როგორ ფიქრობთ, გამოვა?! პერფექციონიზმის გარეშე, რა თქმა უნდა!

"რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთებამდე, მარცხის შიში უნდა დაძლიო", - ლარი პეიჯი.

რამდენჯერ ყოფილა, რომ მზად ვართ სიახლეებისთვის, გვინდა ახალი საქმის წამოწყება, მაგრამ ნაბიჯის გადადგმას ვერ ვბედავთ, თითქოს რაღაც გვაბრკოლებს. წინსვლას ზოგჯერ აფერხებს გაუცნობიერებელი შიში - შევძლებთ გაკეთებას?!  მივაღწევთ დასახულ მიზანს? ნეტავ გამოვა, რაც გულით გვწადია?  ზოგჯერ  ჩვენში შემოჭრილი „ეჭვის ჭია“ ისე დაფუთუთებს, რომ ხალისსაც გვიკარგავს და მოტივაციასაც აქრობს. ისეთი შემთხვევებიც მრავლადაა, როცა ჩვენივე გადამეტებული მომთხოვნელობით უკმაყოფილებას ვავლენთ და შემართებით სიარულის მაგივრად წარმატების სურვილს ჩანასახშივე ვსპობთ იმ უბრალო მიზეზით, რომ რაღაც არაა ისეთი სრულყოფილი, როგორც წარმოგვიდგენია ან ვინმეს შესაძლოა არ მოეწონოს ის, რასაც გავაკეთებთ...

დაფიქრდით, რა იქნებოდა ჩვენი ყოველდღიურობა, სრულყოფილ ქმნილებად რომ დავბადებულიყავით> როგორი მოსაწყენი და არაფრის მომცემი მოგვეჩვენებოდა განვლილი თუ გასავლელი გზა. პიროვნული ზრდა-განვითარება საინტერესო მოგზაურობას გავს. მისი ყოველი ეტაპი სიახლეებით არის სავსე და რაც მთავარია, უშინაარსო რუტინული ცხოვრებისგან განსხვავებით მრავალფეროვან ასპარეზს გვთავაზობს შემოქმედებითი მიდგომის გამოსავლენად, არსებული უნარების გასაუმჯობესებლად და ახლებური ხედვის შესაძენად. ნათქვამია, „სრულყოფილება დეტალებშია-ო“, სწორედ ამიტომ ვესწრაფვით მაქსიმალური შედეგებისკენ და ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანსაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, თუმცა ხშირად გადამეტებულ მოთხოვნებს ვუყენებთ საკუთარ თავს თუ გარშემო მყოფებს და ველით იმაზე მეტს, ვიდრე ეს რეალურად დასაშვებია. ასეთი აკვიატებული პერფექციონიზმი დამღუპველ ზემოქმედებას ახდენს  როგორც ინტრა, ასევე ინტერპერსონალურ დონეზე. 

თავის მხრივ, სრულყოფისკენ მისწრაფებას რამდენიმე დადებითი ასპექტი გააჩნია: მაღალი მოტივირებულობა, დაბრკოლებათა გადალახვის უშრეტი ენერგია, თავგადადებული მუშაობა, ოღონდ გარკვეულწილად აქაც ზომიერების დაცვაა საჭირო. ფსიქოლოგების განმარტებით პერფექციონისტი არის თვითშეფასებისა და პროდუქტიულობის მიმართ ზეკრიტიკულად მომთხოვნი პიროვნება, რომელიც შეუპოვრად იბრძვის არარეალური ან ძნელად მისაღწევი მიზნებისთვის. ამის გამო ის ხშირად გადამეტებული სტანდარტებით ითხოვს საქმის შესრულებას, საკუთარი თავისა თუ სხვების მიმართ დასმული ამოცანების შესრულებისას თავდაუზოგავ პრინციპულობას ავლენს და ძალაუნებურად ქმნის ერთგვარ სტრესულ გარემოს.

წლების განმავლობაში სიტუაციისა თუ გარშემო მყოფთა მიმართ მსგავსი დამოკიდებულებით მეც ვიტანჯავდი თავს, ვიდრე ცხოვრების დევიზად არ ვაქციე მოწოდება:  წინსვლა და არა სრულყოფა! დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, რამაც მასწავლა, როგორ იყოს ყოველი დღე იმაზე უკეთესი, ვიდრე წინა, თუმცა არაა სავალდებულო გამორჩეულად საუკეთესო გახდეს და შეუდარებლად ბადალიც არ ყავდეს. იმ ხანად, კრიტიკულ შენიშვნებსაც მწვავედ ვიღებდი და სხვა შემსრულებლების მიმართაც გაცილებით კატეგორიულად მომთხოვნი ვიყავი. მცირე დოზით დღემდე შემომრჩა ე.წ. აღმატებით ხარისხში სხვების მოლოდინის გამართლება, რასაც თან ერთვის თავდაუზოგავი გარჯა უფრო იმისთვის, რომ ოღონდ გარშემო მყოფნი დარჩნენ კმაყოფილი და შენ თუნცად ქანცის გაწყვეტამდე იშრომე.

როგორც დაკვირვებამ მაჩვენა, ეს იყო ნორმიდან გადახრა, რაც თავის თავში აერთიანებდა ტიპიურ თვით-ორიენტირებულ, სხვებზე ორიენტირებულ და სოციალურად მიკუთვნებულ  პერფექციონიზმს. აღმოჩნდა, რომ ჩვენ ირგვლივ ბევრ ადამიანს ახასიათებს მსგავსი კომბინირებული მიდგომა, რის შედეგადაც იმის ნაცვლად, რომ შესრულების პროცესით დატკბენ, მუდმივ უკმაყოფილებას გამოხატავენ, რაღაც დეტალით მაინც. რატომ?! არასდროს არიან მიღწეული შედეგით ბედნიერი, ზედმეტად სკურპულოზურები არიან  და თავსაც კი ინევროზებენ გამუდმებული შფოთვით, ფორიაქით თუ სხვების კრიტიკით. შესაბამისად, ნაკლებ მოქნილები არიან ურთიერთობაში, საპასუხო რეაგირებასა თუ პარტნიორობაში.

ასეთი არაადექვატურობა წარმოშობს დაძაბულ სიტუაციას და იწვევს კონფლიქტურ დამოკიდებულებას როგორც შინაგან „მესთან,“ ასევე გარემომცველ ვითარებასთან. როცა პარტნიორი თუ ხელმძღვანელი არაობიექტურად აფასებს თავისივე კოლეგის საქმიანობას, უმეტესად ეს კომუნიკაციის შიშსაც ბადებს და რეალური შეგრძნებების გამოხატვის მაგივრად იმედგაცრუებულ მდგომარეობაში აყენებს შემსრულებელს. მეორე მხრივ, თავგადაკლული მუშაობით უბრალოდ შეიძლება გადავიწვათ. ამ დროს შეცდომების დაშვების ალბათობა უფრო დიდია, შესრულების ხარისხი თავისთავად კლებულობს და კომპეტენტურობის დონეც კი ეჭვქვეშ დგება. ყოველივე ეს უარყოფითად აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ და გონებრივ პოტენციალს შორის ბალანსის შენარჩუნებაზე,     

გაინტერესებთ როგორ უშლის ხელს პერფექციონიზმი ჩვენი პირადი თუ სამსახურეობრივი მიზნების რეალიზებას?!  პირველ რიგში, მისი სახასიათო შტრიხები ვლინდება მარცხისადმი პანიკური შიშის სახით. მართალია, ზოგადად არავის სიამოვნებს დამარცხება, მაგრამ პერფექციონისტებს ეს მდგომარეობა კიდევ უფრო აღმატებით რანგში გადაყავთ. იმის ნაცვლად, რომ ყოველი შეცდომა გაკვეთილად მიიღოს, პერფექციონისტი მარცხს აღიქვამს როგორც სისუსტეს. ამიტომ მასში ყოველთვის უკიდურესად გამწვავებულია შიშის შეგრძნება. მსგავსი განწყობის დასაძლევად რეკომენდებულია იმის  გაცნობიერება, რომ წარუმატებლობის გარეშე გამარჯვებისთვის არავის მიუღწევია.  

 მეორე მავნე ჩვევა, რაც ასევე ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს, არის სტერეოტიპული დამოკიდებულება - ან ყველაფერი ან არაფერი! ეს არის ერთგვარი მახე აზროვნებაში, რომელიც აყალიბებს მოვლენათა დანახვას ან ნათელ ან ბნელ ფერებში. ამას გარდა, პერფექციონისტებს ხშირად სჩვევიათ ე.წ. თავდაცვის სინდრომი, განსაკუთრებით კრიტიკული აზრის მოსმენისას. რეალობის ობიექტური შეფასების მაგივრად, კრიტიკისადმი შიშნარევი სიფრთხილის გამო ისინი ხანდახან საქმის კეთებასაც გაურბიან იმ მოტივით, რომ ვინმეს შესაძლოა არ მოეწონოს მათ მიერ შესრულებული ამოცანა. ამდენად, ესეც მარცხის მიუღებლობის ტოლფასი მდგომარეობაა.

არასასურველია, აგრეთვე, საკუთარ თავსა თუ სხვებში გამუდმებით ვეძებოთ ბრალეულობის მიზეზები. დაბალი თვითშეფასება ბუნებრივია განაპირობებს საკუთარი პიროვნულობის დაკნინებას ან გარშემო მყოფთა დადანაშაულებას. ზეკრიტიკული მიდგომის გამო ადამიანებს უჭირთ ობიექტური გაანალიზება და ადვილად აბრალებენ გარემოებებს არასწორ ქმედებას, შიშნარევ ფორიაქს. მათ შესისხლხორცებული აქვთ მკაცრად გააკრიტიკონ ნებისმიერი სახის უზუსტობა, თუნდაც უმნიშვნელო ორთოგრაფიული ან სტილისტური შეცდომა.

პერფექციონისტები ხშირად ხისტები არიან ურთიერთობაში. მოუქნელობა ვლინდება მკაცრ სტანდრატებში საკუთრივ პირადი თავისა თუ სხვების მიმართ. აქ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ შესრულების მაღალი ხარისხი, რაც საშუალებას გვაძლევს დღითი დღე დავიხვეწოთ და სიხისტე, როცა ყველაფერი ვალდებულების რაკურსით მკაცრ ჩარჩოებშია მოქცეული. ისინი მუდმივად ცდილობენ აკონტროლონ სხვების ქცევა თუ აზრები, რითაც თითქოს სურთ, რომ დაიცვან შეცდომებისგან, თუმცა მათი ასეთი ქმედება ნეგატიურ გავლენას ახდენს კომუნიკაციაზე.

აი რას გვირჩევს ერთერთი ბესტსელერის ავტორი ბრიჯიტ ქობი თავის წიგნში - „როგორ მივაღწიოთ მიზანს“: „არ ეცადო, რომ ყველაფერი სრულყოფილი იყოს, უბრალოდ, გააკეთე“. ამიტომაც უნდა ვისწავლოთ, რომ გვიყვარდეს გაუმჯობესების პროცესი და მივიღოთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვართ. რაც მთავარია, შევიყვაროთ ჩვენი სრულიად არასრულყოფილი თავი, რომელიც შეიძლება ბორძიკით მიდიოდეს ცვლილებებისა თუ პიროვნული ზრდა-განვითარებისკენ. ნუ შევეცდებით, რომ ყველაფერში ზედმიწევნით საუკეთესო შედეგების მისაღწევად დავჩაგროთ საკუთარი თავი და შევირყიოთ ჯანმრთელობა. დავინახოთ გაკეთებული საქმე იმ მოცემულობით, როგორც შესრულდა, თუკი ის აკმაყოფილებს ზოგად მოთხოვნებს. კარგია, რომ ვიღწვით უკეთესობისკენ, მაგრამ ნუ შეგვაშინებს შეცდომები, ნუ ვიქნებით ზედმეტად მკაცრი საკუთარი თავისადმი და ნურც სხვა გარემოებებს დავადანაშაულებთ, თუ რაიმე ისე არ გამოდის, როგორც ჩავიფიქრეთ.     

ვაკეთოთ საქმე სიყვარულით და ყველაფერი გამოვა. მთავარია, დავივიწყოთ სრულყოფილების შიში, გავუმკლავდეთ შინაგან დაბრკოლებებს, სიმხდალის დასაძლევად შევეჭიდოთ იმას, რაც გვაშინებს, ვიმოქმედოთ „ნაიკის“ ცნობილი დევიზით: Just Do it!  

წინა სტატია

რომელ სექტორშია ყველაზე მაღალი ხელფასები
16 სექტემბერი, 2016

შემდეგი სტატია

ტოპ 10 პროდუქცია საქართველოს იმპორტში
19 სექტემბერი, 2016
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა