„Microsoft საქართველო: „არალეგალური სოფტი ქვეყნის ეკონომიკას ასუსტებს!“

„Microsoft  საქართველო: „არალეგალური სოფტი ქვეყნის ეკონომიკას ასუსტებს!“

Forbes-თან საუბარში ის აქცენტს ყველაზე მტკივნეულ საკითხზე – საჯარო და კომერციულ სექტორში არალიცენზირებულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე აკეთებს.


ბოლო ორწელიწად-ნახევარი „Microsoft საქართველოს”-თვის განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო – კომპანიამ ოფისი დააარსა, თანამშრომლები აიყვანა, კომერციული ურთიერთობა დაამყარა არაერთ მსხვილ კომპანიასა და რამდენიმე სამინისტროსთან. ის პერმანენტულად აფართოებს Microsoft-ის ავტორიზებულ პარტნიორთა ქსელს, რაც, თავის მხრივ, ახალი კადრების დასაქმებას უზრუნველყოფს.

კომპანია აქტიურად მუშაობს, მაგალითად, საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების მიმართულებით (პირველკასელებისთვის საჩუქრებად განკუთვნილ კომპიუტერებს ლეგალურ პროგრამულ უზრუნველყოფას სიმბოლურ ფასად აწვდის); სახელმწიფო IT პროექტების მხარდასაჭერად („Microsoft საქართველოს” ტექნოლოგიურ პლატფორმაზე აეწყო სახელწიფო სერვისების ელექტრონული პორტალი) ეხმარება კომერციულ კომპანიებს სოფტის დანერგვასა და, ბიზნესსაქმიანობაში მის ეფექტურ გამოყენებაში და სხვ.

ლოკალური სირთულეები

სხვადასხვა უკანონო აქტივობას შორის, რომელიც IT სექტორს ასუსტებს, ძირითადი მიზეზები არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის არაავტორიზებული კოპირება, რეპროდუცირება, ტრანსფერი და გამოყენებაა. ამ უკანონო ქმედებათა შედეგები საკმაოდ სერიოზულია და რეალურ საფრთხეს უქმნის IT ინდუსტრიას. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ საქართველოს ისედაც მცირე მასშტაბის ბაზარს ამ დიდი პრობლემის გამო საერთაშორისო კერძო ინვესტორები სკეპტიციზმით უყურებენ.
გლობალური მასშტაბით IT სფეროში არსებულ ნეგატიურ სურათს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: ეკონომიკური მდგომარეობით დაწყებული, ისტორიული ფაქტორებითა და კულტურული განსხვავებებით დამთავრებული.

რაც შეეხება საქართველოს, აქ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში კანონმდებლობის არსებობის მიუხედავად (საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ, სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 189, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი157-1), კანონის აღსრულების ხარისხი დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ IT უსაფრთხოებას თეორიულად 1999 წელს საავტორო უფლებების შესახებ მიღებული კანონი ამაგრებს, მეკობრეობის უკიდურესად მაღალი მაჩვენებელი მოწმობს, რომ კანონის აღსრულებაში პრობლემებია. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ IT სფეროს ეფექტიანი განვითარებისთვის ცალკეული პირების ან თუნდაც ორგანიზაციების გაბრძოლება ხშირად საკმარისი არაა. იმავე ჩეხეთის, რუმინეთის ან ბულგარეთის მაგალითი ცხადყოფს, რომ IT ინდუსტრიის ხელშესაწყობად აუცილებელია პოლიტიკური ნება და პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან პრინციპული ჩარევის შედეგადაა შესაძლებელი.

სახელმწიფოს ბენეფიტები Microsoft-ის ლეგალური პროგრამების გამოყენებისას

საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც პროგრამული უზრუნველყოფის ინდუსტია, იმავე ჩეხეთთან შედარებით, ჯერ კიდევ განვითარების საწყის ეტაპზეა. ამას რამდენიმე ლოგიკური მიზეზი აქვს:

ა) საქართველოს IT ბაზრის მეკობრული მაჩვენებელი უკიდურესად მაღალია – უკანასკნელი მონაცემებით ის 90 %-ზე მეტია. სხვა სიტყვებით, 10 პროგრამული უზრუნველყოფის ერთეულიდან, რომელიც ქვეყანაშია ინსტალირებული, 9 არალეგალურია.

ბ) IT სპეციალისტები განათლებას ან უცხოეთში იღებენ და სამუშაოდაც იქვე რჩებიან, ან საქართველოში მიღებულ ცოდნას, რომელმაც სამომავლოდ ამ სფეროს განვითარება უნდა უზრუნველყოს, ბაზრის სიმწირისა და კონკურენტუუნარობის გათვალისწინებით, ისევ და ისევ ქვეყნის გარეთ თუ იყენებენ, რითაც, საბოლოო ჯამში, ისევ საქართველოს ეკონომიკა ზარალდება.

გ) დეველოპერები არ წერენ პროგრამებს კომერციალიზაციის ინტერესით და არ ავითარებენ საკუთარ ბიზნესს ამ მიმართულებით იმის შიშით, რომ მათი ინტელექტულური საკუთრება არ იქნება დაცული.

თუ მეკობრეობის ამ მაჩვენებლით პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლების საერთოეკონომიკურ დანაკარგს განვიხილავთ, მარტო საქართველოში ის ყოველწლიურად 50 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტს შეადგენს. აქედან 18% დღგ-ის სახით, რაც საკმაოდ სოლიდურ მაჩვენებელს აღწევს, სახელმწიფოს ოფიციალური დანაკარგია.

ამას ემატება ისიც, რომ Microsoft-ის ბიზნესის განვითარება პირდაპირპროპორციულად აისახება მისი პარტნიორი ორგანიზაციების ბიზნესბრუნვაზე, რაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების მიხედვით, იმას მოწმობს, რომ Microsoft-ის ლიცენზიაში დახარჯული თითოეული დოლარით ქვეყანაში 5 დოლარამდე ღირებულების დოვლათი იქმნება.

დავით ასათიანი: „ქვეყნებში, სადაც IT ინდუსტრია პრიორიტეტულია და მაღალ დონეზეა განვითარებული, ინტელექტუალური საკუთრების დაცვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუ სახელმწიფოს წინსვლაზე, განვითარებასა და მსოფლიოში ავტორიტეტის მოპოვებაზე აქვს პრეტენზია, ამისთვის გარკვეული ბერკეტებია საჭირო. IT სფერო გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. თუ სახელწიფოს აქვს ამბიცია, რომ საერთაშორისო პოლიტიკური, სამხედრო და სავაჭრო ორგანიზაციების ღირსეული წევრი გახდეს, ეს გზა გასავლელია. სანამ სახელმწიფო დონეზე არ გახდება საკითხი პრიორიტეტული, IT სექტორში გარდამტეხი ცვლილებების პროგნოზირება რთული და უტოპიურიც კია, რადგან არცერთ კერძო კომპანიას, Microsoft-ის ჩათვლით, არა აქვს იმხელა ძალა და გავლენა, რომ ვინმეს კანონის დაცვა აიძულოს. არასაკმარისი ფინანსების მომიზეზება რეალურად საკითხის არაპრიორიტეტულობას ნიშნავს”.

სახელმწიფო იღებს კონკრეტულ ბენეფიტებს ლეგალური სოფტის გამოყენების შემთხვევაში. მათ შორისაა:

.კიბერუსაფრთხოება ლეგალური პროგრამების გამოყენება აუცილებელი პირობაა კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სახელწიფო მასშტაბით.

.ეკონომიკური განვითარება ლეგალური პროგრამების გამოყენება ამცირებს მეკობრეობის დონეს, რაც დადებითად მოქმედებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე და ხელს უწყობს გარე ინვესტიციების მოზიდვას.

.საერთაშორისო პერსპექტივა ინტელექტუალი საკუთრების დაცვის საკითხი ერთ-ერთი კრიტიკული ბერკეტია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობისთვის.

.დასაქმება IT სექტორის განვითარება მაღალანაზღაურებადი და პერსპექტიული სამუშაო ადგილების ზრდას უზრუნველყოფს.

კომერციული სექტორის სპეციფიკა

იგივე პრობლემები კომერციულ სექტორზეც ვრცელდება. Microsoft-მა არაერთ ორგანიზაციას გააცნო ის რეალური რისკები, რომელთა წინაშეც არალიცენზირებული სოფტის მომხმარებლები დგანან. რამდენიმე – კერძოდ, საბანკო და ტელეკომუნიკაციის – სექტორში გააცნობიერეს ლეგალური და ბიზნესრისკები და ლოგიკური ნაბიჯებიც გადადგეს, რათა თავიანთი ინფრასტრუქტურის ლიცენზირება მოეხდინათ.
ინფორმირებულობის გაზრდა, გადახდის ხელსაყრელი პირობები, თანხის ეტაპობრივად და უპროცენტოდ გადახდის შესაძლებლობა – ის ფაქტორები აღმოჩნდა, რამაც ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ბანკების 80%-ზე მეტი Microsoft-ის პროდუქტების ლეგალურ მომხმარებლად აქცია.
თუმცა, სამწუხაროდ, ზემოთქმული ჯერ კიდევ არაა გადამწყვეტი საერთო ფონის შესაქმნელად და კომერციული სექტორის დიდი ნაწილი კვლავ კანონს მიღმა რჩება.

პირველ ეტაპზე „Microsoft საქართველო” აქცენტს იმ კომპანიებზე აკეთებს, სადაც 50-ზე მეტი მომხმარებელია. ეს რიცხვი აჩვენებს, რომ კომპანია მდგრადია და საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის ინვესტირების უნარი შესწევს. ამ კომპანიების რიცხვი საქართველოში 2500-ს უტოლდება, უფრო მსხვილი (250-ზე მეტი კომპიუტერით აღჭურვილი) კომპანიების რიცხვი კი დაახლოებით 300-ია.

„კლიენტებს საშუალებას ვაძლევთ, რომ ეტაპობრივად დაფარონ ლიცენზიების ღირებულება. სურვილის შემთხვევაში გადასახადს სამ წელიწადზე უპროცენტოდ ვუნაწილებთ. ამ თანხაში ყველა ის ახალი პროდუქტიც შედის, რაც ამ ხნის განმავლობაში შეიქმნება”, – ამბობს დავით ასათიანი.

„Microsoft საქართველო” აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მომხმარებელი სრულყოფილად იყოს ინფორმირებული იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც მას (როგორც პიროვნული, ისე სახელმწიფო მასშტაბით) არალეგალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებამ შეიძლება შეუქმნას. თუმცა რეალური შედეგის მისაღწევად სახელწიფოს ჩართულობა გადამწყვეტია.

დავით ასათიანის განცხადებით, არალეგალური პროგრამული უზრუნველყოფის გავრცელება და გამოყენება საფრთხეს არამარტო IT სფეროს წარმატებით განვითარების პერსპექტივას უქმნის, ის ქვეყნის მთლიან სოციალურ და ეკონომიკურ სისტემას ასუსტებს.

 

 

 

 

 

 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *