სტარტაპების ბუმი

17 ივნისიდან ინოვაციური და საინტერესო ბიზნესიდეის განსახორციელებლად სტარტაპებს “საპარტნიორო ფონდი” და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დააფინანსებენ. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პირველ ეტაპზე გამოყოფილია 11 მილიონი ლარი, რაც მოგვიანებით შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. სააგენტო დააფინანსებს ძირითადად მაღალტექნოლოგიური იდეების მქონე სტარტაპებს, თუმცა ინოვაციურობის ელემენტი იმ იდეებსაც უნდა ჰქონდეთ, რომლებიც განსახილველად “საპარტნიორო ფონდს” წარედგინება. სააგენტო სტარტაპის კაპიტალში შევა მაქსიმუმ 5%-ით და ამდენივეს მიიღებს დაფინანსებული სტარტაპის მოგებიდან შემოსავლის სახით. “საპარტნიორო ფონდი” კი, რომელიც შვილობილი კომპანიის მეშვეობით თითოეულ დაფინანსებულ სტარტაპთან ერთად შექმნის ახალ კომპანიას, დაფინანსებული იდეის ავტორს მინიმუმ 10%-იან თანამონაწილეობას მოსთხოვს, ხოლო რამდენადაც ინოვაციური იდეა კაპიტალის 40%-ად შეფასდება, მიღებული მოგება ფონდსა და იდეის ავტორს შორის თანაბრად გაიყოფა. ფონდს ეკრძალება 50%-ზე მეტის ფლობა ახლადშექმნილი კომპანიის კაპიტალში და ვალდებულია, პროექტიდან 10 წლის ვადაში გავიდეს.

პროგრამაში თითო პროექტზე გათვალისწინებულია მინიმუმ 15 ათასი და მაქსიმუმ 100 ათასი ლარი. დამწყები ბიზნესმენები დაფინანსებას პირადი ქონებით უზრუნველყოფისა და გირაოს გარეშე მიიღებენ. დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა კონკურსის წესით მოხდება. მაგალითად, პროექტების სწორი სელექციისთვის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში სტარტაპების შერჩევის პირველ ეტაპზე სილიკონის ველიდან მოიწვევენ ვენჩურულ და ენჯელ-ინვესტორებს, რომლებსაც გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების აღმოჩენის გამოცდილება აქვთ, ხოლო მეორე ეტაპზე 5-კაციანი ინვესტორთა ჯგუფი, ასევე სილიკონის ველიდან, უშუალო გასაუბრებას გამართავს ინოვაციური იდეის ავტორებთან.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა სახელმწიფო სტარტაპების დაფინანსების ინსტიტუციონალიზაციას ახდენს და გარდა იმისა, რომ პროგრამის ფარგლებში ინოვაციური ბიზნესი თავისუფლდება იმპორტის, დამატებითი ღირებულებისა და მოგების გადასახადებისგან, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მუშაობს საკანონმდებლო რეფორმაზეც, რათა დამატებითი სტიმულები შეუქმნას კერძო ბიზნესსა და პირებს ინოვაციურ საქმიანობაში ინვესტიციების განსახორციელებლად. მაგალითად, სახალხო დაფინანსების პლატფორმის, ანუ ე.წ. ქრაუდფანდინგისთვის სამართლებრივი სივრცის შექმნის გზით.

მთავრობის განცხადებით, “სტარტაპ საქართველოს” მიზანი ქვეყნის სწრაფი განვითარებაა, თუმცა არიან ეკონომისტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მთავრობის მიერ სტარტაპების დაფინანსებით ეს მიზანი მიღწეული ვერ იქნება.

 “რისკიანი კაპიტალია ის, რომელიც იდეაში იდება. ამისთვის არსებობს ვენჩურული კაპიტალი, რომელიც სწორედ მაღალრისკიან ბიზნესიდეებს აფინანსებს. საქართველოში უნდა იყოს ისეთი ბიზნესკლიმატი, რომელიც ვენჩურულ კაპიტალს გააჩენს, რათა მან სტარტაპები დააფინანსოს. სტარტაპების დაფინანსების გადაწყვეტილებით, მთავრობა მიაღწევს იმას, რომ განახორციელებს გადასახადის გადამხდელთა ფულის ინვესტირებას, რასაც ეკონომიკისთვის შედეგი არ ექნება”, – მიაჩნია “თავისუფალი უნივერსიტეტის” კანცლერს, ვატო ლეჟავას.

სწორედ იმიტომ, რომ ინოვაციებში ჩადებული ფული სარისკო კაპიტალია, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში საჭიროდ მიიჩნევენ სახელმწიფოს მხარდაჭერას სტარტაპებისთვის მათი განვითარების ადრეულ ეტაპზე, რისი მაგალითიც სააგენტოსთვის სხვა განვითარებულ ქვეყნებთან ერთად არის ამერიკის შეერთებული შტატებიც, “სადაც საწყის ეტაპზე სახელმწიფო სტარტაპების აქტიური თანამონაწილეა”.

 “ესმხოლოდ პირველი ნაბიჯია იმისთვის, რომ ქართული სტარტაპები გლობალურ ბაზარზე გავიდნენ”, – ამბობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ავთო კასრაძე.

იმისთვის, რომ ინოვაციური ქართული სტარტაპები ქვეყნის საზღვრებს გასცდნენ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ადგილზე უზრუნველყოფს პროგრამის ყველა ბენეფიციარისთვის ტრენინგებს, კოუჩინგს, მენტორინგს და საკონსულტაციო მომსახურებას. თუმცა, ეს სერვისები უკვე ხელმისაწვდომია სხვა სტარტაპებისთვისაც, რომლებიც რამდენიმე თვეა, ტექნოპარკის ბიზნესინკუბატორში საკუთარ იდეებზე მუშაობენ და ვიდრე ქვეყანაში სტარტაპების დაფინანსების ბუმი დაიწყება, რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.

ოთხი ძმის დროით – Z4

იდეა: ანდრია ემხვარი, რატი ემხვარი, საბა სალუაშვილი და ზაალ სალუაშვილი ძმები არიან. ხისგან საათის დამზადების იდეა უმცროს ძმას, ზაალს გაუჩნდა, რომლისთვისაც ხეზე მუშაობა ჰობი იყო. კომპანიის სახელწოდებაც აქედან წამოვიდა: Z, ანუ ზაალი და 4 – ანუ ოთხი ძმა. ბზისგან დამზადებულმა პირველმა საათმა დიდი მოწონება დაიმსახურა და მას სხვა საათებიც მოჰყვა. Z4-ის მოდელებზე უმეტესწილად ხელით მუშაობენ, თუმცა ხის მასალის დამუშავებისას საჭიროა დანადგარებიც, რომლებიც ძმებს არ ჰქონდათ. ტექნოპარკის ბიზნესინკუბატორში მოხვედრის შემდეგ იქ არსებული დაზგით სარგებლობენ და დასაწყისისთვის 5 ათასი ლარის დაფინანსებაც მიიღეს.

გეგმები: საკოლექციო საათების ქართული ბრენდის შექმნა საკუთარი წარმოებით. ახლა თითო საათის დამზადებას შესაძლოა რამდენიმე კვირა სჭირდებოდეს, მაშინ როცა “მათზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია”. საათების ხარისხი მაღალია: ბზა ძვირფასი მასალაა, რასაც შვეიცარიული ETA-ს მექანიზმი და ხელნაკეთი უნიკალური დიზაინი ემატება. შედეგად, საათის ღირებულება შესაძლოა ათას ლარსაც აჭარბებდეს. ძმები წარმოების კიდევ უფრო დახვეწასა და გაფართოებას გეგმავენ, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მათი საათები ლიმიტირებული, საკოლექციო იქნება და არა მასობრივი წარმოების.

მიზანი: საკუთარი წარმოება, დანადგარები და თანამშრომლები იმისთვის, რომ Z4-ის ბრენდის საათები ჯერ ადგილობრივ და მერე სხვა ქვეყნების ბაზრებზეც გაჩნდეს. დანადგარები ასობით ათასი დოლარის ინვესტიციას მოითხოვს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში – აუცილებელია. ამიტომ აქტიურად განიხილება სტარტაპების დაფინანსების პროგრამაში ჩართვა. ამჟამად საათების დასამზადებლად სტარტაპი კანონიერი გზით, სახელმწიფოსგან მიღებულ, დამეწყრილი ან გამხმარი ბზის მასალას იყენებს, ან იღებს იმ კერძო მესაკუთრეებისაგან, რომლებსაც ამ მასალის გაცემის უფლება აქვთ. ეკომეგობარ ძმებს გადაწყვეტილი აქვთ, ყოველ გაყიდულ საათზე თითო კოლხური ბზა დარგონ.

იოლი თაფლი Stem Honey-საგან

იდეა: თაფლის მიღება საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა: ფერმერმა უნდა ჩაიცვას სპეციალური აღჭურვილობა, ამოიღოს ფიჭა სკიდან და განათავსოს ის საწურ აპარატში, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს და ამის გამო მეფუტკრეების უმრავლესობა კუსტარულად დამზადებულ აპარატს იყენებს, რაც ცხადია, თაფლის ხარისხზე აისახება. ჯონი პეტრიაშვილისა და ფარნავაზ ფაცინაშვილის კონცეფცია თაფლის მიღების პროცედურას ერთიორად ამარტივებს და თაფლის ხარისხის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. Stem Honey-ის დახმარებით, საკმარისია მხოლოდ სკასთან მისვლა და ონკანის მოშვება, რომელიც სპეციალურ, სკაში ჩამონტაჟებულ მექანიზმზეა მიერთებული. შედეგად ფერმერი მარტივად მიიღებს სუფთა, გადაუმუშავებელ თაფლს შემდგომი წარმოებისთვის.

გეგმები: ჯონი და ფარნავაზი თავიდან საკუთარი სახსრებით ცდილობდნენ სკის მოდერნიზებას. შედეგები არც ისე დამაიმედებელი იყო. რაც ტექნოპარკის ბიზნესინკუბატორში გადაინაცვლეს, იღებენ “ყველანაირ დახმარებას – როგორც ტექნიკის მხრივ, ისე ბიზნესის განვითარების მიმართულებით”. ახლა ფაბლაბში მოდერნიზებული სკის პროტოტიპი მზადდება და Stem Honey-ს მუშა პროდუქტი სამ თვეში ექნება, რის შემდეგაც მისი წარმოების გაფართოებაზე დაიწყებს ზრუნვას. დამწყები ბიზნესმენების თქმით, მოდერნიზებული სკის განთავსება შესაძლებელი იქნება კორპუსებში, სახლების სახურავზე, სკოლის ეზოში და ა.შ., რითაც “მოყვარულ მეფუტკრეებსაც მიეცემათ საშუალება, წარმატებული მეწარმეები გახდნენ”. .

მიზანი:“გაიზარდოს საქართველოში თაფლის წარმოება და მისი ექსპორტი, ხოლო მეფუტკრეობა მოგებიან ბიზნესად იქცეს”. Stem Honey-ს ავტორები შეხვედრებს მართავენ კოოპერატივებთან, აცნობენ მათ საკუთარ პროდუქტს, რომელსაც “საკმაოდ დიდი ინტერესით ხვდებიან და პოტენციური კლიენტებიც ჩნდებიან”. იდეის ავტორებს პროდუქტის წარმოების დაწყება სურთ და ამ ეტაპზე შესაბამის საწარმოს ეძებენ. მართალია, მასობრივ წარმოებას დიდი კაპიტალი სჭირდება”, მაგრამ საწყის ეტაპზე ჯონისა და ფარნავაზისთვის მცირე წარმოებაც საკმარისია.

თამაშში შექმნილი “თამაშობანა”

იდეა: ნონა სონღულაშვილმა და ნინი ჩიქოვანმა ერთმანეთი “ბორჯომში” გაიცნეს, სადაც დღემდე მუშაობენ, ნონა – მარკეტინგული კვლევების მენეჯერად, ნინი – “ბაკურიანის” ბრენდ-მენეჯერად.იდეა აგარაკზე ბავშვებთან ერთად თამაშისას გაუჩნდათ, როცა “რეზინობანას” სათამაშოდ რეზინის შოვნა გართულდა. დღეისთვის “თამაშობანას” უკვე შექმნილი აქვს ათი თამაში, რომლებიც ხელს უწყობს სოციალიზაციას: ამის პატრონმა რა ქნას, ვისი სული გსურს, ორდროშობანა, გათვლები და სასირბილო თამაშობანა, ქალაქობანა, ჯოკერი, პორტაბელური/საპიკნიკე ნარდი, თამაშობანა ბურთით, რეზინობანა და ლოტო. თამაშების უმეტესობა ხელნაკეთია და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება. კომპანიის საწყისმა კაპიტალმა 30 ათასი ლარი შეადგინა და გაყიდვების დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში 12 ათასი ლარის თამაში გაიყიდა. თამაშების ფასი 22 ლარიდან იწყება და ისინი განთავსებულია სამ მსხვილ ქსელურ მაღაზიაში.

გეგმები: გაყიდვების ქსელის გაფართოება. მარტიდან მუშაობენ ტექნოპარკის ბიზნესინკუბატორში, რამაც საშუალება მისცათ, მენეჯმენტის აკადემიის დახმარებით შეეცვალათ ბიზნესმოდელი და ექციათ ისეთად, “რომლის წარმატებისაც სჯერათ”. ახალი ბიზნესმოდელით თამაშები ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომი გახდება. ტექნოპარკის ფაბლაბში უკვე დამზადდა არსებული თამაშების განახლებული ვერსიების პროტოტიპები. ტექნოპარკშივე გაჩნდა ახალი პროექტის იდეა – “თამაშობანა ზეიმი”, რომელიც სახალისო დღესასწაულების მოწყობას გულისხმობს დიდებისა და პატარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოპარკისგან ჰქონდათ შეთავაზება, შეხვედროდნენ რამდენიმე ინვესტორს, ნონამ და ნინიმ უარი თქვეს თანაინვესტორებზე და სტარტაპების დაფინანსებების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას გეგმავენ.

მიზანი: ახალი ბიზნესმოდელიდან გამომდინარე, სჯერათ, რომ “თამაშობანა მცირე საწარმოდან ნამდვილ სათამაშოების ქარხნად გადაიქცევა”. წლის ბოლომდე აპირებენ სათამაშოების ექსპორტზე გატანასაც. ძალიან უნდათ, ითანამშრომლონ ქალაქის მერიასთან და განათლების სამინისტროსთან იმისთვის, რომ თამაშების შეტანა სკოლებსა და ბაღებში შეძლონ, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ მოლაპარაკებების ეტაპზე არიან.

წინა სტატია

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საგარეო ვალის გადახდის გრაფიკი განაახლა
18 ივლისი, 2016

შემდეგი სტატია

იაპონურმა SoftBank-მა ბრიტანული მიკროჩიპების მწარმოებელი ARM Holdings-ი შეიძინა
18 ივლისი, 2016
საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები
რეიტინგი | მაი, 28, 2019
ლევან შავკაციშვილი TBC-ის გუნდს შეუერთდა
ინტერვიუ | ივნ, 12, 2019
აფრიკის კონტინენტის 11 ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა
მსოფლიო | მაი, 27, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა