სოციალური პასუხისმგებლობის მორალური და პრაგმატული მხარეები

პოლიტიკურ განზომილებაზე ამ სტატიაში არ ვისაუბრებ, რადგან „სოციალური პასუხისმგებლობა" ძირითადად ესმით ხოლმე, როგორც ნებაყოფლობითი პოზიცია და არა იძულებითი ნაბიჯი (როგორც, ვთქვათ, გადასახადების შემთხვევაში).

ამ თვალსაზრისით, „სოციალური პასუხისმგებლობის" მოდელი შეიძლება განვიხილოთ ევროპული „ძიძა სახელმწიფოს" მოდელის ამერიკულ ვერსიად. ვინაიდან პოლიტიკურ განზომილებაზე საუბარს ამ სტატიაში არ ვაპირებ, ამიტომ ამ ორი მოდელის შედარებითი ანალიზისგანაც თავს შევიკავებ.

მორალურ პოზიციას რაც შეეხება, აქ ორივე მოდელის მომხრეებს დაახლოებით მსგავსი არგუმენტები აქვთ. ეს არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ ბიზნესი ვაკუუმში არ ვითარდება და თავის არსებობას საზოგადოების მხრიდან ირიბ მხარდაჭერას უნდა უმადლოდეს. პირველ რიგში, საზოგადოება ქმნის იმ პოლიტიკურ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ბიზნესი ფუნქციონირებს.

ამ ჩარჩოში შედის არა მხოლოდ კანონები, არამედ ის ინსტიტუტები, რომლებიც იცავენ წესრიგს და განაპირობებენ სამართლიანი თამაშის წესების აღსრულებას - უმთავრესად, პოლიცია და სასამართლო. ამას გარდა, სახელმწიფო ქმნის თავის ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემოს და იცავს ადგილობრივ ბიზნესს გარეშე ძალების უხეში ჩარევისგან იმით, რომ უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებას.

XVII საუკუნის ინგლისელი პოეტი, ჯონ დონი წერდა: „არც ერთი ადამიანი არ წარმოადგენს გარეშე საზოგადოებისგან შემოსაზღვრულ კუნძულს - ნებისმიერი ადამიანის სიკვდილი მამცრობს მე, რადგან მე კაცობრიობის ნაწილს წარმოვადგენ". ეს ციტატა წარსულში არაერთხელ მოუყვანიათ იმისთვის, რომ ხაზი გაესვათ კოლექტიური სოციალური პასუხისმგებლობისთვის. დღეს, როცა ბიზნესი სულ უფრო და უფრო მეტად ტრანსნაციონალური ხდება, ამის გააზრება ყველაზე მნიშვნელოვანია. მართალია, შესაძლოა ტრანსნაციონალური ბიზნესი ნაკლებად იყოს დამოკიდებული ერთი რომელიმე საზოგადოების რესურსებზე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, იგი იყენებს მთელი კაცობრიობის რესურსებს და ამიტომ პლანეტის მოსახლეობის მიმართ სოციალური პასუხისმგებლობა გააჩნია.

მორალისტურ არგუმენტს ყველაზე ხშირად უპირისპირებენ ხოლმე არგუმენტს, რომ ბიზნესი პირველ რიგში მოგების მაქსიმიზებასა და კონკურენტუნარიანობაზე არის ორიენტირებული. სოციალური პასუხისმგებლობა არ გამორიცხავს იმას, რომ მთავარი მიზანი მოგების მაქსიმიზება იყოს. უბრალოდ, მთავარია ვიცოდეთ, თუ სად გადის ზღვარი მოგების მაქსიმიზებასა და კაცობრიობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების უგულებელყოფას შორის.

XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის ისტორიკოსი კარლ პოლანი წერდა, რომ ბიზნესი მუდმივად ამგვარ სახიფათო ზღვარზე ფუნქციონირებს, რადგან რთულია დაიცვა ბალანსი მოგების მაქსიმიზებასა და საზოგადოების ინტერესების უგულებელყოფას შორის. ეს დილემა უმთავრესად ბუნებრივ რესურსებთან დამოკიდებულებაში გამოიხატება. ერთი მხრივ, ჩვენ, როგორც პროდუქციის შემქმნელი ბიოლოგიური არსებები ბუნებასთან მუდმივი ინტერაქციით ვახდენთ საკუთარი თავის რეპროდუცირებას და ჩვენი თავისთვის ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების მინიჭებას. მეორე მხრივ, ჩვენი, როგორც მოაზროვნე ბიოლოგიური არსებების ცხოვრება ბუნებაზეა დამოკიდებული. ბიზნესებისთვის ეს არის ერთდროულად პრაქტიკული და მორალური საკითხი - არ გავანადგუროთ ის, რაზეც კაცობრიობის არსებობაა დამოკიდებული.

როგორც დასაწყისში აღვნიშნე, სოციალური პასუხისმგებლობის გასამართლებად არსებობს პრაგმატული არგუმენტებიც. პრაგმატული მიდგომის არსი იმაში მდგომარეობას, რომ საზოგადოებასა და ბიზნესს შორის არსებობს ორმხრივი მატერიალური კავშირი, რომელიც განაპირობებს ამ უკანასკნელის განვითარებას. მაგალითისთვის, ბიზნესს ფუნქციონირებისთვის სჭირდება ინფრასტრუქტურა, კვალიფიციური კადრები, ინოვაციები და ახალი ტექნოლოგიები. ეს ყველაფერი შეუძლებელია რომ მოგებაზე ორიენტირებულმა ბიზნესმა მხოლოდ თავისი რესურსების გამოყენებით დააფინანსოს.

იმისთვის, რომ ბიზნესი განვითარდეს და გახდეს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი, მას კვალიფიციური კადრები სჭირდება, ეს კადრები კი პირველ რიგში განათლების სისტემამ უნდა შექმნას. ამიტომ ბიზნესები ინვესტიციებს განათლების სექტორში უნდა დებდნენ და ხელს უწყობდნენ მის გაუმჯობესებას. სამწუხაროდ, დღეს ქართული უნივერსიტეტები მხოლოდ სახელმწიფოს სახსრებით ფუნქციონირებენ, ბიზნესების მიერ განხორციელებული შემოწირულობები, ფაქტობრივად, არ არსებობს (შეგიძლიათ გადახედოთ წამყვანი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ბიუჯეტების პროექტებს).

ქართული ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ისიც, რომ საზოგადოების ტექნოლოგიური განვითარების დონე იყოს შესაბამისი მსოფლიო დონესთან. სხვანაირად შეუძლებელია ისეთი ბიზნესების განვითარება, რომლებიც თავს დაიცავენ სულ უფრო და უფრო მეტად გახსნილი მსოფლიო ბაზრისგან. იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე მოქმედ წამყვან ფირმებს გააჩნიათ ძლიერი მატერიალურ-ტექნოლოგიური ბაზა და მათ მიერ წარმოებული პროდუქტების იმპორტი საქართველოში მინიმალური ბარიერების გავლით ხორციელდება, შეუძლებელია, რომ ტექნოლოგიების განვითარებისა და დანერგვის გარეშე ქართულმა ბიზნესმა კონკურენტუნარიანი პროდუქცია აწარმოოს.

მორალისტურ და პრაგმატულ არგუმენტებს თუ შევაჯამებთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ თანამედროვე სამყაროში ბიზნესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაიაზრონ თავიანთი დამოკიდებულება საზოგადოებასა და მის ინტერესებზე. პარადიგმა, რომელიც ბიზნესს იზოლირებულ „კუნძულად" წარმოგვიდგენდა, დღეს მხოლოდ მორალური და პრაქტიკული განადგურებისკენ წაგვიყვანს.

 

წინა სტატია

ტოპ 20 ქველმოქმედი
14 მარტი, 2013

შემდეგი სტატია

Facebook-ის ახალი შესაძლებლობები მარკეტოლოგებისთვის
22 მარტი, 2013
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა