"საბჭოთა მენტალობის" ქართული კოოპერატივების გამოწვევები

“დასაწყისში, როცა ფერმერებს ვხვდებოდით და კოოპერაციის სიკეთეებზე ვუყვებოდით, ბევრი გვსაყვედურობდა – “საბჭოთა კავშირში რატომ გვაბრუნებთო”, მაგრამ თანდათან დარწმუნდნენ, რომ კოოპერატივი კი არ არის კოლმეურნეობის პირმშო, არამედ კოლმეურნეობა იყო კოოპერატივის დამახინჯებული ფორმა”, – ასე იხსენებს Forbes Georgia-სთან ინტერვიუში სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი მიშელაძე კოოპერატივების შექმნის პირველ ნაბიჯებს, 2013 წელს რომ გადადგა და ამბობს, რომ “დღეს უკვე სხვა გამოწვევაა დასაძლევი”.

გიორგი მიშელაძის დაკვირვებით, ფერმერებს ბოლომდე კარგად არა აქვთ გააზრებული, რას ნიშნავს კლასიკური გაგებით კოოპერატივი – შესაბამისად, ცდილობენ წევრთა არეალი ოჯახის წევრებს მიღმა არ გააფართოონ. “ამიტომ ჩვენი მიზანია, დავარწმუნოთ ისინი, რომ მხოლოდ კოოპერაციის შემთხვევაში შეძლებენ კონკურენტული საქონლის წარმოებას”, – ამბობს გიორგი მიშელაძე და მაგალითად ევროპა მოჰყავს, სადაც სასურსათო პროდუქციის 70%-ს კოოპერატივები აწარმოებენ. თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, კოოპერაციის პროცესი იქ კერძო ინიციატივის საფუძველზე შედგა. ეს ისტორია უკვე 170 წელს ითვლის.

საქართველოში კოოპერაციის მომავალზე დაფიქრების მთავარი მოტივატორიც ევროკავშირი გახდა. 2012 წლის გაზაფხულის მიწურულს, ევროკავშირის დაკვეთით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ჩაატარა და გამოაქვეყნა კვლევა, სადაც აღნიშნული იყო: “საქართველოში სოფლად არსებულ 800,000-მდე მცირე ოჯახურ მეურნეობას დარგის მიმართ არსებული ულტრალიბერტარიანული სახელმწიფო პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, მოკლე და საშუალოვადიან მომავალში სრული კოლაფსი ემუქრება”. საქართველოს მაშინდელ მთავრობას ამ მიმართულებით დიდი ინტერესი არ გამოუჩენია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს სტატია დაედო საფუძვლად საქართველოში სასოფლო- სამეურნეო კოოპერაციის დანერგვისა და განვითარების საჭიროების შესახებ აქტიურ განხილვას, რაშიც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და განვითარების სააგენტოებიც ჩაერთვნენ. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ ბევრი დაპირება სწორედ სოფლის მეურნეობის დარგს დაუკავშირა, არჩევნების შემდეგ კი სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის სისტემის დანერგვა- განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა.

2013 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო კანონი “სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების შესახებ”. შეიქმნა სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების სააგენტო. სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების განვითარებისა და მხარდაჭერისთვის სახელმწიფოს სხვადასხვა საგრანტო პროგრამის ფარგლებში 2013 წლიდან დღემდე 6 მილიონ ლარზე მეტი აქვს დახარჯული.

ასევე, საქართველოში ევროკავშირის ფინანსური დახმარებით 2013 წლიდან განხორციელება დაიწყო “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამამ” (ENPARD), რომლის ფარგლებშიც, 2013-2018 წლების განმავლობაში, ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ჯამში, 102 მილიონ ევროს გამოყოფს. პროგრამა სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერასაც გულისხმობს.

როგორც Forbes Georgia-ს ENPARD-ის პროგრამის საკომუნიკაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა თამარ ხუნწარიამ განუცხადა, 2013-2016 წლების პერიოდში ENPARD-ის განმახორციელებელი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ კონკურსის წესით შერჩეული 200-ზე მეტი კოოპერატივი და 2000-ზე მეტი ფერმერი გადამზადდა, რისთვისაც ჯამში 4 მლნ ევროზე მეტი დაფინანსება გამოიყო.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა გაგრძელდება ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში, რომელსაც ხელი 2016 წლის მაისში მოეწერა. პროგრამის მეორე ფაზა 2016-2018 წლებს მოიცავს და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის ევროკავშირის მხრიდან დამატებით 50 მილიონი ევროს დახმარებას ითვალისწინებს.

“საბჭოთა კავშირმა ფერმერებს ფრაგმენტირებული მიწები დაუტოვა მემკვიდრეობად. მცირე მიწების დამუშავება ძვირიც ჯდება და მწირ მოსავალსაც იძლევა. ENPARD-ის პროგრამის დახმარებით, ფერმერებიდან ბევრმა გაუგო გემო საერთო მიზნის მისაღწევად ერთად მუშაობას. კოოპერაციების სქემების დახმარებით, ფერმერთა შრომა მეტად ეფექტიანი ხდება, წარმოების ხარჯები კი მკვეთრად მცირდება”, – ამბობს ENPARD-ის პროგრამის საკომუნიკაციო ჯგუფის ხელმძღვანელი.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, უკვე რეგისტრირებულია 1 549 კოოპერატივი, სადაც გაერთიანებულია 13 282 მეპაიე. სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე კოოპერატივების რაოდენობა კი 1 041-ს შეადგენს.

კოოპერატივებს რეგიონების მიხედვით თუ დავაჯგუფებთ, კოოპერატივების რაოდენობით პირველ ადგილზეა სამცხე-ჯავახეთი – 356 კოოპერატივით. შემდეგ მოდის ქვემო ქართლი – 224 კოოპერატივით, მესამეა აჭარა, სადაც 157 კოოპერატივია რეგისტრირებული. მეოთხე პოზიცია უკავია კახეთს – 135 კოოპერატივით. ხუთეულის ბოლოში კი სამეგრელოა – 124 კოოპერატივით. თუ კოოპერატივებს დარგების მიხედვითაც დავაჯგუფებთ, ყველაზე მსხვილ სამეულს მეფუტკრეობა (380 კოოპერატივი), მესაქონლეობა (290) და თხილის წარმოება (90) წარმოადგენს.

როგორც Forbes Georgia-სთან ინტერვიუში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი მიშელაძემ განაცხადა, სწორედ მესაქონლეობისა და მეფუტკრეობის მიმართულებით დარეგისტრირებული კოოპერატივების სიმრავლემ გადააწყვეტინათ მეფუტკრეობისა და მერძევეობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება, რათა მათ სწრაფად განვითარებას შეუწყონ ხელი. პროგრამაში მონაწილეთა რეგისტრაცია უკვე დასრულდა და მისი განხორციელება უახლოეს მომავალში დაიწყება.

მეფუტკრეობის სახელმწიფო პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში, 51 კოოპერატივს გადაეცემა 3 609 სკა, 19 კოოპერატივი მიიღებს 19 ერთეულ თაფლის საწურს და ჯამურად 41 800 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახ ჭურჭელს. კოოპერატივებს საჭირო ინვენტარის ჯამური ღირებულების მხოლოდ 30%-ის გადახდა მოუწევთ.

“დიდია ალბათობა იმისა, რომ ქართული თაფლი ევროკავშირის ბაზარზე მოხვდეს, მაგრამ რადგან ევროპა ძალიან მკაცრია, ამიტომ ჩვენს მეფუტკრეებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა, რომ ხარისხიანი თაფლი მივიღოთ. პროგრამის ფარგლებში, სკების იდენტიფიცირებაც მოხდება, რაც მიკვლევადობის სისტემის დანერგვას შეუწყობს ხელს. მეფუტკრეობის მხარდასაჭერად უკვე დახარჯულია 900 ათას ლარამდე. ამ პროგრამის ფარგლებში კი კიდევ 300 000 ლარი გამოიყოფა”, – ამბობს გიორგი მიშელაძე.

მისივე თქმით, 1 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული რძის მწარმოებელი სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამისთვის. მონაწილეებს, დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი მცირე საწარმოები გადაეცემათ, რომლებიც აღჭურვილი იქნება ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშის გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით, გადაეცემათ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობაც.

“ქართველი გლეხი მხოლოდ ოჯახის გამოკვებაზე არ უნდა იყოს ორიენტირებული. სახელმწიფო ცდილობს, ფერმერებს კოოპერაციის სიკეთის გააზრებაში დაეხმაროს და სწორედ ამისთვის არსებობს სპეციალური სახელმწიფო პროგრამები. გლეხებმა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას როგორც ბიზნესს, ისე უნდა შეხედონ”, – ასეთია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი მიშელაძის სურვილი, რომლის დაკვირვებით, “ლიდერები თანდათან ჩნდებიან კოოპერატივებში და ცდილობენ, სხვებიც დაარწმუნონ კოოპერაციის უპირატესობაში”.

იმ პრობლემებს შორის, რომლებიც კოოპერატივების განვითარებას აფერხებს, Oxfam-ის ეკონომიკის პოლიტიკის პროგრამების მენეჯერი ლევან დადიანი (Oxfam-ი ერთ- ერთია იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ENPARD-ის პროგრამას ახორციელებენ) სოფლად მცხოვრებთა შორის არსებულ ნდობისა და ასევე ბიზნესუნარ-ჩვევების დეფიციტს ასახელებს, რის აღმოფხვრას ENPARD-ი ტრენინგებით და დაფინანსებული კოოპერატივების წარმატებული საქმიანობის ჩვენებით ცდილობს.

ერთგვარ “მენტალურ პრობლემად” რჩება ასევე უკვე რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხრიდან გრანტების მუდმივი მოლოდინი, რაც აჩენს ლოგიკურ კითხვას – 1 549 კოოპერატივი მხოლოდ გრანტების მიღების მიზნით ხომ არ შეიქმნა და არა იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობა ბიზნესად აქციონ? Oxfam-ის წარმომადგენელი ასეთი მოლოდინის არსებობას კოოპერატივებისთვის შემოღებული საგადასახადო შეღავათებითა და სახელმწიფოს მიერ ჩატარებული საინფორმაციო- პროპაგანდისტული კამპანიით ხსნის და აცხადებს, რომ რეალურად, სოფლად მოსახლეობის წვდომა ფინანსურ რესურსთან შეზღუდულია, ეს რესურსი კი აუცილებელია მათი ბიზნესის განვითარებისთვის.

“ამიტომ რეფორმის წარმატებისთვის გარდაუვალია, რომ მთავრობამ შეიმუშაოს და განახორციელოს სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამები, რაც სოფლად კოოპერაციულ საწარმოებს გააჩენდა და განავითარებდა (შესაძლებელია ENPARD-ის მოდელის საერთო ეროვნულ დონეზე რეპლიკაცია), რადგან გლეხები ჯერჯერობით კრედიტუნარიანი არ არიან და მათ საბანკო პროდუქტებზე ხელი არ მიუწვდებათ”, – ამბობს ლევან დადიანი.

ფერმერული გაერთიანებებისთვის რომ გრანტები და სხვა სახის დახმარებები გახდა კოოპერატივების შექმნის მოტივატორი, ამაზე საუბრობს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი რატი კოჭლამაზაშვილიც, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ დღეს უკვე თითქმის ყველა პროექტი მოითხოვს ფერმერისა თუ კოოპერატივის მხრიდან თანადაფინანსების არსებობას, ზრდის ფერმერთა პასუხისმგებლობას, რომ თავიანთ საქმეს მოეკიდონ როგორც ბიზნესს და არა როგორც საშუალებას, რომ “მიიღონ გრანტი და გაუჩინარდნენ”.

რატი კოჭლამაზაშვილი იმასაც ამბობს, რომ დღეს ბევრი კოოპერატივი ჯერ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. მისივე შეფასებით, რეალურად მოქმედი ENPARD-ის მიერ დაფინანსებული 200- მდე კოოპერატივია და შესაბამისად – სწორედ მათ განვითარებას აკვირდება ISET-ი განსაკუთრებული ყურადღებით. ამ მიზნით კვლევაც ჩატარდა. მონაცემები მუშავდება და კვლევის შედეგები შემოდგომაზე გამოქვეყნდება.

თუმცა რატი კოჭლამაზაშვილი რამდენიმე ტრენდს ექსკლუზიურად Forbes Georgia-სთვის მაინც გვიჯამებს – მაგალითად, საქართველოში დარეგისტრირებული კოოპერატივების უმეტესობა წარმოებაზეა ორიენტირებული (production cooperatives) და არა მომსახურების გაწევაზე (service cooperatives). ასევე, მართალია, საბჭოთა კოლმეურნეობასთან თანამედროვე კოოპერატივის ასოციაცია მეტწილად დამარცხებულია, მაგრამ ფერმერები მაინც ფრთხილობენ და კოოპერაცია/ გაერთიანება თავიანთ ახლობელთან/ ნათესავთან ან სულაც ოჯახის წევრთან ურჩევნიათ, რაც პირველ რიგში ნდობის ფაქტორით არის გამოწვეული.

“ხშირად გვესმის, რომ ევროპაში ძალზე გავრცელებულია კოოპერატივები და მთლიანი აგრო-სასურსათო გამოშვების დიდი წილი მათზე მოდის, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ წარმატებული კოოპერატივების უმეტესობა წევრებისათვის მომსახურების გაწევაზეა ორიენტირებული. მსოფლიოში გავრცელებული კოოპერატივების 95% სწორედ მათზე მოდის, ხოლო წარმოებაზე ორიენტირებულ კოოპერატივებს 5% უკავია. ამიტომ ჩვენი პრიორიტეტიც მომსახურებაზე ორიენტირებული კოოპერატივების მხარდაჭერა უნდა იყოს”, – განმარტავს ISET-ის მკვლევარი.

რაც შეეხება ეფექტიანობას, მის შესაფასებლად კოოპერაციის წახალისებასა თუ მონიტორინგში ჩართული მხარეები ერთნაირად მეტ დროს ითხოვენ. სახელმწიფო სააგენტოსთვის დარეგისტრირებული კოოპერატივების რაოდენობა უკვე წარმატებაა. Oxfam-ი უფრო კონკრეტულ და ხელშესახებ შედეგებს ელოდება: მეპაიეთა შემოსავლები მინიმუმ 30%-ით, მოსავლიანობა – 20%-ით, ხოლო პროდუქციის რეალიზაცია მინიმუმ 25%-ით უნდა გაიზარდოს. ISET-ი კი საკუთარი კვლევის შედეგების საბოლოო დამუშავებას ელოდება, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ყველა პროგრამა უფრო მიზნობრივი გახდეს.

Forbes Georgia ამ პროცესებში თქვენი უცვლელი გზამკვლევი იქნება. 

წინა სტატია

ბოსფორზე მესამე ხიდის მშენებლობა დასრულდა
24 აგვისტო, 2016

შემდეგი სტატია

Ritz Paris–ის ისტორია
24 აგვისტო, 2016
Forbes Georgia: 30 Under 30 - პოლიტიკა და საზოგადოება
რეიტინგი | აგვ, 22, 2018
საქართველოს რკინიგზამ გასული წელი 354.1 მლნ ლარის ზარალით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | აგვ, 23, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ფინანსები
რეიტინგი | აგვ, 24, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა