ქართული კოოპერატივების საპატიო დაფა

“თაფლი საჩინო”

“მემკვიდრეობით მეფუტკრე ვარ. უკვე ათი წელია, ამ საქმიანობას ვეწევი”, – ასე იწყებს საუბარს ვანელი მინდია ქავთარაძე – მეორე დონის კოოპერატივის, “თაფლი საჩინოს”, თავმჯდომარე. კოოპერატივში, რომელიც 2015 წელს დარეგისტრირდა, დღეისათვის 71 მეპაიეა გაწევრიანებული, ჰყავთ ფუტკრის 1500 ოჯახი და წელს 25 ტონა თაფლს ელოდებიან. თაფლის ექსპორტზეც ფიქრობენ, მაგრამ რადგან ისიც იციან, რომ საქართველო არ არის ევროკავშირის სიის იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც თაფლის იმპორტი უსაფრთხოა, ამიტომ ცდილობენ, თაფლის რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები მაქსიმალურად დააკმაყოფილონ. პარალელურად, მონაწილეობენ და სარგებლობენ კოოპერატივების მხარდაჭერის როგორც სახელმწიფო, ისე ENPARD-ის პროგრამებში. “ჯამში, თანადაფინანსებით, 30%/70%-ზე შევიძინეთ 960 ცარიელი სკა თავისი კომპლექტით; ასევე თაფლის საწურები. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში კი მეფუტკრეობის განვითარებისთვის საჭირო თითქმის ყველა ტექნიკა- დანადგარი გადმოგვცეს”, – უყვება Forbes Georgia-ს მინდია ქავთარაძე და ამბობს, რომ 2015 წელს კოოპერატივის შექმნისკენ სწორედ მხარდამჭერმა პროგრამებმა უბიძგა. “თაფლი საჩინოს” თავმჯდომარე სხვებსაც კოოპერაციისკენ მოუწოდებს, რადგან ფიქრობს, რომ “მარტო ვერაფერს გახდებიან”. “ყველა საფუტკრეში დასაცავია სპეციალური ნორმები ფუტკრის მოვლა- პატრონობით დაწყებული, მკურნალობითა და კვებით გაგრძელებული და თაფლის დაწურვა- გადამუშავება- ჩამოსხმა- რეალიზაციით დამთავრებული. ყოველივე ამას დიდი ცოდნა, ენერგია და ტექნიკა- დანადგარები სჭირდება. ეს მხოლოდ ერთმა მეფუტკრემ რომ შეიძინოს, ალბათ ათი წელი ვერ გავა მოგებაზე. სწორედ ამიტომ არის კარგი რესურსების გაერთიანება, ერთობლივი ძალებით არსებული პრობლემების მოგვარება და ნაკლები დანახარჯებით მეტი მოგების ნახვა”, – ამბობს მინდია ქავთარაძე.

“პერსპექტივა თხილი”

ბათუმიდან ორი საათის სავალზე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაბნიძეებში, 73 წლის ნოდარ ზოსიძეს თხილის ნარგავები აქვს გაშენებული. ის სამწევრიანი კოოპერატივის – “პერსპექტივა თხილის” თავმჯდომარეა. მაღალმთიანი აჭარის რელიეფიდან გამომდინარე, თხილის პლანტაცია 45-გრადუსიანი დაქანების ფერდობზე, სულ ექვს ჰექტარზეა გაშენებული. “თხილის გაშენების იდეა ჩემს ძმას მეზობელ თურქეთში მუშაობის დროს გაუჩნდა. იქ თხილის პლანტაციები უფრო ციცაბო ტერიტორიებზე აქვთ გაშენებული. თხილის პირველი ნერგი 2010 წელს დავრგეთ და ახლა უკვე სხვადასხვა წლოვანების ნარგავები გვაქვს”, – გვიყვება ნოდარ ზოსიძე და უხარია, რომ შარშან 500 კილოგრამი თხილის მოსავალი მიიღეს. “ერთი კილოგრამი რვა ლარად გავყიდეთ. ესეც 4000 ლარი. ხარჯების გამოკლებით 3000 ლარის შემოსავალი დაგვრჩა. სიმინდი რომ დამეთესა, 500 ლარსაც ვერ მივიღებდი. ხუთ- ექვს წელიწადში რვა ტონამდე თხილის მოსავალს ველოდებით”, – ამბობს 73 წლის აგრომეწარმე, რომელსაც მეთხილეობის დარგის პერსპექტიულობაში ეჭვი არ ეპარება. ამიტომ წლიდან წლამდე გაზრდილ წარმოებას მზად რომ შეხვდეს, ENPARD-ის (ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და განვითარების სამეზობლო პროგრამა) პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აჭარაში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მეშვეობით ხორციელდება. “პროგრამის შესახებ გაზეთ “გუთნისდედაში” წავიკითხეთ ინფორმაცია. საგრანტო პროექტი დავწერეთ, გავგზავნეთ და გავიმარჯვეთ – “ენპარდის” დაფინანსების ფარგლებში კოოპერატივს 11 700 ლარის ჯამური ღირებულების თხილის სარჩევი აპარატი, მოტობლოკი თავისი მისაბმელით და თხილის შესაწამლი დანადგარი გადმოგვეცა”, – ჰყვება ნოდარ ზოსიძე. მის გეგმებში ახლა თხილის საშრობის აშენება შედის, რადგან მოსავლიანობის ზრდასთან ერთად საშრობის საჭიროებაც იზრდება. “პერსპექტივა თხილი” ENPARD-ის მეორე ფაზის დაწყების მოლოდინშია, მაგრამ არც “შეღავათიანი იაფი სესხის პროგრამით” სარგებლობას გამორიცხავს.

კოოპერატივი “პერანგა”

უკვე 20 წელია, საკალმახე მეურნეობა აქვს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში მცხოვრებ გენადი ბერიძეს. წელიწადში 15-დან 20 ტონამდე კალმახისა და 1 მლნ ლიფსიტის რეალიზაციას ახორციელებს. ამბობს, როომ 1 გრამი ლიფსიტის ფასი 10 თეთრიდან იწყება, ხოლო სეზონზე 1 კგ კალმახი 8-10 ლარი ღირს. კოოპერატივის შექმნისკენ მასაც, როგორც სხვა ბევრ აგრომეწარმეს, კოოპერატივის მხარდამჭერმა პროგრამებმა უბიძგა. როგორც Forbes Georgia-ს გენადი ბერიძე მოუყვა, თევზის მოშენებაზე მეტად მისი რეალიზაცია უჭირდათ, რადგან ქალაქში (ბათუმში, გორში, თელავში) ტრანსპორტირებას კალმახები ვერ უძლებდნენ და გზაში იხოცებოდნენ. ამიტომ მსგავსი პროფილის ხუთი კოოპერატივი გაერთიანდა და ENPARD-აჭარამ მათ 3 ტონამდე ტვირთამწე მანქანა შეუძინა, რომელშიც სპეციალიზებული ავზია დამონტაჟებული, ჟანგბადის ბალონებით ცოცხალი თევზის გადასატანად. ENPARD-ის თანადაფინანსებამ 7 400 ლარი შეადგინა. „ჩვენთვის ყველაზე პრობლემური იყო ტრანსპორტირება, რადგან პლასტმასის ავზებში ლიფსიტების 30%-ზე მეტი იხოცებოდა. ასევე, ერთ გადატანაზე ჩვენი მანქანით 300 კგ თევზი გადაგვქონდა, ახლა 800 კგ-ის ტრანსპორტირება შეგვიძლია“, – ამბობს გენადი ბერიძე. კოოპერატივი „პერანგა“ შავი და ოქროსფერი კალმახების მოშენების გაფართოებაზე ფიქრობს, მაგრამ ჯერ არ ჩქარობს. „ENPARD-ის ახალ პროგრამას ველოდებით. გვინდა, დამატებითი ფართობები შევიძინოთ, სადაც საკალმახე მეურნეობებს მოვაწყობთ“, – ასეთია გენადი ბერიძის კოოპერაციული გეგმები.

წინა სტატია

Ritz Paris–ის ისტორია
24 აგვისტო, 2016

შემდეგი სტატია

ტურისტული ბუმი დუბაიში
25 აგვისტო, 2016
საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიები
რეიტინგი | მაი, 28, 2019
ლევან შავკაციშვილი TBC-ის გუნდს შეუერთდა
ინტერვიუ | ივნ, 12, 2019
ყველაზე პოპულარული სტატიები Forbes.ge-ზე. იანვარი-მაისი 2019
რეიტინგი | ივნ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა