სპორტული მედლის მეორე მხარე

როცა ბიზნესში სპორტული ინტერესი და სპორტში ბიზნესდაინტერესება განუყოფელია, მზა პასუხი სამ რამეზე უნდა გქონდეს: როგორ გახდეს საქართველოში სპორტი უფრო გაყიდვადი, უფრო მოთხოვნილი და უფრო პრესტიჟული, ამაზე Forbes Georgia "პრაიმ სპორტ მენეჯმენტისა" და Fight Nights Georgia-ს პრეზიდენტს, ზურაბ ბოქოლიშვილს ესაუბრა.

ზურაბ ბოქოლიშვილი 20 წელზე მეტია, ამ სფეროშია და სპორტული არენის ყველა კუთხეს კარგად იცნობს. თუმცა საქართველოში პირველი სპორტული სააგენტოს დამფუძნებელს ახლა სპორტული მედლის მეორე მხარე უფრო აინტერესებს. მან იცის, როგორ აქციოს საყვარელი საქმე მოგებიან ბიზნესად და ამისთვის საუკეთესო გზა იპოვა: Fight Nights-ი – ევროპის უმსხვილესი პრომოუტერული კომპანია, რომლის ბოლოში მინაწერი Georgia უკვე გაჩნდა. Fight Nights Georgia საქართველოში პირველად, პირველ ტურნირს 27 აგვისტოს Black Sea Arena-ში უმასპინძლებს.

პირველივე შეკითხვაზე მოკლე პასუხი – „არა“ – მივიღე, თუმცა ჩემი რესპონდენტი ამ „არას“ მიზეზებზე საუბრისას გაცილებით სიტყვაუხვი აღმოჩნდა.

კარგად იყიდება სპორტი საქართველოში?

არა.

რატომ?

მე ჯერ არ მინახავს პრეცედენტი, რომ საქართველოში სპორტს, როგორც გასაყიდ პროდუქტს, ისე მიდგომოდნენ. რა თქმა უნდა, არის ფედერაციები, რომელთაც ჰყავს სპონსორები, მაგრამ ეს ხდება ამ კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის, პირადი ურთიერთობების ან საერთაშორისო ორგანიზაციების ჰედ-ოფისების წყალობით. თუმცა როდისმე ვინმეს სრულყოფილი სპორტული პროდუქტი შეექმნას და ის გაეყიდოს, ასეთი შემთხვევა არ მახსენდება.

რატომ? სურვილი არ არსებობს, თუ რესურსი და კვალიფიკაცია?

მოდი, ასე დავსვათ საკითხი: სპორტი კარგად იყიდება ყველგან, ყველა დროსა და მოცემულობაში. თუ საქართველოში სპორტი არ იყიდება, ეს ამ ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების პრობლემაა და არა ბიზნესის თუ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარების. სურვილით ყველა ფედერაციას, გუნდს თუ ლიგას სურს, რომ ჰყავდეს სპონსორი, მაგრამ არავინ ცდილობს თავისი საქმიანობა პროდუქტად აქციოს.

რა არის ამის მიზეზი?

არაპროფესიონალიზმი, ცოდნის არქონა და საქმისადმი არასწორი მიდგომა. სპორტს ყოველთვის ძალიან დიდი სოციალური და ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური ფუნქცია აქვს, მაგალითად, ოლიმპიადას მოვიყვანდი. ყველა ქვეყანა ითვლის მოგებულ მედლებს და ამაყობს ამით, მაგრამ პროფესიული სპორტი სულ სხვა რამ არის. ეს არის საღამოს გატარების ერთ-ერთი სახეობა, რომელიც კონკურენციას უწევს კინოს, თეატრს, ტელევიზიას, რესტორანს. შესაბამისად, პროფესიული სპორტის ვალია, შექმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც რეალურად გაუწევს ამ ყველაფერს კონკურენციას და მოგებას მოიტანს. როდესაც პროფესიული სპორტი მთლიანად სახელმწიფოზე და „მომეცი ფულის“ პრინციპზეა დამოკიდებული, ეს უკვე აბსურდს ჰგავს. კი, ბევრ ქვეყანაში არის მოდელი, როდესაც სახელმწიფო ეხმარება მაღალი მიღწევების სპორტს და გარკვეულწილად მის სუბსიდირებას ახდენს მაგრამ მთლიანად დოტაციაზე ყოფნა მიუღებელია.

რა არის მთავარი იმისთვის, რომ პროფესიული სპორტი გარდაიქმნას მოგებიან ბიზნესად და ჩამოშორდეს სუბსიდიას?

პირველ რიგში უნდა შეიქმნას სრულყოფილი პროდუქტი, რომელსაც გავყიდით.

რას ნიშნავს სრულყოფილი სპორტული პროდუქტი?

ეს ნიშნავს ისეთი სანახაობის შექმნას, სადაც მაყურებელი მოვა. სპორტული პროდუქტი მაშინ არის წარმატებული, როცა სამი ძირითადი კომპონენტი არის ჩამოყალიბებული: პირველი, ეს არის თავად ღონისძიება, მეორე – გულშემატკივარი და მესამე – სპონსორი. თუ ეს სამკუთხედი კარგადაა შეკრული, სპორტული პროდუქტი წარმატებულია. სამივე ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, თუ ვერ აკეთებ პროდუქტს, ვერ მოგყავს გულშემატკივარი, შესაბამისად, არ გყავს სპონსორი.

ანუ ბიზნესის დაინტერესებას ვერ ახერხებს სპორტი?

კი ასეა. როცა შენ მიდიხარ და ბიზნესმენს ეუბნები „მომეცი ფული“, მას უნდა დაუსაბუთო, რა მომსახურებას მიიღებს ამ ფულის სანაცვლოდ. როცა ამას ვერ ასაბუთებ, ბიზნესმენი, რომელიც თავისი ბიზნესის განვითარებაზე ფიქრობს, რა თქმა უნდა, არ ჩადებს ფულს. თუ არ გაქვს დასაბუთება, რამდენი ადამიანი უყურებს შენს ივენთს, არ გაქვს რეიტინგი, გინდაც სატელევიზიო სტატისტიკა, სპონსორს ვერ დააინტერესებ. როცა ჰაერზე საუბრობ, შენთან არავინ მოვა, ბიზნესის დაინტერესებაც ნული იქნება. ერთხელ მოგცეს ფული? მეორედ აღარავინ მოგცემს. მხოლოდ ის, რომ სპორტსმენს მკერდზე კომპანიის ლოგო ეწეროს, აღარაა აქტუალური. ამიტომ საქმე ჯერ სპორტული ორგანიზაციების გასაკეთებელია. პირველი: შექმნან ხარისხიანი პროდუქტი, გააკეთონ შესაბამისი შეფუთვა და სპონსორი აუცილებლად გამოჩნდება. რა თქმა უნდა, იმის ილუზია არ მაქვს, რომ დაეწყობიან და ერთმანეთს გაასწრებენ, მაგრამ წინსვლა ნამდვილად იქნება.

ანუ სპორტი დღეს მარტივ გზას ირჩევს და ბიზნესის დაინტერესებაზე ზრუნვას დოტაციაზე ყოფნა ურჩევნია?

ასეა, მაგრამ სახელმწიფო მუდმივად ამ რეჟიმში ვერ იქნება. ყველა ფედერაციამ, კლუბმა თუ ლიგამ მიზნად უნდა დაისახოს, რომ სახელმწიფოს ეს ფინანსური წნეხი როგორმე შეუმსუბუქონ. შენ როცა ქმნი საკალათბურთო ან საფეხბურთო გუნდს, შენ უკვე ხარ კომერციული ორგანიზაცია და შენს თავს თავად უნდა მიხედო. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს, რომ ჩავდოთ ინვესტიცია განათლებაში, გავზარდოთ პროფესიონალების რიცხვი და შევქმნათ მიმზიდველი პროდუქტი. აი, ესაა მთავარი.

ყველა სპორტის სახეობა ამ პრობლემის წინაშეა თუ გამონაკლისიც არსებობს?

არ მინდა დავკონკრეტდე, მაგრამ გამოვყოფდი რაგბის ფედერაციას. რაგბისტები ქმნიან პროდუქტს, ჰყავთ სპონსორები და ამაში ხელს უწყობს წარმატებაც. ასე რომ გამონაკლისიც არსებობს, სხვადასხვა ფედერაცია, რომლებიც მეტ-ნაკლებად წარმატებით მუშაობენ, მაგრამ ეს საერთო სურათს არ ცვლის.

ხედავთ საქართველოში სპორტის ბიზნესად ქცევის პოტენციალს?

არათუ ვხედავ და შესაძლებელი მგონია, არამედ აუცილებლად გამოვა, მთავარია, მსოფლიო ტენდენციებს მივაქციოთ ყურადღება, კონტექსტიდან ამოვარდნილი არაფერი ვარგა. სპორტული ბიზნესი არის ბიზნესი, რომელიც ყოველწლიურად ძალიან დიდ ზრდის ტემპებს აფიქსირებს. ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით $200 მილიარდით გაიზარდა, ჩინეთის პროგნოზით ტრილიონამდე ვარაუდობენ მის ბრუნვას. ადამიანებს ბუნებრივი მოთხოვნილება აქვთ, უყურონ შეჯიბრებს. ამას სხვა ემოციური დატვირთვა აქვს, თავისი აზარტითა და შედეგების გამოცნობით. სპორტულ შეჯიბრს ყოველთვის ჰყავს და ეყოლება მაყურებელი. შესაბამისად, იმის თქმა, რომ სპორტული ბიზნესი სტაგნაციაში შევა, უაზრობაა, არასდროს შევა. და როდესაც ამხელა დაინტერესება არსებობს, ჩვენი ყველას ვალდებულებაა, რომ ეს გამოვიყენოთ.

რამდენიმე თვეში თბილისი სპორტული მარკეტინგის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. წარმატებული სპორტული ლიგები (პრემიერ ლიგა, ლა ლიგა), კლუბები, სპორტის მენეჯერები და მარკეტოლოგები სწორედ იმაზე იმსჯელებენ, თუ როგორ უნდა გარდაიქმნას სპორტული ღონისძიება მოგებიან ბიზნესად.

თქვენ, როგორც კომპანია „პრაიმ სპორტის“ მენეჯმენტის პრეზიდენტი, რას ელით ამ კონფერენციისგან?

ამ კონფერენციის მთავარი შედეგი იქნება ერთი – ძალიან დიდი ცოდნის ნაკადი შემოვა ქვეყანაში. ძალიან წარმომადგენლობით სპიკერატს ველით სხვადასხვა დიდი ლიგიდან თუ კლუბიდან – როგორც მარკეტოლოგებს, ისე მენეჯერებს. პროგრამა მორგებული იქნება ქართულ რეალობასა და პრობლემატიკაზე. აქ სპორტულ მარკეტინგთან ერთად საუბარი იქნება სპორტულ მენეჯმენტზე; ფედერაციების, კლუბებისა და ლიგების მართვაზე. სპორტულ ტურიზმზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სპორტულ სამყაროში დასაქმებულ ადამიანებს საშუალება ექნებათ, ძალიან კვალიფიციური სპეციალისტებისგან მიიღონ ცოდნა, მაგალითად, პრემიერ ლიგის რომელიმე კლუბის ტოპ-მენეჯერისგან პირადად მოისმინონ სპორტული მენეჯმენტისა და მარკეტინგის თემაზე ძალიან საინტერესო ლექციები. დაამყარონ კონტაქტები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ზუსტად გაიგებენ, რა მიმართულებით უნდა წაიყვანონ თავიანთი საქმე. ყველა ეს ლექცია დაიბეჭდება და გამოიცემა, რომ ყველა სტუდენტისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. განათლებაში ჩადებულ ინვესტიციაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია.

 პირველი კონფერენცია აპრილში მოსკოვში ჩატარდა, ძალიან წარმომადგენლობითი იყო. დაწყებული ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციით, ინგლისის პრემიერ ლიგითა და ფორმულა ერთით გაგრძელებულ-დამთავრებული. და ზუსტად იმაზე იყო საუბარი, რაც დღეს ჩვენ გვჭირდება: საბილეთო პროგრამა, გულშემატკივრების მოზიდვა, სპონსორების აქტივაცია, სატელევიზიო პროდუქტის შექმნის სტრატეგია, სპორტული ორგანიზაციების ბრენდირება... ამიტომ ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ იმავე ეგიდით ეს კონფერენცია საქართველოშიც ჩატარებულიყო, კონტაქტი არ გაგვჭირვებია, რადგან პირადი ურთიერთობა მაქვს ხელმძღვანელებთან და გადაწყდა, რომ ოქტომბრის ბოლოს ეს ყველაფერი თბილისშიც მოხდება.

სანახაობრივი ბრძოლები და ბრწყინვალე შოუები უკვე დიდი ხანია, Fight Nights-ის სავიზიტო ბარათად იქცა. Fight Nigts-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პრომოუტერული კომპანიაა, რომელსაც ცოტა ხნის წინ მინაწერი Georgia დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მოთხოვნილ სპორტულ შოუს, შერეული ორთაბრძოლების ხელოვნებას, 26 ქვეყანა მალე საქართველოდან 5-საათიანი პირდაპირი ეთერით ნახავს.

რა არის Fight Nights?

ეს არის სწორედ ის, თუ რას ნიშნავს სპორტული პროდუქტი. მე ოც წელზე მეტია, ამ სფეროში ვარ და ვეძებდი ისეთ პროდუქტს, რომელიც კომერციულად მოგებიანი იქნებოდა სწორედ ასეთია შერეული ორთაბრძოლების ხელოვნება, რომელიც დღესდღეობით ყველაზე მზარდი სპორტის სახეობაა ყველაზე მზარდი სატელევიზიო რეიტინგებით, გულშემატკივრითა და აუდიტორიით. საქართველოში ამ პროექტის წარმატების დიდი იმედი მაქვს.

ღონისძიების ბიუჯეტი $250 ათასიდან $10 მილიონამდე მერყეობს და მოლოდინი გვაქვს, რომ ის კომერციულადაც წარმატებული იქნება, თუმცა მოლოდინის ციფრებში გადაყვანას ახლა მოვერიდები. ერთს ვიტყვი, რომ 2001 წელს, როდესაც ამერიკული UFC შეიქმნა, შერეული ორთაბრძოლების პოპულარობა ერთიორად გაიზარდა. ის ძმებმა ფერტიტებმა $2-მილიონად იყიდეს და ახლა შეთავაზება აქვთ, რომ $4-მილიარდად გაყიდონ. ასე გაიზარდა 15 წელიწადში მისი კაპიტალიზაცია. Fight Nights-ს არანაკლები პერსპექტივა აქვს.

რაში მდგომარეობს Fight Nights Georgia-ს უპირატესობა?

MMA – შერეული ორთაბრძოლები – ეს არ არის მხოლოდ ორთაბრძოლები. ეს არის ძალიან დიდი შოუ-პროგრამა, ლაივ-კონცერტი, თავისი მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენებით, ვიდეოგანათების ეფექტებით და ბოლოს წმინდა სპორტით. ერთი სიტყვით, ემოციური სანახაობაა. ადამიანი, რომელიც მოვა, ნახავს ყველაფერს და ემოციურად დატვირთული წავა. ზუსტად ეს არის, მე რასაც ვამბობ – შეფუთული სპორტული პროდუქტი, რომელიც მაყურებელს იზიდავს.

 ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი სატელევიზიო ეთერი. Fight Nights-ის ტურნირები 26 ქვეყანაში პირდაპირი ეთერით გადაიცემა და, როგორც სატელევიზიო რეიტინგები აჩვენებს, მას საშუალოდ 750,000 -1,100,000 ადამიანი უყურებს. დიდი გეოგრაფიული არეალის პარალელურად ღონისძიება ძალიან წარმომადგენლობითი იქნება. მაღალი დონის ტურნირში მონაწილეობას მაღალი დონის მებრძოლები მიიღებენ. ანონსის უფლება ჯერ არ მაქვს, გვარები სიურპრიზად დავტოვოთ, ერთს გეტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონებთან ერთად ტურნირში მონაწილეობას ქართველი, ძალიან საინტერესო მებრძოლები მიიღებენ, რომელთაც დიდი ხანია, არ უბრძოლიათ.

სახელმწიფოს წვლილი როგორია ამ ღონისძიებაში?

ფინანსურად სახელმწიფო არაფერ შუაშია. ჩვენ გვეყოლება რამდენიმე საერთაშორისო სპონსორი, მაგრამ აქტიურად ვიწყებთ მუშაობას ქართულ კომპანიებთანაც, რომ ჩვენებიც ჩავრთოთ. ბევრმა ორგანიზაციამ ჩვენთან პარტნიორობის სურვილი უკვე გამოთქვა. სახელმწიფო ამ პროექტიდან მხოლოდ სარგებელს მიიღებს.

კონკრეტულად?

იმავე ტურიზმის თვალსაზრისით. ყველა მებრძოლს მოჰყვება თავისი გულშემატკივარი, პესიმისტური გათვლებით, ამ ერთ დღეში (27 აგვისტო) 5-6 ათასამდე ტურისტს ველოდებით. ეს ტურისტები, როგორც წესი, საშუალოზე მაღალი ფენის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ბევრ ფულს ხარჯავენ, რაც ქვეყნისთვის ცალკე შემოსავალია. 26 ქვეყანაში ლაივ-ეთერები წელიწადში რამდენჯერმე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებისთვის ცალკე საშუალებაა. გარდა ამისა, ისეთ ქართულ კომპანიებს, რომელთაც საერთაშორისო ბაზარზე გასვლა უნდათ, ამ ტურნირებზე საშუალება ეძლევათ, თავიანთი პროდუქციის რეკლამირება მოახდინონ.Fight Nights Georgia-ს ფარგლებში ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი სოციალური და საქველმოქმედო აქციაც, რომელთა მიზანი ბერი ანდრიას სახელობის ფონდის ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებაა.

მე ახლა ვის ვესაუბრებოდი სპორტსმენს თუ ბიზნესმენს?

სპორტი ჩემთვის არის როგორც სიყვარული, ისე წმინდა ბიზნესი, რომელსაც მე ვუყურებ როგორც შემოსავლის წყაროს. პროდუქტი, რომელიც ჩემი კომპანიის მიერ იქმნება, უნდა იყოს მოგებიანი და უნდა მისცეს კომპანიას განვითარების საშუალება. ბოლოს და ბოლოს საქართველოში სპორტული ინდუსტრია უნდა შედგეს. ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს და ეს უნდა გავაკეთოთ.

 

წინა სტატია

ივნისში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში 19%-ით შემცირდა
19 ივლისი, 2016

შემდეგი სტატია

ივნისში კომერციული ბანკების მოგებამ 36 მილიონი ლარი შეადგინა
20 ივლისი, 2016
საქართველოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ასეული
რეიტინგი | აგვ, 29, 2019
2020 წელს დაგეგმილი დღგ-ის მნიშვნელოვანი ცვლილებების პირველადი ანალიზი
ეკონომიკა | აგვ, 26, 2019
100,000 ლარზე მაღალი წლიური ხელფასი საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 0.21%-ს აქვს
ეკონომიკა | აგვ, 22, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა