საჭმლის მიტანის სერვისი

საჭმლის მიტანის სერვისი

GrubHub-მა მიტანის სერვისისთვის თავის გამალებული არიდებით მოიხვეჭა სახელი… ახლა ცდილობს, დანაშაული გამოისყიდოს. 

2004 წელს, მეტ მელოუნისა და მაიკ ევანსს საკუთარი ვებგვერდის შექმნა მხოლოდ იმიტომ მოუხდათ, რომ გაეგოთ, რომელი რესტორანი შეძლებდა პროდუქტის სახლში მიტანას. 12 წლის შემდეგ მათი ონლაინ-ბაზრობა, GrubHub-ი, წლიურად $2.4 მილიარდის ტოლფას შეკვეთებს განაგებს და ამ საოცრად კონკურენტული ახალი ბაზრის ლიდერია. DoorDash-მა – სამი წლის წინ სან-ფრანცისკოში დაარსებულმა სტარტაპმა – ახლახან $27 მილიონი ვენჩურული კაპიტალი მოიზიდა; ეს 50%-ით მეტია იმაზე, რაც 2014 წლის პირველად საჯარო შეთავაზებამდე მელოუნიმ და ევანსმა ხუთი საინვესტიციო რაუნდიდან ჯამში აიღეს. Uber-მა, $60-მილიარდიანმა ტაქსის გამოძახების კომპანიამ, ახლახან საჭმლის მიტანის აპლიკაცია, UberEats-ი ჩაუშვა, რომელიც მძღოლების უპრეცედენტო რაოდენობის გამო მეტად სარფიანი გამოდგა.

„ეს ინდუსტრიის ყველაზე საინტერესო პერიოდია, საჭმლის მიტანის სერვისის გამოგონების შემდეგ, შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანიც კი“, – განაცხადა GrubHub-ის 40 წლის აღმასრულებელმა დირექტორმა, მელოუნიმ.

ახალი სტარტაპები GrubHub-ის ზრდას ჯერჯერობით ვერ აბრკოლებენ: კომპანია FORBES-ის „25 ყველაზე სწრაფად მზარდი ტექნოლოგიური ფირმის“ სიაში გაყიდვების 66%-იანი წლიური ზრდითა (სამი წლის საშუალო მაჩვენებელი) და მოსალოდნელი წლიური 36%-იანი ზრდით (შემდეგი სამი წლის პროგნოზი) ლიდერობს. კომპანიის შემოსავალიც იზრდება: $38 მილიონი მოგება და $362 მილიონი შარშანდელი შემოსავალი. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მელოუნი შრომატევადი მიტანის სერვისის ქსელის შექმნისაგან აქამდე თავს იკავებდა.

მელოუნი არ მალავს თავის უკმაყოფილებას ისეთი სტარტაპებით, რომლებიც ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ისინი არ არიან Kozmo.com-ისა და Webvan-ის შთამომავლები. GrubHub-ის ორი უდიდესი კონკურენტის, Postmates-ისა და DoorDash-ის თქმით, ზოგ ქალაქში საკმაოდ დიდ მოგებას ნახულობენ, მაგრამ მელოუნის მათი არ სჯერა. „ერთ დღესაც ადამიანები მიმოიხედავენ და მიხვდებიან, რომ ,’ჯანდაბა, ამის კეთება მხოლოდ 12 თვე შემიძლია, მიუხედავად იმისა, რომ ახლახან $100 მილიონი მოვიზიდე’, რადგან ყოველი დამატებითი ტრანზაქცია უარყოფითია“, – ამბობს ის.

მიუხედავად იმისა, რომ სილიკონის ველი სტარტაპებს მერყევი ეკონომიკით უზრუნველყოფს, უოლ-სტრიტი მელოუნის მცდელობებს მოუთმენლად შესცქერის – კაცისა, რომელიც საჭმლის წაღება-მიტანის $75-მილიარდიანი ინდუსტრიის უფრო და უფრო დიდ ნაწილს ისაკუთრებს. ერთი წლის წინ GrubHub-ის აქციებმა პიკს მიაღწია, ახლა კი 50%-ით დაეცა: ინვესტორები ასეთ კონკურენტულ ბაზარზე მყოფი კომპანიის შენელებულ ზრდაზე ღელავენ. ამიტომ მელოუნის პირველად მოუწია, როგორც თავად უწოდებს – „ამ აყროლებულ ბიზნესში“ – ფულის დაბანდება. შარშან GrubHub-მა $90 მილიონად მიტანის სერვისის მიმწოდებელი სამი კომპანია იყიდა, რომლებიც 15 ბაზარზე 3,000-მდე რესტორანს ემსახურებოდნენ. ხოლო მეოთხე კვარტალში კომპანიამ, $5.5 მილიონით, დამოუკიდებელი მძღოლების საკუთარი ქსელი შექმნა.

„ჩემი მიზანია, ბიზნესიდან ზარალი არ დამრჩეს, – ამბობს მელოუნი. – როგორც წესი, ეს არცთუ ძალიან მართობს. ყველაზე იდიოტური ბიზნესია. ვის რად უნდა ბიზნესი, რომელიც არც მოგებას ტოვებს, არც – ზარალს? ცარიელი თავის ტკივილია“.

მელოუნის გამოთვლებით, „ტაილანდური რბილეულობის“ ან „ცხვრის ვინდალუს“ სახლში მიტანა დაახლოებით $6 ჯდება (ზოგ ბაზარზე ფასი უფრო მაღალია). შეკვეთის საშუალო ღირებულება $28-ს უტოლდება. მის კომპანიას ორი ალტერნატივა აქვს: მიტანის საფასური ან კლიენტს, ან რესტორანს უნდა გადაახდევინონ. GrubHub-ი ორივე გზას ირჩევს: თითოეული შეკვეთის 10%-ს იტოვებს, კლიენტისგან კი დაახლოებით $2-ს იღებს. იდეალურ ვარიანტში, კომპანია ამით ხარჯების დაფარვას ახერხებს. ამიტომაა, რომ, მელოუნის აზრით, DoorDash-სა და Postmates-ს, რომლებიც ბევრად უფრო მცირე მასშტაბზე მუშაობენ, მოგების დატოვების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.

მელოუნის აზრით, კომპანია წლის ბოლოს ნულოვანი მოგების წერტილს მიაღწევს, Ebitda-ს მარჟა კი ჯანსაღი 35% იქნება. მელოუნი ისეთ რესტორნებზე კონცენტრირდება, რომლებიც კლიენტებს მიტანის სერვისს ვერ სთავაზობენ, რაც ნიუ-იორკისა და სან-ფრანცისკოს გარეთ, დიდ ბაზრებზე, საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ფართო არჩევანი, იმედია, GrubHub-ს მეტ მომხმარებელს მოუზიდავს და მათ უფრო ხშირი შეკვეთების გაკეთებისკენ უბიძგებს. GrubHub-ის ტრანზაქციების 90% განმეორებადი შეკვეთებია.

RBC Capital Markets-ის ანალიტიკოსი, როჰიტ ჰულკარნი, ამ ვარაუდს „დიდ თუ-ს“ უწოდებს და ამბობს, რომ უოლ-სტრიტი GrubHub-ის მიერ სრულ კონტროლს საკუთარი ვენჩურული კაპიტალის ხარჯვის სიჩქარეზე სკეპტიკურად უყურებს. მიუხედავად ამისა, მელოუნი ჯერჯერობით წარმატების ნიშნებს ამჟღავნებს. GrubHub-მა 2015 წელს მიტანის სერვისი 50 ბაზარზე შეიტანა და წელიწადში უკვე $200 მილიონი შემოსავალი აქვს. ზრდა იმ, სულ ცოტა, ოთხ ბაზარზე, რომლებიც GrubHub-ის ათ (და მეტ) მეორე რიგის ბაზარს განეკუთვნება, მას შემდეგ აჩქარდა, რაც მიტანის სერვისი დაინერგა.

„ეს ქათმისა და კვერცხის პარადოქსს ჰგავს ქათმის სასარგებლოდ: ჯერ მიწოდება უნდა გავამზადო, შემდეგ კი მოთხოვნა გავზარდო, – ამბობს მელოუნი, – მაგრამ ეს ჩემთვის უფრო მარტივია, ვიდრე ნებისმიერი სხვისათვის. დღეში უკვე 250,000 შეკვეთას ვიღებ“.

მეტოქეები ფეხის აწყობას ცდილობენ, მელოუნი კი იმედოვნებს, რომ მისი საწყისი უპირატესობა გაამართლებს. მაგრამ სახლში მიტანის ბაზარზე ფულს თუ მაინც ვერ გააკეთებ, რა მნიშვნელობა აქვს? 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *