ვაზის Guggenheim-ი

ვაზის Guggenheim-ი

$90 მილიონის დახარჯვისა და ლამის ათი წლის შემდეგ, ბორდოს La Cité du Vin-ი, – ნაწილობრივ, თემატური პარკი, ნაწილობრივ კი ღვინის მუზეუმი – როგორც იქნა, იხსნება.

დიონისე ხვდება დისნეილენდს – ასე შეიძლება, დავახასიათოთ ახალი La Cité du Vin („ღვინის ქალაქი“), რომელიც ამ თვეს ბორდოში გაიხსნა. თუ დისნეის Magic Kingdom-ი Epcot-ითა და Pirates of the Caribbean-ით იწონებს თავს, La Cité du Vin-ი აერთიანებს სამ რესტორანს, ღვინის დეგუსტაციას, რომელსაც ექსპერტები უძღვებიან, და 14,000 ბოთლით სავსე მარანს, სადაც რეგიონალურ ვინტაჟებსაც ნახავთ და ღვინოებსაც ისეთი შორი ადგილებიდან, როგორიც ტაიტი და სირიაა. გარდა ამისა, იქ 50-ადგილიანი ბარჟაც დაგხვდებათ, რომელიც მე-17 საუკუნის ღვინით მოვაჭრის იაპონიისკენ მოგზაურობას აცოცხლებს.

როგორც ძვირფას ღვინოს სჩვევია, La Cité du Vin-საც გარკვეული დრო მოუნდა მოსამწიფებლად და საკმაოდ მაღალი ხარჯებიც: 143,000 კვადრატული ფუტის შენობის დამთავრებას რვა წელი და $90 მილიონი (საწყის ბიუჯეტზე 28%-ით მეტი) დასჭირდა.

ამ ყველაფრის შედეგი კი მდინარის პირას მდებარე არქიტექტურული საოცრებაა (შენობის ჩაზნექილ- ამოზნექილი ნაწილები ისეთ განცდას ქმნიან, თითქოს ღვინო ფიალაში მიედინება), რომლის შუშისა და მეტალის 6,000 პანელისაგან შემდგარი ფასადი მდინარე გარონას ირეკლავს. $23-იანი ბილეთი თქვენ არაერთი თავშესაქცევის კარს გიხსნით – დაწყებული ფილოსოფიური (რელიგიაში ღვინის როლისადმი მიძღვნილი გამოფენა), დამთავრებული მეტად თავისებური (შანსი, თვლემას მიეცეთ მარანში) თავშესაქცევებით. სტუმრობა La Cité du Vin-ში საკმაოდ ლოგიკურად, ჭიქა Bordeaux-თი ან მსოფლიოს რომელიმე ოცი სხვა რეგიონის ჭიქა ღვინით სრულდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *