სასიკეთო ცვლილებები სიახლისაკენ სწრაფვისთვის

სასიკეთო ცვლილებები სიახლისაკენ სწრაფვისთვის

“მენეჯმენტი  – საქმეების სწორად კეთებაა,  ლიდერობა კი სწორი საქმის კეთება” – პიტერ დრუკერი.

არსებობს უამრავი სახელმძღვანელო მეთოდოლოგია, მაგალითად, როგორ ავაშენოთ სახლი, როგორ გავიყვანოთ გზები, როგორ მოვიპოვოთ წარმატება, როგორ მოვახდინოთ გავლენა სხვებზე… თუმცა როგორ ვაშენოთ ურთიერთობები საქმის კეთებისას, ამას მარტოოდენ თეორიულად ვერ ისწავლი. სამოტივაციო შინაარსის თემატიკა მიზნად ისახავს ლიდერების მაგალითზე გავაანალიზოთ საჭირო ქმედებები, მათი ცხოვრებისეული ამბების მოსმენით საკუთარ თავში აღმოვაჩინოთ ძალა სასიკეთო ძვრებისთვის.

ჩვენმა ქვეყანამ რთული ეკონომიკური პერიოდები გამოიარა და რყევებს გაუძლო  თავისი კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობით. სიტუაცია ჯერ ისევ ტურბულენტობის ფაზაშია, მაგრამ ცალკეულ ადამიანთა ან მათი გაერთიანების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად წინსვლა და განვითარების ახალი შესაძლებლობები სახეზეა.      

ლიდერის თვისებათა შესწავლა გვმატებს შემართებას, რაც ნებისყოფის მეშვეობით  ხასიათის შტრიხად ყალიბდება. ცხადია, ესა თუ ის უნარი ან ტალანტი ადამიანებს განსხვავებულად ეძლევა. ჩვენი მონდომება განაპირობებს, რას როგორ განვავითარებთ.     

ერთერთ საუკეთესო მოტივატორისა და ბიზნეს-გურუს, სტივენ ქოვეის ბესტსელერში “მაღალეფექტიანი ადამიანების 7 უნარი” ზედმიწევნით კარგადაა ახსნილი პიროვნული სიძლიერის განმტკიცებისა და პრინციპებისადმი ურიერთდამოკიდებულების ასპექტები. სწორი ფასეულობების ჩამოსაყალიბებლად პირადად ჩემთვის და ვფიქრობ, მკითხველისთვისაც, საინტერესოა რა გზა გაიარეს ლიდერობით გამორჩეულმა ჩვენივე თანამედროვეებმა და რა პიროვნული ტრანსფორმაცია განიცადეს ბარიერების გადალახვით. 

ჩვენთვის კარგად ნაცნობი ერთერთი პიროვნების წარდგენამდე მისივე სიტყვებით გადმოვცემ ბიზნესის არსს – ეს უპირველეს ყოვლისა უდიდესი პასუხისმგებლობაა საქმისადმი, რასაც აკეთებ, იმ ადამიანთა ოჯახების მიმართ, ვისაც ასაქმებ და ფაქტობრივად შენივე ქვეყნისადმი, რადგან ამით გარკვეული წვლილი შეგაქვს ეკონომიკაში. ხელებდაკაპიწებული მუშაობაა საჭირო და არანაირი შრომა სათაკილო არაა, პირიქით, აუცილებელი და მისასალმებელია შრომისმოყვარეობის ნიჭის გაღრმავება. ყოველი საქმე პატარა შრომით იწყება. ცხოვრების ახალი ფურცლის გადაშლა მხოლოდ გულმოდგინე  მუშაობითაა შედეგიანი.  

ბიზნესი რეალურად სხვისთვის საჭირო საქმის კეთებაა. ქმნი პროდუქტს / მომსახურებას  მათთვის, ვინც ამით ისარგებლებს. იგი იმდენ ხანს გაძლებს, ვიდრე დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს, ვისაც ემსახურება. ბიზნესის სიცოცხლუნარიანობა ფინანსურ სიძლიერეზეა დამოკიდებული. 

ბუნებრივია, როცა ბიზნესს ვიწყებთ, მისგან მოგებას მოველით. თუმცა ლიდერისთვის სამოქმედო ძალა ანუ დრაივი – სასიკეთო ცვლილებებისკენ სწრაფვაა. შესაბამისად, ინსპირაცია და ახლებური აზროვნების გამოწვევა გაცილებით მეტია, ვიდრე ციფრებში გამოსახული მოგების კოეფიციენტი. “რა იდეაც არ უნდა იყოს შთაგონების წყარო, რა თქმა უნდა, ერთგვარ “დატესტვას” მოითხოვს. მხოლოდ ამის შემდგომ იღებს ბიზნესის სახეს. თუმცა არც ერთი საქმე არ წამოგვიწყია იმ პოზიციიდან, “რამდენ ფულს ვიშოვნით”. ძირითადი მამოძრავებელი ყოველთვის იყო და დღესაც ასეა: რა შევქმნათ ისეთი, რაც ჩვენ გარშემო ადამიანებს უკეთესობისკენ წაიყვანს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ უბრალოდ, დაგვილაგებია სიტუაცია და საქმე მერე სხვებს გაუგრძელებიათ” – ასე ლოგიკურად ასაბუთებს ბიზნეს-ლიდერი მამუკა ხაზარაძე თავის საქმიანობის მრავალმხრიობას.  

მისი ინტერესის სფერო არის არა მენეჯმენტში უშუალო ჩართულობა, არამედ სიახლის ძიება.   პროფესიონალებში პრიორიტეტს ანიჭებს ახალგაზრდულ ძალას და ენერგიას. კადრის შერჩევისას გადამწყვეტია მისწრაფებები, გატაცება და შემოქმედებითი აზროვნება. ეს ეხმარება ხმაშეწყობილად იმოქმედონ და ბუნებრივია, უნისონში საქმის კეთება კიდევ უფრო მეტ პოზიტიურ მუხტს იძლევა. “ყველაზე დიდი აქტივი რაც გაგვაჩნია, არის 6000-ზე მეტი ადამიანი მარტო თიბისიბანკში და კიდევ უამრავი კოლეგა, ვინც ჩვენ კომპანიებშია დასაქმებული, ყოველთვის მახარებს, რომ ამ დიდი კომპანიის ნაწილი ვარ და ყველა წარმატება, რაც მოვიპოვეთ, ხორციელდება ჩვენ ქვეყანაში”.

ბევრ თქვენგანს სმენია გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია. ის ანვითარებს ყველა საჭირო უნარს და პირველ რიგში, პირად პასუხისმგებლობას, რაც მთავარი საყრდენია პიროვნულ ზრდა-განვითარების პროცესში. დღესდღეობით, როცა განათლება ჩვენი ქვეყნის ერთერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, უაღრესად მნიშვნელოვანია სწავლება საერთაშორისო დონის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. “პრაქტიკულად ჩვენ მოვახდინეთ გადატრიალება არსებულ საგანმანათლებლო სისტემაში. დაახლოებით 55 მოზარდმა ბოლო სამი წლის განმავლობაში მიიღო 2-3,5 მლნ დოლარიანი სტიპენდიები. ჩვენ კურსდამთავრებულებს გზა ხსნილი აქვთ  ვესტპოინტის, ჰარვარდის, პრისტონის, კოლუმბიის უნივერსიტეტებში”.     

საკუთარ თავს ბოლომდე რეალიზებულად არ მიიჩნევს. თითქოს უცნაურია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ლიდერი სწორედ იმით არის საინტერესო, როგორ ვითარდება, გასაკვირი არც არის, რომ არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით, არ ექცევა კომფორტის ზონაში. ერთი ხატოვანი შედარებაც ლოგიკურად უკავშირდება მის პიროვნებას: მთაზე ასვლისას 3 საყრდენი გჭირდება: მიზანი, ხედვა და სიახლეებისკენ სწრაფვა. ეს მამუკა ხაზარაძის ცხოვრებისეული კრედოა.

“მრავალი წლის განმავლობაში ჩვენ მოვიპოვოთ რეპუტაცია, რომელიც გულისხმობს რისკზე წასვლას, რადგან უშიშრად ვეჭიდებით ახალ გამოწვევებს. შინაგანად ვგრძნობთ რა არის ჩვენი მოწოდება და მივყვებით მას. ვაკეთებთ, რასაც გული გვკარნახობს და ყოველთვის ვეყრდნობით იმ ფასეულობას, რაც ბრენდისადმი პატივისცემაში გამოიხატება. მართალია, საკმაოდ დივერსიფიცირებული ბიზნესი გვაქვს, არც ერთი მათგანით არ ვრისკავთ ზურგის დაუცველად”. ვფიქრობ, რჩევად გამოადგება ნებისმიერ “სტარტაპს”, რათა  ამ პრინციპით მართოს თავისი საქმიანობა და რისკების გაუთვლელად არც ერთი ნაბიჯი არ გადადგას.   

არსებობს ასეთი ფიგურალური გამოთქმა – გემის კაპიტნის მსგავსად ლიდერი მესაჭეა, რომელიც პასუხს აგებს სწორი კურსით სიარულზე. ნებისმიერი მიმართულება თუ გეზის შეცვლა დამოკიდებულია იმ პროფესიონალთა გამოცდილებაზე, ვინც მასთან ერთად ქმნის  “ეკიპაჟს”. ლიდერის დანიშნულებაა გულწრფელობის ხარჯზე ნდობის მოპოვება და  გუნდის წევრების დაცვა. მათ არა მარტო პიროვნულად უნდა სჯეროდეთ ლიდერის, არამედ იმ იდეების, რომლის ინსპირაციას ლიდერი ახდენს. მასვე ეკისრება ფუნქციების სწორი განაწილება.

ზუსტად ასეთი წინამძღოლი დავინახე ჩემს რესპოდენტში, რომელიც ადამიანურ ფაქტორებში დიდად აფასებს სოციალურ პასუხისმგებლობას. იზიდავს ხალხი, ვისაც აინტერესებს საქმე, რომელსაც არ აქვს ზღვარი. თანამშროლობს ისეთ პიროვნებებთან, ვინც კონკრეტულ სპეციალობაში ძლიერია. იცის, რომ დამკვიდრების პერიოდი რთულია, მაგრამ საინტერესო და რაც მთავარია, შედეგი არის ყველაზე სანუკვარი. თვითშეცნობა უდიდესი მიღწევაა, რისკენაც მიილტვის კაცობრიობის შეგნებული ნაწილი. საკუთარი თავის პოვნას ვინც ახერხებს, ბედნიერია. წინააღმდეგობებით აღსავსე 21-ე საუკუნეში უმნიშვნელოვანესია აღმოაჩინო შენი მეორე “მე”.

რა შემთხვევაში წავა კომპრომისზე?! მხოლოდ იმ დოზით, რომ “გემი” უვნებელი მივიდეს ნაპირამდე. კამათობენ მხოლოდ პროექტების მსვლელობის, განვითარების შესახებ, ეს უფრო აზრთა ჭიდილია სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე, ტაქტიკურ სვლებზე.  ლიდერის ერთერთი ფუნქცია თამაშის წესების შეცვლაა. ზოგადად, გუნდში ნებისმიერი ადამიანი მიჩვეულია რაღაც აკეთოს, როცა ეუბნებიან, რომ რამე უნდა შეიცვალოს, თავდაპირველი რეაქცია ერთგვარ პროტესტის გამოხატულებაა, მაგრამ თუ ინსპირაციას მისცემ და თავად მოანდომებ, რომ შექმნას და გახდეს ცვლილების ნაწილი. მაშინ გრძნობს პირად მნიშვნელობას და აფასებს ამ დამოკიდებულებას.

რა განცდა დაეუფლა, როცა პირველი დამარცხება იწვნია?! ეს იყო გაკვეთილი, რამაც დაანახა, რომ საჭიროა პროფესიონალთა კრიტიკული მასის შეკრება. ყველაზე ფასეული კი ის არის, რომ რამდენჯერაც წაიფორხილეს, იმდენჯერ წამოდგნენ, თან უფრო მედგრად, მეტი შემართებითა და ბრძოლის ჟინით.

როგორ ისწავლა უარის თქმა?! როგორც კი დარწმუნდა, რომ არის საკითხები, როცა სჯობს გაემიჯნოს მენეჯმენტს, დოკუმენტურად გააფორმა “ხელწერილი,” სადაც დადო ე.წ. პირობა საკუთარი  ფუნქციების შესრულებაზე და ისეთ სფეროსგან თავის არიდებაზე, რაც მენეჯმენტის პრეროგატივაა.

 რა ეხება ლიდერს?! განვითარებაზე მუდმივად ზრუნვა, ერთდროულად რამდენიმე თემაზე ფიქრი, თამაშის წესების შეცვლა, კრიზისის პროცესში მყისიერი რეაგირება, გუნდის უსაფრთხოება, დამსახურებული ქმედების აღიარება და პროფესიონალთა დაფასება.  

რესპოდენტთან საუბრის შედეგად ლიდერის სახასიათო თვისებათა საუკეთესო ათეული  ჩამოვაყალიბე:       

  1. აიღე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე
  2. დაიწყე თვითდამკვიდრებით
  3. შეკრიბე განათლებული ადამიანების გუნდი
  4. ავტორიტეტი ეძიე საკუთარ თავში
  5. ისწავლე გადაწყვეტილების სწრაფი მიღება
  6. დაცემის შემდეგ უფრო მხნედ წამოდექი
  7. იყავი მიმტევებელი, წყენა არ ჩაიდო გულში
  8. შთაგონებას ყოველთვის ლოგიკაც მიაყოლე
  9. გაბედე უარის თქმა საჭიროების შემთხვევაში
  10. მიენდე შინაგან ხმას, იმოქმედე ინტუიციის კარნახით!

დარწმუნებული ვარ, თვითმოტივაციისთვისაც გამოგადგებათ და პიროვნული განვითარების გზაზე სიახლეებისთვისაც შეგამზადებთ.  

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *