დროის სული

12-16 თებერვალს, ფრანკფურტში, AMBIENTE Frankfurt Messe-მ ლამაზი ყოფის ახალი მოდა დაამკვიდრა. ზაფხულის ცხელ მზისგან თავს გრილი ინტერიერებით ვიცავთ. ვნახოთ, როგორი უნდა იყოს ის.

2016 წლის თებერვლის ნომერში ვწერდი, რომ ბიზნესს საკუთარი ატლასი აქვს – სხვა მასშტაბებით, გრადუსთა ბადით, ტოპონიმიკით. რომ თითოეულ კომერციულ საქმეს საკუთარი დედაქალაქი გააჩნია, ამ დედაქალაქებს კი თავიანთი განსხვავებული რიტუალები, ტრადიციები და დღესასწაულები ახასიათებთ.

ვისაც არ გახსოვთ ან არ გსმენიათ, გეტყვით: ყოველ თებერვალს, ახალი ბიზნესწლის დასაწყისში, ფრანკფურტში მთელი მსოფლიო იყრის თავს, რათა დეკორაციის, აქსესუარების, სასაჩუქრე პროდუქციის, ძვირფასეულობის, თანამედროვე სამაგიდო დიზაინისა და საყოფაცხოვრებო თუ სამომხმარებლო საქონლის საუკეთესო ნიმუშები წარმოაჩინონ. მოდის ინდუსტრიაში შეიძლება ბევრი იდავონ, რომელია დედაქალაქი – ნიუ-იორკი, ლონდონი, თუ მაინც კვლავინდებურად პარიზი, მაგრამ საყოფაცხოვრებო ფუნქციონალურობასთან შერწყმული ამაღელვებელი დიზაინის დედაქალაქი უდავოდ ფრანკფურტია, ახალი წლის დაწყების საყოველთაო დღესასწაული კი AMBIENTE Messe Frankfurt-ი.

ორი კვირის შემდეგ Messe Frankfurt-ის ხსენებული დღესასწაული საკუთარი თვალით ვიხილე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თუკი დიზაინერულ მოვლენებზე შთაბეჭდილებას მხოლოდ რიცხვებით შეგიქმნით (მე ხომ ზუსტად ასე მოვიქეცი გამოფენის ხილვამდე), შეფასებისას მთავარი დაგვისხლტება ხელიდან. რა არის მთავარი? – ის, რასაც ზუსტ ცვლადებს ვერ მივუსადაგებთ; ის, რისი აღქმაც მუდამ იცვლება, ვითარდება და გვაგრძნობინებს, რომ ადამიანის გონება მეტია, ვიდრე ბიოლოგიური საოპერაციო სისტემა, რომლის გაქანების კოორდინატებს ტვინში გამკრთალი ელექტრონული იმპულსები განსაზღვრავენ. ადამიანის თვალს შეუძლია არა მხოლოდ აღიქვას, არამედ დააფასოს სილამაზე და რაც უფრო მნიშვნელოვანია – შექმნას იგი. ადამიანის გონებას შეუძლია არა მხოლოდ „დაარენდეროს“ მატერია და მისცეს მას ფუნქცია, არამედ მიანიჭოს მას სული... აიყვანოს იგი ხელოვნების რანგში. AMBIENTE ამ მთავარის ადგილია.

თუმცა სანამ ამ მთავარზე მოგახსენებდეთ, რიცხვებზე ორიენტირებულ Forbes-საც გადავუხადოთ ხარკი: 2016 წლის AMBIENTE ყველაზე მასშტაბური გამოდგა მისი არსებობის ისტორიაში. (არც ეს ისტორიაა ხელწამოსაკრავი, ბოლო-ბოლო გამოფენა იმდენივე წლისაა, რამდენისაც დამოუკიდებელი საქართველო.) 308,000-კვადრატულმეტრიან საგამოფენო სივრცის 27 უზარმაზარ დარბაზსა და 4,387 სტენდს შორის 137,000-ზე მეტი დამთვალიერებელი მიიკვლევდა გზას – ვინ ფეხით, ვინ სპეციალური შატლებით. ხუმრობა ხომ არაა, სამი დღის განმავლობაში ყველა სტენდის სანახავად ტერიტორიაზე 50 კილომეტრის გავლა მომიწია.

ამ შრომატევადი, მაგრამ უკიდურესად საამო პილიგრიმაჟის დროს გამორჩეულად დავაფასე „გერმანული“ სიზუსტე, სახელდობრ კი დარბაზების ოპტიმალური განლაგება, რომელიც სეზონური დეკორაციის, საგარეო და საშინაო ავეჯის, სახლის, ბაღის, აბაზანის, პერსონალური თუ სასაჩუქრე აქსესუარებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის არეალებს შორის ხალხის უზარმაზარ მასას ეფექტური ნავიგაციის საშუალებას აძლევდა. მადლობა ორგანიზატორებს ამ ექსკლუზიურად ჩრდილოური, არადამღლელი სტუმართმოყვარეობისთვის.   

წლევანდელ რიცხვებში კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა იმალება. 2016 AMBIENTE Messe Frankfurt-ისთვის ყველაზე მეტი საერთაშორისო დამთვალიერებლის წელია. ვიზიტორების მხოლოდ 45% იყო გერმანელი. გამოფენას უამრავი ადამიანი ესტუმრა საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ჰოლანდიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან, სამხრეთ კორეიდან და, რაღა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თუმცა რეკორდსმენი მაინც იტალია იყო. ეს ლოგიკურია, რადგან წელს AMBIENTE-ს პარტნიორი ქვეყანა იტალია გახლდათ (2017-ში მის ადგილს დიდი ბრიტანეთი დაიკავებს).

იტალიური ბრენდები – Alessi, Bialetti, Dialma Brown-ი, Ghidini Cipriano, Guzzini, Millefiori, RCR Cristalleria Italiana, Rino Greggio Argenterie, Tescoma, Tognana Porcellane – სავაჭრო შოუს მარგალიტებად მოგვევლინნენ, რომლებითაც მოჭედილი იყო AMBIENTE Messe Frankfurt 2016-ის გვირგვინი – სპეციალური გამოფენა Dolce Vita. ამ გამოფენის კურატორი ჟანრის კლასიკოსი დიზაინერი პაოლა ნავონე გახლდათ, რომელმაც სახელდახელოდ შეარჩია საუკეთესო ნიმუშები.

სათვალავი უკან მოგვრჩა, დროა მთავარზე – სათვალიერებელზე ვკონცენტრირდეთ. ზაფხულის აუტანელ ხვატში ჩვენი სახლები, ეზოები თუ ოფისები ხომ ყოფის უმთავრესი გარემოა და ცნობილი გამოთქმისა არ იყოს – „ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას“. მაშ, როგორია ჩვენი დროის სული? როგორი დიზაინით უნდა შევამკოთ ჩვენი ყოფა?

ყველაფრის ჩამოთვლას Forbes-ის მთელი წლის გამოცემების გვერდების ჯამიც არ ეყოფა, ამიტომ დასანანი განზოგადებითა და ლაკონიურობით მოგახსენებთ: იტალიელების მიერ შემოთავაზებული ტრენდი სამი სიტყვით შეიძლება დახასიათდეს – სინათლე, მხიარულება, მდგრადობა. საცხოვრებელი სექციის საკვანძო იმპულსი სიმსუბუქისა და სიმარტივის ძიება იყო, ერთდროულად მყუდრო და არაფორმალური მუხტის მისაღწევად – წმინდა და მშვიდი, პასტელური ფერები: მწვანე, ვარდისფერი, ლურჯი, ყვითელი. თეთრი კვლავ ინარჩუნებს მოთხოვნას, თუმცა უჩვეულო შემავსებლებით, მაგალითად, ვარდისფერი ნეონის ამონათებით.

საცხოვრებელი ოთახების მოსაწყობ აქსესუარებში იგრძნობოდა ბუნებრივი ფაქტურების, თუნდაც ხის დომინანტობა, რომელიც ჰარმონიულად მონაცვლეობდა გადამუშავებული მასალებისგან შექმნილ ნივთებთან, რაც მდგრადობის პრიორიტეტულობას უსვამდა ხაზს. გამორჩეული აქცენტები იყო ეგზოტიკური ფიგურატიული მოტივები – ყველაფერი, რაც დადის, დაფრინავს და დაცურავს; აგრეთვე ფლორალური თარგები.

ეს თემა იყო გამოკვეთილი სამზარეულოებში – მოკრძალებული, სადა ყვავილოვანი თარგები, რომლებიც ქსოვილების, თეფშებისა და ავეჯის ზედაპირებს ამკობდა. თუმცა ეს „აგარაკის“ სტილი ზოგჯერ მკაცრ, ინდუსტრიულ დიზაინთან გახლდათ შეზავებული, თითქოს იმისთვის, რომ მეტისმეტ პასტორალურ ჰარმონიას მოწყენილობაში არ გადაეშვით.

„საკუთარი ხელით შექმნის“ ტრენდი კვლავ ძალაშია. მასთან ერთად ისეთი ტრადიციული კუსტარული ტექნიკა, როგორიცაა ყაისნაღით ქსოვა. ასეთი ნაქსოვებითა და ნასკვებით არა მხოლოდ ელეგანტური და უსაფრთხო საბავშვო საჩუქრები იქმნება, არამედ სამზარეულოსა და მისაღები ოთახის დეკორაციული და ფუნქციონალური ავეჯი – დასაკიდებელი ორნამენტები, ავეჯის შესამკობები, ბალიშები, სკივრის დეკორაციაც კი.

აღმოჩნდა, ანანასი და კაქტუსი დეკორატიული მიზნებით წელს აბსოლუტური აუცილებლობაა. ისინი მაგიდებზე სასანთლეებს, ფაიფურისა და შუშის ნივთებს უწევენ კონკურენციას. მსგავს მოსართავებს შორის იგრძნობოდა კვადრატული შუშის ჭურჭლისა და ვაზების სიმრავლე, რომელთაც კანტებზე მეტალი გასდევდა. მეტალისა და შუშის კომბინაცია, მათ შორის პრიზმული ფორმისაც, შესამჩნევად ჭარბობდა „ინდუსტრიულ“ ნაწილში. მთლიანად მეტალისგან შექმნილი ნივთები ძალზე დელიკატური და ელეგანტური გახლდათ – სპილენძისფერი ყუთები ნაგვისთვის, ამავე ფერის აბაჟურები.

რაც შეეხება სინათლეს – გადაადგილებადი განათება მშვენივრად ეწერება მხიარული ფერებისა და ხის ფაქტურების მიერ შემოთავაზებულ მშვიდ, მაგრამ ამავდროულად დრამატულ სცენარში. ელემენტებზე, ან მზის ენერგიაზე მომუშავე უსადენო სანათები ტერასისთვის ან აივნისთვის მყუდრო, ინტიმურ გარემოს ქმნის. ამავე ტერიტორიის გახალისებისთვის ხშირად გამოიყენებოდა რკო, გირჩები, ნიჟარები.

გამორჩეულად საინტერესო იყო Light + Building სექცია, რომელიც მთლიანად ინოვაციასა და მომავლის დიზაინზე იყო ორიენტირებული. ამასთანავე, აქაც მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ენერგოეფექტიანობა და მდგრადობა. ინდუსტრიული დიზაინისა და ინტერიერის არქიტექტურის მოყვარულებმა მთელი სამი დღე მხოლოდ ამ სექციაში დაჰყვეს და ყველაფრის ნახვა მაინც ვერ მოასწრეს.

რომც მოესწროთ და თითოეულს ცალ-ცალკე მოეთხრო – რა? ათასჯერ გაგონილს ხომ ერთხელ ნანახი სჯობს. აუცილებლად წადით AMBIENTE Messe Frankfurt-ზე 2017-ში, დაბრუნდით ულამაზესი დიზაინის ნივთებით და ჩვენც გვაჩვენეთ!

წინა სტატია

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები მცირდება
20 ივლისი, 2016

შემდეგი სტატია

ორთქლად ქცეული
21 ივლისი, 2016
გული და ნება
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 21, 2017
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა