ციფრული ციხესიმაგრის შიგნით

Forbes Georgia-ს მოგზაურობა გასაიდუმლოებულ დატაცენტრში, სადაც შეღწევა უფრო რთულია, ვიდრე ყველაზე დაცულ ციხეში.

VISA-ს სათავო ოფისი ვაშინგტონთან ახლოსაა. მხოლოდ ეს ვიცით ჟურნალისტთა იმ საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა, რომლებიც რეგიონიდან შეგვკრიბეს და 2016 წლის ფინანსური განათლების სამიტზე ჯერ ჩიკაგოში, შემდეგ ვაშინგტონში ჩამოგვიყვანეს. რაც მეტ კითხვას ვსვამთ დაზუსტებისთვის, მით უფრო ვხვდებით, რომ მეტი დეტალის გამოძალვა შეუძლებელია – კონკრეტული ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია და მორჩა.

რაღა დაგვრჩენია, ვისმენთ დასაბუთებას, რომ ეს უმსხვილესი დატაცენტრია და მიუხედავად იმისა, რომ გადაზღვევის უამრავი მექანიზმი არსებობს, სასურველი მაინც არ არის, ყველამ იცოდეს, სად არის განთავსებული ყველაზე მძლავრი სერვერები. ვთანხმდებით იმაზე, რომ ზედმეტი დეტალებისგან თავს შევიკავებთ და ზუსტ მისამართს არც სტატიაში დავწერთ.

სასტუმროდან ტაქსიში ჩამჯდარი გზას ვინიშნავ: გამოდის, რომ დულსის აეროპორტიდან დაახლოებით საათ-ნახევარი გვჭირდება იმისთვის, რომ დანიშნულების ადგილამდე მივიდეთ. ვამჩნევ, რომ VISA-ს წარმომადგენელი ალექს სკანავი, რომელიც მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში ჩვენი მასპინძელია, ტაქსის მძღოლს არ ეუბნება, რომ დატაცენტრში მივდივართ – არც მისამართს აკონკრეტებს: ტაქსის მძღოლი და სკანავი საორიენტაციო შესახვევზე ჯერდებიან.

ჩამოვდივართ. მანქანიდან გზა არ ჩანს. მხოლოდ – სიმწვანე. კიდევ დაახლოებით ათი წუთი ფეხით მივდივართ და ჩნდება ჭიშკარი. გავდივართ შემოწმებას. ვიღებთ სტუმრის ბეჯებს და დაცვა შენობისკენ მიგვაცილებს. ეზოში კიდევ ერთი შენობაა და პარკინგი: მუშაობის დაძაბული რიტმი გარეთ არ იგრძნობა.

VISA-ს ისტორია 1958 წელს იწყება. ამ წელს Bank of America-მ მომხმარებლის საკრედიტო ბარათის პირველი პროგრამა გაუშვა. ეს ბარათი საშუალო კლასის მომხმარებლებსა და შეერთებულ შტატებში მცირე და საშუალო ზომის მერჩანტებზე იყო გათვლილი. გათვლა სწორი აღმოჩნდა და კომპანიამ სწრაფად დაიწყო ზრდა. საერთაშორისო მასშტაბზე გავიდა 1974 წელს და ერთი წლის შემდეგ უკვე სადებეტო ბარათი გააცნო თავის მომხმარებელს. 2007 წელს რეგიონალური ბიზნესები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაერთიანდნენ და დააარსეს კომპანია VISA, რომელიც ერთი წლის შემდეგ საჯარო კომპანია გახდა: ეს იყო ისტორიაში ყველაზე მსხვილი IPO. დღეს VISA 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. მისი პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია ყველა ხელსაწყოზე: ბარათებზე, ლეპტოპებზე, ტაბლეტებსა და მობილურებზე. VISA-ტრანზაქციების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია შეერთებული შტატების ბაზარზეა. სწრაფად იზრდება განვითარებადი ბაზრებიც. როგორც VISA-ს ამ ცენტრში გვეუბნებიან, პიკურ დროს დღის განმავლობაში VISA-ს სერვერებს 400 მილიონი ტრანზაქციის გატარება უწევთ. ეს შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ორი ყველაზე მსხვილი დატაცენტრი ამერიკაში – ერთი, სადაც ჩვენ ვართ აღმოსავლეთით და მეორე – ჩრდილოეთით.

დატაცენტრი კარგად დაცულ ციხესიმაგრეს ჰგავს: თითის ანაბეჭდი საკმარისი არ არის, კამერამ სახეც უნდა ამოიცნოს იმისთვის, რომ შიგნით შეგიშვას. აქ ყველა მცირე დეტალს უდიდეს ყურადღებას აქცევენ.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იმაზე მეტი ადამიანი გვადევნებს თვალს და გვაკონტროლებს, ვიდრე მთელ დატაცენტრში მუშაობს – ასეთი კი 130 ადამიანია: მათი ძირითადი მოვალეობა სერვერების ჰაკერებისგან დაცვა და ქსელის უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფაა.

კომპანიის მსოფლიო ქსელი ერთი ოთახიდან იმართება – გიგანტური ეკრანებით და ცეცხლგამძლე კედლებით. საშობაოდ, როცა შოპინგი ხურდება, ცენტრი წამში 11 ათასი ტრანზაქციის პროცესინგს ახდენს. როგორც დატაცენტრში გვიხსნიან, პოტენციალი თითქმის სამჯერ მეტია და ეს იმ პირობებში, როცა კიდევ ორი სასერვერო ოთახის ბოლომდე მოწყობა არ დასრულებულა.

სულ ასეთი შვიდი ოთახია, აქედან ხუთი სრული დატვირთვით მუშაობს. მხოლოდ კაბელი, რომელიც ამ სერვერებს ერთმანეთთან აერთებს, 3 ათასი მილის სიგრძისაა, რაც დაახლოებით 4830 კილომეტრს უდრის.

სერვერების გაგრილება ცალკე ამბად ღირს: ამ მიზნით ათასზე მეტი მაცივარი მუშაობს, რომლებიც წყალს არა მხოლოდ აცივებს, არამედ ქიმიურადაც ამუშავებს, რომ ნადებისგან დაიცვას. ეს წყალი შემდეგ მსხვილი მილებით კომპიუტერებამდე მიდის. ეს კომპიუტერები ისეთი დატვირთვით მუშაობს, რომ შეუძლიათ წყლის ტემპერატურა 12 გრადუსით გაზარდონ, სანამ ის ისევ გაგრილდება. ამ სივრცეში ყოველდღიურად 100 ათას ლიტრზე მეტი წყალი ორთქლდება.

დატაცენტრი უძლებს 10 ბალამდე მიწისძვრას და ისეთ ძლიერ ქარიშხალს, როცა ქარის სიჩქარე 200 კმ/სთ-ს აჭარბებს. შუქი თუ წავა, დიზელის 14 გენერატორს შეუძლია დატაცენტრის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა 9 დღის განმავლობაში. ეს გენერატორები 15 ათასი ოჯახისთვის სამყოფ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. საინტერესოა, რომ ყველა ამ მოწყობილობას ელექტროენერგიის და წყლის ორ-ორი წყარო აქვს: თუ ერთი მწყობრიდან გამოვა, მეორე გადააზღვევს, თუ ესეც არ იმუშავებს – მაშინ უკვე რეზერვუარები და გენერატორები ჩაერთვება საქმეში. სერვერებისა და კომპიუტერების გასაგრილებლად თითქმის 6 მილიონი ლიტრის მოცულობის ტანკერია სავსე.

სწორედ ასეთი დაზღვევის მექანიზმების წყალობით ყველაზე დიდი დრო, როცა სერვერების მუშაობა შეფერხდა (2005 წელს) სულ რაღაც 8 წუთი იყო.

VISA არ ასაჯაროებს, რამდენი დახარჯა იმისთვის, რომ ასე დაცული დატაცენტრი აეშენებინა, თუმცა ყველაზე კონსერვატიული შეფასებითაც კი ალბათ ასობით მილიონ დოლარზე ვსაუბრობთ, თუ გავითვალისწინებთ არა მხოლოდ მშენებლობის ხარჯს, არამედ იმ ტექნიკას და აპარატურასაც, რაც ჩვენსავით იღბლიან დამთვალიერებელს ადგილზე ხვდება.

წინა სტატია

2016 წლის პირველი ნახევრის ტოპ-10 ქართული საექსპორტო პროდუქცია
19 ივლისი, 2016

შემდეგი სტატია

ივნისში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 19%-ით შემცირდა
19 ივლისი, 2016
ევროკავშირში 65%-ით მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | სექ, 19, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა