ერთხელ ჩინეთში – ორჯერ საქართველოში

ერთხელ ჩინეთში – ორჯერ საქართველოში

ორიოდ წლის წინ შიაოჯუნ ი თვეში $40 დოლარს გამოიმუშავებდა. დღეს მას მილიონები აქვს და სანდრო ბერიძე ჰქვია. 

ჩინელ ბიზნესმენ შიაოჯუნ ის სანდრო ბერიძის სახელით იცნობენ. მისი ამბავი ყველამ იცის ლილოდან – ელიავამდე, ურუმჩიდან – პეკინამდე. მისი ისტორია არის გულწრფელი და გამაოგნებელი. დაახლოებით ალადინის ამბის მსგავსი, ოღონდ ამ შემთხვევაში შიაოჯუნს არც ჯინი დახმარებია და არც დიდ სულთანს ჩასიძებია. სანდრო სულ რამდენიმე წლის წინ თვეში $50-ს გამოიმუშავებდა, ახლა კი ბევრმილიონიან გადამზიდავ კომპანია Suolun-სა და “ქართული ღვინის სახლის” ქსელს ფლობს.

ჩინეთში ღარიბი ადამიანები მუშაობას ადრე იწყებენ. სანდრომ სკოლიდანვე დაიწყო მუშაობა. ჯერ ნათესავის მაღაზიაში, დღეში რამდენიმე იუანად, მერე კი გულმა უფრო ახალი ტექნოლოგიებისკენ გაუწია და ინტერნეტკაფეში გადავიდა. ორი წლის შემდეგ მიხვდა, რომ არც ეს იყო მისი მოწოდება და ურუმჩიში, კომპანია “კარგოჯ ორჯიაში” მოეწყო მტვირთავად. მძიმე სამუშაო იყო, მაგრამ ხელფასი აქ მეტი ჰქონდა – დაახლოებით $40 თვეში.

“ჩინურის გარდა არც ერთი ენა არ ვიცოდი. 40 დოლარი ჩემთვის მაშინ მშვენიერი ხელფასი იყო. ჩემთან ერთად მუშაობდნენ ქართველები და საქართველოდან ჩამოსული აზერბაიჯანელები და ქურთები. საწყობში ვსწავლობდი ტვირთის გადაზიდვა-დახარისხებას, თავისუფალ დროს კი თანამშრომლებისგან ქართულ და რუსულ ენებს”, – ამბობს სანდრო. ჩვენი ინტერვიუც რუსულ-ქართულის ნარევზე ჩავწერეთ.

სანდრომ მუშაობისას და სწავლისას ნიჭი, გულმოდგინება და ერთგულება გამოავლინა. მისი ეს დადებითი თვისებები, სავარაუდოდ, გენეტიკურია. ის შიბინი ხალხის შვილია, მეომარი და მონადირე ტომის, რომელიც ჩინეთის იმპერატორის ჩენლოს ყველაზე საიმედო მცველებად და მოკავშირეებად ითვლებოდნენ. 252 წლის წინ შიბინების ნაწილი იმპერატორ ჩენლოს ბრძანებით საზღვრის გამაგრების მიზნით ყაზახეთის მხარეს დაიძრა. მათი გასავლელი გზა 10,000 კილომეტრს შეადგენდა, ამ მანძილის დაფარვისთვის მიცემული ვადა – 2 წელი, 9 თვემდე დაკეცეს და დღევანდელი ურუმჩის მახლობლად დაიბუდეს. შიბინები თავიანთ ისტორიულ სამოსახლო ადგილზე აღარ არსებობდნენ. სხვა ტომებს შეერივნენ. ყაზახეთის საზღვართან კი 170,000 შიბინი დღემდე ცხოვრობს და საკუთარ ენასა და წესებს ინარჩუნებს. მათი შვილია სანდრო.

ურუმჩიდან სანდრო იუში გადავიდა სამუშაოდ. ამ ქალაქში “კარგო ჯორჯიას” მთავარი საწყობი იყო.

“ორი წლის განმავლობაში ხელფასი $150 მქონდა თვეში, მესამე წელს $200-მდე გამიზარდეს, ხოლო მუშაობის მე-5-6 წელს $350 მქონდა. არ ვფიქრობდი, რომ ფულის დაგროვება მჭირდებოდა. მინდოდა, რომ რაიმე მესწავლა. მაგრამ მერე ჩემი მომავალი ცოლი გავიცანი და ამან ყველაფერი შეცვალა”.

ალადინი ტყუილად არ ვახსენე. სანდროს დაოჯახების ამბავი “ათას ერთი ღამის” ამბავს ჰგავს. ამას ახლაც საოცრად წრფელი განცდით ჰყვება და ჩემს გრძნობებსაც იყოლიებს.

მოკლედ რომ მოვყვე: საცოლეს არ ატანდნენ, საკუთარი სახლი არ გაქვსო. ქართველებმა ფული შეუგროვეს და დაეხმარნენ სახლის ყიდვაში, შემდეგ კი ქალის ტრადიციული გამოსასყიდიც გაატანეს.

“ჩვენთან წესია, ბევრი ფული უნდა მიიტანო და წინ დაუყარო. ქალის ოჯახს შეუძლია, მთლიანად აიღოს და დაიტოვოს, შეიძლება ერთი შეკვრა აიღონ. თუ არ აიღეს, ეგ იმას ნიშნავს, რომ ქალს არ გატანენ. მე წინასწარ ვთხოვე ჩემს მომავალ ცოლს, დედა გაეფრთხილებინა, რომ ბევრი არ აეღო, რადგან ფული დასაბრუნებელი მქონდა. ჩემმა სასიდედრომ 20,000 იუანი მაინც აიღო. ასე დავქორწინდი”. სანდრო სიდედრის გახსენებაზე ახლაც გულიანად იცინის.

“ეს იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი ყველაზე ლამაზი დღე”. – ზუსტად ასე მითხრა.

მმართველი პარტნიორები კომპანიაში გაიყვნენ, სანდრომ თავის უფროსს განთავისუფლება სთხოვა, საკუთარი გადამზიდავი კომპანია რომ დაეარსებინა. მათ მისცეს ამის უფლება და აქედან დაიწყო ყველაფერი.

“ჩემი მშობლები ძალიან ღარიბად ცხოვრობდნენ პროვინცია შინჯიანის ქალაქ ხორგოზში, ოჯახში ერთი და და ოთხი ძმა ვართ. და ჩემზე პატარაა, ძმები კი ჩემზე უფროსები არიან, მე ოჯახში მეოთხე შვილი ვარ. ჩემი და-ძმები უმუშევრები იყვნენ, ამიტომ გადავწყვიტე, ისინი იუში ჩამომეყვანა და მესწავლებინა, როგორ უნდა აქ მუშაობა. სწორედ მაშინ მომივიდა იდეა, დამეარსებინა ახალი კომპანია სახელწოდებით Suolun-ი.

Suolun-ი შიბინთა ენაზე მთების გამაგრებას ნიშნავს.

თარჯიმანიც იყო, ბაზრის მკვლევარიც, სავაჭრო აგენტიც, კონსულტანტიც და ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდებოდა. თავის და-ძმებს სხვადასხვა თანამდებობა მისცა კომპანიაში.

“ოფისი ვიქირავეთ. პატარა ბინა იუს კომერციულ ნაწილში. იქვე ვცხოვრობდით, იქვე ვჭამდით, იქვე ვმუშაობდით, – მეუბნება სანდრო. – ვცდილობდი, რომ მაქსიმალურად შეგვემცირებინა ხარჯი, რადგან ყოველ ნაშოვნ იუანს საქმეში ვაბრუნებდი. პირველივე წელს შევძელით და მანქანა ვიყიდეთ, მეორე წელს უკვე ოფისის შეძენაც მოვახერხეთ – ყველაზე კარგ ადგილას, იუს ცენტრში”.

ჩემი რესპონდენტი თავისი ბიზნესკარიერის დასაწყისში ფუნდამენტურ რამეებს მიხვდა: დიდ ქვეყანაში შესაძლებელია, მცირე მარჟითაც იშოვო ფული, ოღონდ ცოტა მეტი დრო უნდა. და როცა დაბალ პროცენტს იგებ, აუცილებლად პატიოსნად უნდა იმუშაო. სანდროს არ უსწავლია უმაღლეს ეკონომიკურ სკოლებში და არ იცის, ამას იქ ასწავლიან თუ არა. თვითნაბადი ნიჭი და საშუალო სკოლის ატესტატი გამდიდრებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

კომპანია Suolun-მა არსებობის მესამე წელს მხოლოდ საქართველოში 800 კონტეინერი უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა პროდუქტი გაგზავნა, რომლის საერთო თანხამ, სანდროს თქმით, $80 მილიონს გადააჭარბა. Suolun-ი ასევე ოპერირებდა როგორც ლოკალური ლინქდინი და ერთმანეთს აკავშირებდა ქართველ და ჩინელ მცირე და საშუალო მეწარმეებს. თითოეული საქმიდან კი შუამავლის პროცენტი0.5-დან 1,5%-მდე მერყეოდა, ეს პროცენტი ნულდებოდა, თუ ისინი Suolun-ის გადაზიდვის სერვისს იყენებდნენ.

ყველაფერი მიდიოდა იდეალურად. კომპანია Suolun-ი მდიდრდებოდა, მისი სახელი უკვე მთელ ელიავასა და ლილოს ბაზრობებზე გავარდა. სანდროს კომპანია საქართველოში ჩინური პროდუქციის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საბითუმო მიმწოდებელი გახდა. 2014 წელს კომპანია გაფართოვდა და ნახევარ მილიონ დოლარად მორიგი ოფისი შეიძინა.

კომპანიას პირველი კრიზისი 2015 წელს დაუდგა. დოლარი საგრძნობლად გამყარდა და ის კომპანიები, რომლებიც ჩინეთში საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების მომარაგებაზე მუშაობდნენ, მეტწილად გაკოტრდნენ.

“ჩვენი ბრუნვა 40%-ით შემცირდა, მერე განახევრდა, – ამბობს სანდრო, – თუმცა მე მაინც ბედნიერი ვიყავი, რომ უფრო მეტი არ დავკარგეთ, ჩემ გარშემო უამრავი კომპანია დაიხურა”.

როგორც მოგეხსენებათ, ყველანაირ კრიზისს აქვს დადებითი მხარე. როგორც სერიალ “ნიკერბოკერის საავადმყოფოს” ერთ-ერთი პერსონაჟი ეუბნება მამას, “ფული მაშინ უნდა დააბანდო, როცა ქუჩები სისხლითაა სავსე”.

სანდრო ბერიძე ხვდებოდა, რომ რაიმე ახლის წამოწყება და კომპანიის დეპრესიიდან გამოყვანა იყო საჭირო, თუმცა ვერ კი ხვდებოდა, რისი დაწყება შეიძლებოდა. ცოტა ხანში ბავშვობის მეგობარმა გუან შუე ლიანმა, მისტიკური სახელით “ბორისი”, ურჩია, ქართული ღვინის გაყიდვა ეცადა.

 “დავიწყე ინფორმაციის მოძიება. ყველაფერს ვკითხულობდი საქართველოზე და ღვინოზე. გავოცდი. თურმე არაფერი მცოდნია, არადა, ამდენი წელია, ქართველებთან ერთად ვმუშაობ. თურმე სიტყვა “ვინოც” ქართულიდან მოდის! 10 000 წლის წინ თურმე საქართველოში უკვე ღვინო ჰქონდათ! მე გადავწყვიტე, საქართველოში ჩავსულიყავი და პირადად გამეცნო ქართული კულტურა და ტრადიციები, გამესინჯა ქართული ღვინო. საქართველოში ძალიან კარგი მეგობრები მყავს, საუკეთესო ქართული ღვინის არჩევაში ისინი დამეხმარნენ. გადავწყვიტე, საქართველოდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ორი კონტეინერი ქართული ღვინო გამეგზავნა. ამასობაში კი ოფისის პირველ სართულზე შეხვედრების ოთახი დავანგრიე და ქართული ტრადიციული დიზაინის ელემენტებით მარნის მსგავსი ოთახი მოვაწყვე”.

ღვინის ჩამოსვლა ახალ წელს დაემთხვა. სანდრომ ზუსტი მარკეტინგული ხერხი აირჩია და მასობრივი უფასო დეგუსტაცია მოაწყო. მანამდე კი იმასაც მიხვდა, რომ ქართველებისგან რადიკალურად განსხვავებული სამზარეულოს მქონე ჩინელებს აქაური მშრალი ღვინო ნაკლებად მოეწონებოდათ და ძირითადად ნახევრად მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინოები შეუკვეთა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ღვინის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში, კარგი ღვინის პოვნა ჭირს. ფრანგული ღვინო ძალიან ძვირია და უბრალო ხალხი ძირითადად ლუდით ან უფრო ძლიერი ალკოჰოლური სასმელით იქცევს თავს. მისაღები ფასისა და კარგი ხარისხის ქართულმა ღვინომ იუში ფურორი მოახდინა: “თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი, რომ ორი კონტეინერი გაიყიდა. სულ რაღაც ერთ კვირაში”.

აქ მიხვდა, რომ რაღაც ძალიან კარგს მიაგნო და სასწრაფოდ ორჯერ მეტი შეუკვეთა.ის პარტიაც ძალიან მალე გაიყიდა. მისი სახელდახელოდ აშენებული მარნის წინ რიგებიც კი იდგა.

მეორეს მილიონ-ნახევარი დოლარის ღირებულების მესამე შეკვეთა და მორიგი ბიზნესიდეა მოჰყვა: სანდრომ გადაწყვიტა, იუში ქართული ღვინის სახლი გაეხსნა, რომელიც გარდა ღვინის გაყიდვისა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და საქართველოს საინფორმაციო ცენტრის ფუნქციებსაც შეითავსებდა. ადგილიც შესაფერისი იპოვა: ძველ კათოლიკურ ეკლესიასთან ერთ ლამაზ მიტოვებულ სახლს მიაგნო და ერთ თვეში “ქართული ღვინის სახლი” პირველ სტუმრებს მასპინძლობდა.

პირველი სახლის გახსნიდან 7 თვეში ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში უკვე 8 ქართული ღვინის სახლი იყო.

სანდრო ამბობს, რომ ისეთ საქმეს მიაგნო, რასაც არა ფულისთვის, არამედ სიამოვნებისთვის აკეთებს. მისი თქმით, შთაგონების წყარო მისთვის ქართველების ღვინისადმი დამოკიდებულება გახდა. ივნისის ბოლოს მის მშობლიურ ურუმჩიში კიდევ ერთ, ხუთვარსკვლავიან, $700 000-ის ღირებულების ქართული ღვინის სახლს გახსნის, რომელიც 600 კვ. მეტრი ფართობის იქნება და 40 ათას ღვინის ბოთლს დაიტევს. ამას კი გიგანტური საბითუმო საწყობი მოჰყვება, რომელიც დროული მომარაგების პრობლემას მთელი ჩინეთის მასშტაბით გადაჭრის.

“მას შემდეგ, რაც ღვინის სახლები გავხსენით, ქართულ ღვინოზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა. გამოჩნდა უამრავი მსურველი; როგორც საცალო, ასევე საბითუმო მაღაზიები. მე ფასს 15%-ზე მეტს არ ვამატებ, საბითუმო მაღაზიებს 40%-მდე ფასნამატის უფლებას ვაძლევ, საცალოებს – 90%-მდე. ვცდილობ, რომ ქართული ღვინო უბრალო ადამიანებმა გაიგონ და შეიყვარონ – მათ, ვისაც ფრანგულ ღვინოში 200-300 დოლარის გადახდა არ შეუძლია. გარდა ამისა ეს მოგებიანიცაა, მდიდარი ხალხი ხომ მოსახლეობის მაქსიმუმ 5%-ს შეადგენს”

“ქართული ღვინის სახლი” პერმანენტულად ეწევა საქართველოს ისტორიისა და მისი კულტურის რეკლამას. სანდროს თქმით, ჩინელი არ დაინტერესდება ახალი პროდუქტით, თუ მისი ისტორია არ გაიგო. ამიტომ ღვინის სახლებში ყოველდღე მიმდინარეობს დეგუსტაციები, ლექციები საქართველოზე, შეხვედრები, ფილმების ჩვენება, სანდროსთან რეგულარულად სტუმრობენ ქართველი დიპლომატები და ბიზნესმენები. სანდრო რეკლამაში აქცენტს აკეთებს ქართული ღვინის ნატურალურობასა და სამკურნალო თვისებებზე. მისი თქმით, ეს ორი პუნქტი ჩინელი ხალხისთვის განსაკუთრებით საინტერესოა.

ღვინის სახლები მოიცავს ქართულ და შიბინურ რესტორნებსაც – მათი ინტერიერის დიზაინს თავად სანდრო ქმნის.

დღეს სანდრო ბერიძე (გურული ვარო, ამბობს, მაკვანეთიდან) თბილისში ქრისტიანად მონათლული, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, ორი შვილის მამა, რომლებსაც ავთანდილი და ბარბარე დაარქვა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელია ჩინეთში. მისი ამჟამინდელი პარტნიორი საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესჯგუფი – “თბილინვესტია”. ჩინეთში ქართული ღვინის სახლები სწორედ ერთობლივი პროექტია. როგორც აღვნიშნეთ, სანდრომ ღვინის ბიზნესი შარშან 2 კონტეინერით დაიწყო, დღეს კი “თბილინვესტ ჯგუფში” შემავალი კომპანია “მადლობა” უკვე ერთდროულად 17 კონტეინერს ამზადებს საექსპორტოდ, წლის ბოლომდე კი სულ 2 მილიონამდე ბოთლის ექსპორტს გეგმავენ. განსაკუთრებული სიამაყით და მადლიერებით საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას იხსენებს – “ჩემს ქართველ პარტნიორებთან ერთად საშუალება მომეცა და ბატონ ირაკლის ჩვენი პროექტები გავაცანი. პრემიერისა და მთავრობის წევრების მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენს წარმატებაში” , – ამბობს სანდრო.

“მე ჩვენს მინისტრს შევპირდი, რომ 2017 წლამდე 50-დან 100-მდე ღვინის სახლს გავხსნი” – სიტყვა “ჩვენს” სანდრო ხშირად ახსენებს საქართველოსთან მიმართებით. “ჩვენს მინისტრშიც” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი იგულისხმება. ამის მიზეზი ნამდვილად აქვს: “მე ქართველებმა მომცეს ყველაფერი, მათ გარეშე არ მექნებოდა ჩემი კომპანია და ჩემი საყვარელი საქმიანობა. ჩემი მიზანია, რომ ძალიან მალე თითოეულმა ჩინელმა იცოდეს, რომ არის დიდი კულტურის მქონე პატარა ქვეყანა საქართველო, სადაც ძალიან კეთილი და ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს”.

სტატიის მომზადებაში დახმარებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს საელჩოს ჩინეთში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკურ წარმომადგენლობას საქართველოში. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *