სოფოს ამბიცია: თბილისი – აღმოსავლეთ ევროპის მოდის დედაქალაქი

პროფესიით კინომცოდნე სოფო ჭყონია, შეიძლება ითქვას, რომ მოდის ინდუსტრიაში ფილმებით მოხვდა. ის წლებია, ამზადებს ინტერვიუების სერიას ცნობილ ადამიანებზე, მოდის, კინოს, ფოტოგრაფიისა თუ ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებზე, რომლებიც შემდეგ ბრიტანეთის რამდენიმე სატელევიზიო არხით გადაიცემა. სწორედ ასე გაიცნო მან ამ ბიზნესში დასაქმებული ის ადამიანები, რომლებიც პარიზული და არა მხოლოდ პარიზული მოდის ტენდენციებს ქმნიან, მასზე წერენ, აკრიტიკებენ და საერთოდ მოდით ცხოვრობენ...

პარიზიდან ქართველი დიზაინერებისთვის

სოფომ ბინა პარიზში დაიდო, აქტიურად ჩაება პარიზულ ცხოვრებაში. თუმცა აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდა ხელოვანები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ და საქმიანობდნენ, არასდროს დავიწყებია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სოფო პარიზში პერიოდულად აწყობს ღონისძიებებს, რომლებშიც ქართველი ხელოვანები არიან ჩაბმულნი. თუმცა, მისი ერთ-ერთი გახმაურებული პროექტი, რომელიც ქართული თანამედროვე მოდის ბიზნესის განვითარებას უკავშირდება, ეს მაინც ახალგაზრდა დიზაინერთა კონკურსია სახელწოდებით BE NEXT, რომელიც უკვე მეექვსე წელია, საქართველოში იმართება და რომელიც დამწყებ დიზაინერებს საშუალებას აძლევს, წარმოაჩინონ საკუთარი თავი მოდის ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალების წინაშე, საუკეთესოებმა კი სწავლის საგზური მოიპოვონ მსოფლიოს წამყვან მოდის სკოლებში. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ კონკურსში მონაწილეობას იღებენ ახალგაზრდა დიზაინერები არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდანაც. სოფო სიამაყით ამბობს, რომ ამ წლების მანძილზე ახალგაზრდა დიზაინერები იმდენად დაიხვეწნენ და გაიზარდნენ, რომ წელს გამართულ კონკურსში დაგეგმილი ერთი პრიზის ნაცვლად, ცხრა პრიზი გაიცა.

“MERCEDES-BENZ-ის“ მოდის კვირეული თბილისში

თუმცა, ცხადია, მხოლოდ ეს კონკურსი არ არის მიზეზი იმისა, რის გამოც სოფო ჭყონია თამამად შეიძლება დასახელდეს საქართველოში მოდის ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობად. საქმე ისაა, რომ უკვე მესამე სეზონია, მისი ინიციატივით, თბილისი “მერსედეს ბენცის” მოდის კვირეულს მასპინძლობს. ეს არის მოდის კვირეული, სადაც თავს იყრიან მსოფლიოს წამყვანი ბაერები, მოდის კრიტიკოსები, ბლოგერები, დიზაინერები, მოდელები. ეს არის ღონისძიება, რომლითაც თბილისს აქვს მცდელობა, მოდის დედაქალაქების გვერდით დგომის ამბიცია გამოთქვას. მართალია, ჯერ ყველაფერი წინაა და ქართველ დიზაინერებს იქამდე ჯერ კიდევ გრძელი და რთული გზა აქვთ გასავლელი, მაგრამ ამ გაზაფხულზე გამართული “მერსედეს ბენცის” მოდის კვირეულის გამოხმაურება უცხოურ პრესაში იმის იმედს იძლევა, რომ თბილისი ნამდვილად შეიძლება იქცეს აღმოსავლეთ ევროპის მოდის დედაქალაქად. ყოველ შემთხვევაში, ამერიკულმა “ვოგმა” “მერსედეს ბენცის” მოდის კვირეულის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში სწორედ ასე მოიხსენია თბილისი – “აღმოსავლეთ ევროპის მოდის დედაქალაქი”.

ამის ამბიცია კი სოფოს ნამდვილად აქვს. თუმცა მხოლოდ ეს არ არის სოფოს მთავარი ამბიცია, სოფოს მიზანია, რომ საქართველოში მოდა იქცეს ნამდვილ ბიზნესად და ის საქართველოში ამის დიდ პოტენციალს ხედავს: “ბოლო “მერსედეს ბენცის” მოდის კვირეულმააჩვენა, რომ ქართველ დიზაინერებს ნამდვილად აქვთ იმის უნარი და შესაძლებლობა, რომ მოდა საქართველოსსავიზიტო ბარათი გახდეს. ქართველი დიზაინერების სახელები დღეს მსოფლიოს უძლიერეს მოდის სახლებს უკავშირდება. დღეს, მაგალითად, მთელი მსოფლიო ლაპარაკობს დემნა გვასალიასა (“ბალენსიაგას” კრეატიული დირექტორი) და დევიდ კომაზე (ფრანგული მოდის სახლის Thierry Mugler-ის სამხატვრო ხელმძღვანელი). ვფიქრობ, მსოფლიო კიდევ ბევრ ქართველ დიზაინერს გაიცნობს”, – მეუბნება სოფო ჭყონია.

პრესის გამოძახილი – იყიდეთ ბილეთები თბილისისკენ!

ეს მართლაც ასეა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მოდის სფეროში მომუშავე წამყვანი მედიასაშუალებების გამოხმაურებები. ამერიკული “ვოგი” და ონლაინ-მაღაზია “მოდა ოპერანდი”, იტალიური “გრაცია”, აზერბაიჯანული “ფრაიდეი”, რუსული “გლამური” – ეს მცირე ჩამონათვალია იმ გამოცემებისა, რომლებიც “მერსედეს ფეშენ ვიკსა” და მასში მონაწილე დიზაინერებზე წერენ. აი, მაგალითად, Forbes.com “მერსედეს ფეშენ ვიკის” ხუთ წამყვან დიზაინერზე ვრცელ პუბლიკაციას აქვეყნებს. გამოცემის რჩეულთა შორის მოხვდა თამუნა ინგოროყვა, გიორგი ფანცულაია, ლალო დოლიძე, ბესარიონი. მეტიც, გამოცემა წერს, რომ ბაერების, მოდის კრიტიკოსების, ბლოგერების, მოდის ინდუსტრიის წამყვანი ფიგურების სიმრავლით, თბილისის “მერსედეს ბენცის” მოდის კვირეული კარგ გაკვეთილებს უტარებს მის წინამორბედებს – რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის ანალოგიურ კვირეულებს. “ვოგის” ჟურნალისტი, ლიანა სატენშტაინი კი იმაზე წერს, რომ დროა, გამოცემის მკითხველებმა თბილისში გასამგზავრებლად ბილეთები შეიძინონ: “თუკი გეგმავთ, რომ დაისვენოთ საზღვარგარეთ, მაშინ დაივიწყეთ მილანი, დააბრუნეთ ბერლინში გასამგზავრებელი ბილეთები და არც კი იფიქროთ ლონდონზე. ამის ნაცვლად, გაემგზავრეთ საქართველოში – კავკასიის ერთ-ერთ პატარა ქვეყანაში, რომელიც ესაზღვრება თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და რუსეთს, შავი ზღვის სანაპიროზეა გაშენებული და რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს”. ანუ “ვოგი” არა მხოლოდ “მერსედეს ბენცის” მოდის კვირეულს უძღვნის თავის პუბლიკაციებს, არამედ მთლიანად საქართველოს და იმ ღირსშესანიშნაობებს, რისი ნახვაც საქართველოშია შესაძლებელი. სწორედ ეს არის სოფო ჭყონიას ერთ-ერთი მიზანიც – მოდის ბიზნესის განვითარებამ ხელი შეუწყოს საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებას: “საინტერესო ისაა, რომ მას მერე, რაც ჟურნალისტებმა ამოწურეს მოდის სფერო, დაიწყეს წერა ქართულ კულინარიაზე, ღირსშესანიშნაობებზე და ა.შ. ეს იყო სასწაული. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანას საოცარი რეკლამა გაუკეთეს. კონკრეტულად ამ მიზნით, კვირეულის ფარგლებში ჩამოსული იყო გამოცემა “კონდე ნასტ ტრეველერი” ჩინეთიდან, რომელიც ვრცელ პუბლიკაციას ამზადებს საქართველოზე. სწორედ ამგვარი დაინტერესების გამო, ტურიზმის დეპარტამენტი, კულტურის სამინისტროსთან ერთად, მოდის კვირეულის ერთ-ერთ მხარდამჭერად იქცა”, – ამბობს სოფო ჭყონია.

37 დიზაინერი. ოთხი მონაწილე ქვეყანა – საქართველო, უკრაინა, რუსეთი და ყაზახეთი. 150-მდე მოწვეული სტუმარი. ეს, უბრალოდ, რიცხვებია, თუმცა, თუკი რიცხვების მიღმა გავიხედავთ და სოფო ჭყონიას სიტყვებს დავეყრდნობით, მაშინ უნდა ითქვას, რომ მეზობელ ქვეყნებში გამართულ ანალოგიურ კვირეულებთან შედარებით, “თბილისის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის” ხარისხი ყველაზე მაღალია: “აზერბაიჯანსა და სომხეთში დიზაინერების დიდი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამხელა ქვეყანაა, თითზე ჩამოსათვლელი დიზაინერები ჰყავთ. მოსკოვსა და კიევში უკვე რამდენიმე წელია, “მერსედეს ბენცის” მოდის კვირეული ტარდება, და ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვი, რომ იქაური ჩვენებები ქართულ ჩვენებებს სჯობია. შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი დიზაინერები გაცილებით კრეატიულები არიან. ამ სეზონზე სპეციალურად იყვნენ ჩამოსულები “მერსედეს ბენცის” მოდის კვირეულის წარმომადგენლები ალმატიდან, ასევე უკრაინისა და რუსეთის მოდის კვირეულის წარმომადგენლები და გაკვირვებულები წავიდნენ აქ ნაჩვენები მაღალი დონით. მაგალითისათვის იმასაც გეტყვით, რომ ამ ქვეყნებში, მოდის კვირეულში მონაწილეობისათვის დიზაინერები 10 000 ევროს იხდიან, ჩვენთან კი მონაწილეობა უფასოა”, – ამბობს სოფო.

რაც შეეხება მონაწილეების შერჩევის წესს, როგორც სოფო განმარტავს, მონაწილეთა შერჩევის პროცესში ის ჩართული არ არის. მონაწილეების ბედს წყვეტს სპეციალურად შექმნილი ბორდი, რომელიც უცხოელი მოდის ექსპერტებისა და დიზაინერებისგან შედგება. ისინი იღებენ ინფორმაციას დიზაინერების შესახებ და არჩევენ მონაწილეებს.

11 გაყიდული კოლექცია

მაისში გამართული “მერსედეს ბენცის” მოდის კვირეული გამორჩეული იყო ბაერების რაოდენობითაც. სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ამ სეზონზე ყველაზე მეტი, 11 კოლექცია გაიყიდა. ბაერებს შორის იყო ლილია რახი – ყაზახი ბაერი, რომელიც მსოფლიო მოდის ბიზნესში ერთ-ერთი წამყვანი და გავლენიანი პერსონაა. მან დიზაინერ ჯაბა დიასამიძის კოლექცია სრულად შეიძინა: “ეს ქალი თავის ემოციებს არ მალავდა. როდესაც ის გაძლევს ასეთ მაღალ შეფასებას და როცა ის ეუბნება რამდენიმე დიზაინერს, რომ ხსნის მთელ კოლექციას, ეს პატარა საქმე არ არის. მის წინაშე ჟივანშიც კი ფართოდ აღებს თავის კარს. მის მაღაზიებში მსოფლიოს ცნობილი ბრენდები იყიდება”.

მაინც რა აინტერესებთ უცხოელ ბაერებს საქართველოში? ქართველ დიზაინერებში? მათი ინტერესის გაღვივებაში სოფო ჭყონიას დიდი წვლილი მიუძღვის. მოდის კვირეული ბაერების გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ მოდის კვირეულების ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი სწორედ ბაერები არიან. მეტიც, სოფო გეგმავს, რომ მომავალ სეზონებზე კიდევ უფრო მეტი ბაერი მოიწვიოს საქართველოში, რათა მეტ ქართველ დიზაინერს მიეცეს კოლექციების გაყიდვის შესაძლებლობა. ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ბაერები არა მხოლოდ ჩამოდიან საქართველოში, არამედ ქართველი დიზაინერების შემოქმედება მათ ინტერესსა და მოწონებას იმსახურებს და შედეგად კოლექციებსაც ყიდულობენ: “ჩემთვის სასიამოვნო ფაქტი იყო ის, რომ ნიუ-იორკის ერთ-ერთმა ონლაინ-მაღაზიამ Moda Operandi-მ ათი დიზაინერის კოლექცია შეუკვეთა. მათ შორის ცხრა ქართველისა და ერთი უკრაინელი დიზაინერის კოლექცია. ის უცხოელი დიზაინერები, რომლებიც “მერსედეს ბენცის” მოდის კვირეულში იღებდნენ მონაწილეობას, გაკვირვებული იყვნენ – ვერ წარმოგვედგინა, რომ საქართველოში რაიმეს გავყიდიდითო”, – ჰყვება სოფო.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უცხოელი ბაერები ქართული მოდით ინტერესდებიან, სოფოს თქმით, ახალი სახელების ძიებაა. მისი სიტყვებით, დღეს მოდა მსოფლიოში თითქოს მოსაწყენი გახდა. მოდის ბიზნესში ერთი და იგივე დიზაინერები ტრიალებენ. ბაერები კი ახალ სახელებს ეძებენ. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი ბაერებისათვის რამდენიმე ქართველი დიზაინერის სახელი და გვარია ცნობილი, მათ მაინც ნაკლები მოლოდინი ჰქონდათ იმისა, რომ “მერსედეს ბენცის” მოდის კვირეული მათ ბევრ, საინტერესო და საღი იდეებით დახუნძლულ დიზაინერებს აპოვნინებდა: “მსოფლიო მოდას რომ გადახედოთ, თითქოს სიახლე აკლია, მოდის გენიოსები ძალიან ცოტაღა დარჩა. აღარ არის მაკქუინი, გალიანო და ა.შ. და ცოტა მოსაწყენი გახდა ბაერებისთვისაც და პრესისთვისაც ერთი და იმავე ადამიანებისა და სახეები ყურება”, – ამბობს სოფო ჭყონია.

რჩევები მოდის ექსპერტებისგან

მაისის თვეში გამართული კვირეული მხოლოდ ბაერების სიმრავლით არ გამოირჩეოდა. ზევითაც ვახსენეთ, კვირეულის ფარგლებში მოდის არაერთი კრიტიკოსი, ბლოგერი, ჟურნალისტი თუ დიზაინერი სტუმრობდა თბილისში. მათ შორის – დიზაინერი ერვე ლეჟე, მოდის კრიტიკოსი დაიან პერნე... მოდის ექსპერტებმა და კრიტიკოსებმა კვირეულის ფარგლებში მოიარეს ეროვნული მუზეუმი, დაათვალიერეს ოქროს საგანძური, საშუალება ჰქონდათ ენახათ, თუ როგორ მზადდება ქართული ეროვნული, ტრადიციული სამოსი და ისინი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მოდის ექსპერტები ქართველ დიზაინერებს სწორედ იმ ტრადიციული ორნამენტების გამოყენებას ურჩევენ თავიანთ კოლექციებში, რომლებიც ეროვნულ ტანსაცმელს განუმეორებელ ინდივიდუალობას სძენს. როგორც სოფო ჰყვება, ვერ მალავდნენ ისინი აღფრთოვანებას იმ ფერთა შეხამების გამოც, რომელიც ჯერ კიდევ საუკუნეების წინ ამშვენებდა ქართულ სამოსს...

თანამედროვე განათლება, რომელიც ქართველ დიზაინერებს არა აქვთ

თუმცა, სანამ ქართველი დიზაინერები საზღვრებს კიდევ უფრო მეტად გაარღვევენ და თავიანთ კუთვნილ ადგილს დაიკავებენ მსოფლიო მოდის რუკაზე, მანამდე ბევრია სასწავლი. პირველ რიგში კი ის, თუ როგორ უნდა იქცეს მოდა ბიზნესად. სოფო გულდაწყვეტით აღნიშნავს, რომ დღემდე საქართველოში დიზაინერებს არა აქვთ იმის შესაძლებლობა და ცოდნა, თუ როგორ გახადონ თავიანთი საქმე მოგებიანი, როგორ შეაფასონ თავიანთი ნამუშევრები: “ეს ურთულესი პროფესიაა, ძალიან საინტერესო, ბევრი ქვეყნისთვის ერთ-ერთ სერიოზულ შემოსავლის წყაროდაა ქცეული და ამ დროს საქართველოში ეს პროფესია ბოლო დრომდე მხოლოდ გართობისა და სანახაობის ერთ-ერთი ფორმა იყო. მიხარია, რომ ბოლო წლებში ეს მიდგომა ნელ-ნელა იცვლება. თბილისში იმართება მოდის კვირეულები, თუმცა, ცხადია, რომ ეს საკმარისი არ არის”, – ამბობს სოფო, რომელსაც მიაჩნია, რომ დარგის განვითარებისათვის აუცილებელია ამ მიმართულებით საგანმანათლებლო სისტემის შეცვლა. მისი თქმით, ადგილობრივი დიზაინერები და მათ მიერ შექმნილი კოლექციები სეზონიდან სეზონამდე იხვეწება, თუმცა, მიუხედავად ამისა, მარკეტინგული ცოდნა და ალღო ჯერ კიდევ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. “მერსედეს ბენცის” მოდის კვირეული ამ მიმართულებითაც დატვირთული აღმოჩნდა. სოფოს სიტყვებით, როგორც წინა ორ სეზონზე, მესამე სეზონის ფარგლებშიც, ყოველჩვენებამდე, დიზაინერებისათვის იმართებოდა ვორკშოპები, სადაც მაღალი დონის სპეციალისტები დიზაინერებს კონკრეტულ მარკეტინგულ რჩევებს აძლევდნენ: “უხსნიდნენ, როგორ შეკერონ, რა მასალები გამოიყენონ, რა არის მოდური და ა.შ. ეს არის კონკრეტული მარკეტინგული რჩევები დაჩქარებული ტემპით. შეიძლება ძალიან ლამაზი კოლექცია გქონდეს, მაგრამ ვერ გაყიდო. შეიძლება ერთმა წარუმატებელმა კონტრაქტმა შემდეგ სხვა დიზაინერებსაც გაუფუჭოს საქმე. როდესაც უკვე სერიულ წარმოებაზე გადადიხარ, ხარისხის შენარჩუნება ძალიან ძნელია, ამიტომ უნდა იცოდე, თუ როგორ დაიცვა ეს ხარისხი. სტაბილურობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია”, – ამბობს სოფო ჭყონია, რომელსაც მიაჩნია, რომ “მერსედეს ბენცის” მოდის კვირეულმა ქართველ დიზაინერებს მეტი სტიმული მისცა, იყვნენ უფრო მეტად მონდომებულები, ხარისხზე ორიენტირებულები: “თითქოს მათში გარდატეხა მოხდა. სხვანაირად გადააფასეს საკუთარი თავი. როდესაც ისინი ხედავენ, რომ მათ ყურადღებას აქცევენ, აღნიშნავენ მათ ღირსებებს, ნიჭს, მათზე წერენ, ესაუბრებიან, ეს მართლა დიდი სტიმულია. დარწმუნებული ვარ, შემდეგი სეზონი კიდევ უფრო საინტერესო იქნება, იქნება უფრო მრავალფეროვანი კოლექციები და იქნება ახალი სახელები. კონკურს BE NEXT-ის მონაწილეები, შეიძლება ითქვას, ყველანაირი ფინანსური სახსრების გარეშე ახერხებენ ძალიან საინტერესო ნამუშევრების შექმნას, იმიტომ რომ ისინი ძალიან ნიჭიერები არიან, ეს არის სუფთა ნიჭი, რომელიც დასამუშავებელია, გამოსათლელია. ქართველ დიზაინერებს შეუძლიათ მსოფლიო მოდას ბევრი რამ შესძინონ. დემნა გვასალია და დევიდ კომა ამის ნათელი მაგალითები არიან”.

თუმცა, მანამდე ქართული დიზაინის სკოლა თანამედროვე ცოდნით უნდა აღიჭურვოს: “კარგია, ხატვა რომ იცი, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის მთავარი. მოდის ბიზნესში ძალიან ბევრი ტექნიკური დეტალის ცოდნაა აუცილებელი: როგორ შექმნა კოლექცია, როგორ აწარმოო მარკეტინგი, რომ კოლექცია გაყიდო, როგორ გაუწიო პიარი საკუთარ თავს და ა.შ. ამ ყველაფრის შესახებ ქართველ დიზაინერებს თითქმის არა აქვთ ცოდნა, არადა, მხოლოდ ხატვის დონეზე ისინი შორს ვერ წავლენ. დიზაინერებს საქართველოში არა აქვთ იმის ცოდნა, თუ რა ფასი უნდა დაადონ საკუთარ ნამუშევრებს. თავის შრომას ვერ აფასებენ. უცხოელი სტუმრებიც აღნიშნავენ, რომ ქართველ დიზაინერებს ძალიან ცოტა ცოდნა აქვთ მარკეტინგის შესახებ, იმის შესახებ, თუ როგორ შეარჩიონ მატერია, როგორ დაიცვან ხარისხი. მხოლოდ ვიზუალური მხარე არ წყვეტს საქმეს. როდესაც ბაერებს რაიმე მოეწონებათ, შემდეგ მოდიან და ხელით ეხებიან, ხარისხს ამოწმებენ. ამოწმებენ, მაგალითად, ყველა ღილს, ელვაშესაკრავს, მაქმანს. თბილისში, სამწუხაროდ, ეს არ ისწავლება. სამხატვრო აკადემიაში მოდის მარკეტინგი არ ისწავლება. მოდის კვირეულის მონაწილეებს სწორედ ეს პრობლემა აქვთ, რადგან შემდეგ, როდესაც ბაერებთან უწევთ ურთიერთობა და ისინი ფასს ეკითხებიან, მათ ფასის დასახელება უჭირთ. შესაძლოა, თავად დიზაინერებმა არ იცოდნენ ფასის გამოყვანის ფორმულა, მაშინ მათ მენეჯერი უნდა ჰყავდეთ. ქართველი დიზაინერების უმეტესობას კი არც მენეჯერები ჰყავს. არადა, დარწმუნებული ვარ, უცხოური პრესის ასეთი გამოხმაურების შემდეგ, აუცილებლად დაინტერესდებიან ბაერები ქართველი დიზაინერების კოლექციებით და შესაძლოა, მათ ურთიერთობის პრობლემა შეექმნათ”, – ფიქრობს სოფო და ამატებს: “მოდის კვირეული მხოლოდ ღონისძიება არ არის. მოვედით, გავერთეთ, ერთმანეთს შევხვდით და ა.შ. ეს არის დიდი შრომა, ამას გარდა, იხარჯება ძალიან დიდი ფინანსური რესურსი. ბოლო ორი სეზონისთვის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯა. სწორედ ამიტომ, საჭიროა, რომ დიზაინერებმა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები გამოიმუშაონ და ცოდნა მიიღონ”.

რაც შეეხება სოფო ჭყონიას სამომავლო გეგმებს, ცხადია, ის ისევ და ისევ მოდას და მოდის კვირეულს უკავშირდება. სოფო კვლავაც აგრძელებს მოლაპარაკებებს ახალ და ახალ ბაერებთან. გარდა ამისა, მისი თქმით, თბილისის “მერსედეს ბენცის” მოდის კვირეულში მონაწილეობის სურვილს არაერთი უცხოელი დიზაინერიც გამოთქვამს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია. სოფო ჭყონია დარწმუნებულია, რომ სულ ცოტა დროა დარჩენილი იქამდე, როდესაც მსოფლიო მოდის ინდუსტრია მართლაც აღიარებს თბილისს აღმოსავლეთ ევროპის მოდის დედაქალაქად.

წინა სტატია

რეფინანსირების განაკვეთი
27 ივნისი, 2016

შემდეგი სტატია

მაისში დოლარში განთავსებული დეპოზიტები 296 მილიონით შემცირდა
27 ივნისი, 2016
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა