ობრი მაკკლენდონის ორმაგი სახე

სანამ შევუდგებოდით სადილს, რომელიც სტეიკისა და შემწვარი კარტოფილისაგან შედგებოდა, მილიარდერი მენავთობე ობრი მაკკლენდონი ოკლაჰომა-სიტის კარგად ცნობილი რესტორნის, Deep Fork Grill-ის ერთ-ერთ მაგიდაზე ჩამწკრივებული ღვინის ბოთლების შერჩევით იყო გართული. „მშვენიერია, აი 10-დოლარიანი ღვინო. აი კიდევ ერთი 10-დოლარიანი, - მან ჩაიცინა - ეს შენი გადასაწყვეტია, კრის, შეგვიძლია იაფფასიანი ღვინო მივირთვათ, მაგრამ კარგი ღვინის დალევაც შეგვიძლია".

მაკკლენდონის შემოთავაზება რიტორიკული იყო. იგი ამ რესტორნის თანამფლობელია და სასმელიც უკვე წინასწარ, ორი საათით ადრე ჰქონდა შერჩეული. ღვინოებიც საუკეთესო, შეიძლება ითქვას, მეფური იყო: 1989 წლის Petrus, 1989 წლის Haut Brion და, რა თქმა უნდა, 1982 წლის Lafite Rothschild- დაახლოებით ათი ათასის ღირებულების სასმელი.

ერუდირებული და საკუთარ თავში დარწმუნებული მაკკლენდონი, რომელსაც უჩარჩოო სათვალე თავის 52 წელთან შედარებით ბევრად ახალგაზრდულ იერს აძლევს, ქარიზმატული და მომხიბლავია და სულაც არ რცხვენია ფულის ხარჯვისა. მან ეს თვისებები წარმატებით გამოიყენა ბიზნესში და გასაოცარი შედეგიც მიიღო, მისი Chesapeake Energy, კომპნია ExxonMobil-ის შემდეგ, ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია ქვეყანაში. კომპანია დღეში 3 მილიარდი კუბური ფუტის მოცულობის გაზს იღებს მის მფლობელობაში არსებული 13,7 მლნ-აკრიანი ტერიტორიიდან, რომელიც ფართობით დასავლეთ ვირჯინიას უტოლდება.

რაც უფრო მეტ დროს ატარებთ მაკკლენდონთან ერთად, მით მეტად გეხვევათ თავბრუ - არა იმდენად საუკეთესო სასმელისაგან, რამდენადაც გამაოგნებელი სტატისტიკისაგან. კომპანია Chesapeake ამაყობს საბაზრო კაპიტალიზაციის მოცულობით, რომელიც $17 მილიარდს შეადგენს და მიმდინარე წელს $9,5 მილიარდ შემოსავალზე $2-მილიარდიანი მოგების მიღებას გეგმავს. კომპანიაში მუშაობს 12 000 ადამიანი - მათ შორის 4 500 ე.წ. „ნიადაგის მზვერავი" (land scouts), რომლებიც აშშ-ის ტერიტორიის თითოეულ აკრს იკვლევენ - და, დამატებით, წელს დასაქმებული 3 300 ადამიანი. Forbes-ის შეფასებით, მაკკლენდონის პირადი ქონება $1,2 მილიარდს აჭარბებს. ის ფლობს კომპანიის თითქმის ყველა ჭაბურღილის 2.5%-იან წილს, უძრავ ქონებას და 19%-იან წილს NBA-ის (კალათბურთის ნაციონალური ასოციაციის) კლუბ Oklahoma City Thunder-ისა, რომელიც მაკკლენდონის დახმარებით სიეტლიდან მის მშობლიურ ქალაქში გადაბარგდა, რამაც საკმაოდ სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია. აშშ-ის ნავთობისა და გაზის მრეწველობის სფეროში მაკკლენდონი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და ამავდროულად საშიში ადამიანია.

თუმცა ამავე დროს იგი ყველაზე წინდაუხედავი და ავანტიურისტი მეწარმეა, რომელიც რისკისადმი არაჩვეულებრივი ტოლერანტობით გამოირჩევა. კომპანიისათვის თითქმის საბედისწერო აღმოჩდა 2008 წელი, როდესაც ექსტრემალური ფინანსური ბერკეტის, აგრესიული ფინანსირებისა და ნავთობსა და აირზე ფასების ვარდნის გამო Chesapeake-ის აქციების ფასი 80%-ით დაეცა. მაკკლენდონი იძულებული გახდა თითქმის ყველა საკუთარი აქცია გაეყიდა, რათა საბირჟო მარჟა შეენარჩუნებინა. კომპანიას კი მილიარდების ჩამოწერა მოუხდა.

მიუხედავად იმისა, რომ Chesapeake-მა კრიზისიდან ღირსეულად გამოსვლა მოახერხა და თიხაფიქლის ახალი ფორმაციების შეძენითა და მათი ათვისებით ბუნებრივი აირის მიწოდების რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მე მაინც უაღრესად კრიტიკული ვიყავი მაკკლენდონისადმი და განვუცხადე,რომ ის თავზე ხელაღებული ადამიანია, რომელიც დაუმსახურებლად მაღალ ანაზღაურებას იღებს და, ჩემი აზრით, მის მიერ აშენებული კომპანია მის გარეშე გაცილებით უკეთეს შედეგებს მიაღწევდა.

მაკკლენდონმა საპირისპიროს დამტკიცება გადაწყვიტა. იგი მყარად იცავს მოსაზრებას, რომ „ნებისმიერ სფეროში წარმატების მთავარი გასაღები ხანმოკლე მეხსიერება და სქელი კანია"... მან ფართოდ გამოაღო კომპანია Chesapeake-ის კარი და ხელმისაწვდომი გახადა ათეულობით მაღალი რანგის აღმასრულებელი - მთავარი ოპერაციული დირექტორი, მთავარი იურიდიული კონსულტანტ-მრჩეველი, მაღალი რანგის ინჟინრები, მილსადენის დირექტორი, კომპანია Chesapeake-ის ფიზიკური მომზადების დირექტორიც კი, ასევე, ოკლაჰომა-სიტის მერი, შტატის ყოფილი იუსტიციის მინისტრი და არქიტექტორი, რომელმაც კომპანიის მშვენიერი კამპუსის პროექტი და დიზაინი შეიმუშავა.კომპანიის ერთ-ერთ საბურღ სადგურამდე ვერტმფრენით გადავფრინდით.

კომპრესირებული ბუნებრივი აირის სადგურზე ყველგანმავალ ავტომობილში მოვთავსდით. Chesapeake-ის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, სასტუმროც კი შემიცვალეს და ქალაქის ცენტრში მდებარე უკეთეს სასტუმროში გადამიყვანეს (თუმცა საფასური, რა თქმა უნდა, Forbes-მა გადაიხადა.

მაკკლენდონმა ოთახი კი გამომიცვალა, მაგრამ მის კომპანიაზე ჩემი შეხედულების მნიშვნელოვნად შეცვლა ვერ შეძლო. ყველაზე შთამბეჭდავი ის არის, რომ მან საკუთარ თავზე აიღო ამერიკის ბუნებრივი აირის რევოლუციის ლიდერობა; ყველაზე შემაშფოთებელი კი ის, რომ, როგორც ჩანს, მაკკლენდონმა საკუთარი თითქმის საბედისწერო გამოცდილებიდან ვერავითარი დასკვნა ვერ გამოიტანა.

მაკკლენდონს შეეძლო ენერგეტიკული ბიზნესის სფეროში საკმაოდ მშვიდ გარემოში ემუშავა. მისმა დიდმა ბიძამ, რობერტ კერმა (Robert Kerr), ოკლაჰომის გუბერნატორმა, ნავთობის გიგანტი Kerr-McGee დააარსა, მაკკლენდონის მამა კი ამ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იყო. მაგრამ Duke University -ის კურსდამთავრებულმა (მთავარი სპეციალიზაციით ისტორიაში და მეორადი სპეციალიზაციით ბუღალტერიაში) მაკკლენდონმა, რომელიც უშუალოდ ადევნებდა თვალს მეწარმე ბიძის ბიზნესის უკუსვლას1982 წლის ნავთობის კრიზისის პერიოდში, გადაწყვიტა დამოუკიდებლად დასდგომოდა ამ სახიფათო გზას, როგორც მიწის მოიჯარე ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბიზნესში ყველაზე დაბალი საფეხურია ე.წ. მზვერავი მოიჯარე - თანამშრომელი, რომლის მთავარი ფუნქციაა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების უფლების მქონე პირთა მოძიება და ამ უფლების იჯარით აღება, მეპატრონისათვის ბონუსის გადახდით და როიალტის პერსპექტივით.

მეორე მიწის მოიჯარესთან, ტომ ლ. უარდან (Tom L. Ward) გაუთავებელი „საიჯარო ორთაბრძოლა" იმით დამთავრდა, რომ ორმა 23 წლის ახალგაზრდამ ძალები გააერთიანა და 1993 წელს კომპანია Chesapeake-მა აქციების პირველი საჯარო გაყიდვა განახორციელა. (2006 წელს უარდი გამოეყო მაკკლენდონს და საკუთარი კომპანია Sand-Ridge Energy დააარსა. ის ყოველთვის არიდებს თავს მაკკლენდონთან მომხდარი უთანხმოების შესახებ დასმულ კითხვებს: „ეჭვიც არ მეპარება, რომ მათ კარგად იციან, რას აკეთებენ. ეს ძალიან ჭკვიან მენეჯერთა გუნდია", ამბობს ის.)

1990-იანი წლების განმავლობაში უარდმა და მაკკლენდონმა აითვისეს ტეხასისა და ლუიზიანის თითქმის მთელი ტერიტორია და დანერგეს ბურღვის ახალი ჰორიზონტალური ტექნიკა. თუმცა მათი მცდელობები ხშირად წარუმატებელი იყო - ეს კი უზარმაზარ პრობლემას ქმნიდა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასების მკვეთრად დაცემის პერიოდში; მით უმეტეს, რომ ისინი სარისკო ფინანსურ ბერკეტებს იყენებდნენ, მათი ვალდებულებები მნიშვნელოვნად აჭარბებდა მათსავე აქტივებს. ათწლეულის დასასრულისათვის მათი კომპანიის აქციათა ღირებულება 90%-ით იყო შემცირებული.

მაგრამ მაკკლენდონის, როგორც მიწის მოიჯარის ბექგრაუნდი უფრო იღბლიანი აღმოჩდა. ენერგეტიკის სფეროში მოქმედ კომპანითა უმრავლესობის სათავეში გეოლოგები და ინჟინრები დგანან: ათწლეულების განმავლობაში წარმატებული „უაილდკეთინგი" (ნაკლებად შესწავლილ ტერიტორიაზე წარმოებული საძიებო ბურღვა) ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების აღმოჩენას გულისხმობდა. ტექნოლოგიების განვითარებამ კი სასარგებლო წიაღისეულის მოძიებისა და მოპოვების პროცესი ბევრად გაამარტივა; ამან გამოიწვია თიხაფიქლის ბურღვის ნამდვილი ბუმი - თიხაფიქალი მთის თხელპლასტიანი ქანებია, რომლებიც მიწის ქვეშ ერთი მილის ან მეტ სიღრმეზეა განლაგებული და დიდ ფართობზე გადაჭიმული. დადგენილია, რომ თიხაფიქლის ფენებში არსებული აირის მარაგი საკმარისია ბუნებრივ აირზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 20 წლის განმავლობაში. შესაბამისად, მთელი ინდუსტრია ახლა იმის ირგვლივ ტრიალებს, ვინ უფრო დიდ ტერიტორიას ჩაიგდებს ხელში (ყველაზე დიდი ტერიტორია, Marcellus Shale ნიუ-იორკიდან დასავლეთ ვირჯინიამდეა გადაჭიმული). „ვგრძნობდი, რომ სხვებთან შედარებით ბუნებრივი უპირატესობა მქონდა, რადგან კარგად ვიცოდი, როგორ უნდა მემართა ურთულესი „მიწის მანქანა", რათა ამ დიდ თამაშში გამარჯვების ალამი მე აღმემართა", - ამბობს მაკკლენდონი.

მაკკლენდონის „მიწის მანქანა" უკვე აქტიურად მუშაობდა 2008 წლის ივლისში, როდესაც ბარელი ნავთობის ფასმა - $147-ს, ხოლო ბუნებრივი აირის ფასმა ათას კუბურ ფუტზე $14-ს მიაღწია. იმ ზაფხულს მან Plains Exploration-თან ერთობლივი საწარმოო დაარსა, ლუიზიანაში Haynesville Shale-ის ერთი აკრის ღირებულებამ $30.000 შეადგინა - არც მანამდე და არც მას შემდეგ მიწის ერთ აკრზე მსგავსი ფასი არ დაფიქსირებულა.მისი კომპანიის აქციების ფასმა წარმოუდგენლად აიწია - მალე მათი ღირებულება $70 აშშ დოლარს მიაღწევდა - კომპანია Chesapeake-მა აქციათა საჯარო შეთავაზებით $2 მილიარდის მობილიზება შეძლო.

საკუთარ ძალებში დარწმუნებულმა მაკკლენდონმა ფსონები გააორმაგა: მისი პერსონალური ბალანსიც კომპანია Chesapeake-სას დაემსგავსა მას შემდეგ, რაც მან საკუთარი აქციების უზრუნველყოფის სანაცვლოდ თანხა ისესხა, რათა იმჟამინდელი საჯარო შეთავაზების დროს დამატებით 750 000 აქცია შეეძინა. დრო ძალიან ცუდად იყო გათვლილი: ოქტომბერში ეკონომიკამ კოლაფსი განიცადა, ენერგომატარებლებზე ფასები მკვეთრად დაეცა, კომპანია Chesapeake-ის აქციების ღირებულება განახევრდა. მაკკლენდონს საბირჟო მარჟის შესანარჩუნებლად დამატებითი უზრუნველყოფის წარმოდგენა მოსთხოვეს. მას შემდეგ, რაც მის მფლობელობაში არსებული 30 მილიონი (მაკკლენდონის აქციათა პორტფელის 90%-ზე მეტი) აქცია გაიყიდა, კომპანია Chesapeake-ის აქციათა ფასი კიდევ ერთხელ განახევრდა დ $11 შეადგინა (ერთობლივი სარჩელი ადასტურებს, რომ კომპანიას არ მოუხდენია მაკკლენდონის მიერ აქციათა შესაძენად აღებული ვალდებულებების კლასიფიცირება). მართალია მისი სიმდიდრე თვალსა და ხელს შუა აორთქლდა, მაგრამ მაკკლენდონი არ შემდრკალა. „მას წარბიც კი არ შეუხრია, - ამბობს Chesapeake-ის მილსადენის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მიქაელ შტიცე, - იგი კლდესავით უდრეკი იყო".

რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ის დახმარება, რომელიც ავბედობის ჟამს მაკკლენდონს მის მიერ დიდი რუდუნებით შერჩეულმა დირექტორთა საბჭომ აღმოუჩინა. 2009 წელს იგი დაჯილდოვდა $100-მილიონიანი სახელფასო პაკეტით, მათ შორის - $20 მილიონის ღირებულების stock grant-ით (აქციების უსასყიდლოდ გადაცემა). გარდა ამისა,მაკკლენდონის კერძო კოლექციიდან კომპანიამ $12 მილიონი ნაღდი ფულით შეისყიდა სამხრეთ-დასავლეთ ამერიკის ანტიკური რუკები; და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მან ასევე მიიღო $75 მილიონი ხუთი წლის განმავლობაში - არნახული პრივილეგია, რომელიც საშუალებას აძლევს მაკკლენდონს განახორციელოს საკუთარი კაპიტალის (ანუ, ამ შემთხვევაში, იმ კაპიტალის, რომელიც სწორედ ამ მიზნით გამოუყო კომპანიამ) ინვესტირება კომპანიის ყველა ჭაბურღილში 2,5%-იანი წილისათვის. მას არ შეუძლია შერჩევით ინვესტირება - ეს ნიშნავს: ან ყველაფერი, ან არაფერი. კომპანია Chesapeake-ის დაარსებიდან მოყოლებული, იგი სწორედ ამას აკეთებს, რამაც მას პერსონალური წილის სახით მოუტანა დაახლოებით $500 მილიონი - მისი $1,2-მილიარდიანი ქონების მთავარი ფაქტორი.

„შეგიძლიათ თქვათ, რომ მთელი ამერიკის მასშტაბით მე ვარ ერთადერთი მმართველი, რომელიც საკუთარ კომპანიასთან ერთად პირადად მონაწილეობს და იზიარებს კომპანიის ყოველდღიური ბიზნესსაქმიანობის შედეგებს და იმავეს იმკის, რასაც თავად კომპანია",- ამბობს მაკკლენდონი, შემდეგ კი, საკუთარ მორალურ უპირატესობაში დარწმუნებული,ამატებს: „მივიღებდით კი 2008 წლის ფინანსურ კოლაფსს, თუ ყველა კომერციული ბანკის, უძრავი ქონების კომპანიის ან ფასიანი ქაღალდების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორები, მმართველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ვალდებულნი იქნებოდნენ გარკვეული პროპორციით პირადად მიეღოთ მონაწილეობა თითოეულ გაცემულ სესხში, უძრავი ქონების უზრუნველყოფით გაყიდულ თოთოეულ ფასიან ქაღალდში ან ამ ფირმების მიერ დაფინანსებულ ყოველ გარიგებაში?"

სამართლიანი შენიშვნაა, რომელიც უოლ-სტრიტის რეფორმატორებმა გაითავისეს - მაგრამ ამავე დროს ის არასრულად აღწერს სიტუაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ექვემდებარება მაკკლენდონი იმავე რისკებს, რასაც მისი კომპანია. დიახ, ის და აქციათა სხვა მფლობელები მსგავსი რისკის წინაშე დგანან, როდესაც საქმე ჭაბურღილებს ეხება; მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით კომპანია Chesapeake-ის „მიწისზედა" საქმიანობაზე, ამ შემთხვევაში მაკკლენდონსა და მის კომპანიას არაფერი აქვთ საერთო - საუბარია მიწასთან დაკავშირებულ ურთულეს გარიგებებზე, რომლებიც კომპანიისათვის უზარმაზარი რისკის მატარებელია და სერიოზულ ჩაღრმავებას საჭიროებს.

აგვისტოს ცხელ დილას კომპანია Chesapeake-ის რამდენიმე მაღალი რანგის წარმომადგენელთან ერთად ოკლაჰომა სიტიდან ვერტმფრენით დასავლეთის მიმართულებით მივფრინავ. საბურღი აგრეგატები კვლავაც გამალებით მუშაობს, მაგრამ ამჯერად მათი მიზანი (Woodford Shale ან Granite Wash) უფრო სერიოზული და რთულად მისაღწევია, ვიდრე ადრეული 1980-იანი წლების მბურღავებისა. ახლა საკუთარი თვალით ვხედავ, როგორ იტაცებს მიწებს მაკკლენდონის მიერ შექმნილი „მიწის მანქანა".
მაკკლენდონის „მიწის მანქანის" პირველ საფეხურს წარმოადგენს 4 500 აგენტი, რომელთაც ზურგს უმაგრებს უნიკალური მონაცემთა ბაზა 20 მილიონი ჩანაწერით კერძო საკუთრების შესახებ.

მაკკლენდონის გუნდს მარტივად შეუძლია გაარკვიოს, ვინ ფლობს საკუთრების უფლებას პრესტიჟულ თიხაფიქლიან ტერიტორიებზე, თანაც ისე, რომ კონკურენტები ამის შესახებ ვერ შეიტყობენ. „მათთან კონკურენცია ძალიან რთულია, მათთვის მთელი არმია მუშაობს", - ამბობს რიჩარდ ჰანტერი (Richard Hunter), Carrizo Oil & Gas-ის ვიცე-პრეზიდენტი, კონკურენტი ჰიუსტონიდან. „საჭიროა მათ დაასწრო და საჭირო ადგილას ორი დღით ადრე აღმოჩნდე".

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანია Chesapeak-მა გააფორმა 600 000 ათასი საიჯარო ხელშეკრულება,რომელიც 9 მილიონი აკრის ტერიტორიას მოიცავს, შესაბამისად, აღნიშნული პროცესის დროს კომპანიამ მიწის მესაკუთრეებზე საიჯარო ბონუსის სახით $9 მილიარდი გასცა. ეს იმდენად დიდი ტერიტორიაა, რომ Chesapeake-ს მის სრულად ასათვისებლად 30 წელიწადი დასჭირდება. და რაც უფრო მეტი ახალი თიხაფიქლიანი ზონა აღმოჩნდება,მით მეტ მიწას ყიდულობს მაკკლენდონი. კომპანიამ უკვე $10-მილიარდიანი გრძელვადიანი სესხი დაიგროვა და საეჭვო ფინანსური ოპერაციებით დამატებით მილიარდებსაც მოუყარა თავი ახალ-ახალი ტერიტორიების შესაძენად. მაკკლენდონს მიაჩნია,რომ ეს გონივრულად დახარჯული ფულია, რადგან კარგი მიწების იაფად შეძენის შესაძლებლობა მცირეა.

როგორც სხვა ლევერიჯული ფინანსური „გამოგონებების" შემთხვევაში, მსგავსი სახიფათო სტრატეგიაც ამართლებს ხოლმე, ოღონდ მაშინ, როდესაც უზრუნველყოფის სახით ჩადებული აქტივების ფასი მაღალ ნიშნულზე რჩება. სანამ ბაზარი აღმავლობას განიცდის, ყველაფერი რიგზეა - განვიხილოთ თუნდაც სამხრეთ ტეხასის ტერიტორია -Eagle Ford Shale-ზე გაკეთებული ფსონი, სადაც კომპანია Chesapeake-მა 700 000 აკრი მიწის ფართობის შესაძენად 2010 წელს $1,7 მილიარდი დახარჯა.

ენერგოინდუსტრიას ეს ადგილი იმიტომ იზიდავს, რომ აქ დიდი რაოდენობითაა თხევადი მინარევებით - პროპანითა და ბუტანით მდიდარი ე.წ. „სველი" აირი, ("wet" gas) რომელიც ბუნებრივ აირზე გაცილებით ძვირად ფასობს. 2010 წლის ნოემბერში მაკკლენდონმა და ჩინურმა სახელმწიფო კომპანია Cnooc-მა ერთობლივი საწარმო შექმნეს. ჩინურმა კომპანიამ წინასწარ გადაუხადა მის კომპანიას $1,1 მილიარდი Eagle Ford-ში ერთი მესამედი წილის შესაძენად და დამატებით კიდევ $1,1 მილიარდის ვალდებულება აიღო საბურღი სამუშაოების დასაფინანსებლად. ესეც ასე! კომპანია Chesapeake-მა თითქმის მთლიანად ამოიღო თავდაპირველი ინვესტიცია, საბურღი სამუშაოების ხარჯების თანამოზიარეც იშოვა და ორი მესამედი წილის შენარჩუნებაც შეძლო.

2008 წლის შემდეგ მაკკლენდონმა თავი მოუყარა $10 მილიარდს აქტივების გაყიდვით და $6 მილიარდს საბურღი სამუშაოების თანაზიარი დაფინანსებისათვის ერთობლივი საწარმოების შექმნით BP-სთან, Statoil-სა და Total-თან. მან ასევე შეძლო მილიარდების მოზიდვა აქციათა დამატებითი ემისიის გზით (მიმოქცევაში არსებულ აქციებს იგი საშუალოდ წლიურად 12%-ით ზრდიდა - მაშინ როცა მრეწველობის ამ დარგისათვის ანალოგიური საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ 2%-ს შეადგენს). და მაინც, ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი; ყველაფრის მიზეზია კომპანიის მიერ აღებული ვალი - Chesapeake-ის საერთო კაპიტალთან მისი ვალდებულებების შეფარდების მაჩვენებელი 40%-ია, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებლია მსგავს კომპანიებს შორის.

ისტორია კიდევ უფრო უჩვეულო ხდება მას შემდეგ, რაც კომპანია Chesapeake მასობრივად იწყებს ინოვაციური ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებას. Chesapeake- მიმდინარე წელს $500 მილიონის მოზიდვას აპირებს როიალტი ტრესტის აქციათა პირველი საჯარო შეთავაზების გზით, როდესაც ინვესტორები ყიდულობენ კონკრეტული ნაკვეთიდან სამომავლო შემოსავლების მიღების უფლებას. ისინი ასევე ფართოდ იყენებენ ოფციონებსა და დერივატებს და იღებენ პრემიებს ოფციონების გაყიდვამდე. ასეთი ჰეჯირების შედეგად 2006 წლიდან მიღებულ იქნა $7,7 მილიარდი რეალიზებული მოგების სახით. მაგრამ ზოგიერთი ასეთი გარიგება, მაგალითად, ნედლი ნავთობის ოფციონების გაყიდვა 2015 წლისათვის, სამომავლო ღირებულებით - ბარელზე $85, ძირს გამოუთხრის კომპანიას, თუ ნავთობის ფასები ისევ გაიზრდება.

ცალკე აღნიშვნის ღირსია $6 მილიარდი, რომელიც კომპანიამ მიიღო ე.წ. მოცულობითი პროდუქცით ანგარიშწორების ინსტრუმენტის (volumetric production payments), ანუ VPPs-ის საშუალებით. ეს მეთოდი გულისხმობს კონკრეტული ტერიტორიიდან სამომავლო პროდუქციის გაყიდვას წინასწარი ანგარიშსწორების საფუძველზე. Chesapeake-ის კონკურენტები დაფინანსების ამ უცნაურ მეთოდს იშვიათად იყნებენ, მათ ეს რეალურად არც სჭირდებათ. „არავის გაუკეთებია იმდენი, რამდენიც ჩვენ შევძელით",- ამაყობს კომპანიის დაფინანსების მიმართულების მთავარი დირექტორი დომენიკ დელ'ოსი (Domenic Dell'Osso). ინვესტორებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი მობლი კი ამატებს: „თუ იქნება ინკრიმენტალური ღირებულების მატების შესაძლებლობა, მზად ვართ კიდევ უფრო რთული მეთოდები გამოვიყენოთ".

კომპანია Chesapeake-ისადმი სკეპტიკურად განწყობილნი მას Enron-ს ადარებენ, ეს შედარება საერთოდ კეთილგანწობილ მაკკლენდონს ისევე ანრისხებს, როგორც მძიმე შეურაცხყოფა. „ჩვენ ანტი-Enron ვართ, -ამბობს იგი, - მათ გაყიდეს ნავთობისა და გაზის ყველა აქტივი, ჩვენთვის კი ეს აქტივები ყველაფერია". ზოგადად მაკკლენდონი მართალია: Enron თაღლითობის სინონიმია, რაც შეეხება კომპანია Chesapeake-ს, შეგვიძლია ვაკრიტიკოთ მისი ტაქტიკა, მაგრამ ის გაჭვირვალედ მოქმედებს და არასდროს შემიმჩნევია და არც მსმენია მათ მიერ განხორციელებული რაიმე არალეგალური ქმედების შესახებ.

მსგავსება უფრო ამ კომპანიათა კულტურაში უნდა ვეძიოთ: ზუსტად ისევე, როგორც ათწლეულის წინ Enron ჰიუსტონში, Chesapeake-იც ენერგიაზე დამოკიდებულ ქალაქში განვითარებული კომპანიაა, საკუთარი სახელის ადგილობრივ პროფესიულ სპორტულ არენაზე პოპულარიზაციით, შთამბეჭდავი კამპუსით (რომელიც თავისი 20 დაბალსართულიანი გეორგიანული სტილის შენობით უნივერსიტეტს უფრო წააგავს) და ყველაზე გონიერი ადგილობრივი ახალგაზრდების შემოკრების უნარით. Enron-სა და Chesapeake-ს შორის მსგავსება ძალზე ჩახლართული საბუღალტრო აღრიცხვის კუთხითაც შეინიშნება. გონებამახვილი ანალიტიკოსები ფილ ვეიზი (Phil Weiss) Argus Research-დან და ბობ ბრაკეტი (Bob Brackett) Bernstein Research-დან თვლიან, რომ VPPs ბალანსგარე ვალს (off-balance-sheet debt) წარმოადგენს - არსებითად ეს არის ვალი, რომლის დაბრუნება მოხდება ნატურით - ამ შემთხვევაში ბუნებრივი აირით - და არა ფულადი სახით. ბრეკეტის განცხადებით, ასეთი გზით „კომპანია რეალურად აღწევს დავალიანების შემცირებას (როგორც თავად აიღეს ვალდებულება), მაგრამ ეს მიიღწევა ვალის ბალანსგარე აღრიცხვაზე გადატანით" (კომპანია Chesapeake მსგავს მოსაზრებებს მწვავე კრიტიკით ხვდება).

VPPs-ს ბალანსგარე ვალად განიხილავენ S&Pდა Moody's-იც. შარშან, როდესაც კომპანია Chesapeake-მა VPPs შემოსავლები საბალანსო ვალდებულებების დასაფარავად გამოიყენა, Moody's ამის წინააღმდეგ წავიდა და VPPs ახალ ვალად ჩათვალა. მან ასევე ამხილა Chesapeake კონვერტირებადი პრივილეგირებული აქციების (convertible preferred stock) გაყიდვიდან მიღებული შემოსავლებით $2,6-მილიარდიანი ვალის დაფარვაში, როდესაც ამ ოპერაციის 50% კაპიტალის ზრდად, ხოლო 50% - ახალ ვალად შეაფასა. Audit Integrity, მაკონტროლებელი კომანია, Chesapeake-ის სააღრიცხვო პრაქტიკას „აგრესიულს" უწოდებს. კარლ იკანი (Carl Icahn) ამას საფრთხედ მიიჩნევს. 2010 წელს აქტივისტმა ინვესტორმა $1 მილიარდად 6%-იანი წილი შეიძინა და დაიწყო აგიტაცია ვალის შემცირებისათვის. გაზაფხულისათვის მან დაარწმუნა მაკკლენდონი გაეყიდა $5 მილიარდის აქტივები და თავადაც გაყიდა საკუთარი აქციები $500-მილიონიანი მოგებით.

მიწასთან დაკავშირებული გარიგებები Chesapeake-ის ჩრდილოვანი ნაწილია, რომელიც წელიწადში მიწების შესაძენად დაახლოებით $6,5 მილიარდს „იწოვს", მიწების გაყიდვიდან კი $5 მილიარდს იღებს. შემოსავალ-გასავალის ეს მოცულობები თითქმის უტოლდება კომპანია Chesapeake-ის ძირითადი საქმიანობის - ნავთობისა და ბუნებრივი აირის ბიზნესის ფინანსურ მაჩვენებლებს მაგრამ ამის შესახებ მოგება-ზარალის ანგარიშგებიდან ვერაფერს შეიტყობთ, რადგან იქ არ არის ასახული მიწის ნაკვეთების შეძენასა თუ გაყიდვასთან დაკავშირებული ოპერაციები. ეს იმიტომ, რომ კომპანია Chesapeake იყენებს ე.წ. სრული დანახარჯების აღრიცხვის (full-cost accounting) მეთოდს (ამ მეთოდის შემთხვევაში ჭაბურღილების მოწყობაზე გაწეული ხარჯების კაპიტალიზაცია ხდება ჭაბურღილების პროდუქტიულობის მიუხედავად ) და არა უფრო მიღებულ და აპრობირებულ „წარმატებული მცდელობების" ("successful efforts") მეთოდს (ამ მეთოდის შემთხვევაში კაპიტალად ითვლება მხოლოდ წარმატებით ფუნქციონირებადი ჭაბურღილების ღირებულება, ხოლო არაპროდუქტიული ჭაბურღილები განიხილება ხარჯად).

სრული დანახარჯის მეთოდი, რა თქმა უნდა, ლეგალურია, მაგრამ მისი გამოყენების შემთხვევაში ბუნდოვანი ხდება კომპანიის მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული გარიგებები და იმ სავალო ტვირთის (debt load) გავლენა, რომელსაც კომპანია იღებს საკუთარ თავზე აღნიშნული გარიგებების დასაფინანსებლად. იმის მაგივრად, რომ დაფიქსირდეს როგორც დანახარჯი და გამოაკლდეს შემოსავლების მოცულობას, კომპანია Chesapeake-ის ყველა დიდი ხარჯი (მიწის ნაკვეთების შესყიდვის, ბურღვისა და ყოველწლიური $700-მილიონიანი საპროცენტო გადასახდების) კაპიტალიზდება კომპანიის ბალანსზე.

ყოველივე ამის შედეგად კომპანიის წმინდა შემოსავალი უფრო დიდი ჩანს (ან უფრო მცირე, გარიგებიდან გამომდინარე). Chesapeake-ს „წარმატებული მცდელობების" მეთოდი რომ გამოეყენებინა, მიწის ნაკვეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები გადავიდოდა მოგება-ზარალის ანგარიშგებაში და საბოლოოდ აისახებოდა აქციაზე სუფთა მოგებაში (earnings per share) - $14 მილიარდი 2008 წლის შემდეგ. ამის მაგივრად ეს $14 მილიარდი არ აისახება ხარჯებში, რაც პრაქტიკულად ამცირებს მის ბაზისურ ფასს (cost basis) მიწის დანარჩენ ფართობზე. ასე ამაყობს კომპანია ინდუსტრიის ყველაზე დაბალხარჯიანი რეზერვით.

სააღრიცხვო მეთოდი მალავს გარკვეულ შეცდომებსაც - მაგალითად, $325 მილიონი, რომლითაც კომპანიამ 2010 წელს მიჩიგანში მიწის ნაკვეთები შეიძინა, მაგრამ მათგან არანაირი მოგება არ მიუღია. Chesapeake-ის წინააღმდეგ 100 სარჩელია შეტანილი იმის გამო, რომ იგი შეეცადა თავი აერიდებინა უკვე გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებებისათვის.

ხანდახან, მაშინაც კი, როცა კომპანია ბუნებრივ აირს აღმოაჩენს, ფინანსური თვალსაზრისით არ ღირს ბურღვითი სამუშაოების დაწყება. მაგალითად, კომპანიას სჭირდება, რომ ათასი კუბური ფუტი ბუნებრივი აირის ფასი შეადგენდეს $2,25-ს, რათა Marcellus Shale-ზე აირის მოპოვება წაგებიანი არ იყოს (ამჟამად ფასები $4-ს შეადგენს); მაგრამ ლუიზიანაში მას სჭირდება $3,50, ხოლო ტეხასში - $4,50. მაკკლენდონის გუნდი კი თავბრუდამხვევი სისწრაფით აწარმოებს ბურღვით სამუშაოებს ბოლო ორ ტერიტორიაზე, მიუხედავად წაგებიანობისა.

რატომ? - გამოიყენე, თორემ დაკარგავ: ხელშეკრულებების თანახმად, კომპანია Chesapeakeვალდებულია იჯარით აღებულ თითოეულ ნაკვეთზე სამი წლის გნმავლობაში, სულ მცირე, ერთი ჭაბურღილი განათავსოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასზე უფლება ჩამოერთმევა. თუ ამას მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ აირის საბადოებზე განვავრცობთ, ადვილი წარმოსადგენი ხდება, თუ რატომ შეიძლება შენარჩუნდეს დაბალი ფასები, და რატომ შეიძლება მიიყვანოს უფსკრულის პირას Chesapeak მისმა მამოძრავებელმა მექანიზმმა - მაკკლენდონის „მიწის მანქანამ".
თუმცა არსებობს სხვა შესაძლებლობაც - სწორედ ეს მაცდური შესაძლებლობა აქცევს მაკკლენდონს მიმზიდველ ფიგურად - მას შეუძლია წარმატებით გადაწყვიტოს ამერიკის მოკლევადიანი ენერგოსაჭიროებები. თიხაფიქლის ფენებში არსებული ბუნებრივი აირის მარაგი საკმარისია ამერიკის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, სავარაუდოდ, 20 წლის განმავლობაში.და მაკკლენდონიც დაუღალავად უწევს პოპულარიზაციას უხვად არსებულ, შედარებით სუფთა ბუნებრივ აირს, როგორც მხსნელს, რომელსაც შეუძლია ამერიკას თავიდან ააცილოს ბინძური ქვანახშირისა და იმპორტირებული გაზის მოხმარება. მან ეს თემა განსახილველად შეიტანა შტატების საკანონმდებლო ორგანოებში, კონგრესში და საჯარო განხილვის საგნად აქცია საყოველთაო სატელევიზიო რეკლამების საშუალებით. უსმენ მის დამაჯერებელი საუბარს,თან მსოფლიოში საუკეთესო ღვინოს აგემოვნებ და თითქმის გავიწყდება შეუსაბამოდ მაღალი ანაზღაურებები ან ის ფაქტი, რომ მის მიერ მართული Chesapeake ორჯერ იდგა უფსკრულის პირას. „ჩვენ ვიპოვეთ გამოსავალი, როგორ გავთავისუფლდეთ OPEC-ის გავლენისაგან, რაც მილიონობით ამერიკელს დაუბრუნებს სამუშაოს და გაგვათავისუფლებს $4-იანი ბენზინისაგან", - ამბობს მაკკლენდონი, - „ზედმეტად კარგია იმისათვის, რომ სიმართლე იყოს, არა? ხანდახან ნამდვილად ასე მეჩვენება".

 

წინა სტატია

ცნობილი სახეების მოდის მიმართულება
07 დეკემბერი, 2011

შემდეგი სტატია

თვითმკვლელობის საწინააღმდეგო აბი
07 დეკემბერი, 2011
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
ქებურიების ამბასადორიალი
კომპანიები | აგვ, 03, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა