კითხვები საარჩევნო პროცესის მონაწილე ძალებს

კითხვები საარჩევნო პროცესის მონაწილე ძალებს

ტურიზმი მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და სწრაფად განვითარებად სექტორად იქცა. ტურიზმის წილის ზრდა განაპირობებს დასაქმების ზრდასაც. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიხედვით, ყოველი მეთორმეტე ტურისტი ქმნის ერთ სამუშაო ადგილს. ტურიზმის განვითარება არანაკლებ მნიშვნელოვანია საექსპორტო და საგადასახადო შემოსავლებისთვის. ტურისტული დანახარჯების სახით შემოედინება უცხოური ვალუტა, რაც ხელს უწყობს ინფლაციის სტაბილურობასა და სავალუტო რეზერვის ზრდას, ავითარებს ინფრასტრუქტურას, ტრანსპორტს, მშენებლობას და ზრდის უძრავი ქონების ფასს ადგილობრივ ბაზარზე, რაც, თავის მხრივ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების შემოდინებას განაპირობებს. ტურიზმი ნიშნავს ბიზნესს, ტურიზმი ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ვიზიტორები ხარჯავენ ფულს, იხდიან გადასახადებს, მათ მიერ დახარჯული თითოეული დოლარი ტრიალებს ქვეყნის ეკონომიკაში და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე აისახება. ტურიზმი როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე სოფლის მეურნეობის განვითარების კატალიზატორია.

დღევანდელი არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობისა და ფინანსური კრიზისის პირობებში მსოფლიო ლიდერები პირველად ხმამაღლა ხაზს უსვამენ ტურიზმის განვითარების მნიშვნელობას ქვეყნების ეკონომიკისთვის, დასაქმებისთვის და სიღატაკის დაძლევისთვის.

პრეზიდენტმა ობამამ 2012 წლის დასაწყისში, დისნეილენდში ჩატარებული წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა: “ამერიკაში ყოველ წელს ათობით მილიონი ტურისტი შემოდის. ისინი ქირაობენ მანქანებს, რჩებიან სასტუმროებში და ხალხი აკეთებს ბიზნესს აქ, ამერიკაში… ტურიზმს პირველი ადგილი უკავია მომსახურებების ექსპორტში, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს ნიშნავს”.

“დიდი ოცეულის” წევრების შეხვედრაზე, მექსიკაში, 2012 წლის ივნისში პირველად მოხდა ტურიზმის სფეროს აღიარება და იქ მიღებული დეკლარაციის მიხედვით: “ტურიზმის როლი განისაზღვრება როგორც მამოძრავებელი ძალა დასაქმების ზრდისა და ეკონომიკური განვითარებისთვის”. “დიდი ოცეულის” ქვეყნების ლიდერების დეკლარაციაში ტურიზმის სფეროს მნიშვნელობის ხაზგასმა მომავალში მსოფლიო ლიდერებსაც დააფიქრებს ამ სექტორის პოტენციალსა და მნიშვნელობაზე.

მსოფლიო ტენდენციებს არც საქართველო ჩამორჩა და თავისი ბუნებრივი, კულტურული და ისტორიული პოტენციალიდან გამომდინარე, 2009 წლიდან ტურიზმი ერთ-ერთ პრიორიტეტულ სექტორად დასახელდა ქვეყნის მთავრობის მიერ და დღემდე ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ინდუსტრიად მოიაზრება.

2010 წლიდან აღინიშნება საერთაშორისო ვიზიტორების უპრეცედენტო ზრდა ქვეყანაში, შესაბამისად – ტურისტული დანახარჯებისა და წილის ზრდაც ქართულ ეკონომიკაში. 2012 წელს ვიზიტორების ზრდის კოეფიციენტმა 50%-საც კი გადააჭარბა, ხოლო დანახარჯებმა – $1 მილიარდს. ეს ყველაფერი სახელმწიფოს მხრიდან სწორი ტურიზმის პოლიტიკის გატარების შედეგი გახლდათ. ქვეყანაში ვითარდებოდა ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა, სწორედ იმ წლებში ჩაეყარა საფუძველი სვანეთში მესტიის, თეთნულდისა და მაღალმთიან აჭარაში გოდერძის სამთო- სათხილამურო კურორტების მშენებლობას, ასევე ანაკლია-განმუხურის შავიზღვისპირა ზოლის განვითარებასა და იმერეთსა და კახეთში მსოფლიო ბანკთან ერთად მასშტაბური ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. ბათუმი კი ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო, სადაც ინფრასტრუქტურის განვითარებას ახალი საერთაშორისო სასტუმროს ბრენდების შემოსვლა მოჰყვა და მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ბევრი ეჭვის ქვეშ აყენებდა ბათუმის ტურისტულ მიმართულებად ქცევის შესაძლებლობას, დღეს ეს ეჭვები გაქარწყლებულია, რადგან ეს ქალაქი იქცა თბილისის მერე ყველაზე მიმზიდველ და ტურისტულად დატვირთულ ქალაქად. ღია ცის პოლიტიკა და სავიზო ლიბერალიზაცია კი მიზნობრივი ბაზრებიდან ტურისტების მოზიდვისა და ახალი პირდაპირი რეისების დანიშვნის მთავარ წინაპირობებს წარმოადგენდა.

ამ პოლიტიკის ნაწილი იყო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაც, სადაც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები შეძლებდნენ ოპერირებას და აეროპორტის გახსნის დღესვე ქვეყანაში უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი შემოვიდა. ასეთი კომპანიები კი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ბილეთის ფასების დაწევისა და ახალი მიმართულებების გასახსნელად. სატრანსპორტო ქსელის განვითარების საჭიროებისამებრ აშენდა მესტიის საერთაშორისო აეროპორტიც, რომელმაც საგრძნობლად შეამცირა სვანეთში მგზავრობის დრო. ამ ყველაფრის პარალელურად კი ხდებოდა საერთაშორისო ბაზრებზე ქვეყნის აქტიური რეკლამირება და მიზნობრივი ბაზრების დივერსიფიკაციის სტრატეგიის შედეგად ქვეყნის ტურისტულ ბაზარს ბევრი ახალი ქვეყანა შეემატა. გარკვეულწილად ეს პერიოდი ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების საწყის ეტაპს წარმოადგენდა, რომელიც საჭიროებდა განვითარებასა და ამ პოლიტიკის გაძლიერებას, თუმცა 2012 წლის არჩევნების შედეგად მოსულ ახალ მთავრობას გაუჩნდა ეჭვი, თუ რამდენად სწორი იყო ეს პოლიტიკა და ამ საკითხის განსაზღვრაში დაკარგული დრო ნამდვილად აისახა 2013 და 2014 წლების ტურიზმის სტატისტიკურ მონაცემებში.

ამავე წლებში ეკონომიკურმა პრობლემებმა და ლარის დევალვაციამ განაპირობა ის ფაქტი, რომ ტურიზმი კვლავ აქტუალური გახდა და სახელმწიფოც შედარებით უფრო გააქტიურდა ამ სფეროში. 2015 წელს საქართველოს ეწვია 5,901,094 საერთაშორისო მოგზაური, ზრდამ წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +7% შეადგინა. იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 2,281,971 შეადგინა (ზრდა +2.4%).

2016 წლის ივნისის მონაცემებით, საქართველოს 517,038 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +4.1%-ია.

ივნისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 228,866 შეადგინა. ზრდა +15.8%-ია.

საერთაშორისო მოგზაურების რიცხვის ზრდა დაფიქსირდა 6 თვის მონაცემებითაც, საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ 2,636,313 შეადგინა, ზრდა კი +12.9-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,011,680 შეადგინა, რაც +18.1-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე.

2015 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა $1.94 მილიარდს (ზრდა +8.3%), რაც 149 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2016 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 354.5 მილიონ დოლარს (ზრდა +15.7%), რაც $48 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წლის ჯამური მონაცემებით შეადგენს 6.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +16.2%-ია.

2016 წლის პირველ კვარტალში კი წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.5%-ია.

რაც უფრო მეტი ეკონომიკური და ფინანსური გამოწვევის წინაშე დგება მსოფლიო, მით უფრო ხშირდება ტურიზმზე აქცენტის გაკეთება სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის მხრიდან. თუმცა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის არაერთ მინისტერიალზე გაჟღერებულა პრობლემა, რომ ეს სფერო უფრო სერიოზულად უნდა აღიქმებოდეს და მას მეტი უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სტრუქტურებს შორის.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ტურისტების ისეთი ზრდა, რაც ბოლო წლების განმავლობაში იყო, არ დაფიქსირებულა. ვიზიტორების ზრდასთან ერთად ვითარდებოდა ინფრასტრუქტურა და ქვეყნის გარეთ მარკეტინგული აქტივობებიც ძლიერდებოდა. თუმცა მზარდ მოთხოვნასთან ერთად დადგა მიწოდების პრობლემებიც და ქვეყანა ნელ-ნელა ტურიზმის განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა ახალი ამოცანებითა და გამოწვევებით.

2016 წლის ოქტომბრის არჩევნები ახლოვდება და, შესაბამისად, მმართველი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების გამოსვლებში ხშირად ხაზი ესმება ტურიზმის მნიშვნელობასა და პრიორიტეტულობას ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებისთვის. ბევრი მათგანის ეკონომიკურ გეგმებშიც იქნა ტურიზმი მოხსენიებული, თუმცა ჩემთვის, ერთი რიგითი ამომრჩევლისთვის და ამ სფეროს კერძო სექტორის წარმომადგენლისთვის, კვლავ გაურკვეველია, როგორი იქნება ამ სფეროს ბედი და ტურიზმის პოლიტიკა რომელიმე ამ პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, რადგან არც ერთი მათგანის გეგმაში არაა წარმოდგენილი ინფორმაცია და ხედვა ტურიზმის ინდუსტრიის შემდგომი განვითარების ეტაპის შესახებ. დღეს ეს სფერო ახალი ამოცანებისა და გამოწვევების წინაშე დგას და საინტერესოა ამ პრობლემების გადაწყვეტის მათივე მიდგომები. ჩნდება შემდეგი კითხვები:

რამდენი პროცენტით გაზრდიან ტურიზმის წილს ქვეყნის ეკონომიკაში?

რამდენი პროცენტით გაზრდიან დასაქმებას ტურიზმის სფეროში?

მათი მმართველობის შემთხვევაში რა პროგნოზები კეთდება ტურისტულ შემოსავლებსა და ვიზიტორების რაოდენობის შესახებ შემდეგი წლების განმავლობაში?

რა იქნება ტურიზმის ბიუჯეტი და დაფინანსება?

როგორ შეეწყობა ხელი მცირე და საშუალო ბიზნესს ამ სფეროში?

რა გზით გადაწყვეტენ ამ სფეროში სერვისის დაბალი ხარისხისა და გამოცდილი და კვალიფიცირებული კადრების სიმცირის პრობლემას?

რომელ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გვპირდებიან?

რომელ ტურისტულ მიმართულებებსა და კურორტებზე გაკეთდება აქცენტი?

რომელი მიზნობრივი ბაზრები დასახელდება პრიორიტეტულად?

ამსფეროში მომხმარებლის უფლებების დასაცავად და უსაფრთხოების სტანდარტების გასამკაცრებლად რა საკანონმდებლო ინიციატივებსა და მიდგომებს მიმართვენ?

ბოლოს და ბოლოს შემუშავდება თუ არა ტურიზმის განვითარების ახალი სტრატეგია, სადაც ასევე გაიწერება ყველა უწყების წილი პასუხისმგებლობები და აქტივობები?

კითხვა ბევრია, ვინაიდან ეს ინდუსტრია სწრაფად ვითარდება და გარკვეული პრობლემების ეფექტიანი მოგვარება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. კერძო სექტორის თითოეული წარმომადგენლისა თუ ტურისტულად დატვირთული რეგიონის მოსახლეობისთვის საინტერესოა, ვის რა მიდგომები და გეგმები გააჩნია ამ სექტორის შემდგომი განვითარებისთვის. გეგმები კი უფრო დეტალურად უნდა იყოს წარმოდგენილი კონკრეტული ფინანსური მაჩვენებლებითა და დაგეგმილი აქტივობებით. ასევე საინტერესოა, არსებობს თუ არა რაიმე ინიციატივა იმის შესახებ, რომ ეს სფერო ინსტიტუციონალურადაც განვითარდეს და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მომავალში მეტი უფლებამოსილება ჰქონდეს ამავე სფეროში პოლიტიკის გასატარებლად, რადგან დღეს ხომ ყველამ ვიცით, რომ ადმინისტრაციას საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენაც კი არ შეუძლია თავისით პარლამენტში, არაა წარმოდგენილი სამთავრობო სხდომებზე და არათანაბარ სიტუაციაშია სხვა უწყებებთან მიმართებით. ასეთი შეზღუდული უფლებამოსილებით კი ადმინისტრაციას ყოველთვის გაუჭირდება პრიორიტეტული სფეროს პოლიტიკის იმპლემენტაცია.

დაბოლოს, სიტყვა ტურიზმი უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის მიერ, მათ შორის – საქართველოშიც, რადგან ეს სიტყვა ასოციირდება ეკონომიკურ წინსვლასთან, დასაქმებასა და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. მაგრამ სინამდვილეში რამდენად სერიოზულად აღიქვამენ ამ სიტყვის მნიშვნელობას პოლიტიკოსები? იმსახურებს თუ არა ეს სფერო, რომ არა მხოლოდ ეკონომიკურ ჭრილში განიხილებოდეს, არამედ ცალკე იყოს წარმოდგენილი წინასაარჩევნო კამპანიებშიც და შემდგომ მმართველობის პროცესშიც? აისახება თუ არა ამ სფეროს პრიორიტეტულობა მის ბიუჯეტსა და დაფინანსებაზე? როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინდუსტრიის სტეიკჰოლდერებს, გვაინტერესებს პასუხი ამ კითხვებზე და გვსურს, ეს სფერო უფრო სერიოზულად აღიქმებოდეს და მომავალში ეფექტიან და გრძელვადიან განვითარების გეგმებზე გვესაუბრებოდენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *