ტურიზმი: პოტენციალი, რეალობა და გამოწვევები

“2016 წელი ძალიან წარმატებული და “ცხელი წელი” იქნება ტურიზმისთვის. რიცხვების პროგნოზირება რთულია, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს საქართველო მინიმუმ 6.3 მილიონ საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლებს”, – ამ სიტყვებით დაამთავრა Forbes Georgia-სთან ინტერვიუ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. გიორგი ჩოგოვაძეს არც ის დაუმალავს, რასაც პრინციპში ყველა ხედავს და ამჩნევს – 2016 წელს ტურიზმი უფრო პრიორიტეტული გახდა “ოცნების” მთავრობისთვის, ვიდრე წინა წლებში იყო.

2016 წლის ხუთ თვეში საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვმა 2 მილიონს გადააჭარბა და ჯამურად 2,119,275 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 15.3%-ით აღემატება. იანვარ-მაისში 18.8%-ით, 782,814-მდეა გაზრდილი ტურისტული ვიზიტების რაოდენობაც. ხუთთვიან პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი უკრაინიდან (+23.8%), აზერბაიჯანიდან (+22%), თურქეთიდან (+6.6%), სომხეთიდან (+2.8%) და რუსეთიდან (+19.6%) განხორციელდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, პოზიტიური ტენდენციაა შენარჩუნებული ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლის რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-მაისში გამოირჩნენ ლატვია (+35%), იტალია (+22%), პოლონეთი (+15%) და საფრანგეთი (+10%).

განსაკუთრებული ზრდაა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა: ინდოეთი (+335%), ომანი (+329%), ისრაელი (+113%), არაბთა გაერთიანებული საამიროები (+69%), ბელორუსია (+46%), უზბეკეთი (+41%), ყაზახეთი (+25%), მოლდოვა (+22%). მიმდინარე წლის თებერვალში ირანისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნა ძალიან სწრაფად აისახა ირანელი მოგზაურების ნაკადზეც.

მიუხედავად იმისა, რომ ირანისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების დროს აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მაშინდელი უფროსის პოზიცია მნიშვნელოვანი არ ყოფილა, გიორგი ჩოგოვაძეს გაუმართლა, რომ მისი ხელმძღვანელობის პერიოდში მთავრობა მის მიერვე გამკაცრებული სავიზო რეჟიმის შერბილების პოლიტიკაზე იყო გადასული.

ხუთ თვეში ირანიდან 25 552 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 361%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე. თბილისში, შარდენზე მოსეირნე რამდენიმე ირანელ ტურისტს Forbes Georgia-ც ესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ საქართველოში იზიდავთ საინტერესო და უძველესი კულტურა, თავისუფლება და “ევროპული კანონები”.

“საქართველოც ხომ პოსტსაბჭოთა ქვეყანაა, მაგრამ სომხეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით, ბევრად ახლოს არის ევროპასთან. აქ ადამიანები გახსნილები არიან ურთიერთობებისთვის. პირველად მეგობრის რჩევით ჩამოვედი. მომეწონა და ახლა მეორედ ვარ თბილისში. დავათვალიერე კახეთიც, რომელიც ძალიან ლამაზია”, – ამბობს რაჰიმ ნასირ ბაღებანი (კომპანია “რონაშ ფარს სეფიდის” დირექტორი) და გვპირდება, რომ მესამედ ისევ ჩამოვა, ოღონდ ამჯერად ბიზნესინტერესების გამო.

საქართველო 107-ე ქვეყანა აღმოჩნდა, სადაც უკვე იმოგზაურა, 74 წლის ირანელი რაუფ მარეფულისთვის. “საინტერესო ქვეყანა გაქვთ. მეორედაც ჩამოვალ, თუ ლამაზ ქართველ გერლფრენდს მიპოვით”, – ხუმრობით გვეუბნება ირანელი ტურისტი და თან იმ პრობლემებზე მიგვითითებს, რაც, მისი აზრით, ტურისტებს დისკომფორტს უქმნის. ჩამონათვალში მოხვდა საცობები, პარკინგის პრობლემა, სველი წერტილების დეფიციტი ტურისტულ ადგილებში და მათხოვრები. “შარდენზე თავისუფლად ვერ გავიარე. ფეხებში მწვდა უცხო ბავშვი. ფული მივეცი და შემეშვა, მაგრამ საიდანღაც მეორე გამოვარდა. არც პოლიციის ეშინიათ თურმე. გავიგე, რომ ქართველები არ არიან, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. პრობლემაა, რომელიც მთავრობამ უნდა მოაგვაროს” – გვეუბნება ოდნავ გაბრაზებული ტურისტი.

მსგავსი პრობლემები რომ არსებობს და სახელმწიფოს მოსაგვარებელია, ეს გაცნობიერებული აქვთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, რომლის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ამბობს, რომ ამ პრობლემის გადასაჭრელად შს სამინისტროსთან თანამშრომლობენ. “ხშირად ისინი არიან არა უბრალოდ ისეთი ბავშვები/ადამიანები, რომლებიც შემწეობას საჭიროებენ, არამედ ადგილი აქვს ქცევას, რომელიც ხულიგნობის ზღვარზეა. ამ ეტაპზე პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ არ გვაქვს კანონმდებლობა, თუ რა უნდა ვუყოთ ასეთ ადამიანებს”, – აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე.

პრობლემების დასახელებისას უფრო რბილია მათი პოზიცია, ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა დაკვირვებოდა, წლების განმავლობაში როგორ იცვლებოდა საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურა და პრიორიტეტები. ერთ-ერთი მათგანია “სტეპს-თრეველის” ქანთრი-დირექტორი, ბრიტანელი პოლ ქრეივენი, რომელსაც საქართველოში ვიზიტორების გამოგზავნის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. ის Forbes Georgia-ს უყვება, რომ ამ დროში ქვეყანამ ძალიან დიდი ცვლილებები განიცადა.

“არ იყო ხარისხიანი განთავსების შესაძლებლობა, ელექტროენერგიის მოწოდება შეფერხებით ხდებოდა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო გზები. დღეისათვის გზების მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია, რაც მოგზაურობის დროს დისკომფორტს ამცირებს და ადამიანებს მეტის ნახვის შესაძლებლობას უქმნის. უკვე შესაძლებელია საერთაშორისო სასტუმროების ნახვა თბილისში, ბორჯომში, ბათუმსა და რამდენიმე სხვა ქალაქშიც. ბევრი კარგი მცირე ზომის სასტუმრო და გესტჰაუსია”, – ამბობს პოლ ქრეივინი და იქვე დასძენს, რომ პრობლემები დღესაც რჩება: “გაერთიანებული სამეფოდან პირდაპირი ფრენები არ არის და სხვა ადგილებიდანაც გვიანი ფრენებია. რთულია გადაადგილება მოხუცებული ადამიანებისთვის. ბევრგან შეუძლებელია ეტლით მისვლა... თუმცა საქართველო ცდილობს, მცირე ზომის ადგილობრივი ტუროპერატორები წაახალისოს და საერთაშორისო არენაზე გაიტანოს საქართველოს ტურიზმი იმისთვის რომ დააკმაყოფილოს ცნობისმოყვარე ტურისტი, რომელიც ახალ ადგილებს ეძებს”.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან საუბრისას ირკვევა, რომ პრობლემების დიდ ნაწილზე მუშაობა დაწყებულია. “თბილისსა და ბათუმში ინფრასტრუქტურა ყველაზე ადაპტირებულია. კახეთის მიმართულებით იდენტიფიცირებული გვაქვს კონკრეტული ადგილები, სადაც შშმ პირებზე მორგებული ტურები იმართება. წელს ვიწყებთ და 2016 წლის ბოლომდე სრულად იქნება ადაპტირებული მცხეთის ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ვმუშაობთ იმაზე, რომ წყალტუბოში დასვენებაც კომფორტული იყოს შშმ ტურისტებისთვის”, – ამბობს ჩოგოვაძე.

გარდა ამისა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, იმისთვის, რომ საქართველოში მოგზაურობა და რეგიონებში გადაადგილება ტურისტებისთვის უფრო კომფორტული გახდეს, აპირებენ მაგისტრალებზე ისეთი მოსასვენებელი ადგილების გაკეთებას, როგორიც გორშია. “გეგმაშია სამი ძირითადი მიმართულება: თბილისი-კახეთი, თბილისი-ყაზბეგი, თბილისი-დასავლეთი საქართველო. პირველ ეტაპზე ინფრასტრუქტურას სახელმწიფო შექმნის, რადგან კერძო სექტორის ინტერესი ნაკლებია. მომავალში კი შესაძლოა, ობიექტები მართვაში კერძო ბიზნესს გადაეცეს”, – გვიყვება ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

გამოწვევად რჩება მომსახურების ხარისხის გაზრდა, რაზეც ზრუნვა კერძო სექტორის პრეროგატივაც არის და ვალდებულებაც, თუ უნდათ, რომ ტურისტები მათი მომსახურებით კმაყოფილები დარჩნენ. კადრების გადამზადებაში მცირე და საშუალო ბიზნესს პერიოდული ტრენინგებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც ეხმარება. მაგრამ, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, მნიშვნელოვანია ტურისტული ნაკადების მაღალი ტემპით ზრდა, რომლის ერთ-ერთი გზაა მარკეტინგული კამპანიები მიზნობრივ და ახალ ბაზრებზე.

ტურისტული კომპანია “გუდაური ჰელისკიინგის” ხელმძღვანელი ვახტანგ ასათაშვილი Forbes Georgia-სთან ჰყვება, რომ საქართველოს ჯერ კიდევ არ აუთვისებია დიდი პოტენციალის მქონე ისეთი ბაზრები, როგორიცაა აღმოსავლეთი ევროპა, აზია და ჩრდილოეთი ამერიკა.

“ბიზნესი მხოლოდ მაშინ იწყებს სერვისის ზრდას, როდესაც ხედავს მოთხოვნის მატებას ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში კვალიფიციური კადრების პრობლემაა, მცირე და საშუალო ბიზნესი არ რისკავს საკუთარი აქტივობის განვითარებას მანამდე, სანამ მას კარზე არ მოადგება მომხმარებელი. თუ სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანია დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური ზრდის გენერირება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, აუცილებლად უნდა იზრუნოს ვიზიტორთა დინამიკის ზრდაზე. დღეისათვის სახელმწიფო რესურსი მეტწილად რუსულ ბაზარზეა კონცენტრირებული, ეს კი, რისკების პრევენციის ნაცვლად, რუსულ ბაზარზე ჩვენს დამოკიდებულებას ზრდის, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო სახიფათოა”, – ამბობს ის.

მართლაც, ოფიციალური მონაცემებით, მარკეტინგულ კამპანიებს ადმინისტრაცია ძირითადად მაინც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი) ახორციელებს. თუმცა საქართველოს შესახებ ონლაინ-რეკლამებს შევხვდებით იტალიაში, გერმანიაში, ისრაელში, ქუვეითში, ყატარსა თუ საამიროებში.

რამდენად სწორი სტრატეგიაა და რამდენად საჭიროა მარკეტინგული კამპანიებისთვის ყველაზე მეტი თანხის დახარჯვა ტრადიციულ ბაზრებზე, სადაც საქართველოს ცნობადობა ისედაც მაღალია? – გიორგი ჩოგოვაძეს ამ საჭიროების არგუმენტად უკრაინა მოჰყავს. “რეალურად ბევრმა ქვეყანამ არაერთი ათეული პროცენტით დაკარგა უკრაინელი ტურისტი. ჩვენ კი 2015 წელს, ფაქტობრივად, წინა წლის მონაცემი შევინარჩუნეთ”, – ამბობს ის და იმ კრიტიკოსებსაც პასუხობს, რომლებიც ადმინისტრაციის პოლიტიკას ხშირად იმის გამოც აკრიტიკებენ, რომ უწყება ნაკლებადაა აქტიური ახალი ბაზრების ათვისების კუთხით.

“უვიზო მიმოსვლის, პირდაპირი ავიარეისებისა და ქვეყნის ცნობადობის გათვალისწინების გარეშე მარკეტინგულ კამპანიას ნაკლები ეფექტი ექნება. ძნელია, დაარწმუნო ევროპელი, რომ რომელიმე ქალაქის გავლით ჩამოვიდეს საქართველოში. რეალობა კი ასეთია – უდიდეს ევროპულ ქალაქებთანაც არ გვაქვს პირდაპირი ფრენები. ამიტომ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ავიაკომპანიებთან, რადგან მათი მგზავრი ჩვენთვის ტურისტია. მაგალითად: სექტემბრიდან ავიაკომპანია “ვიზეარი” მილანის, ბერლინის, მიუნხენის მიმართულებით პირდაპირ რეისებს იწყებს და მარკეტინგულ კამპანიას ამ ქალაქებშიც დავიწყებთ”, – განმარტავს გიორგი ჩოგოვაძე.

ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე.მისი აზრით, რადგან საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების 80%-ზე მეტი მეზობელი რეგიონების ქვეყნებიდანაა, ასეთი დამოკიდებულება შეიძლება იქნას გამოყენებული, როგორც პოზიტიურად, ასევე ნეგატიურადაც. “დღევანდელი კონფლიქტური სიტუაცია რუსეთსა და თურქეთს შორის ჩვენთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა, თუმცა ზამთარში რეგიონის ქვეყნებში ვალუტის დევალვაცია უარყოფითად აისახა ქვეყნის ტურიზმის შემოსავლებზე. აქედან გამომდინარე, რეგიონში არსებული ნებისმიერი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ვითარება ზეგავლენას ახდენს საქართველოს ტურიზმზე”, – აცხადებს მაია სიდამონიძე.

სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უცხოური ტურიზმიდან შემოსავალი მუდმივად ზრდადია. 2015 წელს ამ მაჩვენებელმა $1,935.91 მლნ შეადგინა. ბოლო ხუთ წელიწადში 40%-დან 61%-მდეა გაზრდილი ტურიზმის წილი მომსახურების ექსპორტში. Forbes Georgia-ს რესპონდენტებს ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები თითქმის 2 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე ასული “მშრალი რიცხვის” გამოც აქვთ.

“მხოლოდ რიცხვი – $1.9 მილიარდი – არაფრის მთქმელია. უნდა ვიცოდეთ, საიდან მოვიდა და სად წავიდა ეს ფული. დეტალური ინფორმაციის გარეშე წარმოუდგენელია გრძელვადიანი გეგმარება ან თუნდაც უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. აუცილებელია, დაითვალოს, რა არის ტრანსპორტირების, ღამისთევის, კვებისა და გართობის წილი ტურიზმის მიერ გენერირებულ შემოსავალში. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი მზარდი და მოგებიანი სექტორების იდენტიფიცირება”, – ამბობს ვახტანგ ასათაშვილი. მის პოზიციას იზიარებს მაია სიდამონიძეც და დასძენს, რომ საჭიროა რეგიონალური კვლევები, რომელთა ფარგლებშიც გამჭვირვალე გახდება დატვირთვის კოეფიციენტი და შემოსავლები რეგიონების მიხედვით. “ასეთი ინფორმაციის არქონის შემთხვევაში არა მარტო ინვესტიციების მოზიდვა გაძნელდება, არამედ სამომავლო პროგნოზების გაკეთება და სამოქმედო გეგმის შემუშავებაც რთული გახდება”, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი.

დეტალურად ჩაშლილი მონაცემების საჭიროებას არც ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელი უარყოფს. როგორც გიორგი ჩოგოვაძემ Forbes Georgia-ს განუცხადა, შესაბამის კვლევას საქსტატი ატარებს, რომლის შედეგები სექტემბერში გამოქვეყნდება. საქსტატის კვლევაში ასევე იქნება ინფორმაცია ვიზიტების მიზნებზე, პოპულარულ ლოკაციებზე, გაჩერების საშუალო ხანგრძლივობასა და ვიზიტის დროს საერთაშორისო მოგზაურის საშუალო დანახარჯზე.

საქსტატის ახალ კვლევამდე, რომელსაც კერძო სექტორი და სახელმწიფოც ინტერესით ელოდება, კიდევ ერთი “მშრალი რიცხვი” აჩვენებს, რომ 2015 წლის მონაცემებით, ტურიზმთან დაკავშირებულ დარგებში სულ 158 500 ადამიანია დასაქმებული. მათ შორის სასტუმროებსა და რესტორნებში – 25 100, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში (არ შედის მილსადენებით ტრანსპორტირება) – 89,200, ხოლო სხვა სახის მომსახურების სფეროში – 44,300. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სერვისის ინდუსტრია ხელწამოსაკრავი არ არის.

წინა სტატია

კოხის ბოთლები
13 ივლისი, 2016

შემდეგი სტატია

დევიდ ბოუის კერძო კოლექცია აუქციონზე გაიყიდება
14 ივლისი, 2016
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა