ამბიცია, რომელიც წარმატებაში გეხმარება

ამბიცია, რომელიც წარმატებაში გეხმარება

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ოფისის თეთრი თაროები სავსეა წიგნებით. დრო მაქვს. შემიძლია წიგნები დავათვალიერო: Best Hotels, Hip Hotels, Meier, The Pure Hotels Collections for living… თეთრ თაროებზე დევს წიგნები კულინარიისა და ღვინის შესახებ. იქვეა წიგნები მუზეუმებსა და, ზოგადად, ხელოვნებაზე. ინტერესი აშკარად მრავალფეროვანია. პრაგმატული ბიზნესმენის სტერეოტიპს განსაკუთრებით ამსხვრევს წიგნები კულინარიის შესახებ (კულინარიის წიგნების სიმრავლის მიზეზს მოგვიანებით ვარკვევ). ორი საათი ხდება. წესით, შეხვედრა მალე უნდა დამთავრდეს. თაროზე ვდებ მძიმე წიგნს მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროების ილუსტრაციებით. შუშის კარიც იღება. შეხვედრის მონაწილეები ოთახიდან გამოდიან, გზადაგზა ერთმანეთში ისევ რაღაცას ათანხმებენ.

– ჟურნალისტი მოსულია, – ლაშა პაპაშვილს თანაშემწე ატყობინებს. იქ, სადაც რამდენიმე წუთის წინ „რედიქსის” დირექტორები ისხდნენ, ჩემი რესპონდენტი ახლა მარტო ზის. ოდნავ მოშვებულ ჰალსტუხზე ეტყობა, ცოტა დაღლილი უნდა იყოს. ერთმანეთს ხელს ვართმევთ და ორივენი მაგიდასთან ვსხდებით.

– როგორც ვატყობ, გრძელი საუბარი გველის, – ეღიმება მას და Ipad-ს გვერდით სწევს.

– შევეცდები დიდი დრო არ წაგართვათ, მაგრამ ვერც იმას შეგპირდებით, რომ 15 წუთში დავტოვებ თქვენს ოფისს, – ვუპასუხებ გულწრფელად და ხმის ჩამწერს მაგიდაზე ვდებ.

– სანამ შემოხვიდოდით, „რედიქსის” ფინანსურ დირექტორატთან მქონდა შეხვედრა. წლის შედეგებს ვაჯამებდით, რომელ ბანკში რა სესხი გვაქვს დარჩენილი და როგორ უნდა გავიუმჯობესოთ მათთან პირობები. კონფერენცზარი გვქონდა EBRD-თან. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დამკრედიტებელია, – მეუბნება ნაცრისფერ პიჯაკში
გამოწყობილი ბიზნესმენი რომელიც სულაც არ ჰგავს გურმანს და კულინარიით გატაცებულ ადამიანს.

მილიონ-ნახევარი რუბლით სავსე ცემენტის ტომარა

ლაშა პაპაშვილი 22 წლის იყო, ბიზნესმენობა რომ გადაწყვიტა და როგორც მოგვიანებით მითხრა, 24 წლის ვიყავი, პირველი სარფიანი გარიგება რომ დავხურეო. მისი პირველი ბიზნესგარიგებები და პოლიტიკური კატაკლიზმები, შეიძლება ითქვას, 90-იან წლებში ერთად იდგამდნენ ფეხს. მიუხედავად რთული პოლიტიკური სიტუაციისა და მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული და იურიდიული ფაკულტეტები, რომლებზეც სწავლობდა, ახლოსაც არ იყო ბიზნესთან, ფინანსურად ძლიერი მამით ზურგგამაგრებული ლაშა პაპაშვილი ბიზნესის წამოწყებას არ შეუშინდა. ალბათ გენეტიკამ იმუშავაო, მეუბნება ის: „მამა კომუნისტების დროს „თბილქალაქვაჭრობაში” წლების მანძილზე განყოფილების უფროსი იყო. მაღაზიები ჰქონდა და ალბათ მისი ნიჭი გამომყვა. მივხვდი, რომ ჩემი დიპლომით შორს ვერ წავიდოდი. კაპიკებისთვის უნდა მემუშავა. მე კი სულ სხვა ამბიციები მქონდა”.

ამ ამბიციების დასაკმაყოფილებლად კი ბევრი ფული სჭირდებოდა. ფულის ნაწილი მამისგან ისესხა, , ნაწილი მამიდაშვილისგან, ნაწილი კი მაშინ, 1991 წელს ახლად დაარსებულ ბანკ „რესპუბლიკიდან” გამოიტანა. „ოჯახის ახლობლები იყვნენ, მენდნენ და სესხი ავიღე. ნახევარი მილიონი რუბლი შევაგროვე”. ფული კი იმისთვის სჭირდებოდა, რომ ციმბირში ანუ, მისი თქმით, „იქ, სადაც თეთრი დათვები ფილტვების ანთებით კვდებიან”, სპირტიანი სასმელი გაეტანა და გაეყიდა.

ნახევარი მილიონი რუბლი ლაშა პაპაშვილმა „ნაფარეულის ღვინის ქარხანას” გადაურიცხა. თუმცა, ისე გავიდა ექვსი თვე, ქარხნისგან ერთი ბოთლი არაყიც კი ვერ მიიღო: „მახსოვს, როგორ მეუბნებოდნენ, შენ, ბიჭო, აქ ამერიკა ხომ არ გგონიაო. სამი ვაგონი არაყი უნდა მოეწოდებინათ, ვინ არ ჩავრთე საქმეში, საახლობლო, მეგობრები, მაგრამ ვერაფერი მივიღე. არადა, ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი ბანკიდან მქონდა აღებული. რამდენჯერმე გამაფრთხილეს, დამიბარეს და სესხის დაფარვა მომთხოვეს, იქით ციმბირელ პარტნიორებთან გამიფუჭდა ურთიერთობა, პროდუქცია დროულად რომ ვერ მივაწოდე და ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდი”, – იხსენებს ლაშა პირველ ნაბიჯებს ბიზნესში, რომელიც არც ისე წარმატებულად დასრულდებოდა, რომ არა მისი ერთი თვისება – მიზანდასახულობა.

მთავარი სიურპრიზი, როგორც ჩანს, წინ ელოდა. გიამბობს თავის ბიზნესისტორიას და რამდენიმე წუთით თავი ჩახლართული ფილმის მაყურებელი გგონია. ფულის უკან დასაბრუნებლად დამწყებმა ბიზნესმენმა სტრატეგია შეიმუშავა. ნაფარეულის ქარხნის კომერციული დირექტორის „აჩრდილად” იქცა: „ფაქტობრივად, თელავში გადავედი საცხოვრებლად. ვნახე, რა ურთიერთობები ჰქონდა სხვა კლიენტებთან, მივხვდი, რომ თუკი ყურადღებას მოვადუნებდი, ვერც ფულს დავიბრუნებდი და ვერც პროდუქციას მივიღებდი, ეს კი გარდაუვალი კრახი იქნებოდა. დილით მასთან ერთად მივდიოდი ქარხანაში, საღამოთი კი ქარხანას მასთან ერთად ვტოვებდი. როგორც ჩანს, მიხვდა, რომ უკან დამხევი არ ვიყავი, სხვებთან ურთიერთობაშიც ხელს ვუშლიდი”, – ჰყვება ლაშა და ამ ისტორიის ყველაზე საინტერესო ადგილს უახლოვდება:

„ერთ დღეს შეხვედრა დამინიშნა თელავის ცენტრში, ერეკლეს ძეგლთან. მითხრა, იქ მოგიტან შენს ფულსო. მე ჩემი 09-ით მივედი, ის – თავისი შავი „ვოლგით”. მანქანიდან ცემენტის თეთრი ტომარა გადმოიღო, რომელიც ფულით იყო სავსე. არ დავითვალოთ-მეთქი? – ვეკითხები. არ გინდა, დამიჯერე, ყველაფერი რიგზე არისო. უკვე საღამოვდებოდა, იქ ფულის თვლა მართლაც სახიფათო იყო. დიდი რისკის ფასად, ფულით სავსე ტომრით თბილისში წამოვედი. მოვედი სახლში, გადმოვყარე ფული. დავიწყე თვლა და არ მთავრდება ფული, არა და არ მთავრდება. არ ვიცი, რა და როგორ მოხდა, მაგრამ ამ ადამიანმა მილიონ-ნახევარი რუბლი დამიბრუნა. დამიბრუნა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ოპერაციიდან უნდა მიმეღო. ის ადამიანი ახლაც ცოცხალია. უბრალოდ, საქართველოში აღარ ცხოვრობს”, – ამბობს ლაშა.

ამ გამოცდილების შემდეგ ლაშა მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და იქიდან გააგრძელა ციმბირის რეგიონში სპირტიანი სასმლის გატანა. ციმბირთან დამყარებულმა კავშირებმა ლაშა პაპაშვილს მნიშვნელოვანი მოგება მოუტანა. თუკი მას ციმბირში მიწოდებული ერთი ლიტრი სპირტიანი სასმელი 70-80 ცენტი უჯდებოდა, იქ 4-5 დოლარად ყიდდა: „მე რომ მიზანდასახული არ ვყოფილიყავი და ბოლომდე საქმისათვის არ გადამედო თავი, იმ უამრავი ადამიანის ბედს გავიზიარებდი, რომლებმაც მაშინ ბევრი ფული დაკარგეს. ჩემს წარმატებაში ინტუიციამაც დიდი როლი ითამაშა. რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო მოსკოვში ცხოვრება. იქაურობა კრიმინალური ავტორიტეტებით იყო სავსე. იქ გადარჩენა და თან კაპიტალის დაგროვება ნამდვილად არ იყო ადვილი. ისეთი სიტუაცია იყო, 10 დოლარის გამო შეიძლებოდა ადამიანი მოეკლათ. მე და ჩემი პარტნიორები (ძირითადად მეგობრები) კი ასობით ათასი დოლარით გადავადგილდებოდით ქალაქში”, – იხსენებს მოსკოვში ცხოვრების პერიოდს ლაშა პაპაშვილი. მან მოსკოვში თითქმის ოთხი წელი დაყო.

ბანკირად ქცეული ბიზნესმენი

მოსკოვიდან დაბრუნებულ ლაშა პაპაშვილს 3 მილიონ დოლარამდე ნაღდი ფული და სხვა აქტივები ჩამოჰყვა. 1997 წელს ბანკ „რესპუბლიკის” 2 პროცენტში 30 ათასი დოლარი გადაიხადა და თავისი ბედი ბანკს დაუკავშირა:

„სპეციალური აკადემიური განათლების გარეშე მომიწია ამ საქმიანობაში ჩართვა და ამიტომ ყველაფრის წვრილმანებამდე შესწავლა დავიწყე. ბანკი „რესპუბლიკა” მთლიანი აქტივებით 27-ე ადგილზე იყო იმ დროისათვის არსებულ 90-მდე საფინანსო ინსტიტუტს შორის. თავიდან სამეთვალყურეო საბჭოში ვიყავი, 1998 წლის მარტში კი გენერალურ დირექტორად დავინიშნე. ვნახე, რომ ძალიან რისკიანი სესხები იყო გაცემული და მთელი წელი პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობას მოვანდომე. 1998 წლის აგვისტოში რუსეთში განვითარებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ინფლაციამ დიდი ზიანი მიაყენა საქართველოსაც. მაგრამ მე ამ რყევებს სათანადოდ მომზადებული დავხვდი. პრაქტიკულად, ბანკის მთელი მუშა აქტივები „გადოლარებული” მქონდა, რის ხარჯზეც იმ წელს 300-პროცენტიანი ზრდა დავაფიქსირეთ, მოგებაც დაგეგმილზე 5-ჯერ მეტი მივიღეთ და ჩვენი მაშინდელი კონკურენტები უკან ჩამოვიტოვეთ, 2000 წელს კი უკვე პირველ ექვსეულში ვიყავით”, – იხსენებს ლაშა პაპაშვილი და ბანკის ამ წარმატებას როგორც საკუთარ ინტუიციას, ისე გარშემომყოფ ადამიანებს უმადლის… და კიდევ ერთი: „ყველა მსხვილი, ევროპული წამყვანი ბანკის წლიური ანგარიში მედო მაგიდაზე და ვიჩხრიკებოდი ყველაფერში, სტრუქტურით დაწყებული, მათი ფინანსური მაჩვენებლებით დამთავრებული. მაინტერესებდა, რა და როგორ იყო, რათა ჩვენც გადმოგვეღო მათი გამოცდილება და ამ საქმეში წარმატებული მენეჯერებისთვის მიგვებაძა”.

2006 წლიდან ბანკი „რესპუბლიკა” ჯგუფ „სოსიეტე ჟენერალის” წევრი გახდა.
ლაშა პაპაშვილმა ბანკის ბოლო შვიდ-ნახევარი პროცენტი გასული წლის 31 დეკემბერს გაყიდა და ის ახლა ბანკის მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

HoReCa, Hilton, ბიზნესმენის განსაკუთრებული პროექტებია

მთელი საუბრის განმავლობაში ლაშა პაპაშვილმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ის შეძლებული ოჯახის წევრი იყო და მისი ოჯახი ჯერ კიდევ გარდაქმნის წლებიდან ქალაქის ცენტრში მნიშვნელოვან უძრავ ქონებას ფლობდა. „სწორედ აქედან მოდის ჩემი დაინტერესება უძრავი ქონებით და დეველოპერული კომპანია „რედიქსის” შექმნის იდეაც”, – მეუბნება ლაშა. კომპანია ბიზნესმენმა 2007 წელს ძმასთან ერთად დააფუძნა და დღეისათვის 32 დიდ და მცირე პროექტს ახორციელებს, საიდანაც 80 პროცენტი სწორედ მის ოჯახს ეკუთვნის: „ამ ბიზნესის მიმზიდველობა მისი მრავალფეროვნებაა. განსაკუთრებული ძალისხმევა HoReCa (Hotels, Restaurants, Cafes) მიმართულებას სჭირდება. ვავითარებთ საოფისე და საცხოვრებელ ფართობებსაც”. ლაშა პაპაშვილის უძრავი ქონების 20 პროცენტს ოფისები შეადგენს, 40 პროცენტი საცხოვრებელი ნაწილია, 40 კი – HoReCa.

იმ ადგილს, სადაც ახლა ინტერვიუს ვწერთ, „რედიქსის” სახლებს ეძახიან. პროექტის ღირებულება 50 მილიონ დოლარს შეადგენს და ის ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს. პროექტი სამი საცხოვრებელი კორპუსისა და 10 000 კვადრატული მეტრი საოფისე ფართობებისგან შედგება. აქვეა „რედ კაფე” და „კლუბი 71″: „ჩვენ ევროპული სტანდარტებით ვმუშაობთ. ჩვენ არ ვყიდით თეთრ ან შავ კარკასს. კლიენტი სრულად გარემონტებულ ბინაში შედის”, – ამბობს ბიზნესმენი და მიმითითებს: „გაიხედე, გარეთ რა ხდება. ხედავ, გარშემო რამდენი დაუმთავრებელი კორპუსი დგას?! ჩვენს მომხმარებელს ამის პრობლემა არასოდეს ექნება”.

ლაშა პაპაშვილის ანგარიშზეა კულტურული ნიშნით გამორჩეული რამდენიმე შენობა. მის პორტფელში შედის ისტორიული ძეგლები, საცხოვრებელი სახლი დადიანის 22-ში, ბიზნესცენტრი ტაბიძის 1-ში, ყოფილი სასტუმრო „მუზა”. განსაკუთრებული სიამაყით საუბრობს ლაშა პაპაშვილი აბასთუმანზე. იქ აღრიცხული 68 ისტორიული ძეგლიდან ოთხი ბიზნესმენს ეკუთვნის. მის ამბიციურ გეგმებში შედის კურორტ აბასთუმნის აღდგენა. „ისტორიულად ეს ქალაქი სპა-კურორტი იყო. კომუნისტების დროს ის 2 500 სტუმარზე იყო გათვლილი, თუმცა დღეს ნანგრევებადაა ქცეული. კურორტის განვითარებისთვის აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურებთან შეთანხმებული განვითარების გენერალური გეგმა. ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია რეგიონში ავაშენოთ კლასიკური დასავლური სტანდარტის სპა-კურორტი, რომელიც გარანტირებულად მოიზიდავს როგორც უცხოელ, ისე ქართველ ტურისტებს და, რაც მთავარია, მნიშვნელოვნად იმოქმედებს მხარის ეკონომიკურ აღმავლობაზე.

სასტუმროები ლაშა პაპაშვილის განსაკუთრებული გატაცებაა. სიღნაღში Preferred Hotel Group-ში შემავალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო და რესტორანი „კაბადონი” ბიზნესმენის სიამაყეა. სასტუმრო და რესტორანი, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება, საუკეთესო ქართული სამზარეულოთიც გამოირჩევა. ლაშა პაპაშვილი იმგვარი გატაცებით საუბრობს იქაურ სამზარეულოზე, რომ მის ოფისში კულინარიის წიგნების სიმრავლის მიზეზსაც ვხვდები: „პირადად ვერევი მენიუს შედგენაში, რეცეპტებში. ძალიან კარგად ვიცნობ კულინარიას. ბოლო ათი წლის განმავლობაში უამრავი წიგნი წავიკითხე ღვინოსა და საჭმელებზე. ჰიგიენის წესებშიც ვერევი და პროდუქციის შერჩევა-შენახვაშიც. თუ გინდათ, ვირტუოზი კულინარის ნახელავი იგემოთ, პირადად ჩვენს შეფ-მზარეულს უნდა შეუკვეთოთ სადილი”, – ამბობს ლაშა პაპაშვილი.

სიღნაღს უკავშირდება ლაშა პაპაშვილის ერთ-ერთი ყველაზე, მისი თქმით, სათუთი პროექტი. სიღნაღიდან ორი კილომეტრის, ბოდბის მონასტრიდან კი 700 მეტრის დაშორებით, ბიზნესმენი საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. იქ ქრისტიანობის მუზეუმი შენდება. კარკასის მშენებლობა უკვე დამთავრებულია. პროექტისთვის ამ ეტაპზე 4 მილიონი ლარია დახარჯული: „იქაურობა იერუსალიმიდან ჩამოტანილი ქვით უნდა მოვაპირკეთოთ. ეს არ იქნება კლასიკური მუზეუმი. შევარჩიეთ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერები, რომლებიც უკვე სამი წელია, მის კონცეფციასა და შიგთავსზე მუშაობენ. რა თქმა უნდა, იქ იქნება დაცული სიძველეები მსოფლიოს სამუზეუმო ფონდებიდან, ხოლო მთავარი უახლესი ტექნოლოგიების სიმრავლე იქნება. ვფიქრობთ, ძალიან თანამედროვე, ხშირად ცვლადი ექსპოზიცია წარვუდგინოთ ვიზიტორებს. სამიზნე აუდიტორია არანაირად არ იქნება შეზღუდული, მუზეუმი საინტერესო იქნება ყველა ასაკისა თუ პროფესიის მნახველისათვის. სპეციალურად ამ პროექტისთვის გავეცანი მსოფლიოს წამყვანი მუზეუმების სპეციფიკას, მართვის სისტემებს და სულ უმნიშვნელო წვრილმანებსაც კი. მუზეუმი 2015 წელს გაიხსნება”, – ამბობს ლაშა პაპაშვილი.

ლაშა პაპაშვილის ერთ-ერთი ბოლო, გახმაურებული გარიგება კი სასტუმროების მსოფლიოში ნომერ პირველ ქსელს, „ჰილტონს” უკავშირდება. ბიზნესმენი ერთი წლის შუალედით „ჰილტონთან” ერთად ორი სასტუმროს აშენებას გეგმავს: ერთს – ჭავჭავაძის გამზირზე, მეორეს კი – დადიანის ქუჩაზე. ისინი 3-4-ვარსკვლავიანი იქნება და ძირითად კონკურენციას ბრენდირებულ სასტუმროებს გაუწევენ: „რედისონს”, „ქორთიარდ მარიოტს” და „ჰოლიდეი ინს”. „ჰილტონის” გვერდით ჭავჭავაძეზე 20-სართულიანი საცხოვრებელი „ტაუერი” შენდება. სასტუმრო „ჰილტონი” და „ტაუერი” ერთი პროექტია და მთლიანად მისი ღირებულება 60 მილიონ დოლარს შეადგენს. მშენებლობის დაწყება გაზაფხულზე იგეგმება.

ლაშა პაპაშვილს ასევე აქვს უძრავი ქონების პროექტები ბრიტანეთსა და ამერიკაში. ეს პროექტები მისი ბიზნესის 8-10 პროცენტს შეადგენენ.

„ბიზნესის რენესანსი დადგა”

„ზოგი მაკრიტიკებს ამ ფრაზისთვის, ზოგიც პირიქით”, – მეუბნება ლაშა პაპაშვილი და აგრძელებს: „მე კი ვფიქრობ, რომ წინა ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა ბიზნესის აყვავების უნიკალური შანსი, რადგან ადამიანების პირად ცხოვრებასა თუ საქმიანობაში უხეში ჩარევით პრაქტიკულად დააცარიელეს ქვეყანა კაპიტალისგან”, – მეუბნება ბიზნესმენი და ისევ თავის ინტუიციას უბრუნდება: „ადამიანი, რომელიც ახლა მოვიდა ხელისუფლებაში, უდავოდ, მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ბიზნესმენია. ზედმიწევნით ზუსტი სვლებით საქმიანობაში მან აბსოლუტურ წარმატებას მიაღწია. ვფიქრობ, ის რენესანსის შანსს ხელიდან ნამდვილად არ გაუშვებს. ალბათ ამიტომაც ვიწინასწარმეტყველე და ვთქვი ის, რაც ვთქვი. უამრავ პოზიტიურ ცვლილებასთან ერთად ყოფილმა მთავრობამ, სამწუხაროდ,მნიშვნელოვნად დააზიანა ბიზნესი, ბევრი გაკოტრდა, ბევრმა ქვეყანა დატოვა “, – ამბობს ლაშა პაპაშვილი.

რამდენ მილიონს ფლობს ლაშა პაპაშვილი

და მაინც, რამდენს შეადგენს ლაშა პაპაშვილის, 45 წლის ბიზნესმენის, ქონება, რომელიც ბიზნესში 22 წლიდან ჩაება? მისი უძრავი ქონების ფასი 250 მილიონ დოლარს აღწევს. „რედიქსის” მფლობელობასა და მართვაში არსებულ ქონებასთან ერთად, აქ შედის სასოფლო სამეურნეო პროექტები, განსაკუთრებით კი ღვინის ბიზნესი, რომელზეც აქამდე არაფერი გვითქვამს და რომელშიც ლაშა პაპაშვილი 2001 წლიდან ჩაება. ის ყვარელში 40 ჰექტარ ვენახს ფლობს და თავმდაბლობის გარეშე აცხადებს, რომ მას საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ვენახი აქვს: „უკვე პირველი ექსპერიმენტული ღვინოც ჩამოვასხით ეტიკეტით – „ჩამოსხმულია ლაშა პაპაშვილის მამულში”, 2014 წლიდან კი ვაპირებ, რომ ღვინო საცალო ვაჭრობის ქსელში გამოჩნდეს. მეცნიერულად შევისწავლე ეს სფერო, ლაბორატორიულად ვიკვლიე და ძირფესვიანად შევცვალე ტექნოლოგია. მოვიარე მსოფლიოს წამყვანი და მნიშვნელოვანი ყველა შატო საფრანგეთსა და გერმანიაში; ვიყავი ჩილეში, არგენტინაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში. მაქვს ამბიცია, რომ ჩემი ღვინოები არაფრით ჩამოუვარდებოდეს მსოფლიოს წამყვან ღვინოებს “.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ „რედიქსში” არსებული ქონება ამ ეტაპზე თითქმის 250 მილიონ დოლარს შეადგენს, ლაშა პაპაშვილი გეგმავს, რომ ამ აქტივების ღირებულება 3-4 წელიწადში 700-800 მილიონამდე გაზარდოს და, კარგ შემთხვევაში, გაყიდოს კიდეც: „მინდა, რომ ამ ბიზნესში ჩვენზე უფრო დიდი მოთამაშე შემოვიყვანო. ზუსტად ისე, როგორც „სოსიეტე ჟენერალი” მოვიდა ბანკ „რესპუბლიკაში”, – ამბობს ბიზნესმენი.

როგორ მოვიდა აქამდე?

როგორც თვითონ ამბობს, სამართლიანობით. უსამართლოდ არც პარტნიორს და არც რიგით თანამშრომელს არ უნდა მოექცე, ცუდად დაგიბრუნდებაო, მეუბნება ის: „თუ შეძლებ ადამიანებთან სწორ ურთიერთობას, წარმატებული ბიზნესი გექნება. ტექნიკური მუშაკით დაწყებული, უმაღლესი მენეჯმენტით დამთავრებული, ყველასთან ურთიერთობაზე დიდ დროს ვხარჯავ. ჩემი სამუშაო დღის 70 პროცენტს სწორედ ამას ვახმარ”, – ამბობს ლაშა პაპაშვილი.

და მაშინ, რა დრო რჩება ლაშას ოჯახთან ურთიერთობისთვის? ლაშას ექვსი შვილი ჰყავს: ელენე, გიორგი, ანასტასია, ნინო, მარიამი და სოფიო. მისი მეუღლე ხათუნა ფარჯანაძეა. თბილისში, ვერაზე, ხოშტარიას ქუჩაზე მდებარე თავის ბინაში კი უკვე ვეღარ ეტევიან და მალე გაფართოებას გეგმავენ. სახლი ლონდონშიც აქვთ, სადაც ბავშვები ზაფხულს ხშირად ატარებენ.

„ბოლო 2-3 წელია მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ბავშვების დაძინებამდე სახლში ვიყო და გამომდის კიდეც. ვცდილობ შაბათ-კვირა უპირატესად მათთან გავატარო. რაც წამოიზარდნენ, უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ. აქტიურად ვერევი მათ სწავლა-განათლებაში. მინდა, ბევრი იკითხონ, ეს წარმატებაში დაეხმარებათ”, – მეუბნება ლაშა პაპაშვილი, რომლის თქმითაც, ის იმის დროსაც პოულობს, რომ შვილებს თვითონ წაუკითხოს წიგნები. „ასევე ძალიან მიყვარს ფეხით სიარული. ჩვენი სახლიდან მამა დავითის სახელობის ეკლესიის გავლით, ბავშვებთან ერთად ფეხით მივდივართ ფუნიკულიორზე და იქიდან ოქროყანამდე, ან ვეშვებით ნარიყალასკენ და იქიდან რიყეზე. ყველაზე მეტად ამ დროს ვისვენებ”, – ამბობს ლაშა.

წიგნები ბიზნესმენის დიდი გატაცებაა. მისი მდიდარი ბიბლიოთეკა საინტერესო და მრავალმხრივია. ზემოთ კულინარიით მისი გატაცება ვახსენე და ისევ მივუბრუნდით ამ თემას: „ცოტა ხნის წინ ერთი ძალიან კარგი წიგნი ვიყიდე კულინარიაზე, საკმაოდ სოლიდური თანხაც გადავიხადე, მაგრამ არ ვნანობ, იმდენად პრაქტიკული აღმოჩნდა”.

განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს ლაშა პაპაშვილს ქველმოქმედებაც. როგორც კი საშუალება მიეცა, 2000 წლიდან ბანკ „რესპუბლიკის” ბაზაზე საქველმოქმედო ფონდი „ცისკარი” დააარსა. დგება ყოველწლიური ბიუჯეტი, საიდანაც ფინანსდება სპორტი, ხელოვნება, ჯანდაცვა, მეცნიერება და ა.შ.: „ მე არ ვერიდები ქველმოქმედებაზე საუბარს. ვიტყვი, რომ ქველმოქმედება თავისუფალი და ჯანსაღი სულის მოთხოვნილებაა. ქველმოქმედება ყველაზე ძლიერი ინვესტიციაა, როგორც მატერიალური, ისე სულიერი. ყოველი ქველი საქმით მიღებული შედეგი, მუდმივად აღძრავს ახალი საქმის კეთების სურვილს”, – მიაჩნია ლაშა პაპაშვილს. მისთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული საქველმოქმედო პროექტი კი აბორტის საწინააღმდეგო პროგრამაა: „ის ვინც მატერიალური სიდუხჭირის გამო აპირებს უარი თქვას შვილის გაჩენაზე, თუ გადაიფიქრებს, ჩვენ ორი წლის განმავლობაში გარანტირებულ შემოსავალს ვპირდებით ყოველთვიური ხელფასის სახით. ალბათ უკვე ათი წელია, 25 დედას ეძლევა ამგვარი შემწეობა ყოველწლიურად”, – ამბობს ბიზნესმენი.

როგორ უნდა გამოიყურებოდეს ლაშა პაპაშვილის აზრით ბიზნესმენი

146 წუთი. სწორედ ამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ლაშა პაპაშვილს დავპირდი, ბევრ დროს არ წაგართმევთ-მეთქი. ბიზნესმენის Patek Philippe-ი თითქმის ხუთის ნახევარს აჩვენებს.

– როგორც ჩანს, გიყვართ ძვირად ღირებული ბრენდები, – ვეკითხები.

– ადრე მართლა დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდი ბრენდებს, ახლა – უფრო ნაკლებს. თუმცა, ვცდილობ, რომ ხარისხიანი ტანსაცმელი მეცვას. მაგალითად, ვიცი, რომ ნეაპოლური ბრენდი BARBA ისტორიულად კარგ პერანგებს კერავს და ხშირად სწორედ ამ ბრენდის პერანგები მაცვია. Casual სტილის ტანსაცმელთან უპირატესობას Tods-ის და Hermes-ის ფეხსაცმელს ვანიჭებ. მთავარია ეს ყველაფერი არ გააფეტიშო.

ბევრი რამ მან წიგნებიდან ისწავლა. თუმცა არც გამოცდილი მეგობარი ბიზნესმენების რჩევებს ტოვებდა უყურადღებოდ: „როცა ბიზნესში შევდიოდი, ძალიან ბევრს ვკითხულობდი. შრომისმოყვარეობასთან ერთად აუცილებელია ბევრი იკითხო, არ ჩამორჩე მიმდინარე პროცესებს, ყოველდღიურად მიიღო ზღვა ინფორმაცია ყველა მიმართულებით, – მეუბნება ბიზნესმენი და დამწყებებს ურჩევს ბიზნესჩვევებისა თუ წესების გასავითარებლად ხარისხიანი ბრიტანული გამოცემებით ისარგებლონ, სადაც უამრავი აუცილებელი დეტალი და წვრილმანია სკრუპულოზურად აღწერილი. საუბარმა დამარწმუნა, რომ ლაშა მართლაც მრავალმხრივი და წარმატებული ადამიანია.

სიმართლე ვთქვა, გულწრფელად გამიკვირდა, როცა ინტერვიუს შემდეგ თანაშემწეს ჰკითხა, მომდევნო შეხვედრა რომელ საათზე მაქვს დაგეგმილიო. ლაშა პაპაშვილის მომდევნო შეხვედრა ასისტენს 16:45 -ზე აქვს ჩანიშნული, ანუ ათ წუთში. და ეს არ არის ამ დღეს მისი ბოლო საქმიანი შეხვედრა. ბიზნესმენი ჰალსტუხს ისწორებს, კარამდე მაცილებს და შუშის კედლის უკან უჩინარდება. უფრო ზუსტად, არ უჩინარდება. სანამ მე ქურთუკს ვიკრავ, ის ოვალურ მაგიდასთან ჯდება, სკამის საზურგეს ეყრდნობა და თვალებს ხუჭავს. დასასვენებლად ათი წუთი აქვს.

 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *