ლარიზაციის კიდევ უფრო მეტად ზრდა. ლარის გაუფასურებამ აჩვენა, რომ სამომავლო რისკის ასაცილებლად მნიშვნელოვანია სესხის აღება იმ ვალუტაში, რომელშიც გვაქვს შემოსავალი, მიუხედავად იმისა, რომ საპროცენტო ხარჯი ლარში უფრო მეტია.

დღესდღეობით ეროვნულ ვალუტაში ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხის 17 000 იურიდიული და ფიზიკური პირის ხელშეკრულებაა გაფორმებული. 2008 წელს რეფინანსირების განაკვეთის ისტორიული მაქსიმუმი იყო 12%, 10%-იან ინფლაციასთან ერთად. რეფინანსირების განაკვეთის მინიმუმი – 3.75%, 2013 წელს, 0.9%-იანი დეფლაციის პირობებში დაფიქსირდა. მოკლევადიან პერიოდში შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაცვლითი კურსის გაუფასურებით გამოწვეული ინფლაციური ფაქტორები ამოწურულია და არ არის მოსალოდნელი რეფინანსირების განაკვეთის ზრდა. რთულია გრძელვადიანი პერიოდის პროგნოზირება, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სტაბილური და დაბალი ინფლაციის პირობებში არ არის მოსალოდნელი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მკვეთრი ზრდა. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლებს სურთ საპროცენტო ხარჯისგან თავის დაზღვევა, შესაძლებელია ფიქსირებულ განაკვეთში სესხის აღება, თუმცა ამ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალია.

2016 წელს მოსალოდნელია რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, ასევე შემცირებულია მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა ლარში, რაც დადებითად უნდა აისახოს ლარის ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობაზე. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სხვა თანაბარ პირობებში ეკონომიკურმა ზრდამ 3%-ს უნდა გადააჭარბოს. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 2016 წელს 3.4% ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს და შესაძლებელია, მომავალში გაზარდოს საპროგნოზო მაჩვენებელი, რომელიც რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზეა დამოკიდებული.

იმ დროს, როცა ეკონომიკა „შოკებს“განიცდის, ცენტრალური ბანკების როლი მკვეთრად იზრდება. ეროვნული ბანკის „არაპოპულარული“ გადაწყვეტილებები, რომლებიც ძირითადად გრძელვადიან პერიოდზეა ორიენტირებული და მოკლევადიან პერიოდში ჩვენს „ბიუჯეტს ურტყამს“, საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს. რთულია, შევაფასოთ მიმდინარე პერიოდში, თუ რა წმინდა ეფექტი ექნება უცხოურ ვალუტაზე გაზრდილ მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას, მაგრამ გასული პერიოდიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაუფასურების დროს ეროვნული ბანკის რეზერვების „არდახარჯვის პოლიტიკა“ სწორი იყო.

საქართველოს ეკონომიკის ამოცანები განსხვავდება ევროზონისა და აშშ-ის მონეტარული პოლიტიკის გამტარებელი ინსტიტუტების წინაშე დასახული მიზნებისგან. დროის ერთსა და იმავე პერიოდში ეკონომიკის სპეციფიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი მოქმედებს საერთაშორისოდ აღიარებული პრაქტიკის შესაბამისად. ინფლაციის ტარგეტირებისთვის რეფინანსირების განაკვეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ინფლაციის მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს ყოფნას. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *