ბიზნესად გადაქცეული იურიდიული პარტნიორობა

საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ არის მყარად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული თანამედროვე ბიზნეს- და ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის, ბიზნესსექტორის სახელმწიფოსთან დამოკიდებულება და თამაშის ცივილიზებული წესები. დღემდე მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის საგადასახადო კანონმდებლობა. პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს საფონდო ბაზარი, ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი პროტექციონიზმი და კლანურობის ელემენტები ეკონომიკაში. ასეთ დროს, ცხადია, ჯანსაღ კონკურენციაზე, განვითარებასა და წარმატებაზე ორიენტირებულ ბიზნესებს მწვავედ უდგებათ კვალიფიციური ბიზნეს- და იურიდიული კონსულტაციის მიღების პრობლემა. თუმცა არსებობენ კომპანიები, რომლებიც სწორედ ამ სფეროში საქმიანობენ და ერთგვარად ავსებენ ამ დეფიციტს. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები".

10-წლიანი საბანკო კარიერის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც „საქართველოს ბანკის" ფინანსური დირექტორის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, 2010 წელს ეფრემ (რემი) ურუმაშვილმა გადაწყვიტა იურისპრუდენციაში გადაენაცვლა. სწორედ მაშინ დაემატა კომპანიას სახელწოდებით „ნოდია და პარტნიორები" გვარი ურუმაშვილი და შედეგად საქართველოს იურიდული კომპანიების ბაზარმა წარმატებული კომპანია - „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები" მიიღო. ბატონი ეფრემი პარალელურად ხელმძღვანელობდა საგადასახადო და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს ,,საქართველოს ბანკების ასოციაციაში". შეიძლება ითქვას, რომ მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი ცვლილება როგორც საგადასახადო კოდექსში, ისე ეროვნული ბანკის ნორმატიულ აქტებში, რამაც ფინანსურ ინსტიტუტებს უკეთესი ბიზნეს- და საკანონმდებლო გარემო შეუქმნა.

მანამდე, 2005 წლისათვის, როდესაც „ნოდია და პარტნიორები" დაფუძნდა, საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა მის დამფუძნებელსა და მმართველ პარტნიორს, ლაშა ნოდიასაც. სანამ იურიდიული ბიზნესკომპანიის შექმნას გადაწყვეტდა „ბანკ რესპუბლიკის" იურიდიული დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა და ამავდროულად ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.

დამფუძნებლების წარსულში წარმატებული საბანკო კარიერის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, თუ რატომ სარგებლობს დღეს კომპანიის მომსახურებით საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა წარმატებული ბანკი და სადაზღვევო კომპანია.
იურიდიულმა ბიზნესკომპანიამ - „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორები" Legal 500 -ის 2012 წლის რეიტინგში - Legal Market Overview - ერთი საფეხურით წინ წაიწია და მეორე ჯგუფში დაიკავა ადგილი. აღნიშნულ გამოცემაში კომპანია პირველად 2010 წელს, საქართველოში მოქმედ სხვა წარმატებულ იურიდიულ ფირმებთან ერთად იქნა მოხსენიებული. ზუსტად ერთ წელიწადში კი რეიტინგის პირველი სამეულის მესამე ჯგუფში დაიმსახურა ადგილი.

Legal 500-ი თავის გამოცემებში იურიდიულ კომპანიებზე ძალიან მოკლე და ლაკონიუ ინფორმაციას აქვეყნებს, თუმცა თითოეულ სიტყვას საკმაოდ დიდი წონა აქვს. სწორედ აღნიშნული შეფასებების საფუძველზე აკეთებენ არჩევანს იურიდიული მომსახურების მიღების მსურველი პირები კონკრეტული კომპანიის სასარგებლოდ. „მაღალკვალიფიციური გუნდი განსაკუთრებით ძლიერია საბანკო, საფინანსო და საგადასახადო სამართალში ... კომპანიის სპეციალიზაციის კიდევ ერთ სფეროს ასევე წარმოადგენს უძრავი ქონება და ინფრასტრუქტურული სამშენებლო პროექტები", - წერს Legal 500-ი „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების" შესახებ.

დღეისათვის კომპანია იურიდიულ საქმიანობას სამი მიმართულებით ახორციელებს - მომსახურებას უწევს საფინანსო სექტორს, სამშენებლო სექტორს და სხვადასხვა ტიპის კომპანიებს ინვესტიციების მართვისა და კორპორაციული მომსახურების კუთხით.

„ბანკებს, გარდა საბანკო საფინანსო კუთხით მომსახურებისა, ვთავაზობთ საოპერაციო რისკების მომსახურებასაც, რაც კომერციული ბანკების ეროვნული ბანკის რეგულაციებთან შესაბამისობაში ყოფნას გულისხმობს, დაწყებული კლიენტურით, დამთავრებული იმ სამართლებრივი მოთხოვნებით, რასაც ეროვნული ბანკი ადგენს. ასევე მნიშვნელოვანია ბანკებთან ჩვენი თანამშრომლობა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის სტანდარტების თვალსაზრისით, რაზეც კონტროლი ყველა ბანკში ხორციელდება. თუკი ჩვენს კლიენტ ბანკს აქვს დავა ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ წარმოვადგენთ მოდავე მხარეს", - ამბობს ურუმაშვილი Forbes-თან საუბარში.

მისივე თქმით, კომპანიას ჰყავს საუკეთესო ექსპერტი და პარტნიორი - დადუნა კოხრეიძე, რომელმაც სამართლის მაგისტრის ხარისხი სამშენებლო სამართალში ლონდონის იურიდიულ სკოლაში (King's College London) მოიპოვა. ურუმაშვილს სჯერა, რომ სწორედ მისი დამსახურებით ჰყავს „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებს" არაერთი მსხვილი კლიენტი სამშენებლო სექტორში. მათ შორის სასტუმროების - Kempinski Batumi და Rixos Tbilisi მშენებელი კომპანიები, ასევე უმსხვილესი ჩინური კომპანია China Nuclear Corporation, რომელმაც აღმოსავლეთ საქართველოში გზების მშენებლობის ტენდერში გაიმარჯვა.

რაც შეეხება მესამე სექტორს, ურუმაშვილის თქმით, აქ სხვადასვა ტიპის კომპანიები იყრიან თავს და „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების" მხრიდან მათთვის გასაწევი მომსახურება ძირითადად ფრენჩაიზინგის ხელშეკრულებებს, ექსკლუზიურ იურიდულ მომსახურებას, სასამართლო დავებს, საგადასახადო დავებსა და იურიდიულ კონსულტაციას მოიცავს.

კითხვაზე, რა წარმოადგენს დღეისათვის კომპანიის მიზანს და როგორ ხედავს შემდგომი განვითარების გზას, ეფრემ ურუმაშვილი პასუხობს, რომ მთავარია კომპანიამ Legal 500-ის რეიტინგის პირველ სამეულში გაიმყაროს პოზიციები და დარჩეს უბრალოდ საუკეთესო იურიდიულ კომპანიად ქვეყანაში.

„ჩვენი მიზანია მუდმივად ვიყოთ ბიზნეს- და იურიდიული საკონსულტაციო მომსახურების ბაზრის ლიდერთა შორის, ვიზრუნოთ კომპანიის პროფესიულ ზრდაზე და გავაფართოოთ კლიენტურის არეალი. დარწმუნებული ვარ, ამას ჩვენი მუშაობის უნიკალური სტილით შევძლებთ კიდეც. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კლიენტი და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათი უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული. თუკი ვამჩნევთ, რომ ჩვენი მომსახურების მიმღები იურიდიული პირი წინააღმდეგობაშია კანონმდებლობასთან, მას ცრუ იმედებს არ ვაძლევთ. ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის უმთავრესი პრინციპი ხარისხიანი მომსახურების გაწევაა. ვამაყობთ იმით, რომ გვესმის კლიენტის ბიზნესი, მომსახურების გაწევისას ვხდებით მისი გუნდის წევრი, ვეხმარებით მას მიზნის მისაღწევად სწრაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაში. გამოცდილება ამტკიცებს, რომ ყოველთვის არსებობს მეტის მიღწევის საშუალება და კლიენტთან ერთად მუშაობით, კრეატიული მიდგომებით, კანონმდებლობის ღრმა ცოდნითა და მონდომებით შეგვიძლია ვიპოვოთ მიზნის მიღწევის საუკეთესო, ხშირად ინოვაციური გზები. ჩვენი მიზანია, ვიყოთ საუკეთესო. ამ მიზნის წარმატებით მიღწევის საიდუმლო კი მარტივია - ცოდნა, გამოცდილება, პროფესიონალიზმი და კლიენტებთან გულწრფელი პარტნიორული დამოკიდებულება", - ამბობს ეფრემ ურუმაშვილი.

2010 წლიდან მოყოლებული კომპანიის მენეჯმენტი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, სამი წამყვანი იურისტი მიიღო პარტნიორებად - დადუნა კოხრეიძე, ნინო ბაქაქური და ალექსანდრე სუხიშვილი.

დადუნა კოხრეიძე - „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებში" 2010 წლიდან უძრავი ქონების ჯგუფს ხელმძღვანელობს. კომპანიაში სადაზღვევო სექტორიდან მოვიდა, აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებაც. კომპანიაში ის ხელმძღვანელობს უძრავი ქონებისა და სამშენებლო სამართლის ჯგუფს და ფლობს უნიკალურ ცოდნასა და გამოცდილებას სამშენებლო სამართლის სფეროში. დადუნას გააჩნია საერთაშორისო სამშენებლო ხელშეკრულებებზე (მათ შორის FIDIC-ის ხელშეკრულებებზე) მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება და რეკომენდებულია Legal 500-ის მიერ უძრავი ქონების სფეროში.

ნინო ბაქაქური - ხელმძღვანელობს საბანკო და ფინანსური სამართლის ჯგუფს. იგი უკვე რამდენიმე წელია მუდმივად სახელდება საქართველოში მოქმედ წარმატებულ იურისტებს შორის მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო გამოცემის მიერ. კომპანიაში საქმიანობის დაწყებამდე ნინო იყო თბილისის სააპელაციო და საოლქო სასამართლოების მოსამართლე. მისი სამოსამართლეო გამოცდილება კომპანიას განსაკუთრებით ეხმარება სამართალწარმოების ეფექტიანად წარმართვის სტრატეგიის განსაზღვრაში. ნინომ საბანკო და ბიზნესის სამართალში განათლება მიიღო ნიუ-იორკის კოლუმბიის უნივერსიტეტში, მან ჩააბარა ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა გამოცდები და აქვს იურიდიული პრაქტიკის უფლება როგორც საქართველოში, ისე ნიუ-იორკის შტატში, რაც განსაკუთრებით მიმზიდველია უცხოელი კლიენტებისათვის. ნინო ბაქაქური, ასევე წარმოადგენს ICC Georgia-ს საბანკო კომისიის თავმჯდომარეს.

ალექსანდრე (სანდრო) სუხიშვილი - 2011 წლეს შეუერთდა „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორებს", ხოლო 2013 წლიდან კომპანიის პარტნიორია და წარმატებით უძღვება კომპანიის საქმიანობას საგადასახადო სამართლის სფეროში. მანამდე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს სამართლებრივი ექსპერტიზის განყოფილების უფროსად. სანდროს გამოცდილება უმნიშვენლოვანესია კომპანიის კლიენტებისთვის ოპტიმალური და სწორი საგადასახადო სტრატეგიის დასაგეგმად.

ეფრემ ურუმაშვილს სჯერა, კომპანიის იმიჯის ფორმირება მისი პარტნიორების დამსახურებით ხდება და ამაყობს, რომ კომპანიას საუკეთესო პარტნიორები ჰყავს, რომლებიც ასევესაუკეთესო მეგობრებიც არიან.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეულმა ჩვენგანმა მიიღოს აქტიური მონაწილეობა ქვეყანაში კარგი სამართლებრივი გარემოს ჩამოყალიბებაში. მე მრავალი წელია აქტიურად ვთანამშრომლობ საქართველოს საბანკო ასოციაციასთან და საქართველოს ბიზნესასოციაციასთან, ასევე ვარ საქართველოს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო კოდექსის განმარტებების კომისიის წევრი და მონაწილეობას ვიღებ საგადასახადო კოდექსის განმარტებების მომზადებაში. გარდა ამისა, საქართველოს ბიზნესასოციაციაში ვხელმძღვანელობ ,,ფასიანი ქაღალდების კანონში" ცვლილებების პროექტზე მომუშავე ჯგუფს, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ამ სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში. ეს არ წარმოადგენს კომერციულ ინტერესს, უბრალოდ მე ძალიან მაინტერესებს ეს სფერო", - ამბობს ურუმაშვილი.

„ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების" კლიენტების რიცხვი ყოველწლიურად სტაბილურად 15 პროცენტით, ხოლო კომპანიის შემოსავლები 25 პროცენტით იზრდება. დღეისათვის კომპანიაში 17 მაღალკვალიფიციური იურისტია დასაქმებული, თუმცა მიმდინარე წელს კომპანიამ სტუდენტების დასაქმებაც გადაწყვიტა.

„ჩვენ გვესმის, რომ ბიზნესის კეთება შეუძლებელია კარგი კადრების გარეშე, კომპანიის პარტნიორებს ამ მიმართულებითაც შეაქვთ თავისი წვლილი კარგი იურისტების აღზრდაში", - გვითხრა ეფრემ ურუმაშვილმა.

თანამშრომელთა რიცხვის მუდმივი ზრდის გამო, კომპანიამ ვაჟა ფშაველას 71-ში მდებარე ძირითად ოფისს კიდევ ერთი ახალი ოფისი დაამატა და სამომავალოდ გაფართოებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ოფისების გახსნით გეგმავს.


*1987 წელს დაარსებული Legal 500 იურიდიულ ბაზარზე არსებული ინფორმაციის მიწოდების ლიდერია. ორგანიზაციის მიზანია შეინარჩუნოს მოწინავე პოზიციები იურიდიული გამომცემლობის სფეროში და უზრუნველყოს როგორც სამართლის სპეციალისტთა ელიტა, ისე მათი კლიენტურა უმაღლესი ხარისხის პუბლიკაციებით. Legal 500-ის წარმატებული სერიები სასარგებლო ინფორმაციით ამარაგებს დაინტერესებულ პირებს ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის 90-ზე მეტ ქვეყანაში არსებული იურიდიულ სფეროში მოღვაწე ფირმების შესახებ. აღნიშნული კი ეხმარება კლიენტებს მათთვის სასურველი ფირმის შერჩევაში.

 

წინა სტატია

ინტერვიუ კახა ბენდუქიძესთან
26 აპრილი, 2013

შემდეგი სტატია

კრეატიული მარკეტინგი: ნაყინების რეჟისურა
08 ივლისი, 2013
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
გლობალური ქსელის თბილისელი შვილობილი
Forbes Woman | ივნ, 28, 2018
ახალი სტანდარტი
ინტერვიუ | ივნ, 20, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა