METRO-ს საინვესტიციო ატლასი

“ჩაიფიქრე ნებისმიერი ადგილი, შენ იქ METRO-ს აღმოაჩენ” – პირველი, რაც თვალში გხვდება თურქული METRO HOLDING-ის ვებგვერდზე შესვლისას, ნარინჯისფერსა და მუქ ლურჯ ფერებში გადაწყვეტილი ლოგოს ქვევით მიწერილი ეს მრავლისმეტყველი ტექსტია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ METRO HOLDING-ს 10-ზე მეტი აფილირებული კომპანია აქვს სხვადასხვა სექტორში, ეს განაცხადი შესაძლოა სიმართლესთან ახლოს იყოს მეზობელ თურქეთში, რომლის მოსახლეობა 80 მილიონ ადამიანს აღწევს, ხოლო რეალობასთან კიდევ უფრო ახლოს – აჭარაში, სადაც სულ რაღაც 337 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

1977 წელს დაფუძნებული კომპანია, Van-Et-ი, რომლის თავდაპირველი საქმიანობა ინტეგრირებულ ხორცის საწარმოებს უკავშირდებოდა, METRO HOLDING-ად 2010 წელს, სტრუქტურული ცვლილებების შედეგად გარდაიქმნა და დღეს 13 ფირმას აერთიანებს ტურიზმის, ტრანსპორტის, კვების ინდუსტრიის, სამთამადნო მრეწველობასა და ენერგოსექტორში. ჰოლდინგში შემავალი Metro Tourism-ი ერთ-ერთი უმსხვილესი ავტობუსების კომპანიაა თურქეთში. ოფიციალური ინფორმაციით, ჰოლდინგის კაპიტალი 300 მილიონი თურქული ლირაა (დაახლ. $104 მილიონი) და მისი აქციები სტამბოლის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. გარდა ამისა, კომპანია ფლობს სტამბოლის ავტობუსების ტერმინალის მართვის ლიცენზიასაც. ჰოლდინგს ოზთურქების ოჯახი აკონტროლებს. Metro Holding-ის ვებგვერდის თანახმად, კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და წევრის პოზიციას გალიფ ოზთურქის სამი ქალიშვილი იკავებს. რამდენიმე წყარო თურქულ მედიაში გალიფ ოზთურქს მილიარდერად მოიხსენიებს, თუმცა უცნობია, ზუსტად რა მოცულობის ქონებას ფლობს თურქი ბიზნესმენი.

METRO HOLDING-ი ამჟამად აჭარაში შვილობილი საინვესტიციო კომპანია “მეტრო ატლას ჯორჯიას” სახითაა წარმოდგენილი, რომლის დირექტორთა საბჭოს გალიფ ოზთურქი ხელმძღვანელობს. თურქული ჰოლდინგის აჭარელი შვილობილი 2012 წლიდან მოყოლებული მუდმივად აფართოებს საქმიანობის არეალს. ამ ხნის განმავლობაში კომპანია, $14-მილიონიანი ინვესტიციით, ბათუმში პირველი საერთაშორისო ავტოსადგურის მფლობელი გახდა, პროდუქტისა და სამშენებლო მასალების წარმოება აამუშავა, ასევე ბათუმის საერთაშორისო ტერმინალის მმართველად იქცა. ჯამში, “მეტრო ატლას ჯორჯია”, თავისი შვილობილი კომპანიებიანად, საქართველოში ათასამდე ადამიანს ასაქმებს.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის ჰოლდინგს საქართველოში $75 მილიონის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, რაც მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ $200 მილიონს მიაღწევს. $100 მილიონის ინვესტიცია მხოლოდ MetroCity-ს პროექტში განხორციელდება, რომელიც ბათუმის ახალ ბულვარში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი დეველოპერული პროექტია და რომლის დასრულებას კომპანია 2017 წლისთვის გეგმავს. ტერიტორიის მიმდებარედ “მეტრო ატლას ჯორჯია” წყლის არხის რეაბილიტაციასაც აპირებს, რაშიც დამატებით $1 მილიონს დახარჯავს.

აჭარა ბოლო პერიოდში სულ უფრო პოპულარული ტურისტული მიმართულება ხდება მეზობელი და აღმოსავლეთევროპული ქვეყნებისთვის. გარდა ზღვაზე დასვენებისა და ეკოტურიზმისა, ბოლო დროს განვითარებას იწყებს ისეთი სახეობებიც, როგორიცაა ღვინის, გასტრონომიული, კულტურული, სამთო-სათხილამურო, საკრუიზო და სათამაშო ტურიზმი, რაც კიდევ უფრო მეტ პერსპექტივას აჩენს აჭარის ტურისტული პოტენციალის გასაუმჯობესებლად.

შესაბამისად, იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ბათუმში, როგორც შავი ზღვის სანაპირო ზოლის ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქში ინვესტირებით ინტერესდება, ეტაპობრივად იზრდება და კონკურენციაც მატულობს. ამ ეტაპზე ძირითადი აქცენტი მაინც მაღალი კლასის სასტუმროების მშენებლობაზე კეთდება და მაღალკონკურენტულ პირობებში ბაზრის ყველა მსხვილი მოთამაშე ცდილობს, უპირატესობა ჰქონდეს დანარჩენებთან მიმართებით. Colliers International-ის მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევის თანახმად, 2014 წელს ბათუმში 100-მდე სასტუმრო იყო, თუმცა გასულ წელს ბაზარს 6 ახალი სასტუმრო შეემატა, რის შედეგადაც განთავსების ადგილების მიწოდება 835 ოთახით გაიზარდა. იმავე კვლევის თანახმად, საშუალო დღიური ფასი მაღალი კლასის სასტუმროებისთვის 140 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო ადგილობრივი საშუალო კლასის სასტუმროებისთვის – 90 დოლარის ფარგლებში. მაღალი კლასის სეგმენტში Metro City-ს ისეთ ბრენდებთან მოუწევს კონკურენცია, როგორიცაა მაგალითად, Hilton-ი, Sheraton-ი და Radisson-ი, რომ აღარაფერი ვთქვათ სამომავლოდ დაგეგმილ მსხვილ პროექტებზე.

ასეთ სიტუაციაში MetroCity-ს ორი ბლოკისაგან შემდგარი მეგაკომპლექსის კონკურენტული უპირატესობები, სავარაუდოდ, იქნება კერძო სანაპირო ზოლი ოქროს ქვიშით, რომლის ჩამოტანა ბულგარეთიდან იგეგმება და იახტ-კლუბი. პროექტს არანაკლებ ღირებულებას შესძენს 5-ვარსკვლავიანი, 415-ნომრიანი სასტუმრო Euphoria-ც. გარდა ამისა, კომპლექსი მოიცავს 464 სტუდიოს, პენტჰაუსისა და დუპლექსის ტიპის აპარტამენტს, 1500-კაციან საკონფერენციო დარბაზს, პარკინგის ზონას, გამწვანებულ ბაღებს, გასართობ და სავაჭრო ცენტრს, ღია აუზსა და საბავშვო გასართობ მოედნებს.

“მეტრო ატლას ჯორჯიას” ბაზრის სერიოზულ მოთამაშედ აქცევს ის ფაქტიც, რომ დასახელება METRO მალე გაჩნდება სასტუმრო “ინტურისტის” სახელწოდებაშიც, რომელიც ბოლო ათწლეულებია, ბათუმის განუყოფელ ნაწილად იქცა. “ინტურისტის” 50%-იანი წილი თურქულმა კომპანიამ უკვე შეისყიდა.

“ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენი მეზობელი საქართველო გახდა შესაძლებლობების ქვეყანა ინვესტორებისთვის. გამჭვირვალე, დემოკრატიული და სწორად მართული ქვეყანა ჯანსაღ საინვესტიციო გარემოს გვთავაზობს. ვხედავთ რა სივრცეს ზრდისთვის, ჩვენ დავიწყეთ ქვეყანაში ინვესტირება და გვსურს ამით ქვეყნის განვითარებაშიც შევიტანოთ წვლილი”, – ამბობს Metro Holding-ის დამფუძნებელი და “მეტრო ატლას ჯორჯიას” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, გალიფ ოზთურქი.

საკმაოდ დივერსიფიცირებული ბიზნესი გაქვთ საქართველოში. ბოლო წლების განმავლობაში თქვენი კომპანიის მოქმედების არეალი 10-ზე მეტი მიმართულებით განავრცეთ. როგორ განსაზღვრავთ იმ სფეროებს, სადაც ბიზნესის კეთება მოგებიანად მიგაჩნიათ?

იმ ბიზნესის პარალელურად, რაც გვაქვს თურქეთში, საქართველოში ინვესტიციების განხორციელება სატრანსპორტო და მგზავრთა გადაყვანის სექტორში დავიწყეთ. “მეტრო ჯორჯიას” შექმნის შემდეგ დავინახეთ მეტი სივრცე საქმიანობის კიდევ უფრო გასაზრდელად სხვა სექტორებში და დავიწყეთ ინვესტირება სამშენებლო, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში. ამჟამად ჩვენ მიერ განხორციელებული ინვესტიციები მოდის მხოლოდ აჭარის რეგიონზე, რომელიც მსოფლიოში კარგად ცნობილ ტურისტულ მიმართულებად ყალიბდება. შესაბამისად, აქ ჩვენი ინვესტიციები ტურისტულ და სამშენებლო სექტორში ერთმანეთთან სრულ თანხვდენაშია.

რამდენი მიმდინარე პროექტი გაქვთ ამჟამად?

აქტიურ ფაზაშია სამი სასტუმროს პროექტი ბათუმში: Princess Hotel Batumi, Metro Pita და ჩვენი საამაყო Metro City. გვაქვს სამომავლო პროექტებიც, რომელთათვის მზად ვართ, მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელოთ. შემდგომი ინვესტიციების განსახორციელებლად ყველაზე აქტიურად განიხილება ბათუმში საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმროების მშენებლობის მეორე ფაზის დაწყება, ასევე დაინტერესებულები ვართ გოდერძის სათხილამურო კურორტში ინვესტირებით.

Metro City, რომელზეც ასეთი სიამაყით საუბრობთ, როგორც ვხვდები, ყველაზე მსხვილი პროექტია, რომელსაც თქვენი ჰოლდინგი ახორციელებს. რა არის უნიკალური ამ პროექტში, თქვენ თავად რა მოგწონთ მასში?

ჩემთვის Metro City-ს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ის გარკვეულწილად წარმოაჩენს იმ ხედვას, რაც მე გამაჩნია ამ ქვეყნის მიმართ. ეს არის თანამედროვე კომპლექსი, რომელიც პრემიუმ-კლასის საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროსა და სავაჭრო ცენტრს აერთიანებს. მისი მასშტაბი და უპირატესობები ბათუმის იერსახეს მნიშვნელოვნად შეცვლის და ხელს შეუწყობს ამ ქალაქის საერთაშორისო დონეზე განთქმულ ტურისტულ მიმართულებად გადაქცევას. საქართველოს ასეთი პროექტი სჭირდება მისთვის სასახელოდ.

რა განაპირობებს თქვენს ასეთ აქტიურობას სასტუმროების მშენებლობის თვალსაზრისით? თქვენი დაკვირვებით, ტურისტული ნაკადები მზარდია?

ბათუმის ტურისტული პოტენციალი საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად განთავსების ადგილები საკმარისი არ არის. თანამედროვე სასტუმროების აშენებით ჩვენ ბათუმს საშუალებას ვაძლევთ, უფრო მეტი ტურისტი მიიღოს, ხოლო ჩვენი ინვესტიციებით ქვეყნის ეკონომიკას ვეხმარებით ზრდაში.

რა გეგმები გაქვთ სასტუმრო “ინტურისტთან” დაკავშირებით? რა ეტაპზე ხართ ამ პროექტში?

“ინტურისტი” მნიშვნელოვანი ფაქტორია ტურიზმის გასავითარებლად არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში. სასტუმროს რესტავრაცია უკვე ჩავუტარეთ და მას ახალი იერი მივეცით. ჩვენი მცდელობა ამ მიმართულებით გაგრძელდება და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ჩვენს ხელთაა, რათა “ინტურისტი” საკუთარ სახელს ამართლებდეს.

გასულ წელს ექსპრემიერთან შეხვედრის შემდეგ თქვენ განაცხადეთ, რომ თქვენი კომპანია ჩამოაყალიბებდა პროფესიულ კოლეჯს კადრების გადასამზადებლად ტურიზმის დარგში. ამ მიმართულებით უკვე გადადგით გარკვეული ნაბიჯები?

სასწავლებლის მშენებლობა უკვე დავიწყეთ და ტურიზმის დარგის პროფესიონალებიც ჩამოვიყვანეთ თურქეთიდან. ისინი საქართველოს ტურიზმის აკადემიაში მოამზადებენ კვალიფიციურ პერსონალს, რაც აუცილებელია ქვეყნის ტურიზმის სექტორის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. Euphoria Hotel-ი Metro City-ს კომპლექსში პირველი იქნება, რომელსაც თურქი პროფესიონალების მიერ გადამზადებული პერსონალი ეყოლება.

როგორ ხედავთ თქვენი ბიზნესის მომავალს საქართველოში?

გვსურს განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა ეკონომიკის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. მაგალითად, ვაშენებთ სასტუმროებს, მაგრამ ამავდროულად ვიწვევთ პროფესიონალებს მომსახურე პერსონალის გადასამზადებლად. ასევე ჩამოგვაქვს დანადგარები სამშენებლო მასალების საწარმოებლად და ა.შ. ჩვენ გვსურს, ქვეყანა გახდეს თვითკმარი ტექნოლოგიებისა და დემოგრაფიის მიმართულებით.

თქვენი კომპანიის საქმიანობა ამჟამად ძირითადად აჭარაშია კონცენტრირებული. მთელი ქვეყნის მასშტაბით გაფართოების გეგმები თუ გაქვთ?

რა თქმა უნდა. აჭარა მხოლოდ პირველი ფაზაა ჩვენი ინვესტიციებისთვის საქართველოში. ვაპირებთ ჩვენი საქმიანობის გაფართოებას ქვეყნის მასშტაბით. თბილისი, მაგალითად, ბევრ შესაძლებლობას იძლევა. ზოგადად საქართველოში ხალხი გულწრფელი და მონდომებულია, ეს არის შესაძლებლობების ქვეყანა. მე ასე მჯერა.

გარდა წარმატებული ბიზნესისა, ფილანთროპიითაც ხართ დაკავებული. მაგალითად, “სოლიდარობის ფონდს” 1.5 მილიონი ლარი შესწირეთ. რატომ მოგწონთ ქველმოქმედება? რა იდეა დევს თქვენთვის ამ საქმიანობაში?

მე ამას არ ვაკეთებ დანაშაულის გრძნობის გამო, ან კარგი საზოგადოებრივი იმიჯის შესაქმნელად. ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ შემიძლია, ჩემს თავს ამის უფლება მივცე და მჯერა იმის, რასაც ვაკეთებ. თითოეული ადამიანის მოვალეობაა, სამყაროს დაუბრუნოს სულ მცირე იმის ეკვივალენტი, რასაც ის იღებს მისგან. არაფერი მანიჭებს უფრო დიდ ბედნიერებას, ვიდრე შეჭირვებული ადამიანებისთვის დახმარების გაწევა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია.

როგორ ფიქრობთ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება მეტ თურქულ ბიზნესს მოიზიდავს საქართველოში წარმოების დასაწყებად გაუმჯობესებული საექსპორტო შესაძლებლობების გამო?

საქართველოს კარგი ურთიერთობები ევროკავშირთან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის მიმართ ნდობის გაზრდას. სოლიდური ურთიერთობა ევროკავშირთან ქვეყანაში სტაბილურობას უზრუნველყოფს და ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს პროგრესული რეფორმების განხორციელების გზით. ასეთი უპირატესობები, ცხადია, მეტ ინვესტორს მოიზიდავს. 

წინა სტატია

ბოლო ერთ თვეში ნავთობი 16 პროცენტით გაიაფდა
26 ივლისი, 2016

შემდეგი სტატია

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6.75 პროცენტამდე შეამცირა
27 ივლისი, 2016
ბიძინა ივანიშვილი ერთ წელში $350 მილიონით გამდიდრდა
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 27, 2017
ანტრეპრენიორი
საქართველო | დეკ, 26, 2017
ხარისხის ფილოსოფია
კომპანიები | იან, 12, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა