ფინანსური სექტორი: ლიბერალიზაცია თუ რეგულაცია?

ფინანსური სექტორი: ლიბერალიზაცია თუ რეგულაცია?

თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა და პოსტსოციალისტურ ქვეყანაში და მათ საზოგადოებებში დამკვიდრებულია აზრი, რომ რაიმეს განვითარებისთვის აუცილებელია რეგულაცია, რაღაც კანონის მიღება და/ ან სახელმწიფოს მხრიდან აქტიური ჩარევა და დახმარება.

სამწუხაროდ, ეს ილუზია ჩვენთანაც მძლავრადაა ფესვგადგმული. მაგალითად, მრავლად შეხვდებით სხვადასხვა მოსაზრებას, რომ ხელფასის ზრდისთვის მინიმალური ხელფასის შესახებ კანონის მიღებაა საჭირო. თუმცა, როგორც თეორია, ასევე პრაქტიკა მოწმობს, რომ ეს მეთოდი მხოლოდ უმუშევრობასა და არალეგალურ დასაქმებას იწვევს; ან რომ ქალების უფლებების დაცვისთვის სპეციალური კანონები უნდა მივიღოთ, მათ შორის დეკრეტული შვებულების ზრდის მიზნით, რაც საბოლოოდ უკუპროცესს იწვევს – სწორედ ამის გამო ცდილობენ ორგანიზაციები, ქალები ნაკლებად აიყვანონ სამსახურში; ან, მაგალითად, გვგონია, რომ ქართველები ცოტას ან საერთოდ არ ზოგავენ პენსიისთვის, და, შესაბამისად, სახელმწიფო ძალით თუ დააზოგვინებს, წლების შემდეგ ისინი ბედნიერები და „ღირსეული პენსიების“ მფლობელები იქნებიან. რეალობაში, უმრავლეს ასეთ, საქართველოზე ბევრად უფრო მოწესრიგებულ, ქვეყანაშიც კი ეს სისტემები არ ან ძალიან დიდი სირთულეებით მუშაობს, რაც უამრავი სხვა – სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური – კრიზისის გამომწვევ მიზეზად იქცევა ხოლმე.

ძალიან ხშირად თითქოს ელემენტარული, ყველასთვის ნაცნობი და ისტორიის მიერ მრავალჯერ დადასტურებული გარემოება გვავიწყდება – განვითარების საფუძველი არის თავისუფლება: თავისუფალი აზროვნება და შესაძლებლობების რეალიზაციის თავისუფალი არეალი. კანონის მიზანი უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ერთის თავისუფლებით (თუნდაც, მთელი საზოგადოების), მეორის (თუნდაც, ინდივიდის) თავისუფლების შეზღუდვა არ მოხდეს. შეზღუდვას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში აქვს აზრი და დატვირთვა.

ამ კონკრეტულ წერილში მხოლოდ ფინანსური რეგულაციების საკითხებზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას და იმ ინიციატივებზე, რომლებიც ხშირად ისმის მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით.

საყოველთაოდ მიღებული აზრია, რომ ფინანსური სექტორი აუცილებლად უნდა რეგულირდებოდეს, რადგან ამ სფეროში მაღალია ე.წ. ასიმეტრიული ინფორმაციის რისკი. თუმცა, როდესაც ამ სფეროს განვითარებასა და არსებულ მდგომარეობაზე მიმდინარეობს მსჯელობა, აქაც ხშირად ყველაფერს ერთ ქვაბში ვყრით ხოლმე და დიდი გულმოდგინებით ვეძებთ გზებს რეგულაციებში, მაშინაც კი, როცა ახალი ან დამატებითი რეგულაციის შემოღება აზრს მოკლებული და კონტრპროდუქტიულია.

მაგალითისთვის, სრულიად უსაფუძვლოდ მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, რომ უნდა დაიწყოს სესხის გამცემი მიკროსაფინანსოების ან ონლაინსესხების გამცემი ორგანიზაციების კონტროლი, მაშინ როცა პრაქტიკულად არ ხდება ზოგიერთი კომპანიის (მათ შორის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის) მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების – თავისი შინაარსით, ანაბრების – მიღების კონტროლი.

დიდი ცოდნა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ სესხის გაცემა და ანაბრის მიღება სრულიად განსხვავებული ოპერაციებია, და თუ ერთ შემთხვევაში (ანაბრების მიღების დროს) რეგულაცია აუცილებელია, მეორე შემთხვევაში (სესხის გაცემის დროს) რეგულაციის დაწესება არათუ უადგილო, არამედ უკუეფექტის მომტანია.

სესხის გაცემის უფლება ნებისმიერ პირს უნდა ჰქონდეს. ეს არის ფუნდამენტური უფლება, რომელიც აძლევს საშუალებას ნებისმიერ ადამიანს ან ორგანიზაციას, თავისი ფინანსური რესურსი გამოიყენოს. ეს არის მომხმარებლის ფინანსებთან ხელმისაწვდომობის გაზრდის აუცილებელი პირობა. ამ საქმიანობის კრიტიკოსთა და რეგულაციის მომთხოვნთა მთავარი არგუმენტია, რომ ადამიანებმა კარგად არ იციან, რა მიზნით იღებენ სესხს, შემდეგ ვეღარ აბრუნებენ, კოტრდებიან და ამიტომ ჯობია, ხელი შევუშალოთ ასეთ კომპანიებს, დავაწესოთ რეგულაციები და შევუზღუდოთ ეს საქმიანობა. საკითხის მიმართ ასეთი გულუბრყვილო დამოკიდებულება მხოლოდ უარყოფითი შედეგის მომტანია: გაჩნდება ჩრდილოვანი კრედიტების ბაზარი, სადაც გადამხდელების მდგომარეობა კიდევ უფრო დაუცველი იქნება. სწორედ ეს შეზღუდვები იწვევს ამ პროცესის არალეგალურ სივრცეში გადატანას და ყველაზე მტკივნეული ფორმით მევახშეობის გავრცელებას. საზოგადოების (ხელისუფლების, ბიზნესის, საგანმანათლებლო დაწესებულებების და ა.შ.) ამოცანა ამ ნაწილში უნდა იყოს ფინანსური განათლების გავრცელება და არა დამატებითი რეგულაციებისა და შეზღუდვების შემოღება.

რაც შეეხება მეორე მხარეს, ფინანსურ ოპერაციას, როცა კომპანია უშვებს თამასუქს ან ობლიგაციას, რომელიც არსებული პრაქტიკით არის „ანაბრის“ მიღების შეფარული ფორმა: კომპანიები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და ა.შ. დიდი მონდომებით სთავაზობენ მოსახლეობას, დააბანდონ ფული მათ კომპანიაში 3-ჯერ ან უფრო მეტი სარგებლით, ვიდრე ეს კომერციულ ბანკებში ანაბრის შემთხვევაში ხდება. ამ ფინანსური ოპერაციის რეგულაცია აუცილებელია, რადგან ასიმეტრიული ინფორმაციის რისკი ჩნდება: შეუძლებელია, თითოეულმა მეანაბრემ კონკრეტული კომპანიის ფინანსური მდგომარეობა ამოწმოს. შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ ეგრეთ წოდებული „პირამიდული მოდელები“ შეიქმნას და მოტყუებული მეანაბრეების ახალი ტალღა მივიღოთ. ასეთი ოპერაციის დროსაც კი ხშირია დისკუსია, რა დოზით და რა ფორმით უნდა ჩაერიოს სახელმწიფო და როგორ არეგულიროს. თუმცა შედარებით იოლია შეთანხმება იმაზე, რომ ამ ფინანსური ოპერაციის (დიდი თუ მცირე მოცულობის) რეგულაცია აუცილებელია.

დღეს არსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონმდებლობით სახელმწიფოს და, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნულ ბანკს სრულად გააჩნია ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი და ინსტრუმენტები, რომ ასეთ აქტივობებს დააკვირდეს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

დღეს ფინანსურ სექტორთან დაკავშირებით კიდევ ერთ თემაზე მიმდინარეობს მსჯელობა – დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის სისტემის ფორმირებასა და შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავებაზე. სამწუხაროდ, ესეც ერთ- ერთი ხელოვნურად შექმნილი საკითხია, რომელსაც არც საფუძველი აქვს და დამატებითი უაზრო ხარჯისა და უარყოფითი შედეგის მეტს არაფერს მოგვცემს. უფრო კონკრეტულად:

– პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შემოღებას სახელმწიფოს ინიციირებით აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბანკო სექტორის მიმართ უნდობლობის დონე ძალიან მაღალია და სახელმწიფო ზრუნავს, ნდობის გაჩენისა და შენარჩუნების მიზნით, გარკვეული მექანიზმები შემოიღოს მცირე დეპოზიტორების მიმართ. მაგრამ საქართველოში ამის არანაირი პრობლემა არ არსებობს, რადგან ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის ეფექტიანი მოქმედებისა და კომერციული ბანკების პროფესიონალური მმართველობების შედეგად, ნდობის ხარისხი ბანკების მიმართ საკმაოდ მაღალია.

– თუ ბანკებს სავალდებულო სადაზღვევო სისტემის ფორმირება სურთ, შეუძლიათ აღნიშნული გააკეთონ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. სახელმწიფოს მხრიდან ამ სისტემაში ჩარევის ერთადერთი მიზეზი სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანაშენატანის განხორციელებაა. ეს სრულად არღვევს სახელმწიფო ფინანსების მართვის ლოგიკას: ღარიბი მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებით, რომლებსაც დეპოზიტის შექმნის უნარიც კი არ გააჩნია, ვახდენთ მინიმუმ საშუალო ფენის დანაზოგების დაზღვევას რისკებისგან. ეს შინაარსობრივად სრული აბსურდია.

– ბანკების ზედამხედველობას ეროვნული ბანკი ახორციელებს. სწორედ ეს არის ეროვნული ბანკის ფუნქცია და ამიტომაც აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ის ინსტრუმენტი, რაც ამ საქმიანობისთვისაა საჭირო. თუ რომელიმე ბანკს წარმოეშვა გადახდისუნარიანობისა და მდგრადობის პრობლემა, ეროვნულმა ბანკმა შესაბამისად უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას, დეპოზიტების დაზღვევის გარეშეც. თანაც ისე, რომ ამ პროცესში გადასახადის გადამხდელები არ ჩარიოს. თუმცა, თუ საქმე ისე გართულდება, რომ პრობლემა „სისტემურ“ კომერციულ ბანკებზე გავრცელდება, მაშინ საქმე ბუნებრივად ფინანსურ ან ეკონომიკურ კრიზისამდე მივა და მთავრობას ამ პროცესში ჩართვა ისედაც მოუწევს. თუ რა დონემდე და რა დოზით, ეს კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა ამ ვითარებაში დეპოზიტების დაზღვევის სისტემას არანაირი აზრი აღარ აქვს და ის გინდ ყოფილა, და გინდ – არა.

– დეპოზიტების დაზღვევის მექანიზმი ძალიან ბევრ, განსაკუთრებით საქართველოს მსგავს ქვეყანაში მიიჩნევა ე.წ. რისკების უგულებელყოფის (Moral Hazard) ერთ-ერთ გამოწვევ პირობად. ითვლება, რომ იმის გამო, რომ „ვიღაც“ რისკებს დააზღვევს, ბანკები ნაკლები მონდომებით ახორციელებენ რისკების შეფასებას და შედეგად, გაუარესებულ პორტფელს და არაეფექტიან საბანკო საქმიანობას ვიღებთ.

– დეპოზიტების დაზღვევა შინაარსობრივად გულისხმობს არსებული დეპოზიტებიდან და სხვა წყაროებიდან (მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან) შენატანების საშუალებით ფონდის ფორმირებას, რომელიც დამატებითი და უსაფუძვლო სიმძიმეა ბანკებისა და ბიუჯეტისთვის.

– მოდელი, რომელიც შემუშავებულია საკანონმდებლო პროექტის სახით, ითვალისწინებს ახალი სტრუქტურული ერთეულის, სააგენტოს ფორმირებას, რომელმაც უნდა მართოს დეპოზიტების დაზღვევის ფონდი. ესეც დამატებითი ბიუროკრატია და დამატებითი დანახარჯებია, რომელთაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არანაირი პოზიტიური ეფექტი არ მოაქვს.

დასკვნის სახით, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ რაიმეს ლიბერალიზაციას კი არ სჭირდება განსაკუთრებული შესწავლა, დაკვირვება და სიფრთხილე, არამედ სწორედ რეგულაციას. ნებისმიერი ახალი (თუ ძველი) რეგულაცია და შეზღუდვა უნდა იყოს კარგად გაანალიზებული, ასჯერ გაზომილი და მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში მიღებული. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *