10 უსწრაფესად მზარდი ეკონომიკის ქვეყანა

10 უსწრაფესად მზარდი ეკონომიკის ქვეყანა

მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ცდილობს, თავი დააღწიოს სიღარიბეს და განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგს შეუერთდეს. სიღარიბისგან დაღწევის დრო კი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპზეა დამოკიდებული. შედარებით უმართლებთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც უხვად აქვთ ბუნებრივი რესურსები. ბუნებრივი რესურსებით ღარიბ ქვეყნებს, იმავე მიზნის მისაღწევად, მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება სჭირდებათ, რომლებიც ორიენტირებულია ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაზე – სამართლებრივი გარემოს დახვეწასა და მეტი ეკონომიკური თავისუფლების შეთავაზებაზე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2015 წლის ფაქტობრივ მონაცემებსა და 2016 წლის პროგნოზზე დაყრდნობით, განვიხილავ 2015-2016 წლებში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მქონე 10 ქვეყანას. აღნიშნული 10 ქვეყნიდან 6 აზიაში მდებარეობს, 4 კი აფრიკაში.

აღსანიშნავია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს ე.წ. საბაზისო მდგომარეობაც თამაშობს, ანუ ღარიბ ქვეყანაში უფრო იოლია მაღალი ზრდის მიღწევა (გამოუყენებელი რესურსებისა და მცირე ეკონომიკის გამო), ვიდრე მდიდარ ქვეყანაში.

საქართველო 2015-2016 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპით (2.6%) სავალუტო ფონდის წევრ 190 ქვეყანას შორის 105-ე ადგილს იკავებს, ხოლო მსოფლიოს 151 განვითარებად ქვეყანას შორის 94-ე ადგილზეა. ამ მხრივ, საქართველოს საუკეთესო პოზიცია 2007 წელს ჰქონდა – მსოფლიოში მე-9 ადგილი.

1. კოტ-დ’ივუარი

მოსახლეობა: 24 მილიონი

მშპ: $31 მილიარდი

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $1,300

2015-2016 წლების ეკონომიკური ზრდის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა კოტ-დ’ივუარი. კოტ-დ’ივუარში სწრაფი ეკონომიკური ზრდა 2012 წლიდან დაიწყო და 2012-2016 წლების საშუალო წლიური ეკონომიკური ზრდა 9%-მდე გამოდის. სხვა აფრიკული ქვეყნების მსგავსად, დემოგრაფიული ბუმი კოტ-დ’ივუარსაცახასიათებს, 2001 წლის შემდეგ მოსახლეობა 7 მლნ-ით (43%-ით) არის გაზრდილი. ერთ სულ მოსახლეზე 1,300 დოლარით კი კოტ-დ’ივუარი ღარიბი ქვეყნების რიცხვში რჩება.

კოტ-დ’ივუარი ფრანგულად მოსაუბრე აფრიკის დასავლეთ სანაპიროს ქვეყანაა. 2011 წლამდე, თითქმის ათი წელი, ქვეყანა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში იმყოფებოდა, სიღარიბის დონე მატულობდა. 2011 წლიდან პოლიტიკური სტაბილურობა დამყარდა, მთავრობამ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო, რამაც ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად დააჩქარა. ამასთან, კოტ-დ’ივუარი მსოფლიოში კაკაოს ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია, მსოფლიო ბაზრის 30% უჭირავს. ზოგადად, სხვა ღარიბი ქვეყნების მსგავსად, ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის დიდი წილით გამოირჩევა. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები მშპ-ის მიმართ 23%-ია. 

2. ბუტანი

მოსახლეობა: 800 ათასი

მშპ: $2.2 მილიარდი

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $2,800

2015-2016 წლებში ბუტანის ეკონომიკის ზრდის ტემპი 8%-ია და ის ამ მაჩვენებლით მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 15 წელია, ეკონომიკა საშუალოდ 8%-ით იზრდება, ბუტანმა ჯერ ვერ დააღწია თავი ღარიბ ქვეყანათა რიცხვს, თუმცა ამ პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 4-ჯერ გაიზარდა.

ბუტანი ეკონომიკურად და ფინანსურად მჭიდროდ არის დაკავშირებული ინდოეთთან. შეიძლება ითქვას, მისი ეკონომიკა მიბმულია ინდოეთის ეკონომიკაზე. საკმაოდ მდიდარია ჰიდროელექტრორესურსით. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ ბუტანი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყანაა. კორუფციის დაბალი დონით მსოფლიოში 27-ე ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის 15 ქვეყანას. ბუტანის ბიუჯეტის ხარჯები მშპ-ის მიმართ 25%-ია.

3. მიანმარი

მოსახლეობა: 52 მილიონი

მშპ: $67 მილიარდი

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $1,300

მიანმარი (ყოფილი ბირმა) მსოფლიოს ღარიბ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, თუმცა ბოლო 10 წელია, ეკონომიკა საშუალოდ 8%-ით იზრდება. 2015-2016 წლებში მიანმარის საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი 7.8%-ია. 2004 წელს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 255 დოლარი იყო, 2015 წელს კი 1,300 დოლარს მიაღწია.

მიანმარის სწრაფი ეკონომიკური ზრდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი მოცულობით მოზიდვითაა განპირობებული. მთავარი ინვესტორი ქვეყნები ჩინეთი და ტაილანდია. ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს აზიის განვითარების ბანკი. მიანმარის ექსპორტის 40% მოდის ბუნებრივ აირზე. ბუნებრივი რესურსების გარდა, ინვესტიციების მოზიდვას ხელს უწყობს ახალგაზრდა იაფი სამუშაო ძალა. ამასთან, რეგიონში მიანმარი ყველაზე ნაკლებად მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა, რაც სოფლის მეურნეობის განვითარების მეტ პოტენციალს იძლევა. თავისი მდებარეობით კი რეგიონის სავაჭრო ჰაბის ფუნქციას ითავსებს.

4. ინდოეთი

მოსახლეობა: 1,293 მილიონი

მშპ: $2 ტრილიონი

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $1,600

მოსახლეობის რიცხოვნობით ინდოეთი ჩინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა მსოფლიოში. თუმცა, ჩინეთისგან განსხვავებით, ინდოეთის მოსახლეობის რიცხოვნობა ისევ სწრაფად იზრდება. მაგალითად, 2015 წელს 17 მლნ-ით გაიზარდა. რომ არა მოსახლეობის ასეთი ტემპით ზრდა, ინდოეთი გაცილებით სწრაფად გამოვიდოდა სიღარიბიდან. 2015 წელს ინდოეთში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალმა $1,600 შეადგინა, როდესაც 2005 წელს $750 იყო. ბოლო 10 წელიწადია, ინდოეთის ეკონომიკა საშუალოდ 7.5%-ით იზრდება.

ინდოეთმა ეკონომიკის ლიბერალიზაცია 1980-იანი წლებიდან დაიწყო და 2000-იანი წლებიდან უკვე თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. ინდოეთის ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი მომსახურების სექტორის სწრაფი ზრდაა. შეიძლება ითქვას, ინდოეთმა ინდუსტრიალიზაციის ეტაპი გამოტოვა და სოფლის მეურნეობიდან პირდაპირ მომსახურების სექტორს ავითარებს.

5. ეთიოპია

მოსახლეობა: 90 მილიონი

მშპ: $62 მილიარდი

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $690

ეთიოპიის ეკონომიკა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდია. ბოლო 2 წლის საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი 7.3%-ია, ხოლო ბოლო 10 წლის – 10.6%. მიუხედავად ამისა, ეთიოპია მსოფლიოს ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანად რჩება ერთ სულ მოსახლეზე წლიური 690 დოლარის შემოსავლით. ამის ძირითადი მიზეზი დემოგრაფიული ბუმია. ქვეყნის მოსახლეობა ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი კაცით იზრდება. მაგალითად, 2005 წელს მოსახლეობა 75 მილიონი კაცი იყო, 2015 წელს კი 90 მილიონს მიაღწია.

ეთიოპიის სწრაფი ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი იაფი სამუშაო ძალაა. მოსახლეობის 70% 30 წლამდე ასაკისაა. ყავის წარმოებით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. მდიდარია წყლის ენერგორესურსებით, რაც ქმნის საფუძველს, რომ ელექტროენერგიის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი გახდეს აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში. ეთიოპია ეფექტიანად იყენებს საერთაშორისო დახმარებებს, რომლებიც ძირითადად ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და ძირითად მიზნად ინფრასტრუქტურის განვითარებას ისახავს. მთავრობის ხარჯები მშპ-ის მიმართ 19%-ია.

6. ლაოსი

მოსახლეობა: 7 მილიონი

მშპ: $12.5 მილიარდი

მშპ ერთ სულ მოსახლეზე$1,800

2015-2016 წლებში ლაოსის ეკონომიკის ზრდის საშუალო ტემპი 7.2%-ია. თუმცა ლაოსშიც დემოგრაფიული ბუმია და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი ნაკლები ტემპით იზრდება. ჯამში, ბოლო 15 წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 6-ჯერ გაიზარდა და 1 800 დოლარი შეადგინა.

ლაოსის ეკონომიკამ სწრაფი ზრდა 1986 წლიდან დაიწყო, რაც ეკონომიკაზე კონტროლის დეცენტრალიზებისა და კერძო მეწარმეობის დაშვებამ გამოიწვია. მდიდარია ჰიდროელექტრორესურსებით, რაც ექსპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლაოსი მსოფლიოს ყველაზე სწრაფად განვითარებად რეგიონში მდებარეობს და დადებით გარეგან ეფექტებს იღებს.

7. კამბოჯა

მოსახლეობა: 15.5 მილიონი

მშპ: $18 მილიარდი

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $1,200

ბოლო წლებში კამბოჯის ეკონომიკის ზრდის ტემპი დაახლოებით 7%-ია. კამბოჯაც უკიდურესი სიღარიბისგან გამოსვლის გზას გადის და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 15 წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი 3.6-ჯერ გაიზარდა, 2015 წლის მონაცემებით 1,200 დოლარია (საქართველოზე 3-ჯერ ნაკლები). სწრაფად იზრდება ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნობაც.

კამბოჯის ეკონომიკის ზრდას განაპირობებს იაფი სამუშაო ძალა, სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების გაუმჯობესება და საგარეო დახმარებები. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები ქვეყნის მშპ-ის მიმართ 18%-ია.

8. ტანზანია

მოსახლეობა: 48 მილიონი

მშპ: $45 მილიარდი

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $940

2001-2016 წლებში ტანზანიის ეკონომიკის ზრდის საშუალო წლიური ტემპი 6.5%-ია, რაც კარგი მაჩვენებელია. თუმცა, რუანდის მსგავსად, ტანზანიამაც უკიდურესი სიღარიბიდან დაიწყო განვითარება და ეკონომიკურ წინსვლას თან ახლავს დემოგრაფიული ბუმი. ბოლო 15 წელიწადში მოსახლეობა 15 მლნ-ით (31%-ით გაიზარდა). შედეგად, ტანზანიამ ჯერ ვერ დააღწია თავი უღარიბესი ქვეყნების რიგს – ერთ სულ მოსახლეზე წლიური შემოსავალი 940 დოლარია.

ტანზანია გამოირჩევა იაფი სამუშაო ძალით, ოქროს საბადოებითა და მცირე მთავრობით. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები ქვეყნის ეკონომიკის (მშპ-ის) მიმართ 19%-ია. აღსანიშნავია პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიის საშუალო დონე, რაც აფრიკულ ქვეყნებში იშვიათია.

9. ჩინეთი

მოსახლეობა: 1,375 მილიონი.

მშპ: $11 ტრილიონი

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $8 000

2015-2016 წლებში ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ტემპი 6.7%-მდე შენელდა. 2001 წლიდან 2014 წლის ჩათვლით ჩინეთის ეკონომიკა წელიწადში საშუალოდ 10%-ით იზრდებოდა. შედეგად, მისი ეკონომიკა (ნომინალში) აშშ-ის ეკონომიკის შემდეგ, მსოფლიოში სიდიდით მეორეა. თუმცა, დიდი პროგრესის მიუხედავად, ჩინეთი არ ითვლება მაღალშემოსავლიან ქვეყნად. ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 8 000 დოლარია. 1981 წელს აღნიშნული მაჩვენებელი $292 იყო. ამასთან, ჩინეთის მოსახლეობა ბოლო 35 წელიწადში დაახლოებით 400 მილიონი კაცით გაიზარდა.

ჩინეთის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას პირველ რიგში უკავშირებენ დიდი რაოდენობით იაფ სამუშაო ძალას, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ ხსნის ამ პროცესს, რადგან დიდი რაოდენობით იაფი სამუშაო ძალა ჩინეთს მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდეც ჰყავდა და ქვეყანა ვერ ვითარდებოდა. განვითარება მაო ძე დუნის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, როდესაც სოციალისტური ეკონომიკა თანდათანობით საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადავიდა. მოხდა საწარმოების დიდი ნაწილის პრივატიზება, შეიქმნა თავისუფალი ეკონომიკური ზონები და ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოსვლა დაუშვეს. ამას შედეგად მოჰყვა სწრაფი ინდუსტრიალიზაციისა და ურბანიზაციის პროცესი. 1980 წელს ჩინეთის მოსახლეობის 80% სოფელში ცხოვრობდა, 2015 წლისთვის კი სოფელში მცხოვრებთა წილი 49%-მდე შემცირდა. ბოლო წლებში ჩინეთი მსოფლიო მრეწველობის ცენტრი გახდა, მისი პროდუქციის ექსპორტმა $2.5 ტრილიონს მიაღწია და მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა. ჩინეთში ყოველწლიურად $100 მილიარდზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შედის.

10. რუანდა

მოსახლეობა: 11 მილიონი.

მშპ: $8.3 მილიარდი.

მშპ ერთ სულ მოსახლეზე: $730

2015-2016 წლებში რუანდის ეკონომიკის ზრდის საშუალო ტემპი 6.6%-ია. ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში მე-10 ადგილს იკავებს. უკვე 15 წელია, რაც რუანდას მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი აქვს (წელიწადში საშუალოდ 8%), თუმცა ჯერჯერობით ისევ ღარიბ ქვეყნად რჩება. რუანდაში ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავალი 730 აშშ დოლარია, თუმცა 2001 წელს 210 აშშ დოლარი იყო. ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდებოდა, რომ არა დემოგრაფიული ბუმი – ბოლო 15 წელიწადში რუანდის მოსახლეობა 3 მლნ-ით (40%-ით) გაიზარდა.

რუანდის ეკონომიკურ წარმატებას, სხვა აფრიკულ ქვეყნებთან შედარებით, მისი პოლიტიკური სტაბილურობა, ურბანიზაციის მაღალი ტემპი და სტრუქტურული რეფორმები განაპირობებს (სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის დახმარებით). რუანდაში კორუფციის დონე მაღალი არ არის, რაც იშვიათია აფრიკულ ქვეყნებში. კორუფციის აღქმის ინდექსში დაბალი კორუფციის მიხედვით რუანდა მსოფლიოში 44-ე ადგილზეა და 4 ადგილით უსწრებს საქართველოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *