კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოში

ეთიკური კატეგორიებით ოპერირებისას ობიექტურობა გამორიცხულია, საუკუნოვანი ტრადიციის მქონე Forbes-ის მთავარი პრინციპი კი მკითხველის მაქსიმალურად ზუსტი შეფასებებით აღჭურვაა. შესაბამისად, ჩვენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიათა რეიტინგის შედგენასა და შეჯიბრებითობაზე პრინციპული უარი ვთქვით.
ამჯერად ყველანაირი რეიტინგის გარეშე, უბრალოდ გაგაცნობთ საქართველოში მოქმედ კომპანიებს, რომლებიც გამოირჩევიან სოციალური პასუხისმგებლობით და წარმოგიდგენთ ამ კომპანიათა აქტივობებს. აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრმა დიდმა კომპანიამ უარი თქვა თანამონაწილეობაზე და მოცემულ ნუსხაში მათ ვერ იხილავთ. თუმცა არიან კომპანიები, რომლებიც მზად არიან დაგვანახონ, თუ როგორი პოზიტიური გავლენა შეიძლება იქონიოს ბიზნესმა, გარდა იმ სტანდარტული სიკეთეებისა, რომლებთანაც ანტრეპრენიორობა ასოციირდება.

სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასი უზრუნველყოფს ყველა თანამშრომლის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევას - ალდაგი ბისიაის აბსოლუტ-პაკეტის 90% იანი თანადაფინანასებით, ერთჯერად კვებას სამუშაო დღის 8-საათიანი ცვლის განმავლობაში და ტრანსპორტს ღამისა და დილის საათებში. მომსახურე პერსონალის კვალიფიკაციის დონის ამაღლების ტრენინგები ტარდება სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასისა" და სტარვუდის ქსელის სხვა სასტუმროებში. ამ ხარჯებმა 2012 წლის განმავლობაში დაახლოებით 480 000 ლარი შეადგინა. სასტუმრო აწარმოებს კვების მომსახურე პერსონალის აუტსორსინგს, საჭიროების შემთხვევაში (ბიუჯეტი დაახლოებით 6 500 ლარი).
სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასმა" 20 წლის განმავლობაში მრავალი ეკოლოგიური და სოციალური პროექტი დანერგა და განახორციელა. 2012 წლის პროექტებს შორისაა - „დედამიწის საათი", გარემოს დასუფთავების რამდენიმე აქცია - მზიურის პარკში, ტაბახმელის ტერიტორიაზე; პროექტი - „Race for Cure".
2012 წელს ყოველწლიური საშობაო საჩუქრების დარიგების ნაცვლად, 300 ხანდაზმულ ადამიანს „შერატონ მეტეხი პალასმა" სასტუმროში სადღესასწაულო ღონისძიება მოუწყო. მოხალისე სასტუმროს თანამშრომლების შრომის შედეგად მაკულატურისაგან დამზადდა საახალწლო „ნამცხვრის სახლი". 2012 წლის განმავლობაში მიახლოებით 20 000 ლარი ეკოლოგიური პროექტების დაფინანსებას მოხმარდა.

საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის განვითარების ხელშემწყობი და წამახალისებელი გარემოს უზრუნველსაყოფად, ასევე მათი შრომის დაფასებისა და კარგი სამუშაო პირობების შექმნის მიზნით, ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები. მათ შორისაა ბენეფიტების პაკეტი, რომელიც მოიცავს ჯანმრთელობისა და საპენსიო დაზღვევას, ფულად საჩუქარს/დახმარებას რამდენიმე შემთხვევაში (მაგალითად, ბავშვის გაჩენა, დაქორწინება და სხვა), საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საბონუსე სისტემას, რომელიც ეხება ყველა თანამშრომელს.
ბანკი მხარს უჭერს სოციალურ პროექტებს, მაგალითდ, ისეთს, როგორიცაა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარება. 2012 წელს ბანკმა გადასცა ორი საცხოვრებელი ბინა სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს, დააფინანსა სამედიცინო პროცედურები (ოპერაცია) და სხვა სახის დახმარება.
საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს, მოყოლებული 2008 წლიდან, გარემოს დაცვა წარმოადგენს. ამ დროისთვის აქტიური პროექტს წარმოადგენს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მხარდაჭერა, რასაც ბანკი უკვე მეოთხე წელია ახორციელებს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერა ხმარდება პარკის მიმდინარე ხარჯების და შენარჩუნებისთვის საჭირო ღონისძიებების დაფინანსებას.

„ელიტ ელექტრონიქსის" ყველა თანამშრომელი სარგებლობს ჯანმრთელობის დაზღვევით, რისთვისაც კომპანიას ყოველწლიურად საშუალოდ 48 000 ლარი აქვს გამოყოფილი. თანამშრომლების გარკვეული ნაწილის საწვავის ლიმიტით სარგებლობს, რომლისთვისაც 2012 წელს გამოყოფილ იქნა 30 000 ლარი.

კვარტალში ერთხელ კომპანიის თანამშრომლები გადიან სხვადასხვა ტრენინგს, კვალიფიკაციის დონის ასამაღლებელ კურსებს, ტრენინგ- მენეჯერები კომპანიის შტატიანი თანამშრომლები არიან. კომპანია თანამშრომლობს საერთაშორისო ტრენინგ-ასოციაციებთან, რომლებიც ყოველწლიურად უზრუნველყოფენ კომპანიის კადრების გადამზადებას. 2012 წელს ჩატარდა 5 სხვადასხვა სახის გადამზადების კურსი, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 123 000 ლარი შეადგინა.

„ელიტ ელექტრონიქსი" იყენებს აუტსორსინგის მომსახურებას მარკეტინგული აქტივობისათვის კადრების მოძიების (მაგ., წლის განმავლობაში კომპანია 200-მდე სტუდენტის დასაქმებას ახორციელებს პრომო-სტაფის თანამდებობაზე), რისმა ჯამურმა თანხამაც 2012 წელს 52 000 ლარი შეადგინა.

2012 წელს „ელიტ ელექტრონიქსმა" მხარი დაუჭირა პროექტს „ბენეფიციარების დასაქმება", რომელიც გულისხმობდა სრულწლოვანი მიუსაფარი და მზრუნველობამოკლებული ბენეფიციარების დასაქმებას. ბენეფიციარების სურვილისამებრ შეირჩა 12 მოზარდი, რომლებმაც გაიარეს სპეციალური ტრენინგები, რის შემდეგაც დასაქმდნენ „ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელში კონსულტანტის პოზიციაზე. პროექტის ღირებულებამ წლის მანძილზე დაახლოებით 22 000 ლარი შეადგინა, ბენეფიციარების ანაზღაურების გათვალისწინებით.

„ელიტ ელექტრონიქსი" ყოველწლიურად მონაწილეობს პროექტ „დედამიწის საათში" (რომელიც გულისხმობს ბუნებრივი რესურსების დაზოგვას, რათა გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე დედამიწას). ასევე პარტნიორ კომპანიებთან ერთად, კომპანია ხელს უწყობს მწვანე ტექნოლოგიების განვითარებასა და პოპულარიზაციას. განხორციელებული პროექტების ჯამურმა ბიუჯეტმა 2012 წელს 17 000 ლარი შეადგინა.
კომპანიას შემდეგი საქველმოქმედო ინიციატივები და პროექტები აქვს დაფინანსებული და განხორციელებული: მიუსაფარი და მზრუნველობამოკლებული ბავშვების დახმარება; სიმსივნით დაავადებული მოზარდების დახმარება; სოციალურად დაუცველ პირთათვის ოჯახური პირობების გაუმჯობესება. ამ მიმართულებით 2012 წლის ჯამურმა ბიუჯეტმა 62 000 ლარი შეადგინა.

2006-დან 2012 წლის ჩათვლით RMG Copper-მა (ყოფილი სს „მადნეული") და RMG Gold-მა (ყოფილი შპს „კვარციტი") 14 202 000 ლარის სოციალური პროექტები განახორციელეს. წელიწადში საშუალოდ მილიონიდან ორ მილიონ ლარამდე ხმარდება ქველმოქმედებას. განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება სპორტის, კერძოდ, რაგბის ეროვნული გუნდის მხარდაჭერას, კულტურულ, შემეცნებით და საგანმანათლებლო პროექტებს.
კომპანიის პრიორიტეტად რჩება გარემოზე ზრუნვა. ეკოლოგიურ პროექტებში კომპანიამ ბოლო ოთხ წელიწადში მილიონობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
კომპანია უძველესი ქართული კულტურული ძეგლების შენარჩუნებასა და აღდგენაზე ზრუნავს.

კომპანიის საქმიანობაში პრიორიტეტული ადგილი უჭირავს ბოლნისის რაიონს და იქ სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელებას. გასული წლის განმავლობაში კომპანიამ ფინანსური დახმარება გაუწია ასოციაციებს, მოხუცთა თავშესაფარს. ორი წელია, რაც კომპანია აქტიურ დახმარებას უწევს საქველმოქმედო ფონდ „იავნანას". კომპანიას დაწესებული აქვს განსაკუთრებული სტიპენდია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის.

RMG Metals Group-მა დააფინანსა რამდენიმე ცნობილი საერთაშორისო კონცერტი და ქართული შემოქმედების საღამო.
RMG Copper-ისა და RMG Gold-ის თანამშრომლების ჯანმრთელობა დაზღვეულია ხელშეკრულებით განსაზღვრული შესაბამისი პირობებით. RMG Copper-ის თანამშრომლებს ასევე აქვთ სიცოცხლისა და უბედური შემთხვევით გამოწვეული შრომის უუნარობის დაზღვევა ბარათის შესაბამისად. სადაზღვევო ბარათის ღირებულებას მთლიანად კომპანია იხდის. გარდა ამისა, ყველა თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა თავისი სადაზღვევო პაკეტის ანალოგიური პირობებით დააზღვიოს საკუთარი ოჯახის წევრები.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ფარგლებში ჯანმრთელობის დაზღვევა ვრცელდება ყველა თანამშრომელზე 100% დაფარვის პირობით. დღეის მდგომარეობით დაზღვეულია 2 500-ზე მეტი თანამშრომელი. 2012 წელს ჯანმრთელობის დაზღვევაზე დაიხარჯა 800 000-მდე ლარი.

მატერიალური დახმარების გაწევაზე სხვადასხვა მიზეზით დაზარალებული თანამშრომლებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად 2012 წელს გამოიყო დაახლოებით 335 000 ლარი.
უზრუნველყოფილია თანამშრომლების ყოველდღიური ორმხრივი ტრანსპორტირება თბილისის ფარგლებს გარეთ, ისევე როგორც ერთჯერადი კვება კომპანიის სასადილოებში.
გარდა უსაფრთხოების და სხვა მიმდინარე ტრენინგებისა, შრომით ხელშეკრულებებში გათვალისწინებულია სწავლების დაფინანსების შესაძლებლობა, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ კუთხით გასულ წელს გადახდილ იქნა 34 000 ლარი.
2012 წელს ჰოლდინგმა მიიღო გადაწყვეტილება შექმნას მატერიალური ბაზა საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ლაბორატორიული სესიებისთვის. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ორი ფაკულტეტის ლაბორატორია (სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების) აღჭურვილია საჭირო მოწყობილობით. გარდა ამისა, ჰოლდინგი უზრუნველყოფს სტუდენტების დასაქმებასა და მათი სწავლის დაფინანსებას, რისთვისაც 2012 წელს დაახლოებით 25 000 ლარი გადაირიცხა.
გასულ წელს, ჰოლდინგმა აქტიური მონაწილეობა მიიღო შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საქველმოქმედო პროექტებში. ჰოლდინგის მხარდაჭერით მოხდა ქაშუეთის ეკლესიის ადაპტირება. ჰოლდინგი ეხმარება მძიმედ დაავადებულ ადამიანებს, რომლებიც ოპერაციებს ან ძვირად ღირებულ მედიკამენტებს საჭიროებენ. სპორტის განვითარების ხელშეწყობაზე ჰოლდინგი ხარჯავს თანხებს როგორც მუდმივი, ასევე ერთჯერადი დახმარებების სახით. ჯგუფის ფარგლებს გარეთ ჰოლდინგმა დაახლოებით 100 000-მდე ლარი დახარჯა სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობაში.


„ვისოლ ჯგუფი" ერთ-ერთი უდიდესი ბიზნესჯგუფია საქართველოში, რომელმაც არა მხოლოდ ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო მოიცვა, არამედ სამშენებლო, სარეკლამო, სასტუმროების, სუპერმარკეტებისა და სწრაფი კვების რესტორნების ბიზნესსაც ავითარებს. „ჩვენ ვქმნით უკეთეს მომავალს" არის „ვისოლ ჯგუფის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დევიზი, ხოლო „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას", „სმარტის", „ვიანორ ჯორჯიას", „ვენჯორჯიას", „ველაჯიოს", „ლომსიას" და „ვისოლ ჯგუფის" სხვა შვილობილი კომპანიების კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის აქცენტები - ბაზარსა და მომხმარებლებს, თანამშრომლებს, საზოგადოებას, ჯანდაცვას, უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვას, ბიზნესპარტნიორებს, მართვასა და ფინანსებს - მოიცავს.
„ვისოლ ჯგუფი" 4 000-მდე თანამშრომლით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია საქართველოში. „ვისოლ ჯგუფის აკადემია" ზრუნავს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. 2012 წელს საკუთარი თანამშრომლებისათვის სოციალური პაკეტის უზრუნველყოფად „ვისოლ ჯგუფმა" სამ მილიონამდე ლარი გაიღო.
„ვისოლ ჯგუფს" 2012 წელს განხორციელებული აქვს მთელი რიგი პროექტები ქართული სპორტის განვითარებასა და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების მიმართულებით. კომპანიამ ჯამურად 30 მილიონამდე ლარი გაიღო საფეხბურთო კლუბ „ტორპედო ქუთაისის", ბავშვთა საფეხბურთო სკოლა „ავაზას", თბილისში შექმნილი ოთხი სპორტული კომპლექსის, ფიტნეს-ცენტრ „ლაგუნა ქუთაისის", „ტორპედო ქუთაისის" საწვრთნელი ბაზისა და ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის განვითარებისათვის. ამას გარდა, 2012 წელს საქველმოქმედო პროექტებისათვის „ვისოლ ჯგუფმა" ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გამოყო. დაარსების დღიდან ფონდმა „იავნანამ" „ვისოლ ჯგუფთან" ერთად 72 ოჯახს შეუძინა ბინა და 1 500-მდე ბავშვს მისცა საშუალება ოჯახურ თბილ გარემოში, უკეთეს პირობებში იცხოვროს.


2012 წლის განმავლობაში შპს გუდვილმა 450 000 ლარამდე დახარჯა თანამშრომლების დაზღვევის, კვებისა და ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად. „გუდვილი" პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების აუტსორსინგს ახდენს.
2012 წელს სოციალური პროექტების მხარდაჭერისთვის „გუდვილმა" დაახლოებით 50 000 ლარის ინვესტირება განახორციელა. კომპანია აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება-მხარდაჭერაში. მათ შორის: მძიმედ დაავადებულთა მკურნალობისთვის გამართული ღონისძიებების მხარდაჭერა; იძულებით გადაადგილებული პირების საკვები პროდუქტებით დახმარება; მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება; სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვების ფინანსური და საკვები პროდუქტებით დახმარება; სოციალურად დაუცველი ბავშვების საკვები პროდუქტებით დახმარება; ჯანსაღი კვების პროპაგანდისტული კამპანიების მხარდაჭერა და ორგანიზება; სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობისთვის ფინანსური დახმარება; უსინათლო ბავშვების ფინანსური მხარდაჭერა.

 

 

წინა სტატია

წიგნში ნაპოვნი ბიზნესი
12 მარტი, 2013

შემდეგი სტატია

ტოპ 20 ქველმოქმედი
14 მარტი, 2013
სექტორული ალიანსი
ფორბს-მოსაზრება | ივნ, 11, 2018
მისი აღმატებულება BENTLEY
კომპანიები | ივნ, 12, 2018
STARBUCKS საქართველოში შემოდის
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა