იაპონიის მაგალითი

იაპონიის მაგალითი

იაპონიამაც გაიარა მძიმე გარდამავალი პერიოდები და იაპონიაც არის ძველი და განსაკუთრებული ტრადიციების მქონე ქვეყანა.

იაპონიის შესახებ:

კონსტიტუციური წყობა: კონსტიტუციური მონარქია;
მონარქი: აკიჰიტო (იაპონიის მონარქიის ხაზის 125-ე მონარქი);
მმართველი პარტია: ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია;
პრემიერ-მინისტრი: შინზო აბე;
რელიგია: სინტოიზმი და ბუდიზმი;
ტერიტორია: 378 ათასი კვადრატული კილომეტრი (1989 წლის საქართველოს ტერიტორიაზე 5,4-ჯერ დიდი);
მოსახლეობა: 127 მლნ
ერთიანი ეროვნული პროდუქტი: 6 ტრილიონი აშშ დოლარი
წლიური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე: 48 ათასი აშშ დოლარი
თანამედროვე იაპონური სახელმწიფოს დასაწყისი: იაპონიამ XIX საუკუნის 60-იანი წლების მიწურულს, იმპერატორ მეიჯის ხელმძღვანელობით, დაიწყო ძალიან სწრაფი სტრუქტურული რეფორმის გატარება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით – პოლიტიკასა და ეკონომიკაში, პრაქტიკულად ახალი სახით ჩამოყალიბდა სოციალური სტრუქტურა.
ეს იყო კოლოსალური ენერგიის მქონე ისტორიული სტარტი, რომელიც ცნობილია „მეიჯის რეფორმის” სახელით („მეიჯი იშინ” – რევოლუცია, რეფორმა და განახლება) და ემსახურებოდა იზოლაციონისტური, ფეოდალური იაპონიის კაპიტალიზმის ფორმაციაში გადაყვანას. „მეიჯის რესტავრაცია” წარმატებით დასრულდა XX საუკუნის დასაწყისში, რის შედეგადაც მსოფლიოს მოევლინა ახალი, მოდერნიზებული და გლობალური ამბიციების მქონე იაპონიის სახელმწიფო.
დემოგრაფიულად, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და მორალურად კატასტროფული მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან და ორი ატომური ბომბარდირებიდან 20 წლის შემდეგ, იაპონია გადაიქცა მსოფლიო ერთ-ერთ წამყვან ეკონომიკურ და ფინანსურ ცენტრად. იაპონია გახდა სრული დემოკრატია, სადაც არის საპარლამენტო, აღმასრულებელი და სასამართლო ფუნქციების მკაფიო გამიჯვნა, არსებობს მრავალპარტიული სისტემა და აღმსარებლობის, პოლიტიკური ხედვისა და სიტყვის გარანტირებული თავისუფლება.

თანამედროვე იაპონიას დიდი მიღწევები აქვს ფუნდამენტალურ და სოციალურ მეცნიერებებში (ნობელის პრემიები: 7 – ფიზიკაში, 7 – ქიმიაში, 3 – ეკონომიკაში, 2 – მედიცინასა და ფიზიოლოგიაში), ხელოვნებაში (არაერთ იაპონური ფილმს მიუღია ბერლინის, კანისა და ვენეციის კინოფესტივალების უმაღლესი პრიზები, იაპონელი მწერლები არიან ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურაში). იაპონელების წინსვლას ელექტრონულ, კომპიუტერულ, ნანო- და რობოტტექნოლოგიებში მსოფლიოში ანალოგი ძნელად მოეძებნება.

იაპონელებმა შეძლეს სახელმწიფოს მართვის დასავლური მეთოდის, დასავლური კაპიტალისა და ტექნოლოგიების შეჯერება თავის კულტურასთან და არამარტო შეინარჩუნეს თავიანთი ფასეულობები, არამედ სწორედ ამ ფასეულობებზე დაყრდნობით მიაღწიეს დიდ წარმატებას.

ჩემი აზრით, ამ უპრეცედენტო წარმატების საფუძვლის მნიშვნელოვანი ელემენტი არის სწორედ სისტემა იმ ფასეულობათა, რომლებიც იაპონურმა საზოგადოებამ საუკუნეების მანძილზე გამოიმუშავა.

ზემოხსენებულმა ფასეულობებმა, მათდამი ერთგულებამ და მათი პიროვნულ და საჯარო დონეზე დანერგვის ყოველდღიურმა მცდელობამ შექმნა ხერხემალი, რომლის ირგვლივაც ხორცი შეესხა XX საუკუნეშივე „იაპონური სასწაულად” წოდებულ ფენომენს.

ვეცდები მოკლედ ჩამოვთვალო და განვმარტო რამდენიმე ძირითადი იაპონური ფასეულობა და თუ როგორ ასახავენ თანამედროვე იაპონიის პოლიტიკური და სოციალური სისტემები ამ ფასეულობებს.

„გეირი”

„გეირი” პირდაპირი თარგმნით შეესაბამება ვალს, მოვალეობას და ხშირ შემთხვევაში მოვალეობის მძიმე, მაგრამ აუცილებელ ტვირთს. ეს გახლავთ ერთ-ერთი ცენტრალური ფასეულობა, რომელიც განსაზღვრავს იაპონელის, როგორც პიროვნების, ასევე იაპონური საზოგადოების, როგორც კოლექტიური ერთობის მსოფლმხედველობას.

„გეირი” ნიშნავს მოვალეობის გრძნობას მშობლებისადმი, მასწავლებლებისადმი, კომპანიისადმი (ან სხვა ნებისმიერი დაწესებულებისადმი, სადაც ეს კონკრეტული პიროვნება მუშაობს), სახელმწიფოსა და სამშობლოსადმი.

„ჰანსეი”

„ჰანსეი” პირდაპირი თარგმნით შეესაბამება დაფიქრებას. „ჰანსეი” ნიშნავს საკუთარ შეცდომაზე ფიქრს, მის აღიარებას (ხშირად საჯაროდ) და საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე განუწყვეტელ მუშაობას.

„ჰონე” და „ტატემაე”

„ჰონე” არის ადამიანის, ინდივიდის ნამდვილი გრძნობები და სურვილები.

„ტატემაე” არის ის ნათქვამი და საქციელი, რასაც ადამიანი, ინდივიდი საჯაროდ გამოხატავს ან აკეთებს.

„ჰონე” ხშირად წინააღმდეგობაშია „ტატემაესთან”, რაც ბუნებრივია. „ტატემაე” არის ის ნათქვამი, საქციელი, რასაც საზოგადოება ელოდება კონკრეტული ადამიანისაგან და ეს მოლოდინი ეფუძნება ამ ინდივიდის სოციალურ სტატუსსა და საზოგადოებრივ მდგომარეობას.

„ჰონე/ტატემაეს” ფასეულობრივ ტანდემს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც პიროვნებებისათვის, ასევე მთლიანად იაპონური საზოგადოებისათვის (ამ ფასეულობითი წყვილის კონფლიქტი საუკუნეების მანძილზე იყო და ახლაც არის იაპონური ხელოვნების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა).

მაგალითისათვის, „ჰონე/ტატემაე” განსაზღვრავს იმ ფაქტს, რომ იაპონელი მაქსიმალურად ეცდება თავიდან აიცილოს კონფლიქტი ჯგუფის/კომპანიის/პარტიის კონტექსტში ანუ საჯარო და საზოგადოებრივ სფეროში (თუნდაც, ამავდროულად მისი შინაგანი მოთხოვნა იყოს თავისი აგრესიის გამოხატვა).

„ისიგიოსა”

„ისიგიოსა” პირდაპირი თარგმნით ნიშნავს „ვაჟკაცობას”. არ არის აუცილებელი, რომ „ისიგიოსა” გამარჯვებას გულისხმობდეს, ის დამარცხების ღირსეულად შეხვედრას, აგრეთვე გარდაუვალისთვის თვალის გასწორების მნიშვნელობის მატარებელია. მაგალითად, „ისიგიოსა” განსაზღვრავს უცილობელი სიკვდილის ღირსეულად მიგებებას.

„ისიგიოსას” სიმბოლო არის აყვავებული ალუბალი, როგორც ეფემერული და გარდამავალი მშვენიერების სიმბოლო.

თუ ცოტა განვაზოგადებთ, იაპონური საზოგადოების ანუ იაპონური სოციუმის ქცევის ნორმების ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს სირცხვილი. შესაბამისად, იაპონელი ყოველთვის შეეცდება არ თქვას ან არ მოიქცეს იმდაგვარად, რაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ ფასეულობებს (ანუ იმ ფასეულობებს, რომლებიც ჩვენ ზემოთ ჩამოვთვალეთ). წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი გახდება საზოგადოების გაკიცხვის, ან უარესი, საზოგადოების დაცინვის საგანი, რაც იაპონელისათვის პრაქტიკულად სოციალური სუიციდის ტოლფასია.

დასავლეთის საზოგადოებაში ქცევის ნორმებს განსაზღვრავს შიში. ეს არის შიში კანონის წინაშე, რომელიც დასჯის ინდივიდს, თუ იგი არ მოიქცევა/იმოქმედებს საზოგადოებაში მიღებული წესების შესაბამისად. ამ ნორმატივის ყველაზე მკაფიო და მაქსიმალისტური გამოხატულებაა ძველი რომაული პოსტულატი: Fiat justitia et pereat mundus (ქვეყნიერებაც რომ დაიქცეს, მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს).

აქედან გამომდინარე, როგორც ძველი რომი, ასევე დღევანდელი დასავლეთი – რომლის სამართლებრივი ბაზა (კონტინენტურ ევროპაში), ასევე სამართლის ფილოსოფიის ბაზა (კონტინენტურ ევროპასა და ანგლოსაქსონურ სამყაროში) არის ძველი რომაული სამართალი – თვლის, რომ ის ქვეყანა, ის სახელმწიფო მართლაც დასანგრევია, სადაც მართლმსაჯულება არ სრულდება (ან თუ გნებავთ: იმ სახელმწიფოს სახელმწიფო არ ჰქვია, სადაც სამართალი არ სრულდება).

სავარაუდოდ, როგორც ჩანს, ასოციალური საქციელის უფრო დიდი დამამუხრუჭებელი ძალაა სირცხვილი, ვიდრე შიში (იაპონიაში დანაშაულებების ჩადენის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში).

იაპონურ საზოგადოებაში მოქმედების წესს განსაზღვრავს ის ფაქტი, რომ იაპონელი მაქსიმალურად შეეცდება აიცილოს კონფლიქტი, განსაკუთრებით კი ღია დაპირისპირება სხვა ინდივიდთან. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე იაპონია არის კონკურენციით უკიდურესად გაჟღენთილი გარემო, ინდივიდთა შორის კონკურენცია (ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს პოლიტიკა თუ ბიზნესი, მეცნიერება თუ კვლევა, ხელოვნება თუ სპორტი) მკაცრად რეგულირდება დაუწერელი წესების მიხედვით. რეგულაციის პროცესში ცენტრალური, წარმმართველი ადგილი უკავია კოლექტიური წარმატებისა და კოლექტიური ჰარმონიის ცნებებს (ეფუძნება „ჰონე/ტატემაეს” ფასეულობას).

კოლექტივის ან კოლექტიურ (სპორტული გუნდი, კომპანია, მეცნიერ-მკვლევარების ჯგუფი, პოლიტიკური პარტია, სახელმწიფო და ა.შ.) წარმატებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იაპონურ საზოგადოებაში. ჯგუფმა ანუ კოლექტივმა რომ წარმატებით იმუშაოს და იფუნქციონიროს, საჭიროა ამ ჯგუფის შიგნით ჰარმონიის არსებობა. ხოლო ჰარმონიის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ჯგუფის თითოეული წევრის თვითკონტროლით, თვითშეზღუდვით და თვითდისციპლინით. კოლექტივის ყოველმა წევრმა იცის და ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და ჯგუფის წარმატების შემთხვევაში, სრული მორალური და ფსიქოლოგიური დაკმაყოფილება მოდის იმის გააზრებით, რომ ამ კონკრეტულმა პირმა შეიტანა თავისი წვლილი საერთო წარმატების მისაღწევად.

ჰარმონიის მისაღწევად დიდი როლი ენიჭება კონსენსუსს. იაპონიაში კონსენსუსი არ ნიშნავს მხოლოდ საერთო თანხმობას. გადაწყვეტილებების მიღების ასეთი ფორმა აძლიერებს ჯგუფისადმი კუთვნილების გრძნობას, რაც საბოლოოდ სასარგებლოა ისევ ამავე ჯგუფისათვის.

იაპონური საზოგადოება („გეირის” ფასეულობიდან გამომდინარე) ცნობს და აღიარებს საზოგადოებრივ იერარქიულობას. იერარქიულობა შეიძლება გამოიხატოს ასაკის, სქესის, განათლების, კომპანიის/ორგანიზაციის წევრობიდან და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე. იაპონელისათვის მიუღებელია, როდესაც პიროვნების საუბრისა და ქცევის შინაარსი და მანერა არ შეესაბამება იმ მოლოდინს, რომელიც მისი სოციალური და იერარქიული სტატუსით არის განსაზღვრული.

იაპონურ კომპანიებში (ორგანიზაციებში) უფროსს და მის სუბორდინირებულებს შორის ურთიერთობების განმსაზღვრელი არ არის მხოლოდ კომპანიის დაწერილი და/ან ლეგალიზებული ქცევის კოდექსი, ისე როგორც ეს ხდება დასავლურ სამყაროში. იაპონურ კომპანიებში (ორგანიზაციებში) ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. „იაუბუნ-კობუნ” ურთიერთობა. ამ სიტყვის პირდაპირი თარგმანი არ არსებობს, მაგრამ დაახლოებით ნიშნავს მამა-შვილის ან პატერნალისტურ დამოკიდებულებას. (ქართულად, ალბათ, შეესაბამება „ვეფხისტყაოსანში” აღწერილ პატრონყმულ – და არა ბატონყმურ – ურთიერთობებს). ანუ იაპონურ კომპანიებში (ორგანიზაციებში) უფროსისა და დაქვემდებარებულის ურთიერთობას არა აქვს უსახო და უშინაარსო ფორმა, არამედ აწყობილია პიროვნულ ურთიერთქმედებაზე, რა თქმა უნდა, იერარქიული სისტემის და აქედან გამომდინარე ქცევის კოდექსის დაცვით. შედეგად, იაპონური კომპანიებს აქვთ თანამშრომლების დათხოვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში და დასაქმებულ იაპონელთა 85% პენსიამდე ერთსა და იმავე კომპანიაში, მუშაობს მუშახელის ჩათვლითაც კი.

მნიშვნელოვანია იაპონელების დამოკიდებულება ინდივიდუალიზმისადმი. ინდივიდუალიზმს პატივს მიაგებენ, თუ არის იმის განცდა, რომ ეს არის წრფელი ინდივიდუალიზმი. მაგრამ თუ ინდივიდუალიზმი არის ყალბი ან იგი მხოლოდ თავის უმიზეზო გამოჩენას ემსახურება, მაშინ ასეთი ინდივიდუალიზმი უტოლდება ეგოიზმს და განკიცხვის საგანი ხდება.

მაგალითისათვის, 2004 წელს ორმა იაპონელმა ინჟინერმა, რომლებიც მუშაობდნენ ერაყში, დაარღვიეს იაპონური მთავრობის მიერ რეკომენდებული უსაფრთხოების წესები, რის შედეგადაც აღმოჩნდნენ ერაყელი ტერორისტების მძევლები. ერაყელებმა მოითხოვეს მრავალმილიონიანი გამოსასყიდი. სავარაუდოდ, დასავლური ალიანსის რჩევა იყო, რომ იაპონურ კომპანიას ეს თანხა არ გადაეხადათ, რათა ამით არ წაეხალისებინათ ერაყელები მომავალში მსგავსი ქმედებებისაკენ. მიუხედავად შესაძლო სერიოზული ზეწოლისა, იაპონურმა კომპანიამ თანხა მაინც გადაიხადა და მძევლები გამოისყიდა („იაუბუნ-კობუნ” ურთიერთობა). იაპონიაში დაბრუნებულ ინჟინრებს საზოგადოებამ საპატიო დახვედრა კი არ მოუწყო, არამედ შეხვდა ცივად და განკიცხვით, რადგან მათ, საზოგადოების აზრით, ჩაიდინეს ქედმაღლური ინდივიდუალიზმის აქტი და დაარღვიეს რეკომენდებული უსაფრთხოების ზომები (უადგილო ინდივიდუალიზმის გარდა, ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა „ჰონე” და „ტატემაე”-ს ფასეულობათა კონფლიქტს და „იაუბუნ-კობუნ”-ის უგულებელყოფას).

გადარჩენილმა მძევლებმა საჯაროდ მოუხადეს ბოდიში იაპონიის მთავრობას და კომპანიას იმ უხერხული მდგომარეობისათვის, რომელიც მათ გამო მთავრობას და კომპანიას შეექმნა („ჰანსეის” ფასეულობა).

უახლოესი წარსულიდან აგრეთვე შეიძლება გავიხსენოთ 2011 წლის მარტში მომხდარი ფუკუშიმა-დაიიჩის ატომური სადგურის კატასტროფა. 9-ბალიანი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად გამოწვეულ დაზიანებების ლიკვიდაციისას ყველაზე საშიშ, პრაქტიკულად სასიკვდილო ზონაში, 1-ელ, მე-2 და მე-3 რეაქტორებთან მონაწილეობდა თითქმის მთლიანად მოხალისე ინჟინრებით და ტექნიკური პერსონალით დაკომპლექტებული 50-კაციანი ჯგუფი, რომელთაც საერთაშორისო პრესამ მოხდენილად და ავის მომასწავებლად უწოდა „ბირთვული კამიკაძეები”. ამ ჯგუფმა, სხვა ადამიანებთან ერთად, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დიდი რისკის ფასად ააცილა იაპონიას და ალბათ მთელ კაცობრიობას დიდმასშტაბიანი ბირთვული დაბინძურების სრული რეალობა („გეირი” და „ისიგიოსა”).

უახლოესი წარსულიდან აგრეთვე შეიძლება გავიხსენოთ 2011 წლის მარტში მომხდარი ფუკუშიმა-დაიიჩის ატომური სადგურის კატასტროფა. 9-ბალიანი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად გამოწვეულ დაზიანებების ლიკვიდაციისას ყველაზე საშიშ, პრაქტიკულად სასიკვდილო ზონაში, 1-ელ, მე-2 და მე-3 რეაქტორებთან მონაწილეობდა თითქმის მთლიანად მოხალისე ინჟინრებით და ტექნიკური პერსონალით დაკომპლექტებული 50-კაციანი ჯგუფი, რომელთაც საერთაშორისო პრესამ მოხდენილად და ავის მომასწავებლად უწოდა „ბირთვული კამიკაძეები”. ამ ჯგუფმა, სხვა ადამიანებთან ერთად, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დიდი რისკის ფასად ააცილა იაპონიას და ალბათ მთელ კაცობრიობას დიდმასშტაბიანი ბირთვული დაბინძურების სრული რეალობა („გეირი” და „ისიგიოსა”).

იაპონიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს განათლებას ანუ პროფესიული კადრების მომზადებას. იაპონური საგანმანათლებლო დოქტრინის მიხედვით, სკოლის (რომელიც ქმნის შესაბამის ნიადაგს) და მერე უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, იაპონურ პროფესიულ კადრებს, მიუხედავად აბსოლუტურად სხვადასხვა სპეციალობისა, უნდა შესწევდეთ სისტემური აზროვნების, ანალიზის, სინთეზისა და მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენის უნარი.

იაპონიაში პროფესიულ განათლებასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის როლს. ბავშვისა და მოზარდის აღზრდას იაპონურად ეწოდება „ნევამაში”, რაც ნიშნავს „ფესვის, ნერგის მოვლას”. იაპონიაში მასწავლებელს ადარებენ „მებაღეს”. როგორც მებაღემ ნიადაგში ჩაგდებული თესლიდან უნდა აღმოაცენოს ჯანმრთელი და სრულფასოვანი ხე, რომელიც მოიტანს სასარგებლო ნაყოფს, ასევე მასწავლებელმა უნდა აღზარდოს სრულფასოვანი და ღირსეული პიროვნება. იაპონიაში მთავრობის წევრები აღიქმებიან, როგორც მებაღეები, რომლებიც ყოველდღიური, რუტინული ზრუნვით და არა ჰეროიკული იმპულსებით, საზოგადოებას უნდა დაეხმარონ კეთილდღეობის ნაყოფის მიღებაში.

ამ მცირე მიმოხილვით ვეცადე იმის ილუსტრირება, რომ დემოკრატიული სახელმწიფო თავსებადია ტრადიციულ ფასეულობებთან. მეორე ქვეყანა, რომელიც იაპონიის მსგავსად, სრულფასოვანი დემოკრატიული სახელმწიფოა და გააჩნია ასევე უძველესი ღირებულებათა სისტემა, არის ისრაელი. თუ ევროპის ქვეყნები თანდათანობით, საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდნენ დემოკრატიული გზით და დემოკრატია კაპიტალიზმთან ერთად მათი ისტორიული პროცესის ლოგიკის შედეგია, მსგავსი არ მომხდარა იაპონიასა და ისრაელში. ამ ორმა ტრადიციულმა და საკმაოდ ხისტმა საზოგადოებამ დროის ძალიან მცირე მონაკვეთში მიიღო და ორგანულად შეითვისა დემოკრატიული ინსტიტუტები, ისე რომ ამით არ შეუმცირებია ტრადიციულ ფასეულობათა სისტემის როლი საკუთარი ქვეყნის განვითარებაში. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ მათ შემთხვევაში დემოკრატიული სახელმწიფო და ტრადიციულ ღირებულებათა სისტემები არამარტო თავსებადი, არამედ ურთიერთშემავსებელიც და სინერგიის შემქმნელიც აღმოჩნდა. ამ ორი ქვეყნის მიერ განვლილი გზა თუ რამდენად იმედის მომცემია და სამაგალითოა საქართველოსათვის, ეს უკვე ცალკე საფუძვლიან კვლევას საჭიროებს.

 

 

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *