წიგნით შთაგონებული ბიზნესი

„ნინა წერეთელი სად შეიძლება ვნახო? მელოდება, - მივმართავ ოპერატორი გოგონებიდან ერთ-ერთს. გოგონა მინის კარს მიღმა გაუჩინარდა, რამდენიმე წამში ისევ გამოჩნდა და ცოტა ხანს დაელოდეთო, მითხრა. ვერცხლისფერ მეტალის სკამზე ჩამოვჯექი და საჭირო ინვენტარის მობილიზება დავიწყე, ბლოკნოტი, კალამი, ჩამწერი... ამასობაში მინის კარი გაიღო და ჩემი რესპონდენტიც გამოჩნდა. ლურჯი ნახევრად სპორტული პიჯაკი დიდი ოქროსფერი ღილებით და ჯინსის შარვალი, ნაცრისფერი ფრჩხილის ლაქი თეთრი წერტილოვანი დეკორაციით - გავიფიქრე, რომ არაორდინარული ბიზნესლედია.

ინტერვიუს დაწყებამდე ვეუბნები, რომ ხანგრძლივი საუბარი გვექნება და ვისაუბრებთ ძირითადად მასზე. ყურადღებით მისმენს და ამბობს, რომ საკუთარ თავზე საუბარი გაუჭირდება: „თქვენ უნდა ამალაპარაკოთ მაშინ". დავპირდი, რომ ვეცდები და დავიწყეთ, რა თქმა უნდა, თავიდან.

ნინა წერეთელი, USA2GEORGIA-ს აღმასრულებელი დირექტორი, პროფესიით მარკეტოლოგია და 2004 წელს დაამთავრა კავკასიის ბიზნესსკოლა - ორად ორი რამ, რაც ჯერჯერობით მის შესახებ ვიცი.

წიგნები amazon.com-იდან

მესამე კურსზე იყო, სამსახურის ძიება აქტიურად რომ დაიწყო. „რაღაც სისულელეებს ვაკეთებდი", - მეუბნება სრული სერიოზულობით. „სისულელეებში" ძირითადად მარკეტინგულ კვლევებში მოხალისე ინტერვიუერად მონაწილეობას გულისხმობს. ეამაყება, რომ ყველა სამსახური, სადაც კი უმუშავია, საკუთარი ძალისხმევით მოიპოვა.

„სხვადასხვა კომპანიაში ვმუშაობდი, მაგრამ ბოლოს ყველაზე დიდი გამოცდილება როგორც პრაქტიკის, ისე ცხოვრებისეული კუთხით საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო Publicis Hepta-ში მივიღე, სადაც მენეჯმენტი უცხოელებით იყო დაკომპლექტებული. 2005 წელს მედიადაგეგმვა საერთოდ ახალი ხილი იყო. ამის სწავლა მომიხდა, ოღონდ ისე გამოვიდა, რომ თბილისში ვერ მოვიძიე შესაბამისი ლიტერატურა და amazon.com-იდან დავიწყე სახელმძღვანელოების აქტიურად გამოწერა, რომლებიც საქართველოს ფოსტით ჩამომდიოდა", - იხსენებს ნინა წერეთელი.

სახელმძღვანელოების მუდმივი კითხვისა და სწავლის შედეგად წარმატებასაც მიაღწია, კავკასიის მასშტაბით კლიენტთა მომსახურების მენეჯერი გახდა და ურთიერთობა ცნობილი ბრენდების არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლობებთანაც უწევდა. თუმცა, „მერე გაჩნდა ცოტა მეტი ამბიცია, უფრო მეტად კი სურვილი, მე და ჩემს მეუღლეს გვეცადა და რაღაც ერთობლივი პროექტიგაგვეკეთებინა..." - ამბობს ნინა წერეთელი.

მეუღლე - კონსტანტინე დუგლაძე, დაქორწინდნენ 2003 წელს. 2009 წელს ერთად შექმნეს გადამზიდავი კომპანია USA2GEORGIA და დღემდე ერთად უძღვებიან ოჯახურ ბიზნესს.

USA2GEORGIA

როდესაც კომპანიაზე ლაპარაკს იწყებს, სახეზე გამოცოცხლება ემჩნევა, საუბრის ტონიც კი ეცვლება.

გამომდინარე იქიდან, რომ წიგნების ტრანსპორტირების საკითხი მისთვის ძალიან პრობლემური იყო, სულ ნატრობდა რაიმე სერვისის არსებობას, რომელიც წიგნების ჩამოტანის პროცესს გაუადვილებდა. ამიტომ, გადამზიდავი კომპანიის შექმნის იდეა რომ გაჩნდა, ბევრი არც მას და არც მის მეუღლეს არ უფიქრიათ.

„ქაოსურად დაიწყო ეს ყველაფერი, მაგრამ მერე ნელ-ნელა დალაგდა. რატომ გავაკეთეთ ასე დაუგეგმავად? დრო არ იყო უბრალოდ, რომ ამაზე ბევრი გვეფიქრა, რადგან ბაზარზე უკვე იყო ერთი გადამზიდავი კომპანია და გაჩნდებოდა სხვებიც. ანუ, უნდა გავსულიყავით მაინცდამაინც იმ დროს, როცა გავედით", - იხსენებს ნინა წერეთელი.

ვეკითხები, რამდენი იყო საწყისი ინვესტიცია. სანამ მიპასუხებს, ფიქრობს. ზოგადად ვამჩნევ, რომ ბევრ ჩემს შეკითხვას მხოლოდ გარკვეული პაუზის შემდეგ პასუხობს ან თავად კითხვას იმეორებს, თითქოს დროს იგებს პასუხის მოსაფიქრებლად. ამ შემთხვევაში კი კითხვაზე კითხვითვე მპასუხობს: „დამიჯერებთ, რომ ინვესტიცია ნული იყო?", და ისე, რომ პასუხს არ ელოდება, აგრძელებს: „არა, არ იყო ნული. 250 დოლარი იყო, რასაც ოფისის ქირას ვიხდიდით. აი ეს იყო ინვესტიცია, დანარჩენი, ინვენტარი იქნებოდა თუ რაიმე ხარჯი - ყველაფერი ჩვენი პირადი რესურსით კეთდებოდა".

როდესაც ნინა წერეთელი და მისი მეუღლე კომპანიის შექმნას იწყებდნენ, არავის სჯეროდა, რომ ეს პროექტი განხორციელდებოდა. თუმცა ამბობს, რომ იმდენად სწამდა ამ იდეის, არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებდა, რა სახის ან სირთულის პრობლემებთან მოუწევდა გამკლავება. იხსენებს, რომ პირველი ორი წელი კომპანიაში მუშაობა აუტანელი იყო, რადგან ძალიან ბევრი რამის სწავლა უხდებოდათ შეცდომებზე. ძალიან უჭირდათ მომხმარებლებისთვის აეხსნათ, რომ ავიაგადაზიდვისას ტვირთი ორი - მოცულობითი და რეალური - წონით ანგარიშდება. შესაბამისად, იძულებულნი ხდებოდნენ, უკმაყოფილო დამკვეთს, რომელსაც ფეხსაცმლის უზარმაზარი ყუთი ჩამოსდიოდა და არ უნდოდა მასში წინასწარ გათვალისწინებულზე ძვირი გადაეხადა, ადგილზევე დახმარებოდნენ და მოეფიქრებინათ, თუ რა გზით შეიძლებოდა ამანათის ზომისა და წონის შემცირება.

„ეს ბიზნესი ჩვენს შეცდომებსა და ინტუიციაზეა აგებული. ჩვენ არც გამოცდილება გვქონდა შესაბამისი და თან მოგვიწია გავმკლავებოდით კულტურულ სხვაობასაც, რადგან ამერიკის ოფისი კულტურული თვალსაზრისით ძალიან განსხვავებული იყო. თავიდან ყველაფერთან ადაპტაცია და ინტეგრაცია ძალიან რთული პროცესი აღმოჩნდა. სირთულეები ახლაც არის, მაგრამ ალბათ ადრე უფრო გამძაფრებულად ვუყურებდით ამ ყველაფერს, ძალიან ვნერვიულობდით და განვიცდიდით. ახლა ასე აღარ არის, იმიტომ კი არა, რომ მოვდუნდით, უკვე ძალა მოგვეცა და გამოცდილება; უკვე გვჯერა, რომ ყველაფერი მოგვარებადია და იმ პრობლემებმა, რომლებიც თავდაპირველ ეტაპზე იყო, რაღაცნაირად გაგვაძლიერა კიდეც", - მეუბნება ნინა წერეთელი.

დღეს USA2GEORGIA-ს საკუთარი შენობა აქვს და საოფისე ფართის ქირას აღარ იხდის. ნინა წერეთლის სამუშაო ოთახის კედელზე შენობის მშენებლობის პროცესის ამსახველი 10-15 ფოტოა გაკრული. ნინა ამბობს, რომ მშენებლობის დაწყებაც მოულოდნელად გადაწყვიტეს, 350 000-დოლარიანი კრედიტი აიღეს და ექსტრემალურ პირობებში, ორ თვეში ააშენეს.

ვეკითხები, რა მიაჩნია იმ განსაკუთრებულ თვისებად, რომელმაც ბიზნესიდეის განხორციელება შეაძლებინა. ისევ ფიქრობს და პაუზის შემდეგ მპასუხობს: „პირველ რიგში იდეა არ უნდა იყოს იმაზე მეტი ამბიციის მატარებელი, ვიდრე შესაძლებლობა გაქვს. მეორე, ძალიან უნდა გჯეროდეს ამ იდეის და არ უნდა შეუშინდე იმ პრობლემებს, რომლებიც ამ იდეის განხორციელების პროცესში შეიძლება შეგხვდეს. არც პესიმისტი უნდა იყო და არც ძალიან რეალისტი, უფრო ოპტიმიზმზეა ეს ყველაფერი დაფუძნებული და ავანტიურაზეც - რაღაცა ამართლებს ხოლმე ზოგ მომენტში, ამიტომ დროული ადაპტაციაც უნდა შეგეძლოს. მე მგონი, აი ეს არის მთავარი".

100 000 მომხმარებელი მიზერული მარკეტინგული კამპანიით

კითხვაზე, მუშაობის როგორი სტრატეგია აქვს, ჩვეულებას არ ღალატობს, ფიქრობს და სიცილით მპასუხობს: „ჩემებური. თავად განსაჯეთ, ვინაიდან ეს კომპანია არის პირველი აგურებიდან ჩვენ მიერ აწყობილი (მე ამას ამ მოტივაციით ვხსნი), ყველაფერს - თქვენს აზრს, სხვის აზრს ამ კომპანიის შესახებ ვიღებ როგორც პირად შენიშვნას თუ შექებას. მომხმარებელთა მომსახურების წესებში ნომერ პირველი წესია, რომ არასდროს არ უნდა მიიღო შენს თავზე კლიენტის ქება ან კრიტიკა, ეს დაგეხმარება კლიენტთან სწორ კომუნიკაციაში. მე ამ წესს ვერ ვიცავ".
ნინა ფიქრობს, რომ შეუძლებელია ისეთი მომსახურების პირობები გაწერო, ყველას ერთნაირად მოერგოს. ამიტომ ანიჭებს უპირატესობას ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან: „ამიტომ მაქვს ოფისი იმ სართულზე, სადაც კლიენტები იყრიან თავს. კარი მაქვს მუდმივად ღია, რათა მესმოდეს, ვინ რას პასუხობს მომხმარებელს და ვის რა პრობლემა აქვს. მე არ მეგულება საქართველოში სხვაგან 24-საათიანი იმეილ-მხარდაჭერა - მომხმარებლის იმეილებს დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში ვპასუხობთ. ძალიან ხშირად მომხმარებლის წერილებს თავად ვპასუხობ, ან ვეცნობი, თუ რა უპასუხეს ჩვენმა თანამშრომლებმა".

მიუხედავად ამისა, არ ფიქრობს, რომ მომხმარებელი ყოველთვის მართალია. „როდის არ არის მართალი?", ისევ იმეორებს ჩემს შეკითხვას და თან ხმამაღლა იცინის, „როცა ითხოვს იმას, რასაც შენ არ სთავაზობ". თუმცა ამბობს, რომ მაინც ცდილობს, ასეთ მომხმარებელს რამენაირად ისე აუხსნას კონკრეტული სერვისის არარსებობის მიზეზები, რომ ხასიათი არ გაუფუჭოს. სწორედ ასეთი მიდგომის დანერგვით ხსნის იმ ფაქტს, რომ კომპანიას მარკეტინგის ნულოვანი დანახარჯები აქვს.

„ეს კომპანია თავიდანვე Word of Mouth-ით პიარდება, ანუ კლიენტები თვითონ ეწევიან კომპანიის რეკლამას. შესთავაზო კარგი სერვისი ნიშნავს, რომ ეს ადამიანი მოგიყვანს სხვა ადამიანებს. ჩვენი ბაზარი სულ ასე შეიქმნა, რადგან რაც უნდა დიდი ინვესტიცია ჩავდო მარკეტინგში, მე რომ სერვისი არ მივარგოდეს და თქვენ რომ კმაყოფილი არ იყოთ, თქვენს მეგობარს არ ურჩევდით ჩემი სერვისით სარგებლობას", - გვიხსნის ნინა წერეთელი.

ამბობს, რომ კომპანიაში ყოველდღე მუშაობენ სერვისის გასაუმჯობესებლად. ამავდროულად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად მოახდინონ ფასის ოპტიმიზაცია და, შესაბამისად, მომხმარებელს დანახარჯები შეუმცირონ. სწორედ ამ მიზნით, დიდი ხნის ძებნის შემდეგ, წელიწად-ნახევრის წინ აღმოაჩინეს, რომ დელავერის შტატი გადასახადებისაგან თავისუფალ ზონას წარმოადგენს და გადაწყვიტეს ამერიკული ოფისი მინესოტიდან დელავერში გადაეტანათ. შედეგად, USA2GEORGIA-ს მომხმარებლები ამერიკის ონლაინ-მაღაზიიდან გამოწერისას sales tax-ს აღარ გადაიხდიან, რაც მათ ხარჯებს, როგორც ნინა წერეთელი ამბობს, 7-15%-ით შეამცირებს.

ასევე მნიშვნელოვან მიღწევად მიაჩნია, რომ დაახლოებით ექვსი თვის წინ USA2GEORGIA-მ ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ პარტნიორ ორგანიზაციასთან, Shopper LLC-თან, რომელიც შესყიდვებს განახორციელებს. USA2GEORGIA-ს პრობლება შეუქმნა იმ ფაქტმა, რომ მომხმარებელთა დიდი რაოდენობა არ იყო გარკვეული ონლაინ-ვაჭრობის სპეციფიკაში და გააჩნდა გარკვეული შიში, არ იცოდა რა, კონკრეტული საქონელი ინტერნეტით როგორ შეეძინა. სწორედ ასეთი მომხმარებლების გასააქტიურებლად გადაწყვიტა კომპანიამ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება, რის შედეგადაც, დღეს პარტნიორი ამერიკული კომპანია USA2GEORGIA-ს მომხმარებელს ონლაინ-შოპინგის ყველა ეტაპზე უწევს დახმარებას.
ნინა წერეთელი ამბობს, რომ ფასებისა და სერვისის თვალსაზრისით მისი კომპანია ბაზარზე ორიენტირის როლს ასრულებს, რადგან ამ სექტორში მოღვაწე ყველა სხვა კომპანია ტრანსპორტირებაზე იმ ფასს აწესებს, რასაც USA2GEORGIA.

„სამწუხაროდ, ასეთი ტიპის კომპანიებისათვის ჩვენ ვართ მაგალითი და რატომღაც საკუთარ ინოვაციურ მიდგომას არ სთავაზობენ მომხმარებელს. ძალიან მინდა გამოჩნდეს ვინმე, ვინც რაღაც სერვისს მაინც საკუთარს გააკეთებს, რომ მერე მეც იგივე გავაკეთო. აი ინტერესი მაქვს ამის, - - მეუბნება ნინა წერეთელი.
დღეს ასი ათასი მომხმარებელი ჰყავს, თუმცა ნინა სულაც არ თვლის, რომ USA2GEORGIA დიდი კომპანიაა.

ცხოვრების ბიზნესპარტნიორი

„ის არის მუსიკოსი. საერთოდ სხვა სფეროდან არის და ბიზნესისაგან ძალიან შორსაა თავისი სულიერი მდგომარეობით, თუმცა მან ძალიან კარგად იცის, საქმეს რა სჭირდება", - ასე ახასიათებს საკუთარ მეუღლესა და ბიზნესპარტნიორს ნინა წერეთელი.

ამბობს, რომ განსხვავებული ადამიანები არიან, თუმცა აქვთ ერთი ხედვა, მათ შორის ბიზნესთან მიმართებითაც. . მისი თქმით, პირად და საქმიან ურთიერთობას უპრობლემოდ, ბუნებრივად უთავსებენ ერთმანეთს და მიაჩნია, რომ გაცილებით უფრო ეფექტიანად მუშაობენ ერთად ახლა, ვიდრე ცალ-ცალკე - წარსულში. აქვე დასძენს, რომ კომპანიაში ასევე არსებობს რამდენიმე ადამიანისაგან შემდგარი გუნდი, რომელიც მისი და მისი მეუღლის მარჯვენა ხელის ფუნქციას ასრულებს. თუმცა მიაჩნია, რომ არა მხოლოდ ეს გუნდი, არამედ კომპანიის თითოეული თანამშრომელი ქმნის ისეთ USA2GEORGIA-ს, როგორსაც საბოლოოდ მომხმარებელი იღებს.

კითხვაზე, მეუღლეებს შორის რომელი უფროა დომინანტი, ისევ ფიქრობს და მერე სხარტად მპასუხობს, რომ როდესაც დაობენ, სიმართლე იმის მხარეზეა, ვინც ფაქტებით გამყარებულ უფრო მეტ არგუმენტს მოიყვანს.

„არასოდეს ყოფილა მიდგომა, რომ მე ასე ვთვი და ასე იქნება. ორივეს ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რაიმეს გაკეთება ან წამოწყება ისე, რომ ერთმანეთი არ ჩავაყენოთ საქმის კურსში, კომპანიასა და მის თანამშრომლებს დააზარალებს, - განმარტავს ნინა წერეთელი.

ვეკითხები, ვის ეკუთვნის კომპანია, ან როგორ აქვთ წილები გადანაწილებული, რაზეც მპასუხობს, რომ არაფერს იყოფენ და მსგავსი „ამბიცია" არც ერთ მათგანს არასოდეს არ გამოუვლენია.

როდესაც სამსახური ჰობია

„რა ჰობი მაქვს? - ისევ იმეორებს ჩემს შეკითხვას. უყოყმანოდ, უცნაური ღიმილით მპასუხობს: USA2GEORGIA - და მაშინვე სხარტად ამატებს: როდესაც შენი სამსახური ხდება შენი ჰობი, ეს არის ყველაზე კარგი სამსახური".

ხუმრობს, რომ მის შვილებს ჰყავთ კიდევ ერთი ძმა, სახელად USA2GEORGIA, რომელსაც დიდი მოვლა-პატრონობა სჭირდება, ხოლო იმ დროს, რომელიც სამსახურის შემდეგ რჩება, მთლიანად შვილებს უთმობს.

შვილები - ირაკლი და ნიკუშა, ექვსი და ოთხი წლის.
„ვკითხულობთ, ფაზლებს ვაწყობთ, ყვავილები გვაქვს და მათ ვუვლით, აუცილებლად ვსეირნობთ სუფთა ჰაერზე. ყოველთვის ვცდილობ ქალაქგარეთ გავიყვანო, რადგან სულ გართულება მაქვს, რომ ბავშვებს ჰაერი აკლიათ", - ამბობს ნინა და დასძენს, რომ „ბანალური" ოცნება აქვს, გაზარდოს ჭკვიანი და ღირსეული შვილები, რომლებიც თავად იპოვიან საკუთარ გზას და მშობლებით იამაყებენ.

სამომავლო პერსპექტივა

ნინა ამბობს, რომ შესაძლოა წლების შემდეგ სხვა ბიზნესიც ჰქონდეს, თუმცა დარწმუნებულია, რომ პარალელურად USA2GEORGIA მაინც იარსებებს. „სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს მასთან მიმართებით, ამას ვერავინ ხვდება", - ამბობს იგი.

მარკეტინგულ ლიტერატურას ისევ ეცნობა, რადგან, როგორც თავად ამბობს, ძალიან უყვარს ეს სფერო. მეუბნება, რომ თავის დროზე ჰქონდა ძალიან დიდი სურვილი და მიზანი გაეკეთებინა საკუთარი სარეკლამო სააგენტო, თუმცა ახლა აღარ უნდა, რადგან მიაჩნია, რომ ამისთვის განსაკუთრებით კვალიფიციური და ენთუზიაზმით აღსავსე კადრებია საჭირო, ასეთების პოვნა კი ძალიან რთულია.

ძალიან უნდა სწავლა განაგრძოს, თუმცა რადგან ამის გამო საზღვარგარეთ წასვლა გარდაუვალია, ჯერჯერობით თავს იკავებს. დღემდე მხოლოდ ბაკალავრის ხარისხი აქვს მოპოვებული.

საუბრის დასასრულს გადავწყვიტე ჩემი ეჭვის შესახებ გავუმხილო: მგონია, რომ ყველა, ვინც გადამზიდავ კომპანიაშია დასაქმებული, ყველაფერს ინტერნეტით ყიდულობს. ვეკითხები, ასეა თუ არა. ჩემმა შეკითხვამ გაამხიარულა და გულიანი სიცილის შემდეგ მიდასტურებს, რომ ჩემი ეჭვი საფუძვლიანია, თან ოთახის კუთხეში განთავსებულ ყუთებზე მანიშნებს - მისი მორიგი შენაძენი ჩამოვიდა.

„Michael Kors-ის ფეხსაცმელი და დანა-ჩანგლის კომპლექტი სახლისათვის", - მაცნობს საკუთარი შენაძენს.
ამით საუბარს ვასრულებთ, თუმცა უეცრად მახსენდება, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი ინფორმაცია მაკლია მის შესახებ: „რამდენი წლის ხართ?" მპასუხობს და ჩემს რეაქციას აკვირდება, აინტერესებს, რამდენად მოულოდნელი ან მოსალოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის მისი ასაკი. USA2GEORGIA-ს აღმასრულებელი დირექტორი, ნინა წერეთელი, 29 წლისაა.

 

წინა სტატია

კრეატიული მარკეტინგი: ნაყინების რეჟისურა
08 ივლისი, 2013

შემდეგი სტატია

ჭიათურის მანგანუმი - ქართული „შავი ოქროს“ ისტორია
10 ივლისი, 2013
Forbes Georgia: 30 Under 30 - ფინანსები
რეიტინგი | აგვ, 24, 2018
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა